„იმის გამო, რომ ქართველი კრიმინალი არსებობს, ვიღაცას არ უნდა დაავიწყდეს, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ქართველმა დაწერა“

„იმის გამო, რომ ქართველი კრიმინალი არსებობს, ვიღაცას არ უნდა დაავიწყდეს, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ქართველმა დაწერა“

ისლამისტი მებრძოლებისგან თავის დასაცავად გერმანიამ ახალი ინიციატივა შეიმუშავა. საუბარია ახალ ანტიტერორისტულ ღონისძიებაზე, რომლის მიხედვითაც, გერმანიაში მცხოვრები, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანები დაკარგავენ გერმანიის მოქალაქეობას, თუკი საზღვარგარეთ ისლამურ სამხედრო დაჯგუფებებში გაერთიანდებიან. 

ამას გარდა, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, თომას დე მეზიერმა განაცხადა, რომ უცხოელი კრიმინალების დეპორტაციის პროცესიც დაჩქარდება. უცნობია, აქ ქართველებიც იგულისხმება, თუ სხვა ეროვნების ხალხი, მაგრამ ფაქტია, რომ გერმანიის პოლიციას დაემატება პერსონალი და მეტი სათვალთვალო მოწყობილობით აღიჭურვება.

მართალია, გერმანიაში აქტიურად განიხილავენ ჰიჯაბის აკრძალვის თემას და გერმანელ პოლიტიკოსთა ნაწილი საჯარო სივრცეში ჰიჯაბის ტარების აკრძალვას ემხრობა, მაგრამ BBC-ის ცნობით, გერმანიის შს მინისტრი არ აპირებს ამგვარი აკრძალვის დაწესებას. მინისტრის თქმით, ეს პრობლემური იქნება და ვერ აკრძალავ ყველაფერს, რასაც ეწინააღმდეგები.

ისლამისტი მებრძოლებისგან თავდაცვითი ღონისძიების გატარება გერმანიაში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების პასუხი იყო. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ საფრანგეთშიც გაჩნდა მსგავსი ინიციატივა, ჯიჰადისტებისთვის საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოერთმიათ, მაგრამ ინიციატივამ პარლამენტამდე ვერ მიაღწია.

რამდენად იმუშავებს გერმანელების მიერ შემუშავებული ახალი ინიციატივა ისლამისტი მებრძოლების გასანეიტრალებლად?!

იურისტი ლევან ალაფიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ განვითარებულმა სამყარომ შეცდომა დაუშვა, როდესაც უფრო მეტი აქცენტი არ გადაიტანა მესამე სამყაროს ქვეყნებში საკუთარი განვითარების გაზიარებაზე. პრობლემა იყო ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში (დაახლოებით, მინიმუმ, ორი დეკადა მაინც მიმდინარეობს ეს პროცესი) ვერ მოხერხდა იმ თურქების, არაბების და სხვების ასიმილაცია, რომლებიც მუდმივ საცხოვრებლად გადასახლდნენ გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. მესამე სამყაროს მოქალაქეები ევროპულ ქვეყნებში იზოლირებულად ცხოვრობდნენ და ამან მიგვიყვანა სავალალო შედეგამდე.

„ახლა როგორ უნდა აუხსნან ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანებს მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა? ამ რამდენიმე წლის წინ გერმანიამ დევნილებთან დაკავშირებითაც შეიტანა ცვლილება კონსტიტუციაში, მაგრამ ამით პრობლემა არ მოგვარებულა. ამ ტიპის ღონისძიებებით შესაძლებელია მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში ტკივილის გაყუჩება. მკურნალობის ერთადერთი სწორი გზა კი ის არის, რომ მთელი რესურსი მიმართონ განვითარების გაზიარებაში, რათა გერმანიასა და საფრანგეთში მცხოვრები თურქული და არაბული წარმომავლობის მოქალაქეები ამ პროცესების თანაზიარნი გახდნენ და სრულფასოვან მოქალაქედ იგრძნონ თავი. არა ის, რომ შენი ტრადიცია დაკარგე და ამით უფრო მეტ კონფრონტაციაში შედი. ეს კულტუროლოგიურ დაპირისპირებას წარმოშობს. ამ ადამიანების ორიგინალობა უნდა შენარჩუნდეს. ჰიჯაბის აკრძალვა რამეს მოაგვარებს?! დავუშვათ, მომწონს და ვატარებ ჰიჯაბს, მეც უნდა დავისაჯო? როგორ უნდა გაარჩიოს ეს კონკრეტულმა ადმინისტრატორმა - ჰიჯაბი ქალს აფარია, ბავშვს თუ კაცს, ყველას უნდა ესროლოს? ეს ვერ მოაგვარებს განვითარებადი სამყაროს გამოწვევას“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

ამასთან, ალაფიშვილი კონკრეტული ფაქტის მოშველიებით ცდილობს ამ გლობალური საფრთხის დანახვას. მისი აზრით, მეზობელს, რომელიც მეორე მეზობელს ჩამორჩება და ვერ ვითარდება, გრძელვადიან პერსპექტივაში ბუნებრივად გაუჩნდება ფარული შუღლი განვითარებული ადამიანის მიმართ. ამიტომ, თუ მას სიკეთეს არ გავუზიარებთ, მაღალია რისკი, რომ დაგვესხას თავს, წაგვართვას რაღაც. ამიტომ ადამიანის და არა -სახელმწიფოს ფაქტორიდან უნდა ამოვიდეთ. ლევან ალაფიშვილის თქმით, რადიკალი ისლამისტებისთვის ფასეული არაფერი არ არის, ისინი ისტორიულ ძეგლებსა და ქალაქებს ანადგურებენ, რადგან ჩამორჩნენ განვითარებას. კულტუროლოგიურად, ისტორიული ქალაქები მათთვის უბრალოდ ნანგრევები, ქვებია. ვიღაცა თუ ეტყვის, მომყიდე ეს ნანგრევი 100 ლარად, შეიძლება მთელი ქალაქი დაანგრიონ და მიჰყიდონ 100 ლარად.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საფრანგეთმაც აკრძალა ჰიჯაბი, მაგრამ ამან პრობლემა ვერ მოუხსნა. ღრმა პრობლემები ასე მარტივად არ წყდება, თუმცა გერმანია დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ანტიტერორისტული ინიციატივის კონტექსტში თავად იღებს გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება უცხოელი კრიმინალების დეპორტაციის პროცესის დაჩქარებას, ლევან ბერძენიშვილი თვლის, რომ ქართველი კრიმინალი საზიზღარია საქართველოშიც, გერმანიაშიც, საფრანგეთშიც და პორტუგალიაშიც, ისევე როგორც საზიზღარია ყველა კრიმინალი და აქ ნაციონალიზმის გამოყოფა არ შეიძლება.

„სამწუხაროდ, ეს პრობლემა გერმანიაში ზოგიერთს კარგად არ ესმის. მათ ეჩვენებათ, რომ გერმანელები წმინდანები არიან და ქართველები და ჩეჩნები უშლიან ხელს. ასე არ არის.

რა თქმა უნდა, არიან ქართველი კრიმინალებიც და, თუ მოახდენენ მათ დეპორტაციას, ჩვენ მათ მივიღებთ და შესაბამის ადგილს მივუჩენთ, მაგრამ არ უნდა მოხდეს ადამიანის უფლებების დარღვევა. იმის გამო, რომ ქართველი კრიმინალი არსებობს, ვიღაცას არ უნდა დაავიწყდეს, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ქართველმა დაწერა. ეს არ უნდა შეეხოს ვიზალიბერალიზაციას, რადგან დამნაშავე შეიძლება დაიბადოს ყველა სამყაროში. გერმანელებს რომ კრიმინალები ჰყოლიათ, გახსენებად არ ღირს. ქართველი კრიმინალები ყველაზე ნაკლები პრობლემაა დღევანდელ ევროპაში. ისლამური ჯიჰადი მთელი მსოფლიოს სატკივარია და როგორ მოევლება ამას, არ ვიცი. ასე მარტივად, რომ ჰიჯაბს აკრძალავენ და ამით დამთავრდება ისლამური სახელმწიფოს „მოღვაწეობა“, არ მოხდება“.