„ვიხილეთ კალაძის გავლენა, მისი ინტერესების გატარება, მაგრამ ჩვენ ვიხილეთ გიორგი კვირიკაშვილის ინტერესების გატარება. გამოჩნდა ძალიან ბევრი ძველი „ახალი მემარჯვენე“... სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები არსებითად ქმნიან ახალ ორგანიზმს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია“ - for.ge სოციოლოგ ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლები წარმოადგინა. მმართველი გუნდის რიგებს შეუერთდნენ ფეხბურთელები, მსახიობი, მუსიკოსი, ბიზნესმენები, ასევე პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ლევან გოგიჩაიშვილი. განახლებული გუნდი, რომელიც წარადგინა გიორგი კვირიკაშვილმა შეძლებს კონკურენცია გაუწიოს ოპონენტი პოლიტიკურ ძალას?
ვალერიან გორგილაძე: ნამდვილად, ჩვენ ვიხილეთ განახლებული გუნდი. პრაქტიკულად, ჩვენ ვიხილეთ 99%-ით განახლებული გუნდი, გარკვეული აქცენტებიც. ფეხბურთელი, რაგბისტი, მსახიობი, მუსიკოსი, მაგრამ ყველა ეს ადამიანი გარკვეულ განწყობას ატარებს.
მაგალითად?
- ვიცით, რომ ზაზა პაპუაშვილი მებრძოლი და ძალიან პრინციპული ოპონენტია „ნაციონალური მოძრაობის“. ეს პრინციპულობა მას გააჩნდა მანამდე, სანამ დეპუტატი გახდებოდა. ასევეა ზაზა ხუციშვილი, რომელსაც ვიცნობთ თავისი საზოგადოებრივი აქტიურობით და გამოირჩეოდა მკვეთრი მიუღებლობით „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ჩვენ დავინახეთ ფეხბურთის და რაგბის ის წარმომადგენლები, რომლებიც ასევე პრინციპულად აფიქსირებდნენ მკვეთრ პოზიციას. ეს არის ერთგვარი ბრუტალური, მამაკაცური სახე.
თუმცა, დარღვეულია გენდერული ბალანსი...
- მე გონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეგნებულად თქვა უარი გენდერულ ბალანსზე და მთელი თავისი საბრძოლო მზაობა დაანახა საამისოდ ამომრჩეველს. იმიტომ, რომ მაჟორიტარული ოლქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩეველი იცნობდეს თავის კანდიდატს. კანდიდატის ცნობადობას განაპირობებს მისი წარმატებულობა. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც გარკვეული წინააღმდეგობების მიუხედავად აღწევს წარმატებას. ასეთი მებრძოლი სულის გუნდი წარადგინა „ქართულმა ოცნებამ“.
ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში მმართველი პარტიის რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ ვიხილავდით და, რომ აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდებოდა. თუ თბილისის მაჟორიტარებს გადავხედავთ, ამ მხრივ სიახლე არ არის...
- რეჟისორების, მსახიობებისა და სპორტსმენების რიცხვმა საგრძნობლად იკლო. მეორეც - არავინ არ ამბობს, რომ სპორტსმენი, რეჟისორი და მსახიობი წარდგენილი არ უნდა იქნას. მესამე - აქ იდეოლოგიური ვექტორია, პრინციპულად ვინც იცავდა თავის მონაკვეთებზე პრინციპულ პოზიციებს, დაფიქსირდა ყველა ეს ადამიანი და გარდა ამისა, დაფიქსირდა სხვა კრიტერიუმიც. გარდა ამისა, ამ გუნდისთვის უცხო არ არის დასავლური გამოცდილება.
იგივე ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობდნენ უცხოეთში, იციან როგორ არის მოწყობილი ამ თუ იმ სპორტის სახეობა, როგორ ხორციელდება მენეჯმენტი, ეს თავისთავად გულისხმობს იმასაც, რომ საარჩევნო კამპანიის წარმართვის გარკვეული წინაპირობაც აქვთ.
თუ გავიხსენებთ 2012 წელს ძალზედ რთულ პირობებში როგორ ატარებდა კახა კალაძე საარჩევნო კამპანიას, ვნახავთ, რომ ლიდერის თვისებები მნიშვნელოვნად დაეხმარა იმისათვის, რომ გაიმარჯვა ძალზედ ურთულეს პირობებში.
წარმოდგენილი გუნდით თუ ვიმსჯელებთ, აშკარად იკვეთება კალაძის გავლენა და ინტერესები...
- რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, თანაც მმართველი პარტია და ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას და მით უმეტეს, მმართველ პარტიას გააჩნია შიგნით რამდენიმე ფრაქცია და ჯგუფთა ინტერესები. ვნახეთ, რომ აქ იყო გარკვეული კომპრომისები. ვიხილეთ კალაძის გავლენა, მისი ინტერესების გატარება, მაგრამ ჩვენ ვიხილეთ გიორგი კვირიკაშვილის ინტერესების გატარება. გამოჩნდა ძალიან ბევრი ძველი „ახალი მემარჯვენე“.
სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები არსებითად ქმნიან ახალ ორგანიზმს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია და იქ არიან ინტელექტუალები და პოლიტიკოსები. სხთა შორის, მძიმეწონიანი პოლიტიკური ინტელექტუალების გამოყვანა მაჟორიტარული ბრძოლის თვალსაზრისით, ძალიან სარისკო ნაბიჯია. იგივე ბექა ნაცვლიშვილი მიმაჩმნია, რომ არის პოლიტიკური ინტელექტუალი, ასევე არის მებრძოლი, რომელსაც არ გაუჭირდება ქალაქის ნებისმიერ ოლქში გამარჯვების მოპოვება.
ანუ, „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა კვალიფიკაციით გაძლიერებული, ქმედითი და პროგრესული ხედვებით დაკომპლექტებული გუნდი?
- ვფიქრობ, არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გუნდი 100%-ით დაკომპლექტებული უნდა იყოს ეკონომისტებით და იურისტებით. ჩვენ ვხედავთ პროფესიონალებს თავის დარგში, იქ არიან ბიზნესმენები, სამართალმცოდნეები, უცხოეთში შესაბამისი განათლება მიღებული ადამიანები, სპორტსმენები, რომლებიც თავისი დარგის მცოდნეები არიან. ჩვენ დავინახეთ პოლიტიკოსად ჩამოყალიბებული პიროვნებები. დავინახეთ ასევე გია ვოლსკი, რომელიც არ ტოვებდა ურიგო შთაბეჭდილებას, ძალზედ გაწონასწორებულ და კვალიფიციურ კომენტარებს აკეთებდა, ძალიან ხშირად არ იყო ჟარგონული, რაც მნიშვნელოვანია.
როგორც ცნობილია, „ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ აყენებს მთაწმინდის ოლქში და მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს. პოლიტიკური კუთხით სწორია მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, რომელიც შეფასდა, როგორც უპრეცედენტო გადაწყვეტილება?
- ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორი და უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა. დასაფასებელია, როდესაც მმართველი პოლიტიკური გუნდი დამოუკიდებელ კანდიდატს უთმობს გზას და უცხადებს მხარდაჭერას. ეს ძალიან საინტერესო მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში. ამდენად, ის, რომ ფსევდო გენდერულ ბალანსს არ დაეთმო ადგილი, ეს ბუნებრივი, გასაგები და ლოგიკურია. სახეზეა მებრძოლი რაზმი, რომელსაც არ აკლია კვალიფიკაცია, აქვს განათლება.
კვირიკაშვილი ამბობს, რომ ჯანსაღი კონკურენციით და ღირსეული ბრძოლით აპირებს არჩევნებში გამარჯვებას. ამ გუნდით მოიპოვებს გამარჯვებას კვირიკაშვილის გუნდი?
- მე ვიტყოდი, რომ თბილისში ეს გუნდი უკონკურენტოა. ვფიქრობ, რომ 2016 წელს ყველა პოლიტიკურ პარტიას და შესაბამისად, ყველა მაჟორიტარულ კანდიდატს უპრეცედენტოდ კომფორტული პირობები აქვთ საიმისოდ, რომ კონკურენცია გაწიონ. იმის მიუხედავად, რომ ყველა კვლევა მეტყველებს თბილისში „ქართული ოცნების“ უპირატესობაზე, შეიძლება გარკვეულ რეგიონში მოსალოდნელი იყოს მეორე ტური...
თბილისში უშვებთ მეორე ტურის ალბათობას?
- მეორე ტურები მოსალოდნელია თბილისშიც. შეიძლება ეს შეეხოს 4-5 საარჩევნო ოლქს, მაგრამ თბილისი „ქართული ოცნებისთვის“ არის ბასტიონი ელექტორალური მხარდაჭერის კუთხით. თბილისში ბევრად უფრო თვალსაჩინოა ის უპირატესობა, რომელსაც ფლობს „ოცნება“. გარკვეულ რეგიონებში მათ შეიძლება შეხვდეთ გარკვეული წინააღმდეგობა და ამიტომ, რეგიონებში ბევრად უფრო მოსალოდნელია მეორე ტურები. თუმცა, ეს არ შეუშლის ხელს იმისათვის, რომ დაეუფლოს უმრავლესობას.
მაგრამ, ეს იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობა?
- გავიდა ის დრო, როდესაც მმართველ პარტიას უნდა ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. პირიქით, ვისურვებდი კოალიციურ მთავრობას და მრავალპარტიულ მმართველობას. დემოკრატიის თვალსაზრისით ეს წინგადადგმული ნაბიჯია. ყველა კვლევა, რომელსაც მე ვფლობ, მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ დაეუფლება უმრავლესობას, არასაკონსტიტუციოს, მაგრამ უმარვლესობას, რომელიც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ დააკომპლექტოს მთვარობა და მართოს ქვეყანა.
კონსტიტუციური უმრავლესობა არის რელიქტი, არქაული პოლიტიკური კულტურის პოსტოტალიტარული და პოსტავტორიტარული ქვეყნისთვის დამახასიათებელი, რასაც ინტენსიურად ამკვიდრებდა „ნაციონალური მოძრაობა“. „ოცნების“ ღირსებაც ამაშია, რომ ის უშვებს ამ კონკურენციას, უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიანობას და ამ პირობებშიც კი, „ოცნებას“ არ უნდა გაუჭირდეს უმრავლესობის აღება.