ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, ციხის წამების კადრების ავტორი მოწმეთა დაცვის პროგრამიდან ამოიღეს, ანუ მთავარმა პროკურატურამ, „ცენტრისტების“ ერთ-ერთი სახე დაცვის გარეშე დატოვა - ლადო ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს. თავად ბედუკაძე ფიქრობს, რომ მოწმეთა დაცვის პროგრამის ფარგლებში დანიშნული დაცვის მოხსნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც ბოლო პერიოდში მისი პარტიის საარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებულ მოვლენებს უკავშირდება.
პარალელურად კი, ცესკო-მ „ცენტრისტები“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა. უმრავლესობამ ცესკო-ს „ცენტრისტების“ რეგისტრაციის ხელახალი გადახედვის მოთხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც საჯარო რეესტრის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრის მონაცემებით გაირკვა, რომ პარტია „ცენტრისტებს“ არ ჰყავს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს პარტიის გაუქმებასთან დაკავშირებით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ხელმოწერების შეგროვება უკვე დაწყებულია.
ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებას, რომლის მიხედვით „ცენტრისტები“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნა, საფუძვლად საჯარო რეესტრის ინფორმაცია უდევს, რომლის მიხედვითაც, პარტია „ცენტრისტების“ ხელმძღვანელ პირებს უფლებამოსილება იურიდიულად არ გააჩნიათ. როგორც თამარ ჟვანია აცხადებს „ცენტრისტებთან“ დაკავშირებით საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება ცესკოს დროულად უნდა მიწოდებოდა.
„ცენტრისტებმა ცესკოს წარუდგინეს პარტიის რეგისტრაციის მოწმობა, ასევე ოფიციალურ ბლანკზე პარტიის ოფიციალური ბეჭდით თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი განცხადება და პარტიის წესდება. წარმოადგინეს ნოტარიულად დამოწმებული ყრილობის ოქმი, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელის არჩევის თაობაზე.
ასეთი გადაწყვეტილებები, რომელიც იმ პოლიტიკური გაერთიანებების სამართლებრივ უფლებამოსილებებს ეხება, რომლებიც როგორც იუსტიციის სამინისტროში არიან რეგისტრირებული, ასევე ამ რეგისტრაციის საფუძვეზე საარჩევნო ადმინისტრაციაში საარჩევნო რეგისტრაციაზე ტარდებიან, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი უწყებებიდან საარჩევნო ადმინისტრაციას დროულად და ოფიციალურად მოეწოდოს“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“ რეგისტრირებულია 2002 წლის 30 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის N 1080 ბრძანებით. პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტიკურ საბჭოს ირჩევს ყრილობა 4 წლის უფლებამოსილების ვადით. პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობას ვადა ამოეწურათ 2006 წელს. 2006 წლიდან 2016 წლამდე პარტიას მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არ წარმოუდგენია ინფორმაცია პარტიის ხელმძღვანელი პირების ცვლილებასთან დაკავშირებით. 2016 წლის 19 მაისს თემურ ხაჩიშვილის მიერ მოთხოვნილ იქნა პარტიის წესდების ასლისა და პარტიის ამონაწერის მიღება, რაც საჯარო რეესტრის მიერ დაკმაყოფილდა.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული პირი არ იყო უფლებამოსილი თავმჯდომარე, პარტიის ამონაწერში არ მოხდა პარტიის თავმჯდომარის სახელისა და გვარის მითითება. დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრის მონაცემებით, პარტიას „ცენტრისტები“ არ ჰყავს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.
ცესკო-ს გადაწყვეტილებას „ცენტრისტების“ რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ მნიშვნელოვანს უწოდებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი თამარ ჩუგოშვილი, რომლის განცხადებით, პოლიტიკური კლიპი, რომელიც საზოგადოებამ ნახა, მიმართულია ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ.
„როდესაც საუბარია ოკუპანტი სახელმწიფოს შემოყვანაზე, შენარჩუნებასა და მათი პასპორტების შემოღებაზე, რა თქმა უნდა ქვეყნის სუვერენიტეტსა და არსებობას უქმნის საფრთხეს. არავითარ შემთხვევაში ქართულ პოლიტიკაში არ უნდა არსებობდეს სივრცე ასეთი მოწოდებებისთვის, ასეთი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელთაც მსგავსი პოლიტიკური პლატფორმები აქვთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ცესკო-ს გადაწყვეტილება“, - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
„ცენტრისტების“ რეგისტრაციიდან მოხსნას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებენ „თავისუფალი დემოკრატები“. ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ცესკო-ს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ქვეყანაში რაღაც ინსტიტუტი მაინც ამოქმედდა, ამუშავდა და მიიღო გადაწყვეტილება.
„ეს ისეთი თემა იყო, ისეთი საფრთხილო, მგრძნობიარე და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, რომ გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო რაც შეიძლება სწრაფად. ეს არის სწორი, სახელმწიფოებრივად გამართლებული და დარწმუნებული ვარ, სამართლებრივად ჩარჩოებში მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ ცესკოს გადაწყვეტილება საზოგადოების ზეწოლის შედეგია. ხათუნა გოგორიშვილი ამტკიცებს, რომ მთავრობის დაკვეთა იყო, რომ მაქსიმალური პრობლემები შეექმნათ პროდასავლური ოპოზიციისთვის.
„თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პარტიების დოკუმენტების გადამოწმება არ ევალება. თუმცა, მე ხელთ მაქვს წერილი, სადაც საქმე შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, როცა მან დეტალურად შეამოწმა ჩვენი წესდება და ხარვეზი დაგვიდგინა. ესაა ერთადერთი რამის მაჩვენებელი - ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება სრულ სინქრონშია „ცენტრისტების“ პრორუსულ მოწოდებასთან“, - ფიქრობს ხათუნა გოგორიშვილი.
ნაციონალებისგან განსხვავებით, ცესკოს პასუხისგების საკითხს ვერ ხედავს ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი, რომელის განცხადებით, ცესკო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით სარგებლობს. მისივე თქმით, საქართველოში პარტიების რეგისტრაციის თემა ყველაზე მოუწესრიგებელი თემაა.
„პარტიების რეგისტრაციის საკითხი ძალია დიდი ლაქაა კანონმდებლობაში. ეს ლაქა სათავისოდ გამოიყენა საჯარო რეესტრემა. 200-ზე მეტი პარტიაა რეგისტირებული საქართველოში, მაშინ ჩამოყვეს და გამოაცხადოს ამ 200 პარტიიდან ვის ჰყავს უფლებამოსილი თავმჯდომარე. ცესკო ვერ დაიწყებს მოკვლევას რომელ პარტიას როდის გაუვიდა უფლებამოსილების ვადა.
კარგია, რომ ცესკომ გადახედა გადაწყვეტილებას. თუმცა, მე მოვუწოდებ იუსტიციის სამინისტროს, რომ გადახედოს და დაარეგულიროს ეს თემა. პარტიების რეგისტრაციის თემა ყველაზე მოუწესრიგებელი თემაა ამ ქვეყანაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პასუხისმგებელია რეესტრი და არა ცესკო, რადგან ცესკო ვერ დაიწყებს ყველა პარტიის ისტორიის შესწავლას. ცესკო უყურებს რეესტრის მონაცემებს, თუ წერია პარტია და მისი ხელმძღვანელი, ცესკო ატარებს რეგისტრაციაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ ხარატიშვილი.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ცესკომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, როგორც ამბობს, საქართველოში ძალიან ბევრი ასეთი პარტიაა, რომელსაც დიდი ხანია პოლიტიკურ პროცესებში მონაწილება არ მიუღია, მაგრამ მათი რეგისტრაცია გაუქმებული არ არის.
„ის რაც ბედუკაძემ და მისმა პარტიამ გააჟღერა, სწორედ რომ ანტიკონსტიტუციურია, ეს უკვე საფუძველია იმისა, რომ ეს პარტია მოიხსნას არჩევნებიდან. საერთოდ, უფრო დეტალურად არის ეს საკითხი განსახილველი, იმიტომ, რომ თუ შედგა რეგისტრაციიდან მოხსნის პრეცედენტი, ეს შესაძლოა, სხვა პარტიებზე ზემოქმედების ბერკერტად იქნეს გამოყენებული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება სწორია, თუმცა გაუგებარია, რატომ მოხდა პარტიის რეგისტრაცია მაშინ, როდესაც პარტიას არ ჰყავდა თავმჯდომარე და პასუხისმგებელი პირი.
„როგორც ჩანს, ცესკო მიხვდა, რომ საქმე აქვს არა „ცენტრისტებთან“, არამედ დაცენტრილებთან. ეს ადამიანები ჩვენ უნდა მოვიხსენიოთ მხოლოდ როგორც დაცენტრილები. დიახ, დაცენტრილებს ყველაფერი ეპატიება და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მედიცინა დროულად გამოასწორებს ვითარებას. კონსტიტუციით ნამდვილად არ მოესწრება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია კანონმდებლობის დონზე დავყოთ საკითხი - იქნებ ჩამოვყალიბდეთ რას ნიშნავს ღალატი. ნაცვლად ამისა, მთელი საქართველო აღვაგზნეთ იმით, რომ თურმე ყველამ უნდა იცოდეს სხვის ლოგინში რა ხდება და ვინ წევს“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
მისივე თქმით, ეს განამარტება რომ ყოფილიყო, ე.წ. დაცენტრილები უკვე სასამართლოს წინაშე იქნებოდნენ. როგორც ცისკარიშვილი აცხადებს, სწორედ ეს გახლავთ ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების სუსტი ნაწილი, რომლებიც აჟიტირებული არიან მეათე ხარისხის საკითხით და შესაბამისი ინსტიტუციები ვერ ახორციელებენ სახელმწიფოსთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადმას.
„როდესაც, შენ მტრად აღქმულ ქვეყანას წინასწარ უნდა შეატანინო ბიუჯეტში შენი თანამემამულეების საპენსიო თანხები, ეს არა მარტო ღალატია, არამედ ცინიზმის უმაღლესი გამოვლინება, რომელიც დაუშვებელია თავმოყვარე სახელმწიფოსგან რეაგირების გარეშე დარჩეს. გამარკვიეთ, სატელევიზიო სივრცეში რატომ არის განმეორებული ის თემა, რისი მოშორებაც სურს სრულიად ბუნებრივად ჩვენს საზოგადოებას. იქნებ ჩვენი სახელგატეხილი საკონსტიტუციო სასამართლო თავად გამოვიდეს ინიციატივით და საკუთარი ხედვა გააცნოს ჩვენს გზააბნეულ საზოგადოებას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.