რუსული პროპაგნდა - „ინიციატივა უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით, ოკუპაციის აღიარებაა“

რუსული პროპაგნდა - „ინიციატივა უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით, ოკუპაციის აღიარებაა“

საქართველოსთვის უბლოკო სტატუსის მინიჭების მომხრეთა და შესაბამისი საკონსტიტუციო ინიციატივის საპირისპიროდ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების წინადადებით გამოდის პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი თვლის, რომ კონსტიტუციის პრეამბულაშივე უნდა დაფიქსირდეს საქართველოს მოქალაქეთა ნება, ევროატლანტიკურ სისტემაში თანამშრომლობასთან დაკავშირებით და პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს.

პარლამენტის თავმჯდომარის წინადადების საკონსტიტუციო ინიციატივად ქცევას სულ მცირე, 76 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება. უსუფაშვილის ინიციატივაზე ბიუროს სხდომაზე უნდა ემსაჯელათ, მაგრამ პარლამენტის ბიუროს სხდომა ქვორუმის უქონლობის გამო ვერ შედგა.

გარდა ამისა, ბიუროს სხდომაზე უნდა ემსჯელათ ნინო ბურჯანაძის და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიმართვაზე, რომლის მიხედვით, აღნიშნული ჯგუფი საქართველოს ე.წ. უბლოკო სტატუსის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებასა და ამ მიზნით მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს.

ბიუროს სხდომის ჩასატარებლად 17 დეპუტატის დასწრება იყო საჭირო, თუმცა, სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით, მხოლოდ 9 დეპუტატი იმყოფებოდა - რესპუბლუკელები, „თავისუფალი დემოკრატები“, „ეროვნული ფორუმი“ და მრეწველები. ბიუროს სხდომაზე დასასწრებად არ გამოჩენილან „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ უსუფაშვილის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ჩანაწერი ნინო ბურჯანაძეს და სხვებს რუსული პროპაგანდის საშუალებას აღარ მისცემს, რადგან ეს ანტიკონსტიტუციური იქნება.

„ნინო ბურჯანაძემ პარლამენტში წესების დაცვით შემოიტანა წინადადება უბლოკო სტატუსის შესახებ და ბიურო ვალდებული იქნება, განიხილოს და მსვლელობა მისცეს ამ წინადადებას. ამ ვითარებაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩათვალა, რომ სწორი იქნებოდა, ამ ყველაფერს უპასუხოს იმით, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი განისაზღვროს კონსტიტუციით.

ამ ინიციატივას ხისტად შეხვდნენ იდეის როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. განსაკუთრებით სასაცილო იყო მომხრეების წინააღმდეგობა, რომელთაც მოეჩვენათ, რომ ეს რეპუბლიკელების წინასაარჩევნო ტრიუკია, რაც არ მესმის. არჩევნების შემდეგ არ დაგვჭირდება უსაფრთხოება, თუ როგორ არის საქმე?“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბრუჯანაძე დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უბლოკო სტატუსს უჭერს. ბურჯანაძის ფიქრობს, რომ აღნიშნული ინიციატივა უმნიშვნელოვანესია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა განლაგდეს არც ერთი უცხო სახელმწიფოს ჯარი.

„არც NATO-ს, არც ამერიკის და არც რუსეთის ჯარი და საქართველო არ უნდა გაწევრიანდეს არც ერთ სამხედრო ალიანსში, არც ნატოში, არც ოდეკაბე-ში და არც რომელიმე სხვაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მხარს უჭერს ამ ინიციატივას. როგორც კი, პარლამენტი მიიღებს პროცედურულ გადაწყვეტილებას და მექნება შესაბამისი დოუმენტაცია, დავიწყებ ხელმოწერების შეგროვებას“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ინიციატივა უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით, ოკუპაციის აღიარებაა. როგორც ირაკლი სესიაშვილი ამბობს ქვეყანაში, სადაც ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, მსგავსი ტიპის შეთავაზება არ უნდა კეთდებოდეს.

„ინიციატივა უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით, აღიარებაა დღევანდელი მოცემულობის, რაც მიუღებელია. ყველაფერთან ერთად, უბლოკო სტატუსს სჭირდება მეზობელი ქვეყნების თანხმობა და როგორ შეიძლება, რუსეთისგან თანხმობა მივიღოთ, როცა მას თავად აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული?“, - აცხადებს ირაკლი სეისაშვილი.

ბურჯანაძის ინიციატივას საქართველოს უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით არასერიოზულს უწოდებენ „თავისუფალი დემოკრატები“ და თვლიან, რომ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ქვეყნის მისწრაფება და მომავალი არის სწორედ ევროპული, ევროატლანტიკური ოჯახი. შესაბამისად, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საბოლოო მიზანი არის ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვანი გაწევრიანება.

„ეს არის წმინდა წყლის რუსული პროპაგნდა, რომ დისკუსია დაიწყოს ამ თემაზე. თემაზე, რომელის გარშემოც დისკუსია საერთოდ არ შეიძლება განიხილებოდეს საზოგადოებაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ხვალ-ზეგ ჩვენ მივიღებთ უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან, ასოცირების დღის წესრიგით ვმოქმედებთ ევროკავშირთან, ისევე როგორც, ნატო-სთან გაღრმავებული თანამშრომლობით. აქედან გამომდინარე, ეს არის რუსული პროპაგანდის ნაწილი, რომელიც ვერ გავა. ჩვენი საბოლო ადგილი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის საპასუხო ინიციატივას, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწარფების შესახებ კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, დოლიძე მიიჩნევს, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს.

„თუმცა, ეს არის თემა, ათასჯერ რომ დადგეს საკითხი, ათასჯერვე მხარს დავუჭერ. ამ შემთხვევაშიც „თავისუფალი დემოკრატები“ მზად ვართ, პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას მხარი დავუჭიროთ“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

საქართველოს უბლოკო სტატუსს მხარს უჭერს და ამის კონსტიტუციით განსაზღვრის მომხრე არ არის, ფრაქცია მრეწველების წარმომადგენელი ზურაბ ტყემალაძე. როგორც ტყემალაძე ამბობს, პარლამენტში ინიცირებული ორივე საკონსტიტუციო ინიციატივა როგორც უბლოკო სტატუსის, ისე საგარეო პოლიტიკური კურსის კონსტიტუციით განსაზღვრის თაობაზე წინასაარჩევნო პიარკამპანიის ნაწილია და მეტი არაფერი.

„მივიჩნევ, რომ საქართველო უბლოკო ქვეყანა უნდა იყოს. ეს გოგი თოფაძეს არაერთხელ დაუსაბუთებია, რომ ჩვენი ქვეყანა არ უნდა იყოს გაწევრიანებული არც ერთ სამხედრო ბლოკში. ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაერთიანება კარგს არაფერს მოგვიტანს. ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ არც ერთი უცხო ქვეყნის ჯარი არ უნდა იდგეს ჩვენს ტერიტორიაზე, რასაც რა თქმა უნდა, ვეთანხმები“, - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

ევროპული არჩევანის გარდა სხვა ალტერნატივას არ განიხილავს „ეროვნული ფორუმი“. დეპუტატი ანი მიროტაძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის ერთადერთი არჩევანი არის ევროპული არჩევანი.

„ამ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს. „ეროვნული ფორუმი“ ფიქრობს, რომ ევროპული არჩევანი ნიშნავს ქვეყნის განვითარებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას, ქვეყნის უსაფრთხოებას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ზოგადად - პროგრესს. არ მგონია, რომ პროგრესის ალტერნატივა რამე არსებობდეს“, - აღნიშნა ანი მიროტაძემ.