„საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ყოვლად უნიჭო და უგემოვნო ადამიანების კრებული და ამისთვის მათ წელიწადში 50 მილიონს ვუხდით“

„საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ყოვლად უნიჭო და უგემოვნო ადამიანების კრებული და ამისთვის მათ წელიწადში 50 მილიონს ვუხდით“

მოქმედი კანომდებლობით, უფასო რეკლამის უფლება პარტიებსა და კვალიფიციურ სუბიექტებს წარმოეშვებათ არჩევნებამდე 50-დღით ადრე. თუმცა, ეს დრო ჯერ არ დამდგარა. ამის მიუხედავად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 14 აგვისტოს, აფხაზეთის ომის დაწყების 24-ე წლისთავზე პარტია „ცენტრისტების“ უფასო საარჩევნო სარეკლამო რგოლი გაუშვა, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებს შეიცავს.

კერძოდ, ლადო ბედუკაძისა და ნიკოლოზ ხაჩიშვილის პარტია ამომრჩეველს 400-ლარიან რუსულ პენსიას, საქართველოში რუსული ჯარის დაკანონებას და რუსეთთან ორმაგ მოქალაქეობას ჰპირდება. სწორედ, ამ შინაარსის ე.წ. საარჩევნო კლიპი გავიდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის, გიორგი გვიმრაძის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდა „ცენტრისტების“ საარჩევნო რეკლამა არ გაეშვა. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერც მის შინაარსობრივ ნაწილში ჩაერეოდა.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმდჯდომარე ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს უფასო საარჩევნო რეკლამის განთავსების ვალდებულება არჩევნებადე 50-დღით ადრე წარმოეშვება, ხოლო მანამდე, მას მხოლოდ ამის უფლება აქვს.

„საერთოდ, ტელევიზიებს თავად შეუძლიათ გამოყონ დრო და დაუთმონ უფასოდ, ეს მათი უფლებაა. ერთადერთი საზოგადოებრივ მაუწყებელს 50 დღით ადრე უჩნდება ვალდებულება, უფასო დრო კვალიფიციურ სუბიექტებს მისცეს. კანონში წერია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, აგრეთვე, უნდა გამოჰყოს დრო არაკვალიფიციური სუბიექტებისთვის და მათ შორის თანაბრად გაანაწილოს“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

ჩვენ დავინტერესდით რატომ გაუშავა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არჩევნებამდე 50 დღით ადრე აღნიშნული სარკლამო რგოლი, რომლის შინაარსიც ანტისახელმწიფოებრივია და რუსულ ოკუპაციას აკანონებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ ამ თემაზე საუბარი არ ისურვა:

„იცით რა, იმაზე მეტს მე ვერაფერს გეტყვით, რაც გუშინ ვთქვი და მით უმეტეს რაც უკვე ოფიციალურ პასუხშია ნათქვამი“.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ე.წ. საარჩევნო კლიპის ეთერში გაშვება შეაჩერა. ანალიტიკოსები კი გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ, რათა გაირკვეს როგორ მოხვდა ასეთი შინაარსის პოლიტიკური რეკლამა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ეს იყო ხარვეზი, თუ ვინმეს ბოროტი განზრახვა?

ექსპერტ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, მედიის თავისუფლება არ გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოებრიობას დაემუქროს საფრთხე. მით უმეტეს, რომ ამგვარმა ნაბიჯმა შეიძლება საკმაოდ ძლიერი კონფლიქტები გამოიწვიოს. მისივე თქმით, ასეთი კონფლიქტური და არასამართლებრივი პროცესების პროვოცირება, ყველა ქვეყნის კანონმდებლობით იკრძალება, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით.

„საზოგადეობრივი მაუწყებლის ქმედება გამოძიებას თხოულობს. იმიტომ, რომ უფასო რეკლამის ეტაპი ჯერ არ დამდგარა. რადგან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს ნაბიჯი გადადგა, მე მგონია, რომ გამოძიებას თხოულობს თვითონ საზოგადოებრივი მაუწყებლის ასეთი მოქმედებაც ისევ და ისევ იმ ნიშნით, რომ მან ხელი შეუწყო პარტიის რეკლამას, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს ემუქრება.

ე.ი. თვითონ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხდება თანამონაწილე ქვეყნის კონსტიტუციონალური მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული აქციის. თავად კლიპში გამოსაძიებელი არაფერია, არსებობს პოზიცია, მაგრამ რატომ მოახდინა ამ პოზიციის გავრცელება და ტირაჟირება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, როდესაც კანონი ამას არ ითხოვდა? ეს საკითხი სერიოზულ გამოძიებას ითხოვს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

საკითხის გამოძიების დაინტერესების აუცილებლობაზე საუბრობს დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, რომლის განცხადებით, სწორედ გამოძიებამ უნდა გაარკვიოს ეს განპირობებული იყო საკანონდებლო ბაზის ხარვეზებით, რომელმაც საშუალება არ მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს არ გაეშვა ე.წ. სარეკლამო კლიპი, თუ საქმე გვაქვს სხვა რამესთან, რომლის მეშვეობითაც მოხდა ამ სარეკლამო კლიპის გასვლა ეთერში.

„აუციელებია გამოძიების წარმოება, მაგრამ, გარდა ამისა, ვეთანახმები იმასაც, რომ აქ საქმე გვაქვს საკანონმდებლო ბაზის სერიოზულ ხარვეზთან, რამაც საშუალება მისცა მაუწყებელს, რომ გაეშვათ ეს ე.წ. რეკლამა. მაუწყებელს არ ჰქონდა ბერკეტები, რომ აეკრძალა და თუ მიაქცევთ ყურადღებას, სასამართლომაც კი არ დააკმაყოფილა სამართლიანი არჩევნების სარჩელი. ჩვენი გვაქვს მოუწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა და რა თქმა უნდა, გამოძიებამ უნდა თქვას თავისი სიტყვა, როგორ და რა მექანიზმებით მოხდა ამ რეკლამის გაპარება ეთერში.

იმიტომ, რომ არსებობს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი, რომელიც კრძალავს ასეთი ორგანიზაციების არსებობას და მათ ფუნქციონირებას. ასე რომ, წინ გველის ამ საქმის გაგრძელება. მე მგონია, რომ ასე მარტივად არ ჩაივლის ეს საკითხი. ეს იყო ოკუპაციის პირდაპირი დაკანონება და ამიტომაც არის აუცილებელი ჩატარდეს გამოძიება, როგორ მოხდა ასეთი შინაარსის პოლიტიკური რეკლამა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ეს იყო ხარვეზი, თუ ვინმეს ბოროტი განზრახვა?“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

„ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია, ეს არის ცისფერი მთები - გამოშტერება, არაკომპეტენტურობა და მეტი არაფერი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ამ შემთხვევაში საქმე საბოტაჟთან გვქონდეს.

„რომ დავიწყოთ მტრების ძიება, მაშინ მიშა სააკაშვილის და ზვიად გამსაზურდიას დისკურში გადავალთ, რომ ყველა მტერია. საზოგადოებრივ მაუწყებელზე დარჩენილი არიან ძველი ნაცები, თავისუფლად შეიძლება, რომ საბოტაჟიც იყოს, არ გამოვრიცხავ.

რა თქმა უნდა, ხარვეზიც არის, გამოშტერებაც, მაგრამ ალბათ, უფრო - საბოტაჟი. საბოტაჟი, რომელიც სამწუხაროდ ყველა დონეზე არის. იმიტომ, რომ განსხვავებით ქართველი ხალხისგან, ბიუროკრატია გამოტენილია ნაცებით, რაც სამწუხაროა. ასე რომ, საბოტაჟი არის ყველგან. სადაც არის არაკომპეტენტურობა, იქ არის სწორედ საბოტაჟი. ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ზაზა შათირიშვილი.

ინტერნეტგამოცემა for.ge-ს მთავარი რედაქტორი, გია იაკობაშვილი ამბობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მომუშავე ადამიანებს შეეძლოთ წინ აღდგომოდნენ ამას, მაგრამ ყველა თავის სკამს და ხელფასს გაუფრთხილდა.

„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰყავს სამეურნეო საბჭო, მონიტორინგის საბჭო, რომელსაც კიდევ რამდენიმე ადამიანი დაემატა, ჰყავს დირექტორი, დირექტორის მოადგილეები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი და რამდენიმე იურისტი, ეს ჩამონათვალი დაახლოებით 20 კაცამდე გამოვიდა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს ხალხი აზრზე არ იყო, სამართლებრივად რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ“, – აცხადებს გიორგი იაკობაშვილი.

რაც შეეხება სამოქალაქო პოზიციას, მისივე თქმით, როცა ასეთი ფაქტი ხდება და თუნდაც სამართლებრივად არ ჰქონოდათ საშუალება იმისთვის, რომ მართლაც რუსული და ოკუპაციური პროპაგანდა დაებლოკათ, აქ წინ გამოდის მოქალაქეობრივი პოზიცია, სახელმწიფოებრივი აზროვნება, უბრალოდ ღირსება, რომელიც, მისივე თქმით, მის მიერვე ჩამოთვლილი ადამიანებიდან არც ერთს არ აღმოაჩნდა.

„არა მარტო ამ ჩამოთვლილი პიროვნებებიდან, არამედ იმ ხალხიდან, ვინც იქ მუშაობს და რაღაცა პრეტენზია აქვთ ექსპერტობაზე, პროდასავლურობაზე, პროევროპულობაზე, შეეძლოთ წინ აღდგომოდნენ ამას, მაგრამ ყველა თავის სკამს და ხელფასს გაუფრთხილდა. ამაშია საქმეა და ჩვენ მთლიანობაში ვხედავთ წლების განმავლობაში რასაც წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ყოვლად უნიჭო და უგემოვნო ადამიანების კრებული, ეს არის ყოვლად უღირსი ადამიანების კრებული და ამ ყველაფერში ქართველი ხალხი წელიწადში 50 მილიონს იხდის. პლუსს ამას, კრემლის პროპაგანდას უშვებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი შემჩნეულია (ყოველ შემთხვევაში ასეთი შთაბეჭდილება მრჩება) „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული და აფილირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში. ფაქტობრივად, ეს ქვეყნის საწინააღმდეგო გუნდია. ამას დავუმატოთ კიდევ ერთი, რომ ეს თანხა იხარჯება სერიალების ყიდვაში და თარგმანში, მსოფლიო ჩემპიონატის რეპორტაჟის ყიდვაში, ევროპის ჩემპიონატის, ოლიმპიადის, საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთში, ამაში იხარჯება 50 მილიონი და იქ დასაქმებული ამდენი ადამიანი არ ვიცი რა ჩარჩოში ჯდება.

წინააღმდეგი არ ვარ, რომ ადამიანები დასაქმებული არიან, მაგრამ რა კატეგორიაც ჩამოვთვალე, უნდა დასვა სახლში და უთხრა, აი შენ მიიღებ 100 ლარის ოდენობის პენსიას, მოდი რა, შენც კარგად იყავი და ჩვენი ქვეყანაც კარგად იქნება, თუ შენ არ იმუშავებ საზოგადოებრივ მაუწყებელზე. უფრო მეტიც, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ორად-ორი წამალი არსებობს, ერთი - უნდა გაიყიდოს, რაშიც ეჭვი მეპარება, რომ ვინმემ იყიდოს და მეორე ვარიანტია ბულდოზერი მიაყენო და გადაასწორონ იქაურობა“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას გიორგი იაკობაშვილი.

„საქართველოს მთავრობა კვლავაც გამოიყენებს კანონიერ და დემოკრატიულ ბერკეტებს, რათა არ დაუშვას ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა“, - ასე გამოეხმაურა გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე პარტია „ცენტრისტების“ უფასო საარჩევნო რეკლამო რგოლის გაშვებას, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებს შეიცავს.

„საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ბოლო წლების განმავლობაში, რათა მედია ყოფილიყო დამოუკიდებელი, თუმცა დამოუკიდებლობა არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას. მედიას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, რათა არ მოახდინოს ანტისახელმწიფოებრივი ინფორმაციის ტირაჟირება. ჩვენ მივესალმებით საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ისეთი საარჩევნო აგიტაცია, რომელიც მიმართულია სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ასევე, მოვუწოდებთ ყველა სხვა მედია საშუალებას, მაქსიმალურად ეცადონ, არ გახდნენ პროპაგანდის მსხვერპლნი, თუნდაც გაუაზრებელი მოქმედებებით“, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

„ქართული ოცნება“ პარტია „ცენტრისტებისათვის“ რეგისტრაციის შეჩერების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს. პოლიტიკური საბჭოს წევრი სოფო კილაძე განმარტვას, რომ „ცენტრისტების“ კლიპი პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ სახელმწიფოებრიობას და არის ანტიკონსტიტუციური. სწორედ ამიტომ, მმართველმა ძალამ დაიწყო სარჩელის მომზადება. სარჩელი ეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეუჩერდეს რეგისტრაცია ამ პოლიტიკურ პარტიას, რათა მან ვერ გააგრძელოს ასეთი ანტიკონსტიტუციური ქმედებები.

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ფიქრობს, ეს იმ ძალების მიერ არის გაკეთებული, რომლებსაც სურთ, როგორმე შეგიტყუონ შედარებით უფრო ზომიერ პრორუსულად განწყობილ ძალებთან დიალოგში.

„ისინი ვარაუდობენ, რომ გაღიზიანება რომელიც გამოიწვია ამ კლიპმა, შექმნის იმ სივრცეს, სადაც შეიძლება დიალოგი დამყარდეს ისეთ ძალებთან, რომელიც წარმოადგენენ ამ ძალებს და ყველამ ვიცით ვინ არიან - ბურჯანაძე, მეჭიაური, იგივე „პატრიოტთა ალიანსი“ და ა.შ. ჯერჯერობით მათ მასობრიობა არ ემუქრებათ, მაგრამ ამ შეზღუდული სივრციდან გამოსვლა შეიძლება მოხდეს სწორედ დიალოგის სივრცის გახსნით, შეიძლება ამისკენ იყო მიმართული ეს პროვოკაცია“, - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.

კითხვაზე, არსებობს თუ არა ქართულ მოსახლეობაში რუსული პენსიების მიმართ ნოსტალგია, ფილოსოფოსი ამბობს, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში არსებობს გარკვეული იმედი იმისა, რომ რუსეთთან დაახლოების შემთხვევაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება.

„რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ამ დამოუკიდებლობის 25 წლის თავზე ვერაფერს მიაღწიეს, პირად პრობლემას სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ პრობლემად აქცევენ და ფიქრობენ, რომ რუსების მობრუნების შემთხვევაში, შეექმნებათ ისეთი პირობები, როდესაც მათ გაუმართლებთ. არსებობს ერთი რამ, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის იმუშავებს და ეს არის ის შეურაცხყოფა, რომელიც ჩვენ რუსებმა მოგვაყენეს მთელი ამ 25 წლის განმავლობაში.

ეს არის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომი, მუდმივი შეთქმულება ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ეს არის 2008 წლის ომი, რა შეცდომაც არ უნდა დაეშვა სააკაშვილს, ეს არის ქართველების ომი რუსების წინააღმდეგ. მიუხედავად სააკაშვილის შეცდომებისა (მას გამართლება არ აქვს), ეს არ ნიშნავს, რომ რუსები რაიმეთი შეიძლება გამართლებული იყვნენ. ეს არის აგრესორი და ოკუპანტი ქვეყანა. ასე რომ, მთელი ამ არგუმენტაციის წინააღმდეგ, ის განწყობილებები, რომელიც თქვენ ახსენეთ, ეჭვი არ მეპარება, რომ უმწეო აღმოჩნდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილმა.