„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლები წარმოადგინა. მმართველი გუნდის რიგებს შეუერთდნენ ფეხბურთელები ლევან კობიაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი, მსახიობი ზაზა პაპუაშვილი და მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი. „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც საბურთალოს მე-6 ოლქში იბრძოლებს. მმართველ გუნდს შეუერთდა ბიზნესმენი ილია წულაია და დავით ჭიჭინაძე.
გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ აყენებს მთაწმინდის ოლქში და მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის ყოფნა პარლამენტში მნიშვნელოვანია, შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ერთადერთი ასეთი პრეცედენტია. როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.
მაშ ასე, „ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მთაწმინდის პარკში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა და აღნიშნა, რომ თითოეული კანდიდატი მოიპოვებს მოქალაქეთა უმრავლესობის ნდობას, მხარდაჭერას და დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
კობა კობალაძე, ლევან კობიაშვილი, ლევან კობერიძე, ზაზა პაპუაშვილი, ილია წულაია, ბიძინა გეგიძე,ზაზა ხუციშვილი, ირაკლი აბუსერიძე, დავით ჭიჭინაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ბექა ოდიშარია, სოფო კილაძე, მიხეილ ყაველაშვილი, ზაზა გაბუნია, მამუკა მდინარაძე, ნინო გოგუაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, გიორგი მოსიძე, მარიამ ჯაში, შოთა ხაბარელი და გია ვოლსკი – ასე გამოიყურება „ქართული ოცნების“ განახლებული გუნდი.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ბევრი რამ გამოიარა და დღეს უკვე ახალი გამარჯვებისთვის ემზადება. პრემიერი დარწმუნებულია, რომ გამარჯვებას აუცილებლად მიაღწევენ.
„თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თბილისი ყოველთვის გადამწყვეტ სიტყვას ამბობს, როცა ქვეყანას ეხება საქმე. ოთხი წლის წინ ეს გამარჯვება არ მოვიდოდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააერთიანა ქართველი ხალხი. ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი ხალხის გამბედაობა და სიმტკიცე, რომელმაც უთხრა არა - ძალადობას და უსამართლობას და ეს „არა“ თბილისმა თქვა ყველაზე ხმამაღლა. თბილისი ყოველთვის თავისუფლებისა და ღირსების მხარეს დგას - ეს თბილისელების წესია.
ჩვენ შეგვიძლია თამამად შევხედოთ თვალებში ჩვენს თბილისს, ჩვენს ხალხს. ჩვენ ხალხს მივეცით ყველაზე მთავარი, რაც სახელმწიფოსგან სჭირდება ადამიანს - თავისუფლება, ღირსეული მოპყრობა, დაფასება, ზრუნვა. დღეს ჩვენ მთავარ ღირებულებაზე, ადამიანზე დამყარებულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რადგან ვიცით, რომ არაფერს არა აქვს ფასი, თუ ადამიანი არ იქნა თავისუფალი“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილის განცხადებით, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ვისაც ქვეყანა და მისი მომავალი აღელვებს, უნდა გავერთიანდეთ, როცა საქმე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს და უმთავრეს პრინციპებს ეხება.
„დღეს თქვენ აღარ გეშინიათ საკუთარი აზრის გამოთქმის და გაქვთ არჩევანის სრული თავისუფლება. დღეს სახელმწიფოს წნეხისგან გათავისუფლებულია ბიზნესი, ვერავინ იტყვის, რომ სახელმწიფო ვინმეს ავიწროებს, საკუთრებას ართმევს ან დევნის განსხვავებული შეხედულებების გამო. ამ ღირებულებების ერთგული ვართ ჩვენ და ამიტომაც ვართ დარწმუნებული, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის, სწორად ვითარდება - ეს რეალობაა და არა ვინმესთვის თვალის ასახვევად ნათქვამი ფუჭი სიტყვები.
ჩვენ დავამთავრეთ ადამიანების დაყოფა ჩვენიანებად და სხვისიანებად, ხელისუფლების მომხრეებად და მტრებად. ვნახეთ, რა მოუტანა საზოგადოების გაყოფამ ქვეყანას და ხალხს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როცა ხელისუფლება „ჩარეცხილად“ გაცხადებს და გასაქანს არ გაძლევს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მხარდამჭერი არა ხარ. საბედნიეროდ, ეს დრო დამთავრდა და ეს არის ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი საზოგადოების გამარჯვება“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ვიცე–პრემიერის შეფასებით, ეს არის პროფესიონალებით გაძლიერებული განახლებული ქმედითი გუნდი, პროგრესული ხედვით, მოქმედების ზუსტი გეგმით და თანამედროვე მიდგომების მქონე პრინციპული ლიდერით.
კახა კალაძის განცხადებით, ახლა დაწყებული საქმის სწრაფი გაგრძელების, ცხოვრების ევროპულ სტანდარტზე გადაყვანის და წინსვლის დროა.
„4 წლის წინ ჩვენ საბრძოლო ფიცი ერთად დავდეთ და ეს ფიცი შევასრულეთ. სამუდამოდ ჩავაბარეთ წარსულს სისასტიკე და ძალმომრეობა, დავიცავით უმაღლესი ღირებულება - ადამიანი, ვიზრუნეთ მის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, სიმშვიდეზე, თავისუფლებაზე, შევქმენით ნამდვილი და არა მოჩვენებითი დემოკრატია. დღეს ჩვენ ეროვნული თვითმყოფადობით ვბრუნდებით დიდ ევროპულ ოჯახში. დღეს ჩვენ საქართველოს მსოფლიო რუკაზე კუთვნილ ისტორიულ ადგილს ვუბრუნებთ.
დღეს ჩვენ გარე აგრესიისგან ცივილიზებული სამყარო გვიცავს და ამ ყველაფრის მთავარი ლოკომოტივი თქვენ იყავით, რადგან თბილისია ქვეყნის გული, მისი რიტმი მთელ ქვეყანას გადაეცემა, თბილისი აძლევს სასიცოცხლო ენერგიას დანარჩენ საქართველოს, ამიტომაც თქვენი ხმა - ქვეყნის ხმაა, თქვენი გადაწყვეტილება - ქვეყნის გადაწყვეტილებაა, თქვენი არჩევანი - ქვეყნის არჩევანია და ეს არჩევანი საქართველოს ძლიერებაა. „ქართულმა ოცნებამ“ ამ ძლიერების საფუძველი უკვე ჩაყარა, ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დააყენა“,– განაცხადა კახა კალაძემ.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე ხვალიდან იწყებენ საარჩევნო კამპანიას და ამომრჩევლებთან შეხვედრას. „ქართული ოცნების“ სამგორის მე-11 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი მოსიძე ამბობს, რომ იბრძოლებს იმისთვის, რომ გახდეს ვარკეთილის ხმა საქართველოს პარლამენტში და პარლამენტში მუშაობას საერთაშორისო, ეთნოსთაშორისი ურთიერთობების და განათლების კუთხით ისურვებდა.
„მე ვიწყებ საარჩევნო კამპანიას, ვიწყებ მოსახლეობასთან შეხვედრებს სამგორის მე-11 ოლქში. ვიბძოლებ, რომ გავხდე ვარკეთილის ხმა საქართველოს პარლამენტში. ჩემი მიმართულება წარმომიდგენია საერთაშორისო ურთიერთობების, ეთნოსთაშორისი ურთიერთობების და, რასაკვირველია, განათლების მხრივ, რომლითაც დაკავებული ვარ უკვე რამდენიმე წელია“, – აღნიშნა გიორგი მოსიძემ.
გადაწყვეტილება, რომ გამხდარიყო დეპუტატობის კანდიდატი, მარტივად არ მუღია მუსიკოს ზაზა ხუციშვილს, მაგრამ თვლის, რომ ამ ასპარეზზე ქვეყნისთვის მსახურება არის უდიდესი პატივი. ვაკის მე-3 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ აქტიური მონადირეა გარემოს დაცვის კუთხით შეუძლია მუშაობა.
„ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, პირობას ვდებ, რწმენით და სიმართლით ვემსახურები ჩემს ქვეყანას. ვარ აქტიური მონადირე, მუდმივად ვიცავ კანონებს მონადირულ საკითხებში. ამ მიმართულებითაც შემიძლია აქტიური მუშაობა, გარემოს დაცვის კუთხით. ვთვლი, რომ საკითხები არის მოსაგვრებელი, ვთვლი, რომ ნადირ-ფრინველი არის ყველაზე დიდი რესურსი ჩვენი ქვეყნის, მათ სჭირდებათ დაცვა და შემდგომ კანონის ფარგლებში მოპოვება“, - აღნიშნა ზაზა ხუციშვილმა.