პეტერბურგში ერდოღანი-პუტინის შეხვედრაზე კიდევ ერთი შეთანხმებაა მიღწეული - შავი ზღვის ფსკერზე გამავალი გაზსადენის მშენებლობა, რომელიც წლების განმავლობაში შეჩერებული იყო, განახლდება. თურქული მილსადენი რუსულ გაზს ევროპას საქართველოსა და უკრაინის გვერდის ავლით მიაწვდის. დიდ პეტერბურგში მიღწეული ამ შეთანხმების შესახებ ამ დრომდე კომენტარი არ გაკეთებულა მოსკოვში.
თურქეთის ლიდერი აცხადებს, რომ ანკარა და მოსკოვი შავი ზღვის ფსკერზე გამავალი გაზსადენის მშენებლობის ხარჯებს შუაზე გაიყოფენ. როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თურქეთმა შესთავაზა რუსეთს სანეხევროდ გაეყოთ მილსადენის მშენებლობის ის ხაზი, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე გაივლის. რაც შეეხება დარჩენილ ნაწილს, ერდოღანის განცხადებით, წინასწარი შეთახმება მიღწეულია და მას ასევე სანახევროდ დააფინანსებენ.
აღსანიშნავია, რომ გაზსადენის მშენებლობა, მისი სიძვირის გამო შეჩერებული იყო. მეტიც, მილსადენის მარშრუტზე რუსეთ-თურქეთს შორის პოლიტიკური შეთხანხმებაც არ არსებობდა.
როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, თურქეთის სტრატეგია დიდი ხანია მიმართული იყო იმისკენ, რომ გამხდარიყო ალტერნატიული ენერგეტიკული ჰაბი და ამით ყოფილიყო საინტერესო დასავლეთისთვის, რომელიც დაინტერესებულია რისკების დივერსიფიცირებაში. თუმცა, ეს გულისხმობდა რუსეთის ალტერნატივად გახდომას და არა რუსთთან თანამშრომლობას.
აღსანიშნავია, რომ ერდოღანი-პუტის შეხვედრამდე, აზერბაიჯანის-რუსეთის-ირანის პირველი პირების შეხვედრა გაიმართა ბაქოში და როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ლაპარაკია ორი მიმართულებით თანამშრომლობაზე და იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი ისე განხორციელდა, როგორც დღეს ლაპარაკობენ, ამ სისტემაში ცენტარლური აზიის შემოყვანის საკითხიც დადგება. კერძოდ, ირანის მონაწილეობით და კოორდინირებით განხორციელებული პროექტის ნახევრად მონაწილე იქნება გაზპრომი, რაც ნიშნავს, რომ ევროპას კიდევ უფრო მძიმე დღეები დაუდგება, ვიდრე დღესდღეობით აქვს, გამომდინარე იქედან, რომ რუსეთი გაზს იყენებს, როგორც იარაღს პოლიტიკური ზეგავლენის მოსაპოვებლად. ხოლო, თურქეთ-რუსეთის ეს ტანდემი ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით, დასავლეთისთვის კოშმარული რეალობა იქნება და კიდევ უფრო დამძიმდება მისი მდგომარეობა.
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ ერდოღანი-პუტინის შეთანხმების ყველა პუნქტი, ერთიან ფორმულაში ჯდება, როგორც ამ შემთანხმების მიზნის, ასევე მისი რეალიზაციის შედეგად მიღწეული ეფექტის თვალსაზრისით.
„გახსოვთ, თურქულ ნაკადთან დაკავშირებით რა იყო კამათის თემა, ეს იყო მოცულობა იმ გაზისა, რომელიც შეიძლება გატარებულიყო ამ მილსადენით. როგორც ინფორმირებული წყაროები იტყობინებიან, თურქეთმა მზაობა განაცხადა მიიღოს ის ვერსია, რომელსაც რუსეთი სთავაზობდა. ანუ, მილსადენის ის სისტემა, რომელიც საკმაო რაოდენობის მიწოდებას უზრუნველყოფს არა მარტო თურქეთისათვის, არამედ, თურქეთის გავლით ევროპისთვისაც, რაზეც თავის დროზე თურქეთმა უარი თქვა, იმ მიზეზით, რომ ზეწოლა მოეხდინა რუსეთზე. ასეთია ის რეალობა, რომელიც გვაქვს“, - აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.
კითხვაზე, თუქრულ-რუსული შეთანხმება აყენებს თუ არა მძიმე მდგომარეობაში დასავლეთს, მენაღარიშვილი აცხადებს, რომ ევროპას ერთი მიზანი აქვს, მისი გაზზმომარაგება იყოს დაბალანსებული და რომელიმე მომმარაგებელ წყაროს არ ჰქონდეს ისეთი მოცულობა ამ მოწოდებულ გაზში, რითაც შეუძლია მისი პოლიტიკური მიზნით გამოყენება.
„განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში არის რუსეთი. ის რომ, რუსეთი ენერგომატარებლებს პოლიტიკური იარაღის ფუნქციით იყენებს, უკვე აღარავისთვის არ არის საიდუმლო, რაც არაერთხელ გააკეთა და, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიც კი დატოვა ერთ ზამთარს მძიმე მდგომარეობაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, დასავლეთი ამას სიფრთხილით ეკიდება.
ამიტომ იყო, რომ თავის დროზე ევროკავშირმა მხარი დაუჭირა ბულგარეთის გადაწყვეტილებას, კერძოდ სამხრეთის ნაკადის პროექტის დაბლოკვას. ევროპა შეისყიდის გაზს თურქეთის გავლით იმ რაოდენობით, რა რაოდენიბით ევროკავშირის შეფასებით, ეს ევროკავშირის უსაფრთხოებას, როგორც ენერგეტიკული, ასევე სხვა ასპექტით, ზიანს არ მიაყენებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილმა.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ეს არის ორი აჟიტირებული პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლებმაც კმაყოფილებისაგან რეალობის ხედვა დაკარგეს. მისივე თქმით, ნეიტრალურ ზონაში ზღვის ფსკერზე ასეთი გაზზსადენის აშენება, ძალიან ავადმყოფური ფანტაზიის შედეგი შეიძლება იყოს.
„როგორც ჩანს, ამ თემის აღზევებისთვის ფასი ნაკლები კომპონენტია. თუ ასეთი მარშრუტი შედგა, მას უფრო პოლიტიკური დანიშნულება ექნება. პერსპექტივა დაგვანახებს, რამდენად ხანგრძლივი იქნება კონკრეტული მოლაპარაკებების პროცესი. ჩემი აზრით, ეს უფრო რევერანსები იყო ერთმანეთის მიმართ, ვიდრე რაიმე ტექნიკური გადაწყვეტილების სიახლე“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
როგორც ცისკარიშვილი აცხადებს, ნათელია, რომ თურქეთი რუსეთთან ურთიერთობების დალაგებით ცდილობს დასავლეთთან ვაჭრობის ბერკეტები მოიპოვოს.
„რასაკვირელია, ხელისგულზე დევს ეს თემა და შემთხვევითი არ არის ნატოს ხელმძღვანელების საკმაოდ მკაფიო განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ არ განიხილება თურქეთის რაიმე გადაადგილება ნატოდან, როგორც მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრის. ცხადია, რომ სანაპირო ზოლთან საქართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე ასე უპატრონოდ ვერ იქნება ჩადებული ის მილები და არ არის გამორიცხული, რომ საქართველომაც, გამომდინარე გეოგრაფიული რეალობიდან, მოგება მიიღოს ასეთი გაზზსადენის ამუშავების შემდეგ. მაგრამ ჯერ საკმაოდ ილუზორულია ამ პროექტის რეალიზაციის შესაძლებლობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
ექსპერტი დემურ გიორხელიძე ამბობს, რომ თურქეთი დაინტერესებულია ენერგეტიკული ჰაბი გახდეს ევროპისთვის, რაც თავის დროზე სირიის მოვლენებმა და თვითმფრინავის ეპიზოდმა შეაფერხა.
„როგორც ჩანს, თურქეთი მზად არის ყველაფერი ამისთვის. ჯერ კიდევ პუტინი-ერდოღანის შეხევდრამდე განაცხადეს თურქებმა, რომ ისინი მზად არიან ამ ხაზის მშენებლობაზე. ამიტომ, არაფერი მოულოდნელი არ არის. თურქეთ-რუსეთის ურთიერთობის დათბობა დაკავშირებულია 15 ივლისის მოვლენებთან. თურქეთს დახმარება რუსეთმა გაუწია მაშინ, როცა დასავლეთის არაერთი ქვეყანა დემოკრატიის მხარდაჭერაზე საუბრობდა. როგორც ჩანს, სავარაუდოდ, უკრაინა მალე დაკარგავს ტრანზიტული ქვეყნის ფუნქციას, იმიტომ, რომ გაიხსნება ჩრდილოეთის ნაკადის მეორე ხაზი, გერმანია-რუსეთის პირდაპირი დამაკავშირებელი“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას დემურ გიორხელიძე.