პარტიიდან პარტიაში გადაბარგება საქართველოში მოულოდნელი არ არის. ამ მხრივ არც წლევანდელი წინასაარჩევნო პერიოდია გამონაკლისი და ცალკეულ პარტიებს ყოფილი წევრები რიგრიგობით ტოვებენ.
ამ პროცესს ზოგიერთები „ოპოზიციიდან გაქცევად“ აღიქვამენ, ზოგიერთები - პოლიტიკურ პროზელიტიზმად (რაც რელიგიის მიხედვით, საკუთარ სარწმუნოებაზე სხვების მოქცევის მისწრაფებას ნიშნავს), ზოგიერთები კი მომხდარის უკან ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ზეწოლას ხედავენ.
სჭირდება კი „ქართულ ოცნებას“ გადაბირების მეთოდის გამოყენება, რასაც ნაცმოძრაობა ხშირად მიმართავდა?
იურისტი ლევან ალაფიშვილი For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ჩვენ არ გვყავს დიდი ტრადიციის მქონე პარტიები და 25 წელია, რას ვაშენებთ, ისიც კი არ ვიცით. ჩვენში პარტიის შექმნა ფორმალიზებული და იოლია, ყველას თავისი პარტია აქვს. მართალია, პარტიები დემოკრატიის განმტკიცებას, განვითარებას გვთავაზობენ, მაგრამ შიგნით პარტიული დემოკრატია არ აქვთ. დღეს მოქმედ პარლამენტშიც არიან დეპუტატები, რომლებიც პარტიის მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ არიან დასახელებულნი და პარტიის დანარჩენ წევრებს მათ დასახელებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
„საქართველოში პარტია არ არის ერთიანი ხედვის, ერთიანი პოლიტიკური იდეოლოგიის ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანთა ერთობა. ის არ იმართება დემოკრატიულად და შემდგომში სწორედ ეს იწვევს მათი წევრების გადაბირებას. თორემ ფუნდამენტურ საკითხებზე გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფის გადაბირებას, რამდენიც არ უნდა ეცადონ, ვერ მოახერხებენ, რადგან როგორ უნდა გადავიდეს ერთი იდეოლოგიური ჯგუფი მეორე პლატფორმაზე?! პიროვნულად არ ვეხები, მაგრამ ენძელ მკოიანი რომელი პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელი იყო და არის? ან კიდევ, თამარ ჩუგოშვილსა და ზესტაფონში კანდიდატად დასახელებულ გია მიქელაძეს რა საერთო ფასეულობა აქვთ? წარმოუდგენელია, ადამიანის უფლების დამცველი თამარ ჩუგოშვილი იმავე ფასეულობის იყოს, როგორც მიქელაძე, რომელმაც შევარდნაძის დროს წარმატებას მიაღწია, იმ დროს ზვიად ძიძიგურის მოწიანააღმდეგე იყო, მათმა მომხრეებმა დაასისხლიანეს ერთმანეთი, ახლა კი ერთ პარტიაში არიან. ამიტომ 2016-დან 2020 წლამდე ჩვენთან პარტიების უმთავრესი გამოწვევა სწორედ პარტიული დემოკრატიზმის დამკვიდრება იქნება“, - აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა და შეკითხვის საპასუხოდ, სჭირდება კი მოქმედ ხელისუფლებას ამ ადამიანების გადაბირება, განმარტა, რომ პრინციპების არაერთგული ადამიანის გადაბირება იოლია. შესაბამისად, ენძელ მკოიანები 2020 წელსაც დასჭირდებათ და ეს არის ოპონენტის დასუსტება სხვადასხვა მეთოდით.
მისი აზრით, ახალი თაობა სწორედ ამიტომ არ მიდის პოლიტიკაში და რამდენი ხანია, თაობათა ცვლა არ მომხდარა პოლიტიკურ ელიტაში. ახალგაზრდები ფიქრობენ, რატომ უნდა დაუკავშირონ თავიანთი კარიერა ამ ცარიელ ადგილს -პოლიტიკას, სადაც პარტიული დემოკრატია რომ იყოს, პარტიის შიგნით მაინც დაისმებოდა შეკითხვა, ვის შორის ნაწილდება ბიუჯეტიდან გადარიცხული ფული პარტიაში?!
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგის დასუსტება ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ამ ბრძოლაში გადაბირების არაპატიოსან ხერხსაც იყენებენ, მაგრამ, ამავე დროს, ეს არ არის უკანონო ხერხი. ეს უფრო მორალური საკითხია. მორალურად გადამბირებელი არ გამოიყურება ლამაზად, თუმცა გადაბირებული გაცილებით უფრო უშნოდ გამოიყურება.
„არ ვიცი, სჭირდება თუ არა „ოცნებას“ ჩვენი თანაგუნდელების გადაბირება, მაგრამ ძალით ვერავინ ვერავის გადაიბირებს. არ მჯერა, რომ განსაკუთრებულ მეთოდებს მიმართავენ ხალხის პარტიიდან პარტიაში გადასაყვანად. აქ მთავარია ადამიანის პოლიტიკური პატიოსნება. თუ უპატიოსნოა, გადაიბირებ. პატიოსნება კი ისეთი რამ გახლავთ, რომ შეიძლება, ადამიანი საკუთარ თავთანაც არ გამოტყდეს და თავისი საქციელი სამშობლოს ინტერესებით გაამართლოს. სინამდვილეში, აქ სამშობლო და პარტია არაფერ შუაშია, აქ ჩანს ქვენა ინტერესები. 38 წლის განმავლობაში ჩვენ არავინ გადაგვიბირებია. „რესპუბლიკურ პარტიაში“ თავისი ნებით მოდიოდნენ, მაგრამ არ მახსოვს შემთხვევა, ვინმეს გადაბირებაზე გვემუშავა. ძირითადად სახელისუფლო პარტიებს ახასიათებთ გადაბირებები. დიდი ყოველთვის იზიდავს პატარას, ეს ჩვეულებრივი მიზიდულობის გრავიტაციული კანონია, რომელიც ნიუტონმა აღმოაჩინა და პოლიტიკაშიც შესანიშნავად მუშაობს. ყველა გადაბირებული შინაგანად პატარა ადამიანია“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
აქვე გაიხსენა ის ფაქტი, რომ თავის დროზე რონალდ რეიგანმაც შეიცვალა პარტია. თუმცა იგი არავის გადაუბირებია. იმ დროისთვის რეიგანი არ წარმოადგენდა საინტერესოს, რომ გადაებირებინათ. უბრალოდ, მან თავად გააკეთა არჩევანი, იგი თავიდან იყო „დემოკრატი“, როგორც მსახიობების დიდი უმრავლესობა, მერე, როდესაც დაინახა პოლიტიკა, რესპუბლიკელებს შეუერთდა. ამდენად, გადაბირება და შინაგანი არჩევანის გაკეთება სხვადასხვა რამ არის და, როდესაც პოლიტიკური გემოვნების ცვლილება სწორედ არჩევნებს ემთხვევა, მაშინ გადაბირებულის გულწრფელობა საეჭვოა.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად წონადნი იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც დატოვეს რესპუბლიკელები, ლევან ბერძენიშვილი გვპასუხობს, რომ ისინი სხვადასხვა წონისანი არიან. არის ხალხი, რომელიც რესპუბლიკელებისთვის წონადი იყო და მათი დანაკლისი პარტიამ იგრძნო, დანარჩენების წასვლის დანაკლისი კი შეუმჩნეველი აღმოჩნდა.