მართალია, ამ რამდენიმე დღის წინ თელავში მოძრაობა „სოციალისტური საქართველოს“ ყრილობა ჩაიშალა, მაგრამ ამ მოძრაობის წევრებმა მაინც დაგვიტოვეს თავიანთი სლოგანი -„უმჯობესია რუსეთის ჯარი იდგეს საქართველოში, ვიდრე-ამერიკის“.
„სოციალისტური საქართველოს“ გამოჩენა ზოგისთვის საბჭოთა ნოსტალგიის მოძალებაა, ზოგისთვის - პრორუსული ძალების გააქტიურების მორიგი არგუმენტი.
იმის მიუხედავად, რომ 2011 წელს საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ „თავისუფლების ქარტია“ დაამტკიცა, დოკუმენტი იმთავითვე მკვდრადშობილად აღიქმებოდა. ალბათ, ამის გამოძახილია, რომ დღესაც, წინასაარჩევნო პერიოდში სოციალისტური განწყობის ძალები აქტიურობენ.
ეს მაშინ, როცა 2011 წლის ქარტიის თანახმად, იკრძალებოდა არა მარტო საბჭოთა სლოგანის გამოყენება, არამედ ამ ტიპის პროპაგანდა საჯარო თავშეყრის ადგილებში.
საინტერესოა, თუკი საქართველოში საბჭოთა პროპაგანდა აკრძალულია, მაშინ რატომ მართავენ ეს ადამიანები ყრილობას და რა გავლენას მოახდენენ ისინი ასაკოვან ამომრჩეველზე, რომელთაც არჩევნებში წასვლის კულტურა, ახალგაზრდებისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ შემორჩათ?!
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსებმა კიდევ უფრო დახვეწეს თავიანთი რბილი ძალის დოქტრინა და საქართველოსთან მიმართებით უკვე არა მარტო მმართველი „ედინაია როსიას“ სატელიტური ჯგუფები მოქმედებენ, არამედ ოპოზიციურმა ძალებმაც დაიწყეს ამ „საინტერესო“ სტრატეგიით სვლა. კერძოდ, ამ რამდენიმე ხნის წინ ჩვენს ქვეყანაში ცნობილი ბიზნესმენი და რუსეთის კომუნისტური პარტიის სპონსორი ვლადიმერ სემიაგინი ჩამოვიდა, ოფიციალურად დაესწრო ზემოხსენებული „სოციალისტური საქართველოს“ სხდომას, რაც შემთხვევითი არ ყოფილა.
„რუსებს საკმაოდ სახიფათო მეთოდი აქვთ შერჩეული. ფოკუსირება ხდება სოციალურად დაუცველებზე, პენსიონრებსა და მცხოვანი ასაკის მოსახლეობაზე, რომლებიც შეიძლება გაცილებით უფრო მობილიზებულნი იყვნენ ამ არჩევნებზე, ვიდრე ახალგაზრდები. რუსეთი ასეთი ადამიანების მიმართ ცდილობს ისტორიული მეხსიერების განვითარებას. გასაგებია, საქართველო ოკუპირებული იყო, 1921-დან ამას ჩვენში მკვეთრად განიცდიდნენ, მაგრამ 40-იანი წლებიდან საქართველოში ცხოვრების დონე იმდენად გაიზარდა, რომ თვით რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებთა დონეს აჭარბებდა. ქართველი რომ ჩადიოდა რუსეთში, ფულს ფანტავდა და ეს ფაქტია. იმ პერიოდში ვინ უფრო იყო ოკუპანტი, რუსეთი საქართველოსთვის თუ საქართველო რუსეთისთვის?! სწორედ ამ თემებით აპელირებენ ახალი სოციალიზმის მომხრე ძალები და კონტრიდეოლოგიურ შეტევას ახორციელებენ.
ისინი გვარწმუნებენ, რომ საქართველოს ოკუპაცია არ მომხდარა, რადგან კარგად ვცხოვრობდით, მათ დროს არ იყვნენ მათხოვრები, პენსია მაღალი იყო. ამას ემატება ისიც, რომ გამოაქვთ საქართველოს სოციალისტური დროშის სიმბოლოები. რაც მე ვნახე, აფრიალებდნენ არა იმდენად საბჭოთა კავშირის დროშებს, არამედ საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ დროშებს. საქართველოს სოციალისტურმა ჰიმნმაც გაიჟღერა ისევე, როგორც - მეორე მსოფლიო ომის სიმღერებმა, რომლებიც ტოტალიტარიზმის ჩარჩოებში ნაკლებად ჯდება.
გამოდის, რომ, თუ ტოტალიტარიზმი იყო, მაშინ მეორე მსოფლიო ომის სიმღერებიც უნდა ამოეღოთ. ეს კი ვერ მოხდება, რადგან იმ პერიოდში საბჭოთა რეჟიმთან თანამშრომლობდნენ დემოკრატიის ნამდვილი შუქურები - საფრანგეთი, ამერიკა და ისინი ანტიჰიტლერულ კოალიციას ებრძოდნენ“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
მისივე თქმით, ოკუპაციად შეიძლება ჩაითვალოს 1921 წლის საბჭოთა ბოლშევიკური სიმბოლოები, როცა დასაპყრობად შემოვიდა საბჭოთა არმია, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სიმღერები, საქართველოს სოციალისტური სახელმწიფოს დროშა, რომელიც ასოცირდება კარგ დროსთან, 60-80-იან წლებში ქართველთა კეთილდღეობასთან, ოკუპაციად ვერ ჩაითვლება. ეს მზაკვრული სტრატეგია ჩვენს ხალხზე მოქმედებს და NDI-ის წინა კვლევისგან განსხვავებით, ევრაზიული კავშირისა და პრორუსული ძალების მიმართ სიმპათია ბევრად უფრო გაიზარდა.
„თანაც, გვარწმუნებენ, თითქოს კომუნისტური პარტია უპირისპირდება პუტინს და პუტინის ოპოზიციაა. სინამდვილეში, ეს ისეთივე „ოპოზიციაა“, როგორიც ნაცმოძრაობას ჰყავდა პაატა დავითაიასა და ბაჩუკი ქარდავას პარტიების სახით“.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ 60 წელს გადაცილებული ჩვენი საზოგადოების ნაწილში საბჭოთა ნოსტალგია არსებობს, მაგრამ ეს უკიდურესად მცირე ნაწილია.
„ჩემი აზრით, ასე ღიად გამოხატული პრორუსული ძალა განკუთვნილია იმისთვის, რომ შენიღბოს ის ძალები, რომლებიც რუსულია, მაგრამ ამას არ აფიშირებენ და აპროტესტებენ კიდეც, როცა მათ რუსულ ორიენტაციაში სდებენ ბრალს. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ საბჭოთა სიმბოლიკა და რეჟიმი გათანაბრებული იყო საბჭოთა რეჟიმთან, მაშინ საკანონმდებლო დონეზეც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. თუ ასეთი გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული, მაშინ ასეთი ორგანიზაციების შექმნა ნებადართულია. გასაგებია, რომ „თავისუფლების ქარტია“ არსებობს და ხელისუფლებამ ეს კანონი უნდა გამოიყენოს, თუმცა თავის დროზე, როცა ეს კანონი მიიღეს, ეს იყო უფრო პიარსვლა, ვიდრე სერიოზული გააზრება. სინამდვილეში კი, კანონს საფუძველი უნდა ჰქონოდა, მისი მოტივირება უნდა მომხდარიყო. თორემ სიმბოლიკასთან ბრძოლაზე როცა საუბრობენ და კომუნისტების დროინდელ შენობაზე 5-ქიმიან ვარსკვლავებსა და ბარელიეფებს ანადგურებენ, კიდევ საკითხავია, არის ეს ბრძოლა საბჭოთა სიმბოლიკასთან, თუ არ არის? ეს კანონი მიღებული იყო პიარისთვის, იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორი „პროდასავლური“ კურსი ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას. როდესაც პიარისთვის ხდება კანონის მიღება, მისი ამოქმედება შეუძლებელია“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
ამასთან, განმარტა, რომ საბჭოური ძალების მიმართ მთავრობამ თვალი უნდა დახუჭოს. უნდა ვიცოდეთ, რა რაოდენობისაა ის ხალხი, რომელთაც საბჭოეთის ნოსტალგია გააჩნია და საქართველოს მოსახლეობის რამდენ პროცენტს შეადგენს.