პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის კომკავშირული ხიბლი

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის კომკავშირული ხიბლი

„თუ შენ არ მიდიხარ არჩევნებზე, არჩევნები მოვა შენთან“, - დაახლოებით ასე ჟღერს პრეზიდენტის ახალი ინიციატივა - „შენი ხმა, ჩვენი მომავალია”, რომლითაც გიორგი მარგველაშვილი  ახალგაზრდებს მოუწოდებს, მივიდნენ ქალაქებსა და სოფლებში, დაელაპარაკონ ხალხს და დაარწმუნონ ისინი არჩევნებში მისვლის აუცილებლობაში.

აღნიშნული კამპანია ისევ და ისევ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება, რომელმაც ამ ცოტა ხნის წინ თანხების არამიზნობრივად განკარგვის გამო კითხვები გააჩინა. ამჯერად უცნობია, სარეზერვო ფონდიდან რა თანხას განკარგავენ ახალგაზრდა „აგიტატორთა“ მისაზიდად. კანონით გათვალისწინებული გამჭვირვალობის მოთხოვნის მიუხედავად, ეს ინფორმაცია არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებსაიტზე ფიქსირდება და არც For.ge-ს უმხელენ დასახარჯი თანხების ოდენობას.

სამაგიეროდ, ამ პროექტის მასშტაბი შთამბეჭდავია. კამპანია, რომლის ორგანიზატორიც „ევროპულ-ქართული ინსტიტუტია“, მოიცავს საზაფხულო სკოლებში ახალგაზრდებისთვის საარჩევნო თემებზე ლექციებისა და შეხვედრების მოწყობას, ტრენინგების ჩატარებას კომუნიკაციისა და ლიდერობის თემებზე. მთლიანობაში, საქართველოს რვა ქალაქში ახალგაზრდული საზაფხულო სკოლები უნდა მოეწყოს. პირველი ნაბიჯი კი ამ მხრივ ახალგაზრდებმა ბაზალეთში გადადგეს. კამპანიამ „შენი ხმა ჩვენი მომავალია " სწორედ ბაზალეთის საზაფხულო სკოლაში აიღო სტარტი.

„თუ შენ არ მიდიხარ არჩევნებზე და, თუ შენ არ ირჩევ ლიდერებს, შენ უარს ამბობ თავისუფლებაზე“, - მიმართა პრეზიდენტმა ახალგაზრდებს.

მარგველაშვილის ახალი ინიციატივა გაუგებარია ქართველი ანალიტიკოსებისთვის. მათ კითხვები უჩნდებათ არა მარტო სარეზერვო ფონდიდან თანხების ფლანგვასთან დაკავშირებით, არამედ პრეზიდენტის კომპეტენციის აღრევასთან დაკავშირებითაც. მათი აზრით, ასეთი უცნაური პროექტი აკნინებს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

იმის გასარკვევად, რა თანხა არის გათვალისწინებული პრეზიდენტის ახალი ინიციატივისთვის, For.ge პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, გიორგი აბაშიშვილს დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად ჩვენს მოქალაქეებთან სიტყვა ეთქმით ახალგაზრდებს, რადგან ამ ახალგაზრდების მომავალი დამოკიდებულია ყოველ შემდგომ არჩევნებზე. ამიტომაც პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კონტექსტში ნეიტრალური ახალგაზრდების გააქტიურება დაისახა მიზნად. მათაც დიდი ენთუზიაზმით მიიღეს პრეზიდენტის ინიციატივა, რადგან ყველაზე ცუდი არჩევანი სახლში ჯდომაა და ყველა ტიპის კვლევა ქართველ ამომრჩეველს ეუბნება, რომ მეტი აქტიურობაა საჭირო.

შეკითხვის საპასუხოდ, ბაზალეთში, ქობულეთში (სამომავლოდ ბაკურიანშიც) ტრენინგების, სემინარების, ლექციების ჩატარება, ასევე, საზაფხულო სკოლების გახსნა ხომ არ არის ფუფუნება საქართველოსთანა ღარიბი ქვეყნისთვის და რა ჯდება ეს ყველაფერი? როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, პროექტი ფინანსდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, თუმცა მანვე for.ge-ს ურჩია, დეტალური ინფორმაციისთვის მიგვემართა ადმინისტრაციისთვის და, ტრადიციისამებრ, პასუხის გაცემას არ დაგვზარდებოდნენ. რაც შეეხება ფუფუნებას, აბაშიშვილი თვლის, რომ დემოკრატია ყველაზე დიდი ფუფუნებაა და სწორედ ამიტომაც სჭირდება დემოკრატიას ყველაზე მეტი ხელშეწყობა.

„ეს არის სხვადასხვა კომპონენტიანი ფართო პროექტი და ცალკე აღებულ კომპონენტზე გამიჭირდება საუბარი. თავისთავად ცხადია, ისევე როგორც ყველა კითხვაზე, ჩვენ დეტალურ ინფორმაცის მოგაწვდით“.

ხომ არ იწვევს კითხვებს პრეზიდენტის ახალი ინიციატივა იმ ფონზე, როცა სულ ახლახანს პრეზიდენტს  5-მილიონიანი სარეზერვო ფონდიდან თანხების სუბიექტურად განაწილებაში სდებდნენ ბრალს? ამასთან დაკავშირებითაც გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილიდან მარგველაშვილამდე სარეზერვო ფონდის ბიუჯეტი შემცირებულია ათჯერ, შესაბამისად, განსაზღვრულია ახალი პრიორიტეტები, მათ შორის, დემოკრატიის  ხელშეწყობა.

თუ რა მიზეზით შეირჩა მაინცდამაინც „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“, გიორგი აბაშიშვილი ამაზეც ოფიციალურ მიმართვას ითხოვს და განმარტავს, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მათ ყველა ამ ინიციატივის განხორციელებაში ეხმარება.  

ინტერნეტგამოცემა For.ge-ს მთავარი რედაქტორი გია იაკობაშვილი აცხადებს, რომ თუკი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გამჭვირვალეობა საერთოდ რამეს ნიშნავს, მაშინ პრეზიდენტის ვებგვერდზე უნდა დაიდოს შესაბამისი ინფორმაცია, თუ რა ჯდება პრეზიდენტის ახალი ინიციატივა -„შენი ხმა, ჩვენი მომავალია”. ამის საწინააღმდეგოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარს აცხადებს ბიუჯეტის, ისევე, როგორც პროექტის შინაარსის მოწოდებაზე და საზოგადოებაში ლოგიკური ეჭვი ჩნდება, რომ  პრეზიდენტის ფონდიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯება  სემინარებზე, კონფერენციებზე, ტრენინგებზე...

„გუშინ პირველი შეკრება ჩატარდა ბაზალეთზე ძვირადღირებულ დაწესებულებაში. შეეძლოთ, თბილისში ჩაეტარებინათ ანალოგიური, მაგრამ მთავარია, ფული დაიხარჯოს და გაზარდონ ახალი კომკავშირლები. მარგველაშვილი, როგორც ძველი ენჯეოშნიკი და ენჯეშნიკების მეგობარი, ჩვეულებრივი უსაქმურია, შემთხვევით მოხვდა ამ პოსტზე და ისეთი ცხოვრებით ცხოვრობს, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდა. იგი საბიუჯეტო სახსრებით კვებავს ყველა უსაქმურს, ნეოკომკავშირლებს, რომლებიც საკუთარ თავს „მესამე სექტორს“ და „სამოქალაქო საზოგადოებას“ უწოდებენ“, - აცხადებს გია იაკობაშვილი და განმარტავს, რომ სწორედ ნეოკომკავშირლების კასტას მიეკუთვნება თავად მარგველაშვილი მთელი თავისი ცხოვრებით.

„რაში გამოიყენებენ ნაციონალები და მარგველაშვილი ამ ნეოკომკავშირლებს, ამაზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ისინი ქვეყანას არაფერში არ გამოადგებიან, უფრო - პირიქით“ - ამბობს გია იაკობაშვილი.

ექსპერტ ვახტანგ მაისაიასთვის გაუგებარია, რას უკავშირდება პრეზიდენტის უცნაური ინიციატივა. ის, რომ მარგველაშვილის მოწოდებაზე ახალგაზრდები გაიქცევიან და ჩაერთვებიან საარჩევნო პროცესში, აბსურდია. როგორც ჩანს, ამ ნაბიჯით პრეზიდენტს სურს პოზიტიური იმიჯის შექმნა, რაც პიარტექნოლოგიური მეთოდია და მისი მიზანია, აგორებული საპროტესტო ტალღის ფონზე ყურადღების სხვა რამეზე გადატანა.

„არ მესმის, რატომ უნდა მონაწილეობდეს პრეზიდენტი ამ ტიპის კამპანიებში?! პრეზიდენტი არ უნდა იყოს პიარშჩიკი, მის სტატუსს და ფუნქციებს ეს აკნინებს. შესაძლოა, მას სურს თანხების ათვისება რაღაც სხვა მიზნებისთვის. ვიცით კი, ვინ იღებს მონაწილეობას ამ ტრენინგებში? რომელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ან პოლიტიკურად ანგაჟირებული სოციუმის წევრები? ეს ჩვენ არ ვიცით.

საქართველოში ვერავინ დაიკვეხნის, რომ ცალკეულ ორგანიზაციას არ აქვს პოლიტიკური შეკვეთა. ამიტომ, ცხადია, „ქართულ-ევროპული ინსტიტუტის“ უკან კონკრეტული პოლიტიკური ძალები იდგებიან. არ გამოვრიცხავ ნაციონალების ინტერესსაც, რადგან მარგველაშვილის ბოლოდროინდელი გემოვნება და პოლიტიკური ორიენტაცია ამას ადასტურებს. ამიტომ უნდა მოხდეს გამჭვირვალობის გაზრდა, უნდა ვიცოდეთ, რა თანხები იხარჯება პოლიტიკურად ნაკლებად ტევადი ამ პროექტისთვის.

სჯობს, პრეზიდენტმა გაითვალისწინოს საქართველოს მოსახლეობის სერიოზული სეგმენტის ინიციატივები. მხედველობაში მაქვს რეფერენდუმის ჩატარების საკითხი. თორემ გამოდის, რომ მარგველაშვილი ეჭვქვეშ აყენებს მანამდე ჩტარებულ ყველა რეფერენდუმს. ფაქტობრივად, პრეზიდენტი ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხსაც. მისი ლოგიკით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ პლებისციტი არ უნდა ჩატარებულიყო? 

პრეზიდენტის კომპეტენტურობა, სახელმწიფოებრივი აზროვნება კითხვებს აჩენს. ამიტომ იმედია, შემდეგ არჩევნებზე ჩვენი მოსახლეობა უფრო კომპეტენტურ და გამოცდილ პოლიტიკოსს აირჩევს და არა პოლიტიკაში შემთხვევით მოხვედრილ ადამიანს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას და განმარტავს, რომ მარგველაშვილი არც „ლედ ზეპელინია“ და არც „პინკ ფლოიდი“, რომ ახალგაზრდები მას აყვნენ და ჩაერთონ ამ კამპანიაში. ეს ყველაფერი საბჭოთა აგიტატორების მსგავსია. თუმცა საბჭოთა პროპაგანდაც არ აკეთებდა ამას და არ მოუწოდებდა ხალხს, არჩევნებში აუცილებლად მიეღოთ მონაწილეობა“.

ქორწინების ცნების შესახებ რეფერენდუმის მომხრეთა საინიციატივო ჯგუფის წევრი სანდრო ბრეგაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ არჩევნებში ახალგაზრდების ჩართვის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა  სპონტანურად მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო დაგეგმა, რომ გადაეფარა ის უმსგავსო საქციელი, რასაც რეფერენდუმის არდანიშვნა ჰქვია.

სანდრო ბრეგაძის აზრით, როგორც ჩანს, საკუთარმა მრჩევლებმა მარგველაშვილს ურჩიეს, რომ იმ არაპოპულარული ნაბიჯის შემდგომ, როდესაც იგი ნახევარმილიონ თანამოქალაქეს დაუპირისპირდა და დაიჭირა ჰომოსექსუალთა მხარე, კარგი იქნებოდა, რაიმე აქციის მოფიქრება.

„პრობლემა ისიცაა, რომ პრეზიდენტის ვებგვერდზეც არ არის თანხების განკარგვის შესახებ ინფორმაცია. ახალგაზრდობის ჩართვა არჩევნების სამზადისში ფულის უაზროდ ფლანგვაა. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა მარგველაშვილი სკამზე დადო, მას საქართველოს პრეზიდენტის სავარძელი და სასახლე პირადი მფლობელობა ჰგონია და ტკბება იმ ცხოვრებით, რომელსაც ვერასდროს ეღირსებოდა. ამიტომ ჩვენ საპროტესტო აქციებსაც მოვუწყობთ მარგველაშვილს, მილიონ ხელმოწერასაც დავუდებთ და სამართლებრივადაც დავამარცხებთ ე.წ. პრეზიდენტს, რადგან ეს ცარიელი ადგილი დღეს უკვე პარაზიტად გადაიქცა“, - აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.

თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის რეიტინგი კატასტროფულად   დაბალია. გაუგებარი და სასაცილო არგუმენტებით რეფერენდუმზე უარის თქმამ კი მისი რეიტინგი ბევრად უფრო დასცა, რაც საკუთარ თავს უნდა დააბრალოს.

„რას ნიშნავს ახალგაზრდობის ჩართულობის ასეთი უეცარი ამოფრქვევა მისი მხრიდან?! ეს ხომ პრეზიდენტის მოქმედების კონტექსტიდან ამოვარდნილია და ასეთი მცდელობა წარმატებული არ იქნება. ვინაიდან ექსტრემალურ რეჟიმში მოხდა ამ ინიციატივის გამოცხადება და ნაუცბათევად ჩაიფიქრეს, ეტყობა, დრო და საშუალება გამჭვირვალეობისთვის არ დარჩათ. თორემ რატომ არ უნდა იყოს გამჭვირვალე სარეზერვო ფონდის ხარჯები? ეს ხომ კანონის დარღვევაა?! როგორც ჩანს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიეჩვია სასათბურე პირობებში უფუნქციოდ ყოფნას და ამიტომაც ირჩევენ მარტივ გზას, ოფიციალურად მოგვამართეთ და მერე ვუპასუხებთ თქვენს შეკითხვასო. ეს იმ ტენდენციის გაგრძელებაა, რაც სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით ხდებოდა, როცა პრეზიდენტი აფინანსებდა მისთვის საინტერესო არასამთავრობოებს. მარგველაშვილი არასამთავრობოების პრეზიდენტია და არა - საქართველოს პრეზიდენტი. მის მრჩეველთა შორისაა საია-ს ორი ყოფილი თავმჯდომარე, ასევე, მის მრჩევლებში შეიძლება ვიხილოთ ზვიად ქორიძე და სხვები“.

შეგახსენებთ, For.ge ჯერ კიდევ ივლისში წერდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის არამიზნობრიობის  შესახებ.

კერძოდ, თუკი მიხეილ სააკაშვილი 50-მილიონ ლარიანი სარეზერვო ფონდიდან თანხებს საკუთარი მასაჟისთვის და ცნობილი ქალბატონებისთვის საჩუქრების გაკეთებაში ხარჯავდა, გიორგი მარგველაშვილს 5-მილიონიანი ფონდიდან ფინანსების გამოყოფა მის სახელთან ასოცირებული უნივერსიტეტისთვის („ჯიპასთვის“) არ ენანებოდა.

2015-2016 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან შეწყალების კომისიის თავმჯდომარისთვის გამოყოფილი შრომითი სარგო პარლამენტარებშიც კითხვებს ბადებდა. მათ აინტერესებდათ, ორი წლის მანძილზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარისთვის 80 ათასი ლარი რატომ გამოიყო სარეზერვო ფონდიდან და არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან?!

ასევე, საეჭვო იყო 2016 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ დაგეგმილი პროექტის - „იურიდიულ პროფესიაში შესვლის, ახალი სტანდარტების დანერგვის რეფორმის მატერიალურ-ტექნიკური“ მხარდაჭერის მიზნით 282 ათასი ლარის გამოყოფის საკითხიც.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2015 წელს განვითარებულ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით საბერძნეთის რესპუბლიკაში მცხოვრები სამედიცინო დაზღვევის არმქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით - 54 600 ლარი გამოიყო. თუმცა აქაც საინტერესოა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თანხების გამოყოფისას რა პრინციპით იხელმძღვანელა?!

ამას გარდა, სარეზერვო ფონდიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინტერნეტით სარგებლობისთვის აუცილებელი მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველსაყოფად 2015 წელს - 5 000 ლარი გამოიყო, ხოლო 2016 წელს - 3 800 ლარი.

პრეზიდენტი ეთნიკური უმცირესობების დახმარებას ისევ სარეზერვო ფონდიდან ცდილობს. კერძოდ, პანკისის ხეობის ახალგაზრდებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად პროექტ - „სოფლის ფოტოკლუბი - პანკისის“ დაფინანსებისთვის 19 ათასი ლარი გამოიყო.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ეხმარება ზურაბ ჟვანიას ფონდს, რომელმაც 2016 წელს, პროექტ - „წინანდლის პრემიისთვის“ 116.5 ათასი ლარი მიიღო, ხოლო 2015 წელს - 115 ათასი.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, ასევე, გამოყოფილია თანხები სახელმწიფო უწყებებისთვის, რაც კანონმდებლების მოსაზრებით, მიუღებელია, რადგან თუკი ამა თუ იმ უწყებას დამატებითი ხარჯები სჭირდებოდა, მათ ამის დასაბუთება პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას უნდა მოეხდინათ. კერძოდ, 2015 წელს, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საერთო სასამართლოებს - 580 ათასი ლარი გამოეყო, ეკონომიკის სამინისტროს 31.2 ათასი, თავდაცვის სამინისტროს - 223.2 ათასი, განათლების სამინისტროს - 741 ათასი, კულტურის სამინისტროს - 52.9 ათასი, ჯანდაცვის სამინისტროს - 612.9 ათასი, ხოლო აუდიტის სამსახურს - 152.2 ათასი.

პრეზიდენტის კეთილგანწყობით მის სახელთან დაკავშირებული საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიც (GIPA) სარგებლობს, რომელმაც 2015 წელს, პროექტ - სადისკუსიო კლუბის“ განხორციელებისთვის 23.7 ათასი ლარი მიიღო, ხოლო მიმდინარე წელს კონფერენციის - „საარჩევნო წელი, პროგნოზები და გამოწვევების“ უზრუნველყოფისთვის 12 ათასი ლარი, მოგვიანებით კი, „სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმის“ განხორციელებისთვის - 296.2 ათასი ლარი.

ამას გარდა, 2015 წელს, სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კონსტიტუციის სასაჩუქრე ეგზემპლარის შეძენა და ამისთვის 10 ათასი ლარის გამოყოფა მოხდა. ასევე ფონდიდან დაფინანსდა ოქროს საწმისის ხუთი ორდენის შეძენა, რომლისთვისაც 7 ათასი ლარი გამოიყო.

ეს მაშინ, როცა დეპუტატები პრეზიდენტს ედავებოდნენ, რომ მას სარეზერვო ფონდი ისეთი მიზნებისთვის უნდა დაეხარჯა, რომლის წინასწარ განჭვრეტაც შეუძლებელი იყო. ასეთ ღონისძიებებს შორის კი შედიოდა სტიქიური მოვლენები და სხვა.