პოლიტიკური მიგრაცია

პოლიტიკური მიგრაცია

თამაზ შიოშვილმა „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა. შიოშვილთან ერთად, პარტია ხაშურის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ცხადიაშვილმაც დატოვა. ალასანიას პარტია ასევე დატოვა გორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით წეწვაძემ, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ გადავიდა. პარტიის დატოვების მიზეზად პარტიის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იდეოლოგიური დაახლოება დასახელდა. წეწვაძის განცხადებით, „თავისუფალი დემოკრატების“ დატოვებას პარტიის კიდევ რამდენიმე წევრი გეგმავს.

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე არ გამორიცხავს თანამშრომლობას ირაკლი ალასანიას ყოფილ თანაგუნდელებთან. თავად შიოშვილი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. გადაწყვეტილება შიოლაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ გორში „თავისუფალი დემოკრატებიდან“ მაჟორიტარულ არჩევნებში კენჭს პარტიის ლიდერი და სიის პირველი ნომერი ირაკლი ალასანია იყრიდა.

არაოფიციალურად კი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შიოშვილმა პარტია იმიტომ დატოვა, რომ მმართველმა ძალამ მას შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის პოსტზე დანიშვნა შესთავაზა. თუმცა, ამ ინფორმაციას ვიცე-პრემიერი კახა კალაძე არ ადასტურდებს და აცხადებს, რომ შიოშვილთან არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია და დასძენს აქვე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის ითანამშრომლოს ყველასთან, ვისაც სწორი ხედვა აქვს და იზიარებს იმ პოლიტიკურ გემოვნებას, რომელიც პარტია „ქართულ ოცნებას“ გააჩნია.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ერთი პოლიტიკური ორგანიზაციიდან, მეორეში გადასვლა ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი მოვლენაა, რაც ბრძოლის ერთ-ერთი ხერხია და ამ შემთხვევაშიც პარტიები ერთმანეთს ამ მეთოდით ებრძვიან.

„გვახსოვს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 90%-ით იმარჯვებდა არჩევნებში, დღეს მხოლოდ 20%-ია. რატომ? - იმიტომ, რომ დანარჩენის მიგრაცია მოხდა. როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, უმარვლესობა „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. ასეთია გამარჯვებულ-დამარცხებულის ბედი. ვინც კარგად არის, იმას ბევრი მეგობარი და მხარდამჭერი ჰყავს. ვინც შედარებით ცუდად არის, მას გვერდით მჯდომი აკლდება“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისივე თქმით, ამ ტენდენციაში გასაკვირი არაფერია და არაფერია გასაკვირი იმაშიც, რომ ეს ხდება წინასაარჩევნოდ. სწორედ წინასაარჩევნოდ უნდა დაფიქსირდეს, რომელ პარტიას ეკუთვნი.

„ეს პარქტიკა ქართულ სინამდვილეს უფრო შორიდან მოსდევს. საბჭოთა პერიოდში პარტბილეთების რაოდენობით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პარტიული ქვეყანა იყო. მაგრამ როგორც კი ეროვნული მოძრაობა დაიწყო, ყველაზე მეტმა ადამიანმა დადო პარტბილეთი. ასეთები ვართ ქართველები, ეს არც ცუდია და არც კარგი. უბრალოდ, ადაპტაციის უნარი გვაქვს განვითრებული“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, გია ვოლსკის არ უკვირს, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები პარტიას ტოვებენ.

„ჩვენ და „თავისუფალი დემოკრატების“ რამდენიმე წარმომადგენელმა მოვამზადეთ ქცევის კოდექსი არჩევნების წინ. მთელმა მსოფლიომ გაიგო და მიესალმა, რომ ჩვენ ქცევის კოდექსის ნორმებს ვიცავთ. როცა პარტიის ლიდერი გამოვა და პარტიის წევრებს ქუჩაში დაპირისპირებისკენ მოუწოდებს, ამის შემდეგ არ გამიკვირდება, თუ პარტიის წევრებმა პარტია დატოვეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

საუბარია ირაკლი ალასანიას ცნობილ განცხადებაზე, როდესაც მან საზოგადოებას მოუწოდა ე.წ. კაბელების საქმის განაჩენი ქუჩაში გაეპროტესტებინათ.

ვოლსკის განცხადებას, გამოეხმაურა დეპუტატი ნინო გოგუაძე, რომლის განცხადებით, გია ვოლსკი შესულია დეზინფორმაციის მორევში, რომელიც, მისივე თქმით, როგორც ჩანს „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი და პოლიტიკაა. როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ამბობს, პარტიის ლიდერს არასოდეს გაუკეთებია ძალადობისა და დაპირისპირების მოწოდება.

„სირცხვილია, რასაც ლაპარაკობს გია ვოლსკი. სამწუხაროა, რომ ჩვენი პარტიის ზოგიერთი წევრი ვერ უძლებს იმ საშინელ, კორუმპირებულ შემოთავაზებებს, რასაც „ქართული ოცნება“ ასე ჭარბად იყენებს დღევანდელ პოლიტიკაში. დიახ, ძალიან ცუდია, როდესაც ჩვენი თანამებრძოლები საკუთარი კომფორტის გამო ვერ უძლებენ და უარს ამბობენ ბრძოლაზე და ღირებულებებზე. გია ვოლსკის განცხადება კი, არც ვიცი, როგორ შევაფასო. ეს არის მათი უპრინციპო და ტყუილებზე აგებული პოლიტიკის შედეგი. „თავისუფალი დემოკრატების“ ძირითადი გუნდი რჩება პრინციპების ერთგული და აუცილებლად გააგრძელებს ბრძოლას. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ საშინელ, უპრინციპო პოლიტიკაზე“, - აცხადებს ნინო გოგუაძე.

პარალელურად, გია ვოლსკი და მმართველი ძალა „რესპუბლიკური პარტიის“ კრიტიკის ობიექტიც გახდა. კერძოდ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განამრტება სოცილური ქსელით გააკეთა.

„საკონსტიტუციოს ყველა დროის საუკეთესო მოსამართლემ მითხრა გუშინ - „მოსამართლე თავის სათქმელს გადაწყვეტილებებში ამბობსო“ და ზუსტად ასეა. მეორე - ან მანტია გაიხადეთ, ან პოლიტიკური განცხადებები აკეთეთ, ეს რა უბედურებაა. სასამართლოს ეს ჯგუფი, ის ჯგუფი, პასუხი, პასუხის პასუხი, მერე კიდევ პასუხის პასუხი. მესამე - თუ რამე გაქვთ სათქმელი, თუ კონსტიტუციას და სამართლებრივ წესრიგს ემსახურებით, კარი დახურეთ, მანტია ჩაიცვით და გადაწყვეტილებებში თქვით თქვენი სათქმელი.

მეოთხე - ისე ვერ დაგემშვიდობებით, სულ ნაცების არიანო ეგ ბოროტებიო და საკონსტიტუციო გადატრიალებას გვიწყობდა ყოფილი რეჟიმიო, წერილი დაწერილა გუშინ. რად უნდათ საკონსტიტუციო გადატრიალება, საკუთარ მაჟორიტარებს შეხედეთ, დაკვირვება და დიდი შრომა კი არ გინდათ, მხოლოდ სია გადაიკითხეთ სამხრეთიდან ჩრდილოეთით, დასავლეთიდან აღმოსავლეთით და გადატრიალება რად უნდა ნაცმოძრაობას, თავად ლანგარზე შემოდებულს აბრუნებთ“, - წერს თინა ხიდაშელი.

ხიდაშელის კრიტიკას, კრიტიკითვე პასუხობს დეპუტატი გია ვოლსკი და აცხადებს, რომ რესპუბლიკელები თითქოს ოლიმპზე თუ ღრუბლების ზემოთ სხედან და ქვემოთ გვმოძღვრავენ.

„ეს რაღაც გაფანტული შემოტევაა - ერთი მხრივ, ვეთანხმები, რომ მოსამართლეებმა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. მეორე მხრივ, თუკი მოკვლევით დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ჯგუფი იღებდა კონკრეტულ სარჩელს, ამ სარჩელს რეგისტრაციაში არ ატარებდა, ასწორებდა და გარკვეული შენიშვნებით მოსარჩელეს უკან უბრუნებდა, რატომ არ უნდა დავუშვა მე, რომ ეს მოსამართლეები წინდაწინ ამზდებდნენ გარკვეულ გადაწყვეტილებას?! ამ მოსამართლეებმა ახლა გინდ კარი ჩაკეტონ, გინდა ფანჯარა გააღონ და გინდ სარკმელი...

როგორ შეიძლება, ამ მოსამართლეებს ჩვენ ვუთხრათ, რომ დაანაბეთ ყველაფერს თავი და სახლში რომ წახვალთ, დაფიქრდით და ისეთი გადაწყვეტილება მიიღეთ, როგორც კანონის და სახელმწიფოს ინტერესი მოითხოვს. მე ძალიან მეპარება ეჭვი, რომ მოსამართლეების ამ ჯგუფმა, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებულია, თინას მოუსმინოს. მე ბოლო ნაწილთან დაკავშირებითაც მეპარება ეჭვი - რაღაც უხეში გამოთქმები ძალიან ეადვილებათ ხოლმე. რესპუბლიკელების ხელწერასავით გახდა - „მოგიწოდებ, ეს ასე გააკეთო“, - თითქოს ოლიმპზე თუ ღრუბლების ზემოთ სხედან და ქვემოთ გვმოძღვრავენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი პოზიცია სწორია და სახელმწიფო სწორი გზით მიგვყავს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.