„პაპუაშვილი პოლიტიკური ნიშნის შემცველ სარჩელებს ერთი და იმავე მოსამართლეებზე ანაწილებდა“

„პაპუაშვილი პოლიტიკური ნიშნის შემცველ სარჩელებს ერთი და იმავე მოსამართლეებზე ანაწილებდა“

„რუსთავი 2“-ის ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებენ, ტელეკომპანიასთან დაკავშირებულ სარჩელებზე გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოაცხადოს. საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან გამართულ ბრიფინგზე ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ „რუსთავი 2“-ის გარშემო საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი 7 სარჩელიდან, 2-ზე უკვე დასრულებულია განხილვა და გადაწყვეტილების გამოცხადება ჭიანურდება.

ადვოკატების პრეტენზიას საკონსტიტუციო სასამართლოს იურიდიულმა მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ უპასუხა, რომლის განცხადებით, სასამართლოს საქმის განხილვის დასრულების და გადაწყვეტილების მიღების კანონით განსაზღვრული ვადები არ აქვს, შესაბამისად ის ვერ დაარღვევდა ამ ვადებს. როგორც ლომთაძე აცხადებს, კანონით განსაზღვრულია მხოლოდ საქმის წარმოებაში მიღებიდან ძირითადი განხილვის ვადა, რაც კოლეგიის შემთხვევაში 6 თვეს, პლენუმის შემთხვევაში კი 9 თვეს წარმოადგენს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო დებატები გრძელდება. საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, განცხდებით მიმართავენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე. ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის მიმართვაში ნათქვამია, რომ მათი განცხადების მიზანია ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ აჩვენონ „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, ამჯერად მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობის მაგალითზე. მიმართვაში დეტალურადაა საუბარი იმ ბრალდებებზე, რასაც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და სასამართლოს წინააღმდეგ ავრცელებს.

„გამჟღავნდა მეტად სკანდალური ინფორმაცია, რომ ფარულად იცვლებოდა სასამართლოში უკვე ოფიციალურად შესული სარჩელები. პრაქტიკულად გამოიკვეთა მოსამართლეთა ერთ ჯგუფსა და გარკვეულ მოსარჩელეებს შორის ფარული თანამშრომლობის ნიშნები. სასამართლოში შესულ სარჩელს, სავარაუდოდ, გადამოწმების შემდეგ შენიშვნებით უბრუნებდნენ მხარეს და მას უკვე შესწორებული, შინაარსობრივად და ასევე მოთხოვნების კუთხით გაზრდილი სარჩელი შეჰქონდა, რომლითაც ხდებოდა იგივე სარეგისტრაციო ნომრით ძველი სარჩელის ჩანაცვლება.

ეს, ცხადია, კეთდებოდა იმ მიზნით, რომ ხელი არ შეშლოდა მის დაკმაყოფილებას, ანუ იკვეთება, რომ პრაქტიკულად წინასწარვე გადაწყვეტილი იყო საქმის შედეგი და სასამართლო განხილვები მხოლოდ ფარსი იქნებოდა. ჯერჯერობით, ცნობილი გახდა ორი ასეთი სავარაუდო შემთხვევა და ორივე მათგანი პოლიტიკური ნიშნით გამორჩეულ საქმეებს ეხება. აღმოჩნდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ახდენდა შემოსული, პოლიტიკური ნიშნის შემცველი, ზოგიერთი სარჩელის გამიზნულად ერთსა და იმავე მოსამართლეებისთვის განაწილებას. ეს ხდებოდა ძირითადად „სანდო“ 1-ლი კოლეგიის ფარგლებში, თუმცა აქაც ხდებოდა გარკვეული „გამორჩევა“, კერძოდ, ასეთი საქმეები სისტემატურად „რატომღაც“ ამ კოლეგიის მხოლოდ 3 მოსამართლესთან - ვარძელაშვილთან, კოპალეიშვილთან და ერემაძესთან ხვდებოდა, ხოლო მე-4 მოსამართლეს ტურავას შეგნებულად არ ეწერებოდა მისი „არასანდოობის“ გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბესელია-ფოფხაძის განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ მიზანმიმართული პოლიტიკურ კამპანიას უწოდენს გიორგი პაპუაშვილი, რომლის განცხადებით, ცალკეულ მოსამართლეებზე პოლიტიკური თავდასხმების რეალურ მიზეზს წარმოადგენს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ქართველი და უცხოელი დამკვირვებლების მიერ შეფასებული იქნა პროგრესულ გადაწყვეტილებებად.

„განცხადებებში მოყვანილი ინფორმაცია არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს, განპირობებულია კანონისა და სასამართლო პრაქტიკის ცოდნის ნაკლებობით, მიზნად ისახავს მოსამართლეებზე პოლიტიკური ზეგავლენის მოპოვების და საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობას“, - ამბობს გიორგი პაპუაშვილი.

ბესელია-ფოფხაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი. იან კელის განცხადებით, ნებისმიერი საკითხი სამართალწარმოებაში პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი უნდა იყოს.

„აშშ ეხმარება საქართველოს, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამისათვის აუცილებელია დემოკრატია. კიდევ ვიტყვი, რომ თავისუფალი სასამართლო და სამართალწარმოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნებისმიერი საკითხი წარმოებაში უნდა წყდებოდეს სამართლებრივად და პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი უნდა იყოს“, - განაცხადა იან კელიმ.

უმრავლესობაში თვლიან, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლოში განვითარებულ პროცესს გავაანალიზებთ, ჯამში მივალთ დასკვნამდე, რომ ადგილი ჰქონდა გადაწყვეტილებების „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების სასარგებლოდ მიღებას.

„განცხადებაში ყველაფერი ძალიან არგუმენტირებულად და ლოგიკურად არის აღწერილი, რამაც სახელისუფლო გუნდი მიიყვანა დასკვნამდე, რომ მთელ რიგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მხრიდან გადაწყვეტილებების მიღება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების შესაბამისად ხდებოდა. ამ დასკვნამდე ხელისუფლება ერთი კონკრეტული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე არ მისულა. პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობდა - ეხებოდა ეს დროთა განმავლობაში გამომჟღავნებულ შედეგებს, სტატისტიკას, იმას, თუ რა ვადებში ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება, რომელი კოლეგიის მიერ, რომელ მოსამართლეებს ეწერებოდა საქმეები“, - აცხადებს გიორგი კახიანი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სერგო რატიანი კოლეგებს ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლების ჩამოშლაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, ფოფხაძემ და ბესელიამ ამ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ისინი იყვნენ მომსახურე პერსონალი ბიძინა ივანიშვილის კარზე.

„ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩამოშლილიყო. ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაიქვემდებარონ საკონსტიტუციო ხელისუფლება, რომელიც დღეს ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელიც გამართულად და დამოუკიდებლად ფუნქციონირებს, რასაც ამტკიცებენ ჩვენი პარტნიორები“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, საჭიროა ყველა ღრმად დაფიქრებით მოიქცეს და გააკეთოს ძალიან მოზომილი განცხადებები, ხოლო ამ განცხადებებში აქცენტი მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე გაკეთდეს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი ჯგუფის ფაქტობრივი დაპირისპირება მეორე ჯგუფთან - ეს ყველაფერი ძალიან სახიფათოა სახელმწიფოსთვის. ამ ვითარებამ ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტს. თუკი ეს ვითარება არ გამოსწორდა, სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, მთლიანად დაკარგავს ავტორიტეტს და არ ვიცი, ამის შემდეგ როგორ შეიძლება საქმეს ეშველოს.

ამიტომ საჭიროა ყველა მოიქცეს ღრმად დაფიქრებით და გააკეთოს ძალიან მოზომილი განცხადებები, ხოლო ამ განცხადებებში აქცენტი მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე გაკეთდეს. თავად სასამართლოც ზუსტად ასევე უნდა იქცეოდეს. სასამართლოს თუ ცალკეულ მოსამართლეთა ქცევა არანაირ ეჭვს არ უნდა ბადებდეს, რომ ამ ქცევას პოლიტიკური საფუძველი აქვს“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.