მამუკა არეშიძე:

მამუკა არეშიძე: "ვიღაც საკონსტიტუციოს მოსამართლეების ფარული ჩანაწერების გავრცელებას გეგმავს"

"პრევენციის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით ერთი ამბავი მინდა მოგახსენოთ. ჩემთვის ცნობილი ხდება, რომ ვიღაც გეგმავს ამ უწყების მოსამართლეების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას. ჩანაწერები 2012 წლამდეა დამზადებული. ხელისუფლებას ამ კომპრომატების გავრცელება ნამდვლად არ აწყობს, რადგან იცის, რომ მაშინვე მისკენ გაიშვერენ ხელს. იქ გაიჟღერა პაპუაშვილის გვარმა, რომელთანაც ამის გამკეთებლები კონსულტაციებს გადიან, მაგრამ არ მინდა დავიჯერო, რომ პაპუაშვილი ამ საქმეში ჩართულია. აქვე უნდა ვთქვა, რომ მან აგვისტოს დასაწყისში იმდენი შეცდომა დაუშვა, მთელ მის ბიოგრაფიას ეყოფა. მაგრამ მაინც არ მგონია, რომ ამ საქმეში ჩართულია", - აცხადებს სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით არეშიძე: "ვიღაც საკონსტიტუციოს მოსამართლეების ფარული ჩანაწერების გავრცელებას გეგმავს".

"ეს ინფორმაცია რამდენიმე წყაროსთან გადავამოწმე, სხვებსაც სცოდნიათ და რატომღაც თავს იკავებდნენ ამის გასაჯაროვებისგან. ვფიქრობ, თუ ეს გავრცელდა, ქვეყნის იმიჯიზე საშინლად აისახება. ეს ნამდვილად არ არის გათვლილი ქართულ საზოგადოებაზე, რომელსაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გარშემო საუბარი უკვე მობეზრდა. ეს გათვლილია დასავლეთზე და ისევ საქართველოს მოადგება ჩრდილი, თორემ, დარწმუნებული ვარ, იმ მოსამართლეების ბედით მოსახლეობის დიდი ნაწილი საერთოდ არ დაინტერესდება. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ კავშირშია წინასაარჩევნო გარემოსთან. საერთოდ, ასეთი ტიპის პოლიტიკური პარტიების გააქტიურება არჩევნების წელს ხდება ხოლმე. იმიტომ, რომ, თავისი რესურსებიდან გამომდინარე, ისინი ასეთი ტიპის აქტივობებს სხვა შემთხვევაში ვერ ახერხებენ. ამ თვალსაზრისით, საქართველოში არის რამდენიმე პარტია, რომლებიც პოლიტიკურ სივრცეში ადგილს სტაბილურად ინარჩუნებს იმის მიუხედავად, პარლამენტში წარმოდგენილია თუ არა და თავის იდეოლოგიით გარკვეულ ელექტორალურ რესურსსაც პოულობს. მაგრამ არიან პარტიები, რომლებიც არჩევნების წინ გამოჩნდებიან ხოლმე. ახლაც ასე გამოჩნდნენ არა მარტო პრორუსული, არამედ პროდასავლური პარტიებიც", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"როგორც წესი, ასეთი პოლიტიკური ძალები იქმნებიან რამდენიმე მიზეზით. ერთი, როდესაც მათ ქმნის რომელიმე მეზობელი სახელმწიფო. მეორე, როდესაც ერთი იდეოლოგიის ჯგუფი თავისი ლიდერის გარშემო იკრიბება და მესამე შემთხვევაა, როდესაც არსებულ პოლიტიკურ ძალას გამოეყოფა გუნდი და სპეციალურად არჩევნებისთვის ქმნის თავის პოლიტიკურ ძალას, რომლის მიზანიც ასევე პოლიტიკაში დარჩენაა. მე არ მინდა, ვარაუდებით ვილაპარაკო. როგორც წესი, არის შემთხევვა, როცა ერთი იდეოლოგიის გუნდი იკრიბება და თავისი აქტივობებით ცდილობს ყურადღების მიქცევას თუნდაც რუსეთისგან და სურს, მიიღოს ფინანსური და სხვა ტიპის მხარდაჭერა. სხვა შემთხვევაა, როდესაც პირდაპირ ფინანსდება და ასე იქმნება პოლიტიკური ჯგუფი. ჩვენს შემთხვევაში, მე მაინც მგონია, რომ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ახლა აქტიურობენ, ცდილობენ, ყურადღება მიიპყრონ და მერე მიიღონ დაფინანსება. საქართველოში რუსული ფული, რა თქმა უნდა, არსებობს, ის იხარჯება ზოგიერთ მედიასაშუალებაზე თუ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, მაგრამ ამ არჩევნებზე პოლიტიკურ პარტიებზე გამოყოფილ ფულს მე, ჯერჯერობით, ვერ ვხედავ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"საერთოდ, მუდმივი ინციდენტები, დაპირისპირება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა სამხრეთული პოლიტიკური ცხოვრების წესია. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, შეხედეთ ჩვენს მეზობელ თურქეთს, საბერძნეთს და ზოგიერთ სხვა სამხრეთულ ქვეყანას. სკანდინავიისა და ჩრდილოეთ ევროპის არჩევნები ჩვენთვის საოცნებოა. ასე რომ, ინციდენტები სულ მოხდება, მაგრამ ამასაც აქვს სხვადასხვა სახე. არის ინციდენტები, რომლებიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის სპონტანურად წარმოიქმნება, მაგრამ არის წინასწარ დაგეგმილი. ამასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი ტერმინი - "გამოვიწვიოთ და მოვახდინოთ პროვოცირება". სხვათა შორის ეს არა მხოლოდ ქუჩაში ხდება, არამედ სატელევიზო სივრცეშიც და ეს ხელოვნურია. არსებობს მესამე ტიპის ინციდენტებიც, რომლებიც იგეგმება სხვა ქვეყანაში და უნდა განხორციელდეს კონკრეტული პოლიტიკური პროცესის პიკში", - განმარტავს ექსპერტი.

"მაგალითად, მაქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ემზადება ასეთი ტიპის პროვოკაციებისთვის, რომლებსაც საარჩევნო ან მის მომდევნო დღეს განახორციელებს. ამაზე ჩვენს მეზობელ უკრაინასა და საქართველოშიც გარკვეული მზადება მიმდინარეობს. მე კონკრეტული ადამინისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ყოფილი ზონდერები, სპორტსმენები (ვგულისხმობ ბოდიბილდინგის წარმომადგენლებს), რომლებსაც 2012 წლის ოქტომბერში უნდა ეაქტიურათ, ახლაც დაიბარეს. მაშინ მიხეილ სააკაშვილმა დამარცხება აღიარა და ისინი სახლებში წავიდნენ, ახლა კი შესაბამის რაიონებში "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ კომიტეტებში ისევ დაიბარეს. "ნაციონალური მოძრაობა" არის იმ ტიპის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერზე წავა იმისთვის, რომ ძალაუფლება დაიბრუნოს. რასაკვირველია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კორცხელის მსგავსი ამბები განმეორდება და შეიძლება უფრო მასშტაბური და მძიმე საყურებელიც იყოს. კორცხელის ინციდენტი რომ დაგეგმილი აღმოჩნდა, ეს ფაქტია. ვერ ვიტყვი, რომ მმართველი ძალის მხარდამჭერები კორექტულად მოიქცნენ, ასეთი რამის პრევენცია თავიდანვე უნდა მოხდეს, მაგრამ სპორტსმენები იქ ორივე მხარეს ჰყავდა ჩაყვანილი", - ამბობს მამუკა არეშიძე.

"ხშირად მაქვს საუბარი სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მათ იციან, რომ მსოფლიო ლუპით აკვირდება მათ ყოველ ქმედებას და ცდილობენ, პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართონ. რასაკვირველია, არჩევნების დღეს ყველაფრის განსაზღვრა რთულია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მმართველი ძალა არ დაუშვებს, ვინმეს სალაპარაკო მისცეს. თუ ამას არ გააკეთებენ, ძალიან სერიოზულ შედეგს მივიღებთ. ვიცი, როგორაა მომზადებული არა მხოლოდ ყოფილი მმართველი ძალა, არამედ საერთაშორისო ინსტიტუტებიც, რომ რაც შეიძლება მკაცრი შეფასება მისცენ ჩატარებულ არჩევნებს", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "ბოლო დროს ოპოზიციური პარტიები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ..." - პასუხობს:

"მე ის უფრო გამიკვირდება, ოპოზიციურმა პარტიებმა ეს რომ არ ილაპარაკონ. ეს ყოველთვის ასე იყო. ზოგ შემთხვევაში სიმართლეა, ზოგში - არა. ახლა რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს - არ გამოვრიცხავ, რომ ეს ადგილობრივი ხელისუფლების პირადი ინიციატივა იყოს და ამას სჭირდება სასწრაფოდ აღმოფხვრა. არაფრით არ შეიძლება ამ პროცესის მიშვება".

"ივნის-ივლისში დარწმუნებული ვიყავი, რომ 6-7 პარტიას ჰქონდა პარლამენტში მოხვედრის შანსი, შეიძლება, მეტსაც. დღეს ამ 6-7 პარტიის დიდი ნაწილიდან ვერ ვხედავ აქტიურობას, ალბათ სექტემბერს ელოდებიან. დღევანდელი გადმოსახედიდან უკვე ვეღარ ვიტყვი, რამდენ პოლიტიკურ ძალას აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი. წინ სექტემბერია და ზუსტი შეფასების გაკეთების საშუალება მერე უფრო მომეცემა. პირველი არის "ოცნება", შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა", "პატრიოტთა ალიანსი", ბურჭულაძის პარტია - ესენი უფრო მაღალ პროცენტს აიღებენ და შემდეგ მოდის "თავისუფალი დემოკრატები", "რესპუბლიკელები", "ფორუმი", ასევე შეიძლება იყოს მეჭიაურის პოლიტიკური ძალა ან ნინო ბურჯანაძის პარტია", - დასძენს მამუკა არეშიძე.