„ვთხოვ ბრაიზას, შეახსენოს საკუთარ ხელისუფლებას, თუ რატომ არის შენელებული საქართველოს სვლა დასავლეთის მიმართულებით“

„ვთხოვ ბრაიზას, შეახსენოს საკუთარ ხელისუფლებას, თუ რატომ არის შენელებული საქართველოს სვლა დასავლეთის მიმართულებით“

„ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ სიმპათია, რომ მუდმივი მოვლენაა და დროებითი ნაციონალი არ არსებობს, ეს მეთიუ ბრაიზას სიტყვებითაც დასტურდება. მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი ლიდერების განცხადებებში არ იკვეთება პრეტენზიები ნატოსკენ და დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობის შემცირებასთან დაკავშირებით, მეთიუ ბრაიზა ამტკიცებს, რომ თვალში საცემია ომის შემდგომ საქართველოში ქვეყნის დასავლურ ბედზე ოპტიმიზმის კლება, შენელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამავდროულად, უფრო ხშირად გვხვდება საქართველოს გეოგრაფიის მიღება, რომ საქართველო რუსეთის მეზობელია.

ბრაიზას განცხადების შინაარსს არ იზიარებენ თბილისში. საკმაოდ მკაცრი იყო შეფასებაში პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც ბრაიზას სთხოვა, შეახსენოს საკუთარ ხელისუფლებას, რატომ არის შენელებული საქართველოს სვლა დასავლეთისკენ.

„ვთხოვ ბატონ მეთიუ ბრაიზას, შეახსენოს საკუთარ ხელისუფლებას, თუ რატომ არის შენელებული საქართველოს სვლა დასავლეთის მიმართულებით. სამწუხაროდ, ევროპაც და აშშ-ც სერიოზულად არის მოცული საკუთარი შიდა თუ რეგიონული პრობლემებით. ამას ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ, მაგრამ არანაირად არ უნდა შევაჩეროთ სვლა დასავლეთისკენ“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა მეთიუ ბრაიზა, რომლის განცხადებით, ეთანხმება სპიკერ უსუფაშვილს, რომ შეერთებულმა შტატებმა და NATO-ს ძირითადმა მოკავშირეებმა გაურთულეს საქართველოს საქმე, შეენარჩუნებინა თავისი იმპულსი ალიანსისკენ სწრაფვის მიმართულებით.

„ბუქარესტის სამიტზე, გერმანიის კანცლერის ხელმძღვანელობით, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, მიიღეს კატასტროფული გადაწყვეტილება, დაებლოკათ საქართველო NATO-ში გაწევრიანებისგან. 2008 წელს, რუსეთის შეჭრა საქართველოში, აიძულებს ბერლინსა და პარიზს, ანგარიში გაუწიოს რუსეთს, NATO-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

პარიზის სამარცხვინოდ, საფრანგეთი დაეთანხმა რუსეთს „მისტრალის“ მიყიდვაზე. დასავლეთის სუსტი პოლიტიკის ფონზე, NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მხარდაჭერა საქართველოში შემცირდა 20%-ით, ეს იმ ფონზე, როდესაც 2008 წელს, პროცენტული მაჩვენებელი 85%-ს შეადგენდა“, - აღნიშნა „პირველთან“ საუბრისას მეთიუ ბრაიზამ.

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, NATO -ში სწრაფვა საქართველოს და ქართველი ხალხის ეროვნული თვითმყოფადობის ამოცანაა. მისი თქმით, ქართველი ხალხის ამოცანაა, რომ ინტეგრირდეს დასავლურ სამყაროში და NATO არის ამ სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი და პოლიტიკური მექანიზმი.

„NATO-ში სწრაფვა არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის ამოცანა. მე ახალი ფორმულაც კი მივაწოდე საზოგადოებას, რომ ნუ იქნება მოლოდინი ყოველთვის კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებული, არამედ ეს არის ჩვენი სასიცოცხლო ინტერესი, ეს არის ჩვენი თვითრეალიზების და ჩვენი ეროვნული თვითგამოვლენის ამოცანა, რომ ვიყოთ ინტეგრირებული დასავლურ სამყაროში და NATO არის ამ სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი და პოლიტიკური მექანიზმი, ამიტომ, ეს სწრაფვა უფრო ურყევი და მტკიცე იქნება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბრაიზას გარკვეული პირადი, ან პოლიტიკური ინტერესები გააჩნია. როგორც ირაკლი სესიაშვილი ამბობს, ზოგიერთ პოლიტიკურ პირს არ აქვს საერთო კომპლექსური განცდა იმისა, საქართველო დღეს რა პროცესში იმყოფება.

„ეს არის ასოცირების შეთანხმება, ვიზალიბერალიზაციის პროცესი, ნატოსთან ძალიან ინტენსიური ურთიერთობა, რომლის ფარგლებში გვაქვს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები, მათ შორის უელსის სამიტის გადაწყვეტილება. მთელი რიგი მიმართულებებით ჩვენ ვართ დღეს ყველაზე მაღალ ეტაპზე ურთიერთობის ინტენსივობის კუთხით. ვინც ამას ვერ ხდავს, ალბათ, გარკვეული პირადი ან პოლიტიკური ინტერესები გააჩნია.

მე შემიძლია ის გითხრათ, რასაც გვეუბნება ნატო, რასაც გვეუბნებიან ნატო-ს წევრი ქვეყნები, რომ საქართველო დღეს ყველაზე ინტენსიურ პროცესში იმყოფება ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ მიზანთან გაცილებით ახლოს ვართ, ვიდრე აქამდე ვყოფილვართ, თუმცა ყველაფერ ამას სჭირდება მუშაობა, შესაბამისი საერთაშორისო პოლიტიკური მოცემულობაც, რაც შეიძლება პირდაპირ ჩვენზე არ იყოს დამოკიდებული“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები ზრდის ანტიდასავლურ განწყობას ქვეყანაში. მისივე თქმით, გუნდი, რომელიც ემსახურება „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ ხვდება, ან ხვდება და არ აინტერესებს, რომ არათუ ანტიქართულ, არამედ ანტიამერიკულ საქმიანობას ეწევა.

„დასავლეთს კარგად ესმის, რომ მთლიანობაში დასავლეთის პოლიტიკა ბევრ სირთულეებს წააწყდა რუსთთან ურთიერთობაში, ძირითადად უკრაინასთან დაკავშირებით და შემდეგ გაიხსენა, რომ საქართველოს პრობლემაში დასავლეთმა მთელი სისრულით არ იმოქმედა და სხვათა შორის ამას ბრაიზა აღნიშნავს თავის ინტერვიუებში. ეს შეიძლება აღნიშნო და არ დაურთო ის ფრაზა, რომელიც მაგ კონტექსტს სრულიად არ სჭირდება. მაგრამ ბრაიზამ დაურთო და ჩემი აზრით დაურთო იმიტომ, რომ ასეთი დაკვეთა ჰქონდა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ მმართველი ძალა პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, გააძლიეროს მოსახლეობის დასავლეთზე ორიენტაცია. ერთადერთი, ვისაც ანტიდასავლური განწყობის შექმნა სჭირდება, არის „ნაციონალური მოძრაობა“. იმისთვის, რომ შემდეგ „ქართული ოცნება“ გამოაცხადოს როგორც კრემლის პროექტი.

„სხვა ფუნქცია ბრაიზას ასეთ განცხადებებს არ აქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ თამაშში მეთიუ ბრაიზამ გადაწყვიტა შეასრულოს ის როლი, რომელსაც მას დაუწესებს ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია. ეს სამწუხაროა იმიტომ, რომ ასეთი წინასაარჩევნო ხერხები პოლიტიკურ პარტიებს შორის არის იშვიათობა. როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქე მარიონეტი ხდება შიდა პარტიულ თამაშებში, მით უმეტეს, როდესაც ეს ქვეყანა შენი პარტნიორია. უბრალოდ, გულდასაწყვეტია, თორემ სხვა მხრივ ბევრს არაფერს შეცვლის ბრაიზას განცხადება“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც წარუმატებელი აღმოჩნდა ბრაიზას ელჩობა აზერბაიჯანში, პრაქტიკულად გაქრა პოლიტიკური ველიდან, მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაცას გაუჭირდა და პოლიტიკურ ნაფტალინში მოიძია არადეკვატური განცხადებების დიდოსტატი ბრაიზა.

„კომენტარი შეიძლება ძალიან მოკლე იყოს - არამკითხე მოამბე, მიტყიპე და მიადგეო. სხვა სტატუსი ბატონ ბრაიზას ამჟამად არ გააჩნია. მახსენდება პერიოდი, როდესაც ის მოვლენილი იყო ჩვენს ქვეყანას, როგორც კურატორი. არაერთხელ აღმინიშნავს ბრაიზას მსგავსება საბჭოთა კავშირის დროინდელ ცეკას ემისრებთან, რომლებიც აკონტროლებდნენ ცალკეულ რესპუბლიკებში არსებულ ვითარებას.

არაერთი ცრუ გამოთქმა მომისმენია იმ პერიოდში, კარგად მახსოვს 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როგორ გვმოძღვრავდა და გვაშინდება, რომ თუ არ ამუშავდა „იმედი 2“ მთელი სიმძლავრით, არჩევნები იქნებოდა არალეგიტიმური. საერთოდ ჩამქრალი ტელეეკრანის პირობებში შედგა 2008 წლის 5 იანვარს გაყალბებული არჩევნები, რომლის შედეგები ძალიან მისაღები აღმოჩნდა მეთიუ ბრაიზასთვის.

იგი ხშირად სტუმრობდა საქართველოს და იმთავითვე აღვიქვამდით მას, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს. მას შემდეგ, რაც წარუმატებელი აღმოჩნდა ბრაიზას ელჩობა აზერბაიჯანში, პრაქტიკულად გაქრა პოლიტიკური ველიდან, მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაცას გაუჭირდა და პოლიტიკურ ნაფტალინში მოიძია არადეკვატური განცხადებების დიდოსტატი ბრაიზა“, - აცხადებს ცისკარიშვილი.

მისივე თქმით, საინტერესოა როგორი რეაგირება ექნება ბრაიზას განცხადებაზე საქართველოს საელჩოს ვაშინგტონში, რადგან ეს ის შემთხვევაა, როდესაც დუმილი ოქრო არ არის.

„თუ ჩვენს საზოგადოებაში კიდევ შენარჩუნდება ვინმე ბრაიზისტი და ასეთი ფლიდი პოლიტიკოსის მიმდევარი, ეს იქნება ჩვენი საზოგადოების და ხელისუფლების დიდი შეცდომა. რასაკვირევლია, არსებობენ სუბიექტები და მათ შორის ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი, რომელთაც კმაყოფილებას არ მოგვრით საქართველოს პროგრესი.

თანდათან უფრო მკაფიო ხდება ლუსტრაცია იმ პირებისა, რომლებიც დაუფარავი ბოღმით ცდილობენ დააფიქსირონ, რომ ვიდრე ისინი არ იქნებიან ქვეყნის სათავეში, არ მოხდეს საქართველოს წინსვლა როგორც ევროპის, ასევე ევროატლანტიკური სივრცისკენ. ამ ბოღმის ახალი ეტაპის საწყისად შეიძლება წარმოვიდგინოთ ამხანაგ ბრაიზას გამონათქვამები“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.