„მყარი უმრავლესობა კი არ იყო პრობლემა, მთავარი პრობლემა იყო მორჩილი უმრავლესობა“

„მყარი უმრავლესობა კი არ იყო პრობლემა, მთავარი პრობლემა იყო მორჩილი უმრავლესობა“

თუ რამდენად რთული შრომა გასწიეს ამ მოწვევის პარლამენტარებმა, ამას მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტები ადასტურებს. როგორც ირკვევა, ჩვენი დეპუტატების თითქმის ნახევარი თავის მთავარ სადეპუტატო ფუნქციას არ ასრულებს. ამდენად, კანონშემოქმედებითი საქმიანობა მხოლოდ ამ მოწვევის დეპუტატთა ნაწილზე მოდის.

მთლიანობაში, ჩვენი 150 პარლამენტარიდან 73-მა არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ წარადგინა პარლამენტში, განსხვავებით, მათივე 77 კოლეგისგან, რომლებიც კანონპროექტების ინიცირებით იყვნენ დაკავებულნი.

ამ მხრივ ლიდერობს დავით ონოფრიშვილი, რომელსაც 41 კანონპროექტი აქვს ინიცირებული, 38 კანონპროექტით მას მოსდევს გია ჟორჟოლიანი, შემდეგ მოდის - ირინე იმერლიშვილი 37 კანონპროექტით, ვახტანგ ხმალაძე და ზურაბ ტყემალაძე 34-34 კანონპროექტით, ირაკლი სესიაშვილი და სხვები.

რატომ პასიურობენ ჩვენი პარლამენტარები და რამდენად აუცილებელია, ყველა მათგანმა მიიღოს მონაწილეობა კანონშემოქმედებით საქმიანობაში?

 

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დღევანდელი პარლამენტი, არც შემადგენლობით და არც ხარისხობრივად დიდად არ განსხვავდება იმ პარლამენტებისგან, რაც დღემდე ყოფილა საქართველოში. გამონაკლისი შეიძლება იყოს 92-95 წლის მოწვევის პარლამენტი. ყველა დანარჩენ შემთხვევაში კი მმართველ გუნდს ჰყავდა მყარი უმრავლესობა და მარტო მყარი უმრავლესობა კი არ იყო პრობლემა, არამედ მთავარი პრობლემა იყო მორჩილი უმრავლესობა, როგორც ამ პარლამენტში, ისე - წინა პარლამენტშიც.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ,როცა პარლამენტში მორჩილი უმრავლესობაა, ძნელია, ასეთ პარლამენტს მოსთხოვო, იყოს აქტიური.

„სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზით, არც ახალი პარლამენტი იქნება თვისობრივად და ხარისხობრივად უფრო უკეთესი, ვიდრე დღევანდელი პარლამენტია. ეს სამწუხარო ტრადიციაა, თუმცა არ არის აუცილებელი, პარლამენტარმა ცალკეული კანონპროექტის ინიცირება მოახდინოს. მთავარია, რამდენად აქტიურია ის არსებული კანონების განხილვაში, რამდენად ხშირად მიდის ტრიბუნასთან ან მიკროფონთან. რასაკვირველია, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება პარლამენტარებს აქვთ და ეს უფლება უნდა გამოიყენონ კიდეც, მაგრამ ჩემთვის პირადად პარლამენტარის შეფასების კრიტერიუმი მისი როგორც პოლიტიკური, ისე ზოგადი განცხადებები და შეფასებებია. ასევე, საინტერესოა, როგორ ახერხებს პარლამენტარი იმ კანონპროექტებზე მუშაობას, რომელიც მთავრობას შემოაქვს და, რომელიც საჭიროებს ძალზე სკრუპულოზურ განხილვას. არ დამითვლია, მაგრამ, ალბათ, ჩვენი პარლამენტარების ნახევარი არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს“,-აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტი დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დეპუტატების პასიურობა გასაკვირი არ არის, რადგან ისინი მატარებელს მოყოლილნი არიან და პოლიტიკური საქმიანობის არანაირი ბეგრაუნდი არ გააჩნიათ.

ცალსახად ნათელია, რომ მატარებელს მოყოლილი ადამიანები ვერ იქნებიან აქტიურნი, რადგან სფერო, რომელშიც ისინი მოხვდნენ, მათთვის აბსოლუტურად უცხოა პროფესიული თვალსაზრისით. ამიტომაც სხედან და თავიანთ საქმეს მშვიდად და წყნარად აკეთებენ, რაც, საბოლოო ჯამში, ცუდად აისახება პარლამენტის საქმიანობაზე. შესაძლოა, კონკრეტულ დეპუტატს ბევრი ინიციატივა არც ჰქონდეს, მაგრამ იგი აქტიური მაინც უნდა იყოს იმ ჯგუფის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებში, რომელსაც ის წარმოადგენს. ამ მოწვევის პარლამენტში კი ასეთ დეპუტატებს ნაკლებად ვხედავ“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.