თინა ხიდაშელი ამტკიცებს, რომ ობიექტს, რომელზეც ტრისტან წითელაშვილი იმყოფებოდა, იმ პერიოდში „საიდუმლოს“ სტატუსი ჰქონდა. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის ინფორმაციით, ობიექტი, რომელიც წითელაშვილის საქმეში ფიგურირებს, განსაკუთრებული დაცვის ობიექტს არ წარმოადგენს. ტრისტან წითელაშვილის საიდუმლო ობიექტზე შესვლის საკითხზე, თავდაცვის სამინისტროს მიერ გრძელდება ინფორმაციის მიწოდება მთავარი პროკურატურისთვის. ლევან იზორიას განცხადებით, გამოძიებამ გარკვეული ინფორმაციის დაზუსტება მოითხოვა.
„აქედან გამომდინარე, პროკურატურის პრეროგატივაა, დაიწყოს გამოძიება, თუ დაამთავროს შესწავლა, თუ დანაშაულის ნიშნები ვერ ნახა. როდესაც ისაუბრა, რომ პირველადი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სარეჟიმო წესის დარღვევას, მე დავეყრდენი გენშტაბის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ეს თქვა გენშტაბის ხელმძღვანელმა და მე მოვახდინე ამ ნათქვამის კონსტანტაცია. ის კვლავაც ამ აზრზეა“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
თინა ხიდაშელი თქმით, გოდერძი ორმოცაძე რომელმაც უზრუნველყო წითელაშვილის შესვლა საიდუმლო ობიექტზე, სამსახურიდან გაანთავისუფლა, ხოლო იოსებ ხორბალაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც ის მინისტრად დაინიშნა.
„ორმოცაძე მე გავანთავისუფლე იმის შემდეგ, რაც გავიგე, რომ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ეს ადამიანები განთავისუფლდნენ ჩემს მიერ და არა მინდია ჯანელიძის მიერ. აქ დაუყოვნებლივი განთავისუფლება ჯანელიძის მხრიდან არ ყოფილა. არ ვეთანხმები სარეჟიმო წესის დარღვევის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. ვნახოთ რას იტყვის გამოძიება“, - ამბობს თინა ხიდაშელი.
მისივე თქმით, იმ პერიოდში, რა პერიოდზეცაა საუბარი, ტრისტან წითელაშვილი საიდუმლო ობიექტზე იმყოფებოდა, ვინაიდან ობიექტს იმ მომენტში „საიდუმლო“ სტატუსი ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით, უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მას ეს სტატუსი მოეხსნა.
როდის მოხდა იმ კონკრეტულ ბაზაზე საიდუმლო სტატუსის მოხსნა, სადაც გავრცელებული ინფრომაციით ტრისტან წითელაშვილი შევიდა, ამის შესახებ არც უშიშროების საბჭოში და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტს ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონია.
„უშიშროების საბჭომ დოკუმენტები და საჭირო ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უკვე გამოითხოვა შესაბამისი უწყებებიდან. ძალიან დასანანია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტი საქმის კურსში საერთოდ არ იყო ჩაყენებული“, - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის ინფორმაციით, ობიექტი, რომელიც წითელაშვილის საქმეში ფიგურირებს, არც მართვის პულტსა და არც განსაკუთრებული დაცვის ობიექტს არ წარმოადგენს. რაც შეეხება ყოფილი თავდაცვის მინისტრების მინდია ჯანელიძისა და თინა ხიდაშელის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, კაპანაძე შეფასებისგან თავს იკავებს.
„ჩემი მხრიდან კორექტული არ იქნება, რომელიმე ყოფილ მინისტრზე გავაკეთო კომენტარები. მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ის ობიექტი, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს, არ განეკუთვნება არც მართვის პულტს, არც განსაკუთრებული დაცვის ობიექტს. ყველა დოკუმენტი, რომელიც მოითხოვა შესაბამისმა უწყებებმა, გადაცემულია და დასკვნას ისინი დადებენ“, - აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.
თავის მხრივ მინდია ჯანელიძე სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ წითელაშვილთან დაკავშირებით საქმე ეხებოდა არა დანაშაულს, არამედ გადაცდომას, რაზეც შესაბამისმა პირმა პასუხი აგო. ჯანელიძე ამტკიცებს, რომ ტრისტან წითელაშვილი არც ერთ საიდუმლო ბაზაზე არ ყოფილა და შესაბამისად, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები აბსურდულია.
„ეს ჰგავს უფრო პოლიტიკურ სპეკულაციას, ვიდრე საქმეზე ლაპარაკს, ამიტომ ამ თემაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება რთულია, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ წითელაშვილი არ ყოფილა არც ერთ საიდუმლო ბაზაზე. რაც შეეხება ჩემს მიმართ მეორე ბრალდებას, რომ თითქოს ვინმე დაუსჯელი დარჩა, ეს ასე არ იყო, ჩემი მინისტრობის პერიოდში ვინც რაიმე დანაშაული ჩაიდინა, შესაბამისად არის დასჯილი“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
მისივე განმარტებით, პროკურატურას საქმე გადაეცემა მაშინ, როცა საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს, ხოლო იმ ობიექტს, რომელზეც ტრისტან წითელაშვილი იმყოფებოდა, საიდუმლო სტატუსი არ ჰქონია.
„ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს, ან არ იცის რომ ამ ობიექტს არ ჰქონია „საიდუმლო“ სტატუსი, ან შეგნებულად იტყუება. რაც შეეხება დარღვევაზე რეაგირებას, ეს ერთ დღეში არ ხდება. ჩემი მინისტრობის დროს, გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა და დავუტოვეთ დასკვნა მომავალ მინისტრს, რაზე დაყრდნობითაც მიიღო გადაწყვეტილებები.
დაირღვა სარეჟიმო წესები, რასაც შესაბამისი სამართლებრივი გარემოება აქვს. ამ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციები, მათ შორის ის, რომ ინფორმაცია არ მიეწოდა შესაბამის ორგანოებს, აბსურდის თეატრია და ამის შესახებ მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
სამხედრო ექსპერტი ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ აუციელებელია გაირკვეს, იყო თუ არა სამხედრო ობიექტი საიდუმლო მაშინ, როდესაც იქ ტრისტან წითელაშვილი შევიდა და რა შემთხვევაში შეიძლებოდა გარეშე პირის დაშვება.
„ჩვენი თუ ვლაპარაკობთ საიდუმლო ბაზაზე დაშვება-არდაშვების საკითხზე, რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტროს აქვს ამის უფლება, თუმცა იბადება კითხვა - რა აუცილებლობა არსებობდა იმისა, რომ ისეთი ადამიანი როგორც წითელაშვილია, დაშვებული ყოფილიყო სამხედრო ობიექტზე? ამაზე უნდა გასცეს პასუხი თავდაცვის სამინისტრომ. სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული ვარ თავდაცვის მაშინდელი ხელმძღვანელობის ქმედებით. უნდა გაირკვეს როგორ ხორციელდებოდა საიდუმლო ბაზაზე დაშვება და ვისი ნებართვით. ეს იყო რომელიღაცა კერძო ინდივიდის გადაცდომა, რომელმაც თავისი პასუხისმგებლობით შეიყვანა წითელაშვილი, თუ ეს დავალება მოდიოდა მაღალი ვერტიკალიდან და კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით.
თუ ეს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება იყო, ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ წითელაშვილს, იმიტომ, რომ მას ნებრათვა ჰქონდა. ამ შემთხვევაში კი, თავდაცვის სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ უნდა ახსნას, ამის რა აუცილებლობა იყო“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.
რაც შეეხება თინა ხიდაშელის განცხადებას, რომ მასალები მთავარ პროკურატურაში იქნა გადაგზავნილი, რასაც თავის მხრივ პროკურატურა არ ადასტურებს, აგლაძე ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის შეუძლებელია ხიდაშელისა და პროკურატურის განცხადებების შეფასება.
„ხიდაშელი აცხადებს, რომ ეს მასალები გადაგზავნილია, პროკურატურა ამტკიცებს, რომ მასალები არ მიუღია. ორივე მხარე განსხვავებულ განცხადებას აკეთებს. არანაირი საფუძველი არ გამაჩნია იმისა, რომ რომელიმე მხარე დავადანაშაულო არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში. თუმცა, რა თქმა უნდა, ამაზე უნდა ყოფილიყო რეაგირება და თუ ეს არ მოხდა ჯანალიძის დროს, უნდა მომხდარიყო ხიდაშელის დროს. გარდა ამისა, სამხედროებს, რომლებსაც თავისი საქმე აქვთ, მეტი ყურადღება უნდა მიექციათ რეჟიმისთვის“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.