"საქართველოს მოქალაქეების ნაწილი პრეზიდენტს მიმართავს, რომ ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ დანიშნოს. ამასთან დაკავშირებით ინტერნეტში პეტიცია გამოქვეყნდა რამდენიმე ასეული ადამიანის ხელმოწერით - "მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის დანიშვნა წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან და გრძელვადიანი შედეგების მქონე დარტყმას მიაყენებს ეროვნულ ინტერესებს, გააძლიერებს რუსულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას... ვფიქრობთ, ქორწინების საკითხის განსაზღვრა ახლა, იმ უამრავი მწვავე და აქტუალური საკითხის ფონზე, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ხელოვნური და სახიფათოა. მიგვაჩნია, რომ წინასაარჩევნოდ, ამ საკითხის წინ წამოწევა და საზოგადოების ნაწილის ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განწყობებზე კაპიტალიზება, არის ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გადაფარვის მცდელობა", - ნათქვამია პეტიციაში. შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სამოქალაქო ქორწინების განსაზღვრის შესახებ საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, თავის დასკვნასთან ერთად, რეფერენდუმის დასანიშნად პრეზიდენტს გადაუგზავნა. საინიციატივო ჯგუფის წევრები ითხოვენ, რომ კონსტიტუციაში ქორწინება განსაზღვრული იყოს, როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. უნდა დანიშნოს თუ არა პრეზიდენტმა რეფერენდუმი ქორწინების საკითხზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" ტრადიციულ რუბრიკაში მოსაზრებები.
"მე პირადად ამ თემაზე რეფერენდუმის ჩატარება საჭიროდ არ მიმაჩნია იმიტომ, რომ ქორწინების არსი სხვადასხვა დოზით კანონში ისედაც არის განმარტებული. ამიტომ მიმაჩნია, რომ რეფერენდუმის საკითხი ქვეყანაში აუცილებლობას არ წარმოადგენს. ეს არ არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იმ გამოწვევებთან შედარებით, რაც დღეს ჩვენ, ქვეყანას გააჩნია. ამიტომაც, ბუნებრივია, ამ კუთხით იმ ადამიანების პოზიციას ვიზიარებ, რომლებიც ამგვარი რეფერენდუმის წინააღმდეგი არიან. ამისი ჩაწერით რაიმეს ხაზგასმა რომ მოხდეს, ამის საჭიროებას მე ვერ ვხედავ. რეფერენდუმის ამ მოთხოვნას ხელს არ მოვაწერ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია.
"მე ვფიქრობ, ეს ძალით მოთრეული საკითხია. რეფერენდუმი ამას არ სჭირდება, ქორწინება კანონით ისედაც განსაზღვრულია. თითიდან გამოწოვილი საკითხია, რომელიც წინასაარჩევნოდ აქტუალური გახდა. პრეზიდენტმა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს მეთაურმა, ასეთი რეფერენდუმის ჩატარება არ უნდა დაუშვას. ამას გარდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც მოსაგვარებელია, მაგალითად ოკუპაცია. ყველა ამაზე უნდა საუბრობდეს არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც. ქორწინების საკითხი არ მიმაჩნია აქტუალურად", - თვლის პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი.
"მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამის საჭიროება არ დგას. საქართველო მართმადიდებელი ქრისტიანული, ტრადიციული ქვეყანაა და პრეზიდენტმა ამ შემთხვევაში რეფერენდუმი აუცილებლად უნდა დანიშნოს. სხვა შემთხვევაში ეს იქნება მისი თავის მოჭრა. პრეზიდენტმა აქ მაინც უნდა გამოიჩინოს გონიერება და რეფერენდუმი დანიშნოს. 8 ოქტომბერს ამ რეფერენდუმს უნდა დავუჭიროთ მხარი. საქართველო განვითარებადი სახელმწიფოების რკალში შედის", - მიიჩნევს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი იგორ კვესელავა.
interpressnews.ge