პოლიტიკური აქციების ეკონომიკური წონა

პოლიტიკური აქციების ეკონომიკური წონა

[ეკა ბაქრაძე]

დღიდან აქციების დაწყებისა, ყველა მსჯელობს იქონიებს თუ არა გავლენას შიდა პოლიტიკური დაძაბულობა, ქვეყნის ეკონომიკაზე. ხელისუფლება ყველა შემთხვევაში ეცდება, მომავალი საინვესტიციო მარცხი, ახლანდელ აქციებს გადააბრალოს. ექსპერტები კი სხვადასხვგვარ ანალიზს აკეთებენ.

ეკონომიკის ექსპერტის ირაკლი ლექვინაძის თვლის, რომ თუ აქციები დიდხანს გაგრძელდა, ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგებს მოიტანს. „ჯერჯერობით ერთი ქუჩის გადაკეტვის გარდა, სხვა ტიპის პარალიზება, რომელიც ეკონომიკურ აქტივობაზე იმოქმედებდა, არ ყოფილა. ყველაფერი აქციების სიმწვავზე იქნება დამოკიდებული. თუ დემონსტრაციები შეტაკებებში, დარბევებში, სხვადასხვა ობიექტების დაზიანებაში გადაიზარდა და ეს დიდხანს გაგრძელდება, შედეგები, რა თქმა უნდა, მძიმე იქნება“, - განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური სიტუაცია და მიმდინარე დემონსტრაციები ეკონომიკურ აქტივობას, პირველ რიგში, ინვესტიციების განხორციელების ნაწილში აფერხებს, რადგან ფულის დაბანდების მსურველები მოლოდინის რეჟიმში გადადიან.

„მიმდინარე წელი საქართველოში ინვესტიციების დიდი აქტივობით ისედაც არ გამოირჩევა. ვინც დღეს საქართველოში მუშაობს, მაღალი რისკების გარემოში მუშაობის რეჟიმში ადაპტირებულია. რაც შეეხება პოტენციურ ინვესტორებს, ისინი მოვლენების განვითარებას, შედეგებს დაელოდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, დაიწყონ თუ პროექტების განხორციელება“, - აღნიშნა ლექვინაძემ.

შიდა პოლიტიკური არეულობა ქვეყნის ეკონომიკას რომ კარგს არაფერს მოუტანს, ამ აზრს ექსპერტი ლევან კალანდაძეც იზიარებს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ საპროტესტო გამოსვლები მთელ ცივილიზებულ სამყაროში დემოკრატიული პროცესების ერთ-ერთ უმთავრეს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

„აქციები და სახალხო მღელვარება, ბუნებრივია, ეკონომიკური და ბიზნეს-პროცესების განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებს არ წარმოადგენს. შესაბამისად, ცხადია, რომ მიმდინარე პროცესები ქვეყნის ეკონომიკაზე პოზიტიურად ვერ აისახება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი გამოსვლები მთელ ცივილიზებულ სამყაროში დემოკრატიული პროცესების ერთ-ერთ უმთავრეს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ადამიანებს აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება, გაფიცვის უფლება, დაუმორჩილებლობის უფლება და ა.შ.  შესაბამისად, ცივილიზებული სამყარო, მათ შორის ეკონომიკური და ბიზნეს-პროცესების თვალსაზრისით, ამგვარ გამოსვლებს ნორმალურ და ჩვეულებრივ პროცესებად აღიქვამს“, - განმარტავს ექსპერტი.

ეკონომიკის ესქპერტი რევაზ საყევარიშვილი კი მიიჩნევს, რომ სახალხო წარმომადგენლობითი კრების მიერ დაწყებული საპროტესტო აქციები ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. თუმცა, ამგვარი გავლენა ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული, მათ შორის, აქციების მასშტაბურობაზე, მათი მიმდინარეობის ფორმებზე, ხანგრძლივობაზე, შინაარსზე და ა.შ.

„პირდაპირი დამოკიდებულება აქციებსა და ეკონომიკის განვითარებას შორის არ არსებობს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მრავალმილიონიანი აქციებიც კი, რომლებიც სხვა ქვეყნებში პროფკავშირებისა თუ პარტიების ორგანიზებით იმართება, ეკონომიკაზე გრძელვადიან ნეგატიურ გავლენას ვერ ახდენს ხოლმე.  შესაძლოა, პრობლემები გარკვეული პერიოდით ლოკალურად შეიქმნას, მაგრამ საპროტესტო გამოსვლები ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების ერთადერთი განმსაზღვრელი ვერ გახდება. თუმცა, თუ ქვეყანაში ისედაც მძიმე ფონი არსებობს, შესაძლებელია, აქციებმა ის უფრო მეტად დაამძიმოს“, - აღნიშნა საყევარიშვილმა.

მისი აზრით, ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებასა და ეკონომიკის განვითარებას პოლიტიკურ პროცესს დაშორებული ბევრი სხვა გარემოება გაცილებით მეტად აფერხებს. მათ შორისაა დამოუკიდებელი სასამართლოს, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში არსებული პრობლემები, ბიზნესის შემზღუდავი ფაქტორები და ა.შ.

„ეს პრობლემები ბიზნესისათვის გაცილებით რთულად არის გადასაჭრელი, ვიდრე საპროტესტო აქციები. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, რომ აღნიშნული პოლიტიკური ფაქტორი ბიზნესისა და ეკონომიკის ფუნქციობაში, მაინც და მაინც, გადამწყვეტ როლს ასრულებდეს“, - აღნიშნა საყევარიშვილმა.

გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ ასეთი პოლიტიკური რისკი ინვესტორს მუდმივად ძაბავს, თუმცა მისივე თქმით, შემცირებული ინვესტიციების მიზეზი მხოლოდ ეს არ არის.

„ცხადია, რომ პოლიტიკური რისკი ინვესტორს ძაბავს, მაგრამ პროგნოზის გაკეთება მაინც გამიჭირდება. ქვეყანაში, სადაც ცივილიზებული კაპიტალი ისედაც არ შემოდის, იმაზე საუბარი, რომ აქციები ხდება მთავარი მიზეზი ინვესტიციების შეჩერების, რა თქმა უნდა, სიმართლისგან შორსაა.

საქართველოში შემოდის მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული კაპიტალი, ხშირ შემთხვევაში, გაურკვეველი წარმომავლობის კაპიტალი, რომლისთვის აქციები მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს. რაც უფრო დაძაბულია სიტუაცია, ასეთი ტიპის კაპიტალი მით უფრო კარგად მუშაობს. აქედან გამომდინარე, ეს არ არის არგუმენტი, თუმცა ბუნებრივია, რომ ხელისუფლება საკუთარ პროპაგანდას აქეთკენ წაიყვანს“, - აცხადებს ხუხაშვილი.