ვოლსკი - პრეზიდენტი თავისი განცხადებით პრემიერს შეურაცხყოფას აყენებს

ვოლსკი - პრეზიდენტი თავისი განცხადებით პრემიერს შეურაცხყოფას აყენებს

"ბათუმში მხოლოდ ჩემი კანდიდატურა არ დასახელებულა, რამდენიე ადამიანის კანდიდატურაც იტესტება. შესაბამისად, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა განხილვა მიმდინარეობს. როგორ დასრულდება მოლაპარაკებები, ამას წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ. ჩემი სახელი ბათუმის მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატად იქიდან გამომდინარე დასახელდა, რომ ამ ქალაქში აღმოაჩინეს საზოგადო მოღვაწის და ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლის, გიგა ვოლსკის ნეშტი, რომელიც, მიუხედავად პოლონური წარმოშობისა, ქართველი საზოგადო მოღვაწე იყო. მან ბათუმის საქართველოსთვის დაბრუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ამიტომაც პარტიაში გადაწყვიტეს, რომ ჩემი კანდიდატურა ბათუმის მაჟორიტარად განხილულიყო. ჩვენ მაჟორიტარ კანდიდატად მხოლოდ ერთ მინისტრს - ოთარ დანელიას წარვადგენთ. სიის ფორმირება ჯერ არ დასრულებულა, ამიტომაც ისე უნდა ვქნათ, რომ მინისტრთა კაბინეტი სტაბილური იყოს და წინასაარჩევნოდ რაიმე ქაოსი არ მოხდეს. რაოდენობრივად ისე უნდა იყოს, რომ მთავრობის მუშაობა არ შეფერხდეს. მითუმტეს აგვისტოში ორი მინისტრი თანამდებობას დატოვებს და მათი ადგილიც ვაკანტური გახდება. შესაბამისად, არ მგონია, რომ დანელიას გარდა სხვა რომელიმე მინისტრი მაჟორიტარ კანდიდატად ვიხილოთ", - აცხადებს მმართველი პარტიის და საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით, ვოლსკი: პრეზიდენტი თავისი განცხადებით პრემიერს შეურაცხყოფას აყენებს./ რამდენი მინისტრი იქნება "ოცნების" საარჩევნო სიაში.

" ჯერჯერობით სიის ათეული დასრულებული არ არის. რა თქმა უნდა, რაღაც კონკრეტულზე უკვე შეთანხმებულები ვართ, თუმცა, სანამ პრემიერ-მინისტრი თავად საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, არც მე და არც ჩემი კოლეგები ამაზე არ ვისაუბრებთ. შესაძლოა შემდეგ რაიმე შეიცვალოს და არ გვინდა, რომ წინსწრები განცხადებები გავაკეთოთ. ვფირობ, რომ ადამიანი პირველ რიგში მისი ქმედებების და გადაწყვეტილებების მიხედვით უნდა შევაფასოთ. კაცს როდესაც ქვეყნისთვის კარგის გაკეთება უნდა ამისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, ამის საშუალება უნდა მივცეთ. კობა ნარჩემაშვილს სურვილი აქვს, რომ ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის კარგი საქმე აკეთოს. მიხეილ სააკაშვილის დროსაც მუშაობდნენ ღირსეული ადამიანები, რომლებიც ქვეყანას ყოველთვის სჭირდება და ასეთ ხალხზე უარი მხოლოდ იმიტომ არ უნდა ვთქვათ, რომ ისინი რომელიმე ხელისუფლების დროს მუშაობდნენ. "ნაციონალური მოძრაობის" ყველა წამყვანი პოლიტიკოსი შევარდნაძის დროს სხვადასხვა სახის თანამდებობებს იკავებდა. შესაბამისად, ამას მათთვის ხელი არაფერში შეუშლია. ჩვენ ყველანი წარსულიდან მოვდივართ. ამიტომ პოლიტიკოსების შეფასება მათი გაკეთებული საქმეების მიხედვით უნდა მოხდეს. მეც შევარდნაძის დროს მაღალ დიპლომატიურ თანამდებობას ვიკავებდი, ისე როგორც სააკაშვილის პერიოდში, სანამ ამ ადამიანთან პრინციპული დაპირისპირება არ გამიჩნდა. მაშინ სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოზიციას ვიკავებდი. ჩვენთან მხოლოდ ერთი კობა ნარჩემაიშვილია, რომელიც შევარდნაძის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას მხოლოდ 4 თვის განმავლობაში იკავებდა. იმ პერიოდის განმავლობაში მას ხალხის და ქვეყნის საწინააღმდეგოდ არაფერი გაუკეთებია. მას არ ჰქონდა საკმარისი დრო იმისთვის, რომ პოლიციის ძირეული რეფორმა მოეხდინა. შესაბამისად, მისკენ ხელს ასე ნუ გაიშვერენ, რადგანაც მართლები არ არიან და იმ პერიოდში ბევრი სხვა პრობლემა არსებობდა, რომელსაც მხოლოდ ერთი ნარჩემაშვილი ვერ მოაგვარებდა", - დასძენს რესპონდენტი.

"მე არ ვფიქრობ, რომ წინა ხელისუფლებების დროინდელი სახეების "ოცნებაში" ყოფნა პარტიას ხმებს დააკარგვინებს. საზოგადოება ნარჩემაშვილს იმ კრიტერიუმით შეაფასებს, რაც ზემოთ ვახსენე. ამ კაცს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ცუდი არაფერი გაუკეთებია, პირიქით, ქვეყანას დაპირისპირება და სისხლისღვრა ააცილა. ვისაც გონება უჭრის, ის ყველაფერს კარგად ხვდება. ამიტომაც ჩვენი გონიერი ხალხის იმედი მაქვს. მას თავისი ამომრჩეველი ჰყავს და პარლამენტში მათი უფლებების დაცვას შესანიშნავად მოახერხებს. ვფიქრობ , რომ პრეზიდნეტის პრესპიკერის განცხადება, რომ შესაძლოა ხელისუფლებაში არსებობდეს გარკვეული ძალები, რომლებიც პრემიერის გვერდის ავლით გადაწყვეტილებებს იღებდნენ, საზოგადოებაში პრემიერის ავტორიტეტის შერყევისთვის კეთდება. ფაქტია - სურთ, რომ კვირიკაშვილის ფიგურის დაკნინება მოხდეს. ეს არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული განცხადება, რომელსაც ვიღაცები პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად იყენებს. თუმცა, საქმე ისაა გამოუვათ თუ არა, რადგანაც საზოგადოება კვირიკაშვილის ყველა საქმიანობას დადებითად აფასებს. რაც შეეხება კორცხელის ინციდენტით მანიპულირებას, ვფირობ ამ საკითხს წერტილი სასამართლომ უნდა დაუსვას. აქ მხოლოდ ერთი მხარის დადანაშაულება არ უნდა მოხდეს. თუ სიმართლის გარკვევა გვინდა, მაშინ გავარკვიოთ რეალურად რა მოხდა და გამოძიების დასრულებას დაველოდოთ. კორცხელის ინციდენტი სამწუხარო გამონაკლისია, რომელიც კვირიკაშვილის მმართველობის პერიოდში მოხდა", - დასძენს გია ვოლსკი და კითხვას - "რას იტყვით პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ მას ვერავინ შეაშიენბს, რა ხდება, გიორგი მარგველაშვილს ვინ უპირისპირდება? " - პასუხობს:

"პრეზიდენტმა ასეთი განცხადება რატომ გააკეთა, ვერაფრს გეტყვით. მარგველაშვილი, როგოც კონსტიტუციის დაცვის გარანტი, ასეთი ფაქტების სადარაჯოზე უნდა იდგეს და ადამიანების უფლებებს იცავდეს. მისი დაგვიანებული განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ მან თანამდებობის შესაბამისად არ იმოქმედა. თუ კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი მისი ოჯახის წევრის მიმართ, ამაზე რეაგირება მას მაშინვე უნდა მოეხდინა, თუმცა ნებისმიერი ადამიანი, ვისი ნათესავიც უნდა იყოს, კანონის წინაშე პასუხს აგებს. ადამიანი თუ გაჩხრიკეს, პოლიციას თუ ამის საბაბი ჰქონდა, მაგრამ მის ბინაში ვერაფერი იპოვეს, ეს ისე არ უნდა მივიღოთ, რომ პრეზიდენტზე ვინმეს ზეწოლა სურდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თუ პოლიციას რაიმე ცუდის გაკეთება უნდოდა, მაშინ წინა პერიოდის მაგალითი გავიხსენოთ და ვნახავთ სამართლდამცავები "ჩადების" მეთოდით დასახულ მიზანს როგორ აღწევდნენ. ჩვენ სწორედ იმით უნდა ვიამაყოთ, რომ პრეზიდენტის ან სხვა რომელიმე მაღალი თანამდებობის პირთან დაახლოება ყველაფრის გაკეთების უფლებას არ გვაძლევს."

interpressnews.ge