აღმაშენებლის ძეგლს ცენტრში დააბრუნებენ, დიდუბის პანთეონს გააფართოებენ

აღმაშენებლის ძეგლს ცენტრში დააბრუნებენ, დიდუბის პანთეონს გააფართოებენ

"ქალაქის მერთან შეხვედრაზე გახლდით მერიის მრჩეველთა საბჭოს წევრები: მე, გიგა ბათიაშვილი, არჩილ ფრანგიშვილი, იგორ კვესელავა, გივი თოიძე, ომარ მხეიძე, ოთარ კვესიტაძე, ვახტანგ დავითაია, ჯემალ გახოკიძე, სოსო სიგუა და თამაზ შილაკაძე. ქალაქის მერმა გაგვაცნო მერიის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები. განსაკუთრებით გამოყო საკითხი, რომელიც ეხება მოძველებული ავტობუსების ახლით ჩანაცვლებას. გვითხრა, რომ პროექტი განხორციელდება უკვე სექტემბრიდან და მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობას. ახალი ავტობუსები აღჭურვილი იქნება კონდიციონერებითა და თანამედროვე ტრანსპორტის სხვა ტექნიკური არსენალით", - აცხადებს მერიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე რევაზ მიშველაძე დავით ნარმანიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გაზეთ"რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით აღმაშენებლის ძეგლს ცენტრში დააბრუნებენ, დიდუბის პანთეონს გააფართოებენ/რას დაჰპირდა ნარმანია მერიის მრჩეველთა საბჭოს.

"ასევე გვამცნო, რომ პუშკინის ქუჩაზე დასასრულს უახლოვდება სამუშაო და აქ აღდგება ორმხრივი მოძრაობა ისე, რომ არ დაზიანდება ქუჩის მარცხენა მხარის ისტორიულ-არქეოლოგიური საგანძური. დასრულებულია ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა, რომელთა უმეტესობა სექტემბრიდან შევა ექსპლუატაციაში. ასევე ასფალტის დაგება მიმდინარეობს არა მხოლოდ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში, არამედ გარეუბნებშიც. კმაყოფილება გამოვთქვით იმაზე, რაც გაკეთდა, მაგრამ ჩემი გამოსვლის დროს სინანულით გავუსვი ხაზი მრჩეველთა საბჭოს მიერ უკანასკნელი თვეების განმავლობაში დაყენებული მთელი რიგი საკითხების აუხსნელ იგნორირებას. კერძოდ იმას, ქალაქის და სახელმწიფო ხელისუფლების სტრუქტურებში დამკვიდრებულ უაღრესად მავნე პრაქტიკას მოქალაქეთა განცხადებებზე პასუხის გაუცემლობისა. ვთქვი, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ ქვეყანაში ადამიანი დაუცველია და არ ვიცი, სანამ უნდა ლოკოს ჩვენმა თანამემამულეებმა იმედის თითი და კიდევ რამდენი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომ მოვიდეს ჭეშმარიტად ხალხზე მზრუნავი, გულისხმიერი ხელისუფლება; რომ უკვე დავიღალე მავანთა და მავანთა კარზე სიარულით და მწერალთა კავშირის 500 წევრის ხელმოწერილი განცხადებების იქით-აქეთ ტარებით, რათა მას კუთვნილი შენობა დაუბრუნდეს" - აღნიშნავს რესპონდენტი.

"ასევე ვისაუბრე იმაზეც, რომ დღემდე არ არის გადაწყვეტილი დიდუბის პანთეონის გაფართოების საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით საზოგადოებრივი აზრი უკვე არსებობს და თბილისელები თვლიან, რომ დანაშაულია ქალაქის ორასწლიანი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის დახურვა ზოგიერთი ჩინოვნიკის ნაჩქარევი გადაწყვეტილებით, მაშინ, როცა დიდუბის პანთეონის გაფართოება თავისუფლად შეიძლებოდა პანთეონსა და დიდუბის ეკლესიას შორის არსებული ღობის მოხსნის ხარჯზე. ამ პრობლემის გადასაწყვეტად მერიაში სამი თვის წინ შევიდა ინტელიგენციის სახელოვანი წარმომადგენლების კოლექტიური წერილი, მაგრამ დღემდე პასუხი არ ჩანს, ხოლო დუმილი ჩვენი ქვეყნის ღვაწლმოსილი, დამსახურებული ადამიანების წინაშე დანაშაულის ტოლფასია. ასევე ვთქვი, რომ ახლოვდება შოთა რუსთაველის იუბილე. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მომდის წერილები კითხვით, თუ როგორ მიმდინარეობს საიუბილეო მზადება. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ მხრივაც ჩვენთან სავალალო მდგომარეობაა. დღემდე ვერ მოხერხდა სერიოზული კომისიის შექმნა, რუსთაველის პროსპექტზე "რუსთაველის სახლის" გახსნა, "ვეფხისტყაოსნის" საიუბილეო გამოცემის განხორციელება. ისიც მოვახსნე საბჭოს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა ითავა საიუბილეო გამოცემის დაფინანსება უნივერსიტეტის ხარჯებით", - განაგრძობს რევაზ მიშველაძე.

"ქალაქში მოძრაობის განტვირთვის და სააკაძის მოედნის მიწისქვეშა მეცნიერული გამოკვლევის შედეგად იქ ორსართულიანი მოძრაობის შესაძლებლობის საკითხი დააყენა აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა. არქიტექტორმა ვახტანგ დავითაიამ დავით აღმაშენებლის ქალაქში დაბრუნების და სათანადო ინფრასტრუქტურის შესაფერისი ძეგლის მიღმა კედლის უაღრესად საინტერესო პროექტი წარმოადგინა. აკადემიის პრეზიდენტმა ოთარ კვესიტაძემ მხარი დაუჭირა "რუსათველის სახლის" იდეას, ასევე ხაზი გაუსვა ქალაქის დასუფთავების პრობლემას. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა იგორ კვესელავამ დააყენა საკითხი საქალაქო საინფორმაციო გაზეთ "თბილისის" შექმნის შესახებ; თბილისში შემოსასვლელ ე.წ. მეორეხარისხოვანი გზების მოწესრიგების გადაუდებელ საკითხს. ომარ მხეიძემ აღნიშნა, რომ საჭიროა თბილისში შემოვიღოთ ევროპისა და აზიის ქალაქებში დამკვიდრებული პრაქტიკა, რაც გულისხმობს საკუთარი სახლებისა თუ დაწესებულებების წინ სავალი ნაწილის მოვლა-დასუფთავებას. ჯემალ გახოკიძე ასევე შეეხო დავით აღმაშენებლის ძეგლის ქალაქში გადმოტანის საკითხს და თქვა, რომ ეს პრობლემა უსაბუთოდ ჭიანურდებაო. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის გამოსვლა. მან აღნიშნა, რომ თუ ჩვენ მიერ ამ საბჭოზე დაყენებული საკითხები დარჩება "ხმათა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა", მაშინ იგი მრჩეველთა საბჭოს მორიგ სხდომას აღარ დაესწრება", - ამბობს რესპონდენტი.

"მან დააყენა საკითხთა მთელი წყება, რაც ქალაქისთვის ფრიად პრობლემატურია, კერძოდ: დღემდე არ არსებობს ქალაქის გენგეგმა, რის გამოც ქალაქ-განაშენიანება არაპროფესიონალთა აუხსნელ ინერციას ექვემდებარება და ამ პრობლემის გადაწყვეტას ქალაქის მთავარი არქიტექტორის მოხსნა ვერ უშველის. აქ თვით პრინციპი, სისტემაა შესაცვლელიო. ასევე აღნიშნა, რომ ახალი შენობა-ნაგებობების თუ ძეგლების დადგმის პროექტი ხორციელდება საზოგადოებრივი განხილვის გარეშე; რა მავნე პრაქტიკაც სააკაშვილმა დაამტკიცა, დღემდე იგივე გრძელდება. ასევე აღნიშნა, რომ ვერეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უკეთესის სურვილს ტოვებს; მოხდა სტიქიის მიერ დანგრეულის ძველ დონეზე შერემონტება და სტიქიის განმეორების შემთხვევაში შეიძლება ქალაქს იგივე უბედურება დაატყდეს თავს. თამაზ შილაკაძე ზოგ საკითხში დაეთანხმა გიგა ბათიაშვილს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ბუნებრივი ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს არა მარტო თბილისის შიგნით, არამედ თბილისში შემომავალი მთის მდინარეების სათავეშივე, რათა სტიქიის დროს მდინარეებმა ქალაქისკენ არ აიღოს გეზი, თორემ მოზღვავებულ სტიქიას ვერავითარი წყალგამტარი გვირაბები და ხიდები ვერ შეაკავებს. დასასრულს მე განვაცხადე, რომ დავით ნარმანიას კარგად ვიცნობ და ისიც ვიცი, რომ მას არ შეიძლება მოსწონდეს დედაქალაქიდან გაძევებული დავით აღმაშენებლის ძეგლი და თბილისის ცენტრში წამოსკუპებული გაუგებრობა "ველოსიპედი". ამიტომ მე, როგორც მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს წინაშე ვკითხულობ, სად არის ის ინსტანცია, სადაც კვლავ მონურად ემორჩილებიან სააკაშვილის მიერ დამკვიდრებულ მავნე ტრადიციას, რა გადაულახავი ავადმყოფობა შეგვეყარა-მეთქი", - აცხადებს მერიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.

"რა თქმა უნდა, ყურადღებით მოისმინა სხდომაზე დასმული უაღრესად მომთხოვნი და პრინციპული საკითხები, შეაჯამა და მადლობაც გადაგვიხადა. გვითხრა, რომ საბჭოს შეუძლია, გადაწყვეტილად მიიჩნიოს ამ სხდომაზე ქალაქის მერის წინაშე დაყენებული სამი საკითხი: პირველი - დიდუბის პანთეონის გაფართოება პანთეონისა და დიდუბის ეკლესიას შორის არსებული ღობის მოხსნის ხარჯზე; მეორე - დავით აღმაშენებლის ძეგლის ცენტრში დაბრუნება ვახტანგ დავითაიას მიერ შემოთავაზებული პროექტით და მესამე, მერიასთან საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთ "თბილისის" შექმნა. დავით ნარმანიას თქმით, სამივე ეს პროექტი განხორციელდება ახალ წლამდე", - დასძენს მიშველაძე.