NDI-ს კვლევა ნაციონალური ოცნებებით

NDI-ს კვლევა ნაციონალური ოცნებებით

NDI-ს მიერ გამოკითხულთა 4,113 რესპონდენტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები, სამუშაო ადგილები და სიღარიბეა. შეკითხვაზე, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები, „სამუშაო ადგილებსა“ და „სიღარიბეს“ პირველ-მეორე ადგილები უჭირავს. ხუთეულში შემდეგი ადგილები უკავია ტერიტორიულ მთლიანობას, ფასების ზრდა/ინფლაციას და პენსიებს. ამ ჩამონათვალში ასევე მოხვდა შემდეგი საკითხები - ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, განათლება, ხელფასები, რუსეთთან ურთიერთობა, სამართლიანობის აღდგენა.

გამოკითხულთა 63% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, გამოკითხულთა 36% თავს დასაქმებულად მიიჩნევს, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ის და მისი ოჯახი იგივე მდგომარეობაშია. კითხვაზე - „ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის ოქტომბერის შემდეგ თქვენ და თქვენი ოჯახი შედარებით ხართ“ - 17% უკეთესად, 51% - იგივე მდგომარეობაში, 32% - უარესადაა და 1%-მა კი არ იცის.

NDI-ის კვლევის შედეგების თანახმად, პოლიტიკურად გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ნაკლებად კმაყოფილია ქვეყნის მდგომარეობით. კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ მიიჩნევს, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება - 34%, ან არასწორი მიმართულებით ვითარდება - 33%, მაშინ როდესაც მოსახლეობის მეოთხედი 25% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

ბოლო წლებში ქვეყნის კურსით კმაყოფილი მოქალაქეების რაოდენობის ვარდნა შეინიშნება, თუმცა 2016 წლის მარტის შემდეგ ასეთი ადამიანების რიცხვი გაზრდილია. როგორც NDI-ში აცხადებენ, კვლევის წინა ტალღასთან შედარებით, მოქალაქეები უფრო დადებითად აფასებენ თავიანთ პირად მდგომარეობას. 7%-ით გაიზარდა და 17%-ს მიაღწია იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი ოჯახების მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

გამოკითხულთა 19%-მა აღნიშნა, რომ მათ ქალაქში/სოფელში საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა, მაშინ, როცა 2015 წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 9%-ს შეადგენდა. ასევე, მცირედით გაუმჯობესდა და 37%-დან 42%-მდე გაიზარდა ისეთი მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს.

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს ახალგაზრდები მეტად უჭერენ, ვიდრე სხვა ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეები. უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, დადებითი პასუხი 18-35 წლამდე ასაკის რესპონდენტთა 77 %-მა, 36-55 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 74% და 56 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეების 64%-მა გასცა.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია 18-35 წლამდე ასაკის რესპონდენტთა 14%-სთვის, 36-55 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 15%-სა და 56 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეების 20%-სთვის. შეკითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ აირჩია 18-35 წლამდე რესპონდენტთა 9%-მა, 36-55 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 11%-მა და 56 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეთა 15%-მა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მათ სარგებელს მოუტანს. მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ასე რესპონდენტთა 64% ფიქრობს, თუმცა 2016 წლის მარტში ჩატარებული კვლევის შედეგებთან მიმართებაში აღნიშნული კატეგორიის გამოკითხულების რაოდენობა შემცირებულია. მარტში რესპონდენტთა 72% ეთანხმებოდა მოსაზრებას, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მათნაირ ხალხს სარგებელს მოუტანდა.

გამოკითხულთა 26% არ მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რიგითი მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანია, მაშინ, როცა მარტში ეს მაჩვენებელი 18%-ს შეადგენდა. კატეგორია „არ ვიცი“ აირჩია რესპონდენტთა 10%-მა. გამოკითხულთა 64%-სთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, ქვეყანა გახდეს ნატო-ს წევრი. გამოკითხულთა 22% აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ნატო-ს წევრი, მიუღებელია.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, პოლიტიკურად გადაუწყვეტელი ამომრჩევლები ქვეყნის მდგომარეობას ნაკლებად პოზიტიურად აფასებენ. მეორე მხრივ, მოქალაქეებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ თუ ვის მისცემენ ხმას ოქტომბერში, მეტად სჯერათ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს და მათ ქალაქში/სოფელში საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა.

როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა განაცხადა, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ნაკლებად პოზიტიურად აფასებს ქვეყნის განვითარების ძირითად ეკონომიკურ და სოციალურ მაჩვენებლებს. ამ ადამიანების ხმების მისაღებად, კანდიდატებმა სასწრაფოდ უნდა გააუმჯობესონ ამომრჩევლებთან კომუნიკაცია და მათ პარტიის მიღწევებზე და ეკონომიკურ ზრდასთან და რეფორმებთან დაკავშირებულ კონკრეტულ გეგმებზე ესაუბრონ.

„მოქალაქეები განაგრძობენ ევროკავშირისა და ნატო-სადმი ერთგულების დემონსტრირებას. ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებელმა პირებმა, დემოგრაფიული და გეოგრაფიული თავისებურებების სტრატეგიულად გამოყენებით, სკეპტიკურად განწყობილ მოსახლეობასთან იმუშავონ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რუსული გზავნილების გაბათილებას და ასევე, გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს, რომლებიც მათი დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, მომავალ არჩევნებში გადამწყვეტ როლს ითამაშებენ“, - განაცხადა ლორა თორნტონმა.

კვლევებთან დაკავშირებით საკმაოდ საფუძვლიანი, სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს პრემიერ-მინისტრს. გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ გამოკითხვის შედეგები არ უნახავს, თუმცა თავისი დამოკიდებულება აქვს.

„წარსულში ხშირად ყოფილა, რომ ეს კვლევები არ ასახავს შემდგომში რეალობას, ამიტომ, ჩვენთვის მთავარია მოთმინებით დაველოდოთ არჩევნებს, მშვიდობიანად ჩავატაროთ წინასაარჩევნო პერიოდი და შემდგომში, საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს, რა არის მათთვის პრიორიტეტი, რომელი ჯგუფი და გუნდია მათთვის მისაღები. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი უალტერნატივოდ გაიმარჯვებს, დიდი უპირატესობით“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

„საქართველოს მთავრობამ ზუსტად იცის, რა პრობლემები არსებობს ქვეყანაში და სად არის გაუარესება“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი NDI-ის კვლევის შედეგებს. დეპუტატის განცხადებით, კვლევები ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური სპეკულაციისა და პოლიტიკური სკანდალის არეალშია გახვეული.

„ნებისმიერი საკითხი, რომელიც სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ პრობლემას უკავშირდება, რაც საქართველოში არსებობს, განსაკუთრებით მას მერე, რაც მსოფლიო მასშტაბის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, გავლენას ახდენს ყველა ქვეყანაზე, ჩვენს რეგიონზე, სავაჭრო პარტნიორებზე. ამასთან დაკავშირებით რომ მდგომარეობა შეიცვალა, სოციალური პრობლემები რომ წარმოიშვა და უმუშევრობის თემა რომ არსებობს, უმძიმესი მემკვიდრეობა რომ მივიღეთ, ეს მთავრობისთვის უცნობი თემა არ არის.

მთავრობას ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული, თუ რა პრობლემები არსებობს ქვეყანაში. ნებისმიერი პროექტი, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება, მიმართულია იმ პრობლემათა აღმოსაფხვრელად, რომელიც გაცილებით უკეთ და გაცილებით უფრო ღრმად ვიცით, ვიდრე კვლევებშია ასახული“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი აბესაძის აზრით კი, NDI-ის კვლევები ადასტურებს, რომ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი გეგმა. შესაბამისად, საჭიროა, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლებაში ისეთი ახალი ძალა მოვიდეს, რომელიც ხედავს პრობლემებს და გააჩნია სამოქმედო გეგმა ამ პრობლემების დასაძლევად.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველა კვლევა ადასტურებს, რომ მოსახლეობის აზრით, ქვეყანა არასწორად ვითარდება და ხელისუფლება არ ახორციელებს მათთვის სასურველ ცვლილებებს იმისათვის, რომ დაძლეული იყოს ქვეყანაში არსებული უმძიმესი უმუშევრობისა და სიღარიბის პრობლემა.

უფრო მეტიც, ეს ხელისუფლება არ აღიარებს ამ პრობლემის არსებობას, ამისათვის საჭიროა, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლებაში მოვიდეს ახალი ძალა, რომელიც ხედავს ამ პრობლემებს და რაც მთავარია, გააჩნია სამოქმედო გეგმა ამ პრობლემების დასაძლევად“, - ამბობს ირაკლი აბესაძე.