თბილისის საკრებულომ თბილისის მთავრობა დაამტკიცა. დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მხოლოდ ორ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი. თბილისის მერის პირველი მოადგილის პოსტზე ალექსანდრე მარგიშვილსა და ნაძალადევის გამგებლის თანამდებობაზე - ზაზა გაბუნიას.
რა მიზეზით დაიწუნა ელისაშვილმა მთავრობის წევრობის 26 კანდიდატიდან მხოლოდ ეს ორი? დაიჭერენ თუ არა "სითი პარკის" საქმეზე მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს? დაანგრევენ თუ არა თბილისში უკანონოდ აშენებულ კორპუსებსა და სხვა შენობებს?
ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე, "ალიას" ალეკო ელისაშვილი ესაუბრება:
ალეკო, კონკრეტულად რა მიზეზების გამო არ მიეცით ხმა ალექსანდრე მარგიშვილსა და ზაზა გაბუნიას?
- ალექსანდრე მარგიშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი და ჩამორჩენილი სამინისტროს წარმომადგენელი. ბატონი მარგიშვილი კულტურის მინისტრის მოადგილე იყო. როცა სამინისტრო უმაქნისი და უვარგისია, პირველ რიგში, მინისტრი და მისი მოადგილეები არიან პასუხისმგებლები. მისი ბიოგრაფია დალაქავებულია სწორედ იმ ნაწილში, როცა ის ამ პოსტზე მუშაობდა. ასევე, ძალიან არ მომეწონა საყდრისთან დაკავშირებით მისი უპრინციპო პოზიცია. ის ერთ-ერთი ყველაზე უპრინციპო იყო ამ საკითხთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელებიდან. შესაბამისად, მე ძალიან დაბალი წარმოდგენა მაქვს ბატონ ალექსანდრე მარგიშვილზე. თუ ივარგებს მერიაში, ფხას გამოაჩენს და ქალაქს გამოადგება, ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ.
რაც შეეხება ზაზა გაბუნიას, თქვენ თუ მეტყვით ერთ არგუმენტს, რატომ უნდა მომწონებოდა ის ნაძალადევის გამგებლად, დაგეთანხმებით. ჯაბა სამუშია არის ნაძალადევის მაჟორიტარი და სავარაუდოდ, სწორედ სამუშია მიდგა-მოდგა და გაიყვანა გამგებლად. ეს ფაქტი არ მომწონს, არ ტოვებს კარგ შთაბეჭდილებას, რაღაც ისევ ნაცნობ-მეგობრობით თანამდებობაზე დანიშვნის სუნი უდის. რაც მთავარია, ზაზა გაბუნისას არანაირი კვალიფიკაცია არ გააჩნია. არადა, ურთულესი რაიონია ნაძალადევი და ასეთი არასერიოზული გადაწყვეტილების მიღება, ძალიან დიდი შეცდომა იყო. რატომ ვატაროთ ექსპერიმენტები ნაძალადევის მოსახლეობის ხარჯზე? გამოცდილი, პროფესიონალი ხალხის მეტი რა არის? ასეთი ექსპერიმენტების შედეგად ვიღებთ გამდიდრებულ ჩინოვნიკებს და პრობლემებით დამძიმებულ რაიონებს. არ მინდა, რომ კიდევ ასე მოხდეს და იმიტომ არ მომეწონა მისი დანიშვნა.
ალეკო, საკრებულოს წევრებმა პერსონალურ ავტომანქანებზე უარი თქვანო, შენს ამ ინიციატივას საბოლოოდ რა ბედი ეწია?
- საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან მქონდა ამ თემაზე საუბარი. მან მითხრა, რომ ორი კვირის განმავლობაში წარმოადგენს პროექტს, როგორ უნდა მოხდეს საკრებულოს ავტოპარკის ოპტიმიზაცია. ამ ორი კვირიდან ერთი კვირა უკვე გავიდა და ველოდები მეორე კვირის დასასრულს. ამასობაში, მე უკვე მაქვს ჩემი პროექტი, ზუსტად ერთი კვირის თავზე წარმოვადგენ მის პრეზენტაციას მედიისთვის, რათა დეტალურად გაიგოს ხალხმა, პერსონალური მანქანებიდან ავტოპარკზე გადასვლა რამხელა შეღავათს მისცემს ბიუჯეტს. მე დეტალურად მაქვს ყველაფერი დათვლილი.
ავტოპარკზე გადასვლა, პირიქით, ხომ არ გაზრდის საკრებულოს წევრებისა და ავტომობილებით მომსახურების ხარჯებს? იმას ვგულისხმობ, რომ, თუ კონკრეტული, პერსონალური მანქანით ერთის ნაცვლად ბევრი ადამიანი ისარგებლებს, ეს საწვავის ხარჯსაც გაზრდის და მანქანის ნაწილების ცვეთასაც, რასაც შეკეთების ხარჯების გაზრდა მოჰყვება.
- ოპტიმიზაცია სწორედ იმას ნიშნავს, რომ ზედმეტი დანახარჯები ავიცილოთ თავიდან და რაც ჩამოთვალეთ, ეგ ყველაფერი გათვალისწინებული მაქვს ჩემს პროექტში. ცვეთის ხარჯი არ მოიმატებს, რადგან ყველამ, ვისაც მანქანა დასჭირდება, უნდა აღნიშნოს სად იყო წასული, როგორ იყო, უნდა დააფიქსიროს კილომეტრაჟი და ეს ყველაფერი გაკონტროლდება მკაცრად. ცვეთისა და ბენზინის ხარჯი მაშინ იყო კატასტროფული, როცა საკრებულოს წევრები შაბათ-კვირა აგარაკებზე დაასეირნებდნენ ოჯახებს, მძღოლებს ბაზარში და სხვა საოჯახო საქმეებზე დაარბენინებდნენ ამ მანქანებით. მე დეტალურად დათვლილი მაქვს ყველაფერი და 432 000 ლარი იხარჯება მარტო საწვავზე. დღეში იხარჯება იმდენი ბენზინი, რაც პატრულის მთელი ეკიპაჟებისთვის თბილისში. იმ ვარიანტის მიხედვით, მე რომ ვთავაზობ საკრებულოს თავმჯდომარეს, 100 ათასი ლარი დაიზოგება წელიწადში. სამ წელიწად-ნახევარზე რომ გავამრავლოთ ეს თანხა, 350 ათასამდე ლარია და არ არის ეს ამხელა თანხა შეღავათი თბილისის ბიუჯეტისთვის? ჰკითხეთ ერთი თავად თბილისელებს, ეს არის თუ არა ბიუჯეტისთვის შეღავათი და უჭერენ თუ არა მხარს ამ სიახლეს? კაცს ვერ ნახავთ ამხელა ქალაქში, ეს ვარიანტი რომ არ მოსწონდეს. ეს საკითხი სადავო და საკამათოც კი არ უნდა იყოს.
"სითი პარკთან" დაკავშირებით ახალი ხომ არაფერია? ხომ არ გასცნობიხართ ამ კომპანიასა და მერიას შორის გაფორმებულ იმ სკანდალურ კონტრაქტს, რომლის მხოლოდ დეტალებია ცნობილი და მერიის რომელიმე ჩინოვნიკის ბრალეულობა ხომ არ იკვეთება?
- "სითი პარკის" შესახებ ისაუბრა დავით ნარმანიამ. ჯერ ვაცლით, რადგან ახლა დამტკიცდა თბილისის მთავრობა. სავარაუდოდ, უკვე მეორე კვირაში, ამ საკითხს დავსვამთ საკრებულოში და მოსმენას დავნიშნავთ. ამ სხდომაზე მოვითხოვთ, რომ ამ 7 წლით გასაიდუმლოებული ხელშეკრულების მუხლები გახდეს საჯარო და ეს ძალიან ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს. მოკლედ, მომავალ კვირას უკვე უნდა დაისვას "სითი პარკის" ქალაქიდან გაძევების საკითხი.
მე მგონი, მაგ საქმეს მერიის ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანი გადაჰყვება. შეუძლებელია, მარტო გიგი უგულავა იყოს დამნაშავე. მერიის იურიდიული, ფინანსური სამსახურები, ვიცე-მერები... ლოგიკურად, მათ გარეშე ეს თბილისელთათვის კაბალური ხელშეკრულება ვერ გაფორმდებოდა და ამ შავბნელ საქმეში გარეულნი იქნებიან. კონკრეტულად ხომ არ იცით, კიდევ ვისი თავები დაგორდება?
- კონკრეტულად, ჯერ ვერაფერს ვიტყვი, ვინ რაშია გარეული, მაგრამ მარტო გიგი უგულავა რომ არ იქნება ამ საქმეში, ამის ძალიან დიდი ეჭვი მაქვს. ვინც არ უნდა იყოს გარეული ამ კონტრაქტში, მერიის ნებისმიერმა ყოფილმა ჩინოვნიკმა უნდა აგოს პასუხი, ვინც არ უნდა იყოს, რომელი სამსახურის ყოფილი უფროსიც არ უნდა იყოს. მეც ასე მგონია, კიდევ ბევრის თავი დაგორდება.
მერია და საკრებულო უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით ერთსულოვანნი ხართ. ეს აკრძალვები დაწყებულ მშენებლობებსაც შეეხება?
- დაწყებულსაც და ნებართვაგაცემულსაც, რომელიც ჯერ არ არის დაწყებული. მიმაჩნია, რომ ორი თვის განმავლობაში მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს და ყველა მშენებლობა შეჩერდეს. ცოტა მტკივნეული იქნება და ძალიან ხმამაღლა ჟღერს, მესმის, მაგრამ სჯობია, ეს ორი თვე მოვითმინოთ, სამაგიეროდ, ქალაქს საშვილიშვილო ზიანს არ მივაყენებთ ამ მშენებლობებით. ამ ორ თვეში, მშენებლობების ნებართვების რევიზია უნდა მოხდეს. თუ ნებართვა კანონიერია, ის მშენებლობა უნდა გაგრძელდეს, რაც შეუსაბამოა, სადაც კოეფიციენტი ხელოვნურადაა გაზრდილი და ნაბართვა უკანონოდ არის გაცემული, ის ნებართვა უნდა გაუქმდეს და ის მშენებლობები შეჩერდება.
თუ მშენებლობა უკვე დაწყებულია, რას იზამთ, დაანგრევთ?
- თუ 2-3 სართულია ამოყვანილი, ასეთი მშენებარე ობიექტის კორექტირება მოხდება, სადაც ეს შესაძლებელი იქნება, ყველა მიმდინარე მშენებლობაზე ამას გავაკეთებთ.
უკვე დასრულებულ შენობებს რას უზამთ?
- ახლა, სადაც 15 და 16 სართულიანი კორპუსებია აშენებული უკანონოდ და იქ ხალხიც შესახლებულია, ასეთ კორპუსებს რას ვუზამთ? ხომ არ დავანგრევთ? ცხადია, არ დავანგრევთ.
დადგება თუ არა იმ კონკრეტული ჩინოვნიკების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ამ მშენებლობის ნებართვა გასცა? მაგალითად, თბილისის "მთავარი ხუროთმოძღვრის", მერიის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის? მის დროს თბილისში ბევრი უსახური ნაგებობა აიგო, არაერთი ტყე-პარკი განადგურდა და ძველი თბილისის იერსახეც შეეწირა მის მიერ გაცემული ნებართვებით აშენებულ კორპუსებსა თუ სავაჭრო ცენტრებს.
- მე დიდი სიამოვნებით მივაცილებ ვიღაც-ვიღაცებს "მატროსოვის" ციხეში და დიდი ეჭვი მაქვს, ერთ და ორ ადამიანს არა. ვინც არ უნდა იყოს, ყველამ პასუხი უნდა აგოს იმისთვის, რაც ბოლო წლებში თბილისის გაუკეთეს, ქალაქი დაამახინჯეს, ძველი, ისტორიული შენობები კი არა, მთელი უბნები შეიწირეს, უამრავი ტყე-პარკი გაჩეხეს, ვიღაცებს ჯიბეები რომ გაესქელებინათ და ახლა ჩვენ, მე და თქვენ, და თბილისის მოსახლეობამ უნდა ვზღოთ მათი დანაშაულის შედეგები. თუმცა, მათაც ვაზღვევინებთ ყველას, ვინც ამ უკანონობასა და განუკითხაობაში იყო ჩართული. დაუსჯელი არავინ არ უნდა დარჩეს, მეტი რაღა უნდა დაუშავო შენს ქალაქს, არ ვიცი.