რაც ვიცით დადასტურებულად, მე მგონი ავლაბარში რუსეთი არ არის და ავლაბარში კონკრეტულ მისამართზე მიდიოდა ეს ასაფეთქებელი ნივთიერება. ეს არის უკრაინის ხელისუფლების გაგება ძმობის და მეგობრობის, რომ თბილისში შემოიტანო 2,5 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელმაც შეიძლება მთელი უბანი ჰაერში აწიოს? - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „ჰექსოგენის“ საქმეზე საუბრისას. ის ეჭვის ქვეშ აყენებს დაკავებულის მიერ გაჟღერებულ ვერსიას იმის შესახებ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება საბოლოოდ რუსეთში უნდა გადაეტანა და ამბობს, რომ ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში უკრაინული სპეცსამსახურები საკუთარი სამხედრო მიზნის მისაღწევად ქართველ ხალხს სწირავდნენ.
„2,4 კილოგრამი ჰექსოგენი რას ნიშნავს, დაგუგლეთ და გაიგებთ. ეს არის ასაფეთქებელი ნივთიერება. თვითმფრინავში არ აგატანინებენ „დეზადორს“ ან სანთებელას, იმიტომ რომ საშიშია, შეიძლება მთელი თვითმფრინავი ააფეთქო. აი 2,5 კილო ჰექსოგენი ავლაბრის კონკრეტულ მისამართზე რომ იქნებოდა, იქ შემთხვევით ხო შეიძლება რაღაც მომხდარიყო? ხომ შეიძლება, რომ შემთხვევით, ზემოქმედების შედეგად აფეთქდეს, ან ტრაილერი გადაბრუნებულიყო და აფეთქებულიყო, ან იმ სახლში აფეთქებულიყო - მთელ ავლაბარს ხომ აიტანდა ცაში? აი ამას გვიკეთებდნენ უკრაინის სპეცსამსახურები. უკრაინის სპეცსამსახური, სადაც ქართველი გია ლორთქიფანიძე მუშაობს, ამას გეგმავდა და ეგუებოდა იმ აზრს, რომ შეიძლება აფეთქდეს, მაგრამ ჯანდაბას, აიწიოს ავლაბარი და თბილისი ჰაერში, ოღონდ თავიანთ მიზნებს მიაღწიონ რუსეთში. აი რომ დავიჯეროთ ის ვერსია, ოღონდ რუსეთს ზიანი მიაყენონ და ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ ქართველ ქალებს და ბავშვებს, აქ რომ აფეთქებულიყო?
ჩვენ რას გადაგვეკიდნენ? ომი აქვთ - იომონ. შეეშვან საქართველოს ჩათრევას თავის ომში. ეს არ არის საქართველოს ომი. როდესაც ჩვენ, მათ შორის რუსეთთან ომი გვქონია, არავინ ჩაგვითრევია ჩვენს ომში და არავის ქვეყანა არ დაგვიყენებია რისკის ქვეშ და აქ რომ არის ხალხი, რომელიც დღეს საღამოთაც გამოვა რუსთაველის გამზირზე და პარლამენტთან დადგებიან და უკრაინის ხელისუფლების განდიდებით იქნება დაკავებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა არაფერს ამბობს, რადგან უკრაინა ომშია, მაგრამ მოვა დრო, ომი დასრულდება და საქართველო პასუხს მოითხოვს უკრაინის ხელისუფლებისგან. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ტვირთმა ლამის ნახევარი ევროკავშირი გამოიარა ისე, რომ არავის გაუჩერებია.