„უმაღლესი თანამდებობის პირთა არასახელმწიფოებრივი განცხადებების კასკადი გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე ვიღაცის მიერ, ვიღაცაზე ზეწოლა“

„უმაღლესი თანამდებობის პირთა არასახელმწიფოებრივი განცხადებების კასკადი გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე ვიღაცის მიერ, ვიღაცაზე ზეწოლა“

„ხვდებით რაზე ლაპარაკობს ქვეყნის მეთაური?! ამბობს, რომ არსებობს ეჭვი, პრემიერის გვერდის ავლით ვიღაცა რაღაცას „ჩალიჩობს“. პარალელური სტრუქტურა არსებობს ხელისუფლებაში? ეს ნიშნავს, რომ თურმე პრემიერ-მინისტრი ვერ აკონტროლებს სიტუაციას, სად ვართ, ქვეყანა არსებობს საერთოდ?“, - კითხულობს for.ge-სთან საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე.

for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტია, ამბობს, რომ მას აშანტაჟებენ. რას ამბობს ამით პრეზიდენტი?

ვახტანგ ძაბირაძე: საკმაოდ უცნაური განცხადება იყო. პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყანას წარმოადგენს საგარეო ურთიერთობებში, ის არის გარანტი ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობის და ტერიტორიული მთლიანობის. როდესაც პრეზიდენტი განცხადებას აკეთებს, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრებზე ხორციელდება ზეწოლა და ძალადობა, ეს ნიშნავს, რომ თუ პრეზიდენტი არის დაუცველი, საზოგადოების თითოეული წევრიც დაუცველია.

და როგორ უნდა ახსნას მოსახლეობამ ეს განცხადება?

- ვერაფრით, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს მეთაური ვერ ახორციელებს თავის უშუალო მოვალეობებსა და ფუნქციებს? ეს განცხადება სრულიად შეუსაბამოა პრეზიდენტის სტატუსთან, ისევე, როგორც შეუსაბამოა განცხადება და წუწუნი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან, რომ მათზე ვიღაცა ახორციელებს ძალადობას. კონსტიტუციით მათ დაცვის უმაღლესი გარანტიები აქვთ მინიჭებული და თუ ისინი ამ გარანტიებს ვერ იყენებ, იმიტომ, რომ ეშინიათ, ამას განცხადება არ შველის, მაშინ უნდა გადადგნენ.

პრეზიდენტი არ არის კერძო პირი, უნდა თქვას რა ზომები მიიღო მაშინ, როდესაც გაიგო, რომ მისი ოჯახის წევრზე განხორციელდა ძალადობა და შანტაჟი.

გარდა პრემიერთან სატელეფონო საუბრისა, სხვა ზომები არ მიუღია, საკითხისადმი ასეთი მიდგომა სწორი სტრატეგიაა?

- არა, რა თქმა უნდა. თუ პრეზიდენტს იმის თავი არ აქვს, რომ თავისი ოჯახის უფლებები დაიცვას, ვერ ახორციელებს კონსტიტუციით მინიჭებულ ძალა-უფლებას, მაშინ როგორ უნდა დაიცვას ქვეყნის უფლელები?! მიკვირს, როგორ შეიძლება სახელმწიფოს მეთაურმა ასეთ დანაშაულზე რეაგირება არ მოახდიონს? არსებობს უშიშროების საბჭო, რომლის წევრია ყველა ძალოვანი მინისტრი, პრეზიდენტს შეეძლო მოეთხოვა მინისტრთა კაბინეტის სხდომა და ამ კონკრეტული საკითხის განხილვა. რატომ არ გააკეთა?! რატომ არ შეასრულა პრეზიდენტმა კანონით დაკისრებული ვალდებულება, მის ნებაზეა, თუ როგორ არის საქმე?!

როგორც ჩანს, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ეს მისი პირადი საქმეა...

- არავითარ შემთხვევაში. აქ პრობლემა არ გახლავთ ის, რომ ოჯახი წევრი გაჩხრიკეს, პრობლემა ის გახლავთ, რომ ეს პრეზიდენტის დაშანტაჟების და დაშინების მიზნით მოხდა, როგორც პრეზიდენტმა თქვა და ეს არის პრობლემა. პრეზიდენტის ოჯახის წევრს არანაირი იმუნიტეტი არ იცავს, ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ კანონიერების ფარგლებში მათ მიმართ განხორციელდეს სამართლებრივი ქმედება.

მაგრამ თუკი დაირღვა კანონიერების ფარგლები და პერზიდენტზე გავლენის მოსაპოვებლად გაკეთდა?

- პრეზიდენტმა ეს განცხადება გააკეთა სწორედ გიორგი პაპუაშვილის კონტექსტში, რომ ხელისუფლება მოსამართლეებზე ახორციელებს ზეწოლას და ამავე კონტექსტში პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩემს ოჯახის წევრზეც მოხდა არამართლზომიერი ზეწოლაო. ამაზე კი პასუხი აქვს, რომ ტელეფონით ესაუბრა მთავრობის მეთაურს, ეს უკვე არის შემაშფოთებელი.

პრეზიდენტის მხრიდან იკვეთება უმოქმედობა?

- რა თქმა უნდა, და პრეზიდენტის უმოქმედობა მდგომარეობს შემდეგში - თუპრეზიდენტი თვლიდა, რომ მასზე განხორციელდებოდა დაშანტაჟება და ზეწოლა, ტელეფონით კი არ უნდა გაერჩია საქმე, და შემდეგ პერესკონფერენციაზე გამოეტანა საკითხი, არამედ სასწრაფოდ უნდა მოეწვია უშიშრობის საბჭო. ისევე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც გვეკეკლუცება საზოგადოებას, ჯერ იმას შევხვდები და მერე ამასო. რა უფლება აქვს ასე ილაპარაკოს?! თუ სამართლებრივი საკითხი მოითხოვს, ვალდებულია შეხვდეს პროკურორს, იმიტომ, რომ უამაღლესი თანამდებობის პირია.

მას სახელმწიფო ითხოვს და არა როგორც თავად თქვა, ვიღაცა ჩხოროწყუს პროკურორი. უკაცრავად, მაგრამ ის ჩხოროწყუს პროკურორი სახელმწიფოა! ამას რომ ვერ ანსხვავებს საკანსტრიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, აი, ეს არის პრობლემა. ახსნას პაპუაშვილმა ეს რა ლაპარაკია! სამწუხაროდ, ბოლო ორ დღეში უმაღლესი თანამდებობის პირთა არასახელმწიფოებრივი განცხადებების კასკადი წამოვიდა, რაც გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე ვიღაცის მიერ, ვიღაცაზე ზეწოლა.

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პრემიერის გუნდში მისი გვერდის ავლით გარკვეული ძალები პოლიტიკური პროცესის სხვა მიმართულებით წაყვანას ცდილობენ“, - ასეთი განცხადება გააკეთა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე, რომლის განცხადებით, პრეზიდენტის პოლიტიკური განცხადებები სწორედ მსგავს ეჭვს და ინსტიტუციების უმოქმედობას უკავშირდება. კონსტიტუცია პრეზიდენტს ეჭვის საფუძველზე საუბრის უფლებასმოსილებას ანიჭებს?

- ჩვენგან პრეზიდენტი განსხვავდება იმით, რომ მას კონსტიტუციამ გარკვეული უფლებები მიანიჭა. პრესკონფერენციით კი არ უნდა აკეთოს განმარტებები, არამედ საქმე უნდა აკეთოს. როდესაც მისი პრესმდივანი ამბობს, რომ თურმე არის ეჭვი პრემიერის გუნდში მისი გვერდის ავლით გარკვეული ძალები პოლიტიკური პროცესის სხვა მიმართულებით წაყვანას ცდილობენ, რა უფლება აქვს პრეზიდენტს და მის პრესმდივანს ასეთი განცხადებები გააკეთონ? რას ჰქვია არსებობს ეჭვი?!

მე შემიძლია ვთქვა, რომ მეეჭვება, მაგრამ არა - პრეზიდენტს. პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები და რას ნიშნავს არსებობს ეჭვი?! ჩემსა და პრეზიდენტს შორის ის სხვაობაა, რომ მან „არსებობს ეჭვი“ - კი არ უნდა მითხრას, არამედ უნდა გამოიძიოს. ხალხო ხვდებით რაზე ლაპარაკობს ქვეყნის მეთაური?! ამბობს, რომ არსებობს ეჭვი პრემიერის გვერდის ავლით ვიღაცა რაღაცას „ჩალიჩობს“, პარალელური სტრუქტურა არსებობს ხელისუფლებაში? ეს იმას ნიშნავს, რომ თურმე პრემიერ-მინისტრი ვერ აკონტროლებს სიტუაციას. სად ვართ, ქვეყანა არსებობს საერთოდ?!

როგორ ფიქრობთ, რატომ არ ცდილობს თავად პრეზიდენტი გაარკვიოს ვინ არიან ის ძალები პრემიერის გუნდში, რომლებიც პოლიტიკური პროცესის სხვა მიმართულებით წაყვანას ცდილობენ? მით უმეტეს, რომ მას აქვს ამის ბერკეტი უშიშრობების საბჭო...

- უშიშროების საბჭო სათამაშო სტრუქტურა არ არის, როდესაც ქვეყნის წინაშე დგება რაღაცა საფრთხე, შეკრიბოს უშიშროების საბჭო და იქ განიხილონ ეს საკითხი. მაპატიეთ, მაგრამ როგორ შეიძლება პრეზიდენტი მოქალაქეებს გვეუბნებოდეს - არსებობს ეჭვი იქ რაღაცა ცუდად ხდებაო. თუ ქვეყანა გადატრიალების საფრთხის წინაშე დგას, პრეზიდენტს შეუძლია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ასეთ საკითხებზე პრესკონფერენციის ჩატარება ნიშნავს აბსოლუტურ გაუაზრებლობას იმისა, თუ ვინ არის პრეზიდენტი?! მითხარით რა მიზანს ემსახურება მისი განცხადება?!

ხვდებით რა ხდება? - სახელმწიფოს პირველი მეუნება, რომ არსებობს ეჭვი მთავარობაში რაღაცა ცუდი ხდებაო. არ ვიცი, ახლოს არის თუ არა რაიმე ლოგიკასთან. თუ სიტუაცია იმდენად კრიტიკულია, რომ ხვალ-ზეგ შეიძლება ცუდი ამბები მოხდეს, მაშინ მას უფლება აქვს გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა. 48 საათის განმავლობაში შეიკრიბება პარლამენტი, სადაც მოხდება საკითხის განხილვა. ეს მუხლი იმიტომ ჩაუდეს პრეზიდენტს კონსტიტუციაში, რომ გაითვალისწონოს, და არა იმიტომ, რომ პრესკონფერენციაზე თქვას - არსებობს ეჭვიო.

პრეზიდენტის აზრით, უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთანქართული ოცნებისსაარჩევნო შტაბის უფროსს, კახა კალაძეს, რადგან პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უმოქმედობით ხდება ინსტიტუციების დისკრედიტაცია. ბატონო ვახტანგ, შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტი ოპოზიციაში ჩაუდგა მმართველ გუნდს?

- კორცხელის ინციდენტი რომ გამოძიებული უნდა ყოფილიყო, ეს ფაქტია. ეს სწორი მოთხოვნაა, მაგრამ პრეზიდენტი ასეთ მოთხოვნებს პრესკონფერენციებზე არ უნდა აყენებდეს, ამისთვის არსებობს უშიშროების საბჭო. პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული მექანიზმები. როცა საჭიროდ ჩათვალა რამდენიმეჯერ გამოიყენა ვეტოს უფლება, ვის მოწონს და ვის არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ კანონიერების ჩარჩოდან არ გასულა. ამ შემთხევაშიც ასე უნდა მოიქცეს. პრესკონფერენციებით არ იმართება ქვეყანა. ქვეყანა იმართება იმ მექანიზმებით, რაც ჩადებულია კონსტიტუციაში. განცხადებები, რომელიც ბოლო ორი დღეა მაღალი ტრიბუნიდან კეთდება, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობს. გვიკვირს, რომ ევროპა ცოტა არასერიოზულად გვიყურებს. საინტერესოა, ამ ყველაფრის შემდეგ როგორ შეგვხედავენ.