„პრეზიდენტი ხელში კონსტიტუციით დადის და ხანდახან, თავის რჩევებს თუ დაუჯერებს, ცუდი არ იქნება“

„პრეზიდენტი ხელში კონსტიტუციით დადის და ხანდახან, თავის რჩევებს თუ დაუჯერებს, ცუდი არ იქნება“

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახალ-ახალ ბრალდებებს აჟღერებს, მმართველი გუნდი კი, ქვეყნის პირველი პირის მხრიდან წარმოებულ მიზანმიმართულ კამპანიასა და პოლიტიკური ინტერესებზე მიუთითებს.

გუშინ, გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი ოჯახის წევრის მიმართ ზეწოლის მცდელობაზე ისაუბრა, დღეს კი, პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, ეკა მიშველაძემ კორცხელის დაპირისპირებაში კახი კალაძის ჩართულობის განსაზღვრა და იმის დაკონკრეტება მოითხოვა, ენერგეტიკის მინისტრს რა კავშირი აქვს ინციდენტთან.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უმოქმედობით ინსტიტუციების დისკრედიტაცია ხდება და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ პრემიერ-მინისტრის გუნდში მისი გვერდის ავლით გარკვეული ძალები პოლიტიკური პროცესის სხვა მიმართულებით წაყვანას ცდილობენ.

„პრეზიდენტმა მისი ოჯახის წევრთან დაკავშირებულ ინციდენტზე საქმის კურსში პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ჯერ კიდევ ათი დღის წინ იმიტომ კი არ ჩააყენა, რომ კონკრეტულ საქმეში დახმარებას ითხოვდა, არამედ იმისთვის, რომ საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ პრემიერის გვერდის ავლით გარკვეული ძალები პოლიტიკური პროცესის სხვა მიმართულებით წაყვანას ცდილობენ“, - განაცხადა მიშველაძემ, რომელსაც უმრავლესობაში გამოეხმაურენ.

როგორც for.ge-ს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია პოლიტიკოსებს კონსტიტუციაზე მუდმივად მიუთითებს და უმჯობესი იქნება, ხანდახან თავის რჩევებს თავად თუ დაუჯერებს.

„კორცხელის თუ ზეწოლის ფაქტებს პასუხი იმ ორგანომ უნდა გასცეს, რომელსაც ეს ვალდებულება გააჩნია. რამდენადაც ვიცი, კორცხელის ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია და კონკრეტული პირები ბრალდებულები არიან. გამოძიებას უნდა დაველოდოთ, თუ რას დაადგენს და სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მოსამართლეები ისე უნდა მოიქცენ, როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები უნდა იქცეოდნენ და პროკურატურაში იმ საკითხებზე ჩვენება უნდა მისცემენ, რაზეც პაპუაშვილი საუბრობდა“, - აცხადებს ძიძიგური.

კანონმდებელი მიშველაძის განცხადების იმ ნაწილსაც ეხმაურება, სადაც მან პრემიერის გვერდის ავლით წარმოებულ პროცესებზე ისაუბრა.

„ვერ მივხვდი, პრეზიდენტს რა აინტერესებს - არის თუ არა რაიმე ტიპის დანაშაული ჩადენილი? ყველა ამ მიმართულებით გამოძიება მიმდინარეობს და მას დაველოდოთ. პრეზიდენტი კონსტიტუციით ხელში დადის და მოგვიწოდებს კონსტიტუცია წავიკითხოთ. ხანდახან, თავის რჩევებს თუ დაუჯერებენ, ცუდი არ იქნება“, - დასძინა ძიძიგურმა.

პრეზიდენტის ეჭვებსა და ბრალდებებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილიც ეხმაურება და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სამწუხაროდ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღითიდღე „ენჯეოს“ ემსგავსება, რაც სასიხარულო არ არის.

„ისეთი ბუნდოვანი განცხადებების გაკეთება უპასუხისმგებლობაა, რომ ვიღაცას ეჭვი აქვს და ვიღაცას წარმოდგენა შეექმნა, რომ ზეწოლა ხორციელდება. თუ ვინმეს ეჭვი აქვს, ადმინისტრაცია „ენჯეო“ არ არის, რომ ეჭვი გამოთქვას და ხელი ვინმესკენ გაიშვიროს. ეს პრეზიდენტის ინსტიტუტია, რომელსაც დიდი ძალაუფლება აქვს. თუ რაღაცაში ვერ ერკვევა, მისი ძალაუფლება საკმარისია იმისთვის, რომ პასუხები მოითხოვოს და ისე არ უნდა ხდებოდეს, რომ პრესსპიკერი გამოვიდეს და ვარაუდები გამოთქვას. ეს დემოკრატიული სახელმწიფოს სპეციფიკას სცილდება და პოლიტიკურ ინტერესებშიც გადადის. თუ ეს არსებობს, ამაზეც უნდა ვისაუბროთ“, - აცხადებს დეპუტატი.

სესიაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებების უკან იმ ნარატივის გაგრძელებას ხედავს, რომელიც მისი თქმით, „ოცნების“ ოპონენტებს“ აქვთ.

„კორცხელის ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს და ეჭვი შეიძლება გამოთქვას ჟურნალისტმა, „ენჯეოშნიკმა“, მაგრამ როცა საქმე უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებთან გვაქვს, ამ შემთხვევააში, ეჭვის გამოთქმა პოლიტიკური უნდობლობას ნიშნავს, რაც ქვეყნის სტაბილურობას ხელს არ უწყობს. ამ პათეტიკის უკან პოლიტიკურ ინტერესს ვხედავ. ეს ყველაფერი იმ ნარატივის გაგრძელებაა, რაც ჩვენს ოპონენტებს აწუხებთ და სურთ, რომ ამაზე აპელირება მოახდინონ. პოლიტიკური ინტერესებისკენ მივდივართ დ სჯობს, სახელმწიფო ინტერესებს მივხედოთ. პრეზიდენტის ინსტიტუტი ის ორგანო არ არის, რომელსაც ვარაუდები, ეჭვები და უსაფუძვლო განცხადებები უნდა ჰქონდეს. მან საზოგადოებას სტაბილურობის გრძნობა უნდა დაუტოვოს“, - აღნიშნავს სესიაშვილი.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ქვეყნის პირველი პირისა და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებების მსგავსებაზე საუბრობს და for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ალბათ, ეს გარკვეულ პოლიტიკურ სიმპათიებზე მიუთითებს.

კობახიძე განსაკუთრებულ ყურადღებას კორცხელის ინციდენტზე ამახვილებს და ამბობს, რომ თუ გამოძიების პროცესში გამოვლინდა, რომ დამატებით ვინმეს დაკითხვაა საჭირო, კახი კალაძე დაიკითხება.

„თუ კალაძის დაკითხვა საჭირო გახდა, ბუნებრივია, მას პროკურატურა დაკითხავს. კანონის წინაშე ნებისმიერი მოქალაქე თანასწორია, თუმცა ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ უნდა მიიღოს. ჩვენი მიზანია, ეს საქმე ბოლომდე იყოს მიყვანილი და წინასაარჩვენო პროცესში დამოკლეს მახვილივით ჩამოკიდებული არ იყოს“, - დასძინა კობახიძემ.