ქუთაისის მოქმედ მაჟორიტარს აინტერესებს რითი ჯობია მას სხვა კანდიდატები და ამის დასაბუთებას ითხოვს. ომარ ნიშნიანიძე ამბობს, რომ არავიზე ნაკლები არ არის და „ოცნების“ დასაწუნიც არაფერი აქვს. დეპუტატს დასაბუთებული პასუხი ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ გასცა.
„ვფიქრობ და პოლიტიკური გუნდიც თვლის, რომ ზოგადად, მაჟორიტარების განმეორება არ არის კარგი კონკრეტულ ოლქებში, სადაც ისინი იყვნენ წარმოდგენილნი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულმა მაჟორიტარმა დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულა, ან გუნდის იმედები ვერ გაამართლა. დღეს, ბევრი ახალი სახე გვყავს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანები განდევნილები არიან გუნდიდან. ყველა გუნდის წევრად რჩება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნება“ რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა - მერაბ ქვარია, ედიშერ თოლორაია, გოგა გულორდავა, გოდერძი ბუკია, ირაკლი ბერაია, ოთარ დანელია და ირაკლი ხახუბია.
ანალიტიკოსების ერთი ნაწილი თვლის, რომ კალაძეს ფორმულა - მაჟორიტარების განმეორება კარგი არ არის, გოდერძი ბუკიას შემთხვევაში არ გამოდგება, რადგან ბუკია ჯერ კიდევ „მოქალაქეთა კავშირის“ დროიდან მოყოლებული წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში, რომელიც ბოლოს „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი იყო. თუმცა, 2012 წლის მოწვევის პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატთა ფრაქციაში გადაინაცვლა.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ასეთი განცხადებები ძალიან ხშირად, იმ ვითარების ამოცანებს პასუხობს და ზოგად ჭეშმარიტებად არ უნდა განვიხილოთ. მისივე თქმით, როგორც ჩანს კალაძეს სურდა შეერბილებინა ვითარება იმ კუთხით, რომ კანდიდატურების ცვლილებების საფუძველი ზოგადი პრინციპი გახდა და არა ის, თუ რომელი კონკრეტული კანდიდატურის მიმართ რა დამოკიდებულება აქვს პარტიას.
„პარტია არ ხელმძღვანელობს იმ პრინციპით, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ცვლილებას ცდილობს იქ, სადაც მოქმედმა კანდიდატმა დიდი შედეგი ვერ მოუტანა. ამიტომ, ძალიან ხშირად მაჟორიტარებში ვნახავთ ისეთ კადრებს, რომლებიც ყველა ხელისუფლების დროს იყვნენ პარლამენტში და ამის მაგალითად თქვენ უკვე მოიყვანეთ გოდერძი ბუკია. იმერეთში შალვა კიკნაველიძის კანდიდატურაა დასახელებული, რომელიც მთელი ეს ხანი „ეროვნული ფორუმის“ წევრი იყო, პარლამენტშიც შემოიყვანა, მაგრამ შემდეგ ადვილად შეიცვალა კიკნაველიძემ ორიენტაცია. ასეთი შემთხვევა პოლიტიკაში ძალიან ხშირია“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.
როგორც ექსპერტი ამბობს, ჩერჩილი პარტიას იცვლიდა მხოლოდ იმისთვის, რომ მას პრემიერობა ჭირდებოდა. ამიტომ, თუ ჩერჩილს არ გავამტყუნებთ, ვერც კიკნაველიძეს და ვერც ბუკიას ვერ გავამტყუნებთ.
„ერთადერთი, რაც პარტიას შეიძლება მოვკითხოთ - რაში არგია ასეთი კანდიდატი? მაგრამ, მეორე მხრივ, თუკი ადამიანი, რომელმაც ყველა პარტიის სამრეკლოდან გადმოიხედა, რომ მანდატი აიღოს, ცალსახად მიუთითებს ისეთ კავშირებზე, რომლითაც ამ მანდატს ისევ აიღებს. თვითონ პარტიის ინტერესი მანდატია და არა ადამიანი. სხვადასხვა მიდგომაა კადრების მიმართ. ზოგისგან მხოლოდ მანდატი უნდათ, ზოგისგან ორატორობა, ზოგისგან იურისტობა. კადრების მიმართ ერთნაირი მიდგომა ვერ იქნება“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ქართული სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველა პარტია ცდილობს დააყენოს კანდიდატი, რომელსაც მაღალი რეიტინგი აქვს და დიდი ალბათობით მოიგებს. მეორედ იყრის კენჭს თუ მეშვიდედ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
„განსაკუთრებით, როდესაც საუბარია ჩვენი ტიპის პარლამენტზე, რომელიც ფორმალურად არის დამოუკიდებელი. რეალურად, მისი კონსტიტუციური ფუნქცია, არც ერთი მოწვევის პარლამენტს ბოლომდე არ შეუსრულებია. ჩემდა სამწუხაროდ, არ მგონია, რომ ახალი პარლამენტი უფრო უკეთესი, ან უფრო დამოუკიდებელი იქნება - არ და ვერც იქნება. ამიტომ, როდესაც არჩევენ მაჟრიტარ კანდიდატს, რა თქმა უნდა, ისეთი კადრი უნდა შეარჩიონ, რომელიც გავა. რაც შეეხება ბუკიას, როგორც ჩანს, ხობში მას აქვს გავლენა და ამ მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს და არ მესმის რატომ იწვევს ბუკიას კანდიდატურა ასეთ გაურკვევლობას“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
რაც შეეხება მოქმედი გემგებლების და მინისტრების საარჩევნო სიებში პორტირებას, ძაბირაძეს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია პარლამენტის ისეთი კადრებით დაკომლექტება, რომელთაც პოლიტიკური წარსული აქვთ.
„ზოგადად, ჩვენს პოლიტიკურ სპექტს არ აქვს პოლიტიკაში კარიერული წინსვლის საშუალება, ეს არის პირველი ნაბიჯი, როდესაც რაიონის გამგებელზე, საკრებულოს თავმჯომარეზე და მინისტრებზე კეთდება არჩევანი. ძალიან კარგია როდესაც გამოცდილ კანდიდატზე კეთდება აქცენტი და პირდაპირ ქუჩიდან არ გადავლენ პარლამენტის სავარძელში“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.