მართალია თურქეთში ელვის სისწრაფით განვითარდა მოვლენები და სამხედრო გადატრიალების მცდელობა უმოკლეს დროში აღკვეთეს, მაგრამ თემა თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, კვლავ დიდხანს იქნება აქტუალური. კეთდება მოვლენის ანალიზი და შეფასებები. რეალურად, რა მოხდა თურქეთში, რა შეიძლებოდა ყოფილიყო თურქი სამხედროების რადიკალური ნაბიჯების მიზეზი, ამ თემაზე ექსპერტი, სოსო ცინცაძე გვესაუბრება.
სოსო ცინცაძე: ეს პირველი შემთხვევა არ არის. თურქეთის ომის შემდგომ ისტორიაში, ანუ რაც თურქეთი ნატოს წევრია, ოთხჯერ მოხდა სამხედრო გადატრიალება. მაგრამ თურქეთის სამხედრო გადატრიალება სულ სხვანაირია - ვერც იტყვით, რომ ეს არის ხელისუფლებისათვის ბრძოლა. მიჩვეულები ვართ, რომ სამხედრო გადატრიალებები სხვა ფინალით სრულდება - მაგალითად, ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, საბერძნეთში, არეგენტინაში მოდიოდნენ და რჩებოდნენ ხელისუფლებაში.
თურქეთში, ყოველთვის, სამხედროები ყაზარმებიდან გამოდიოდნენ, ხელისუფლებას ცვლიდნენ და ისევ თავისით ბრუნდებოდნენ ყაზარმებში და რატომ? - როგორც იკვეთება, ათათურქის პრინციპების ერთგული თურქულ საზოგადოებაში მხოლოდ არმია რჩება - ანუ საუბარია სეკულარულ, საერო სახელმწიფოზე - ათათურქმა არა მხოლოდ ფესკები მოხადა თურქებს თავიდან (ისე, როგორც თავის დროზე პეტრემ რუსს წვერი დააჭრა), არამედ ხელი შეუწყო და ძალზე ღრმა ფესვები გაუდგა თურქეთის საერო სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, ცივილიზებულ სახელმწიფოდ ქცევას.
როგორც კი სამხედროები დაატყობდნენ, რომ მოვიდა ხელისუფლება, რომელიც ისევ ისლამისტური იმპერიისკენ ისწრაფვოდა, გამოდიოდნენ და მაშინვე „ცეცხლს ანთებდნენ“. თუმცა, დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე, რასაკვირველია, ეს ხელისუფლების ძალით შეცვლის და სამხედრო გადატრიალების მცდელობაა.
სამხედროებს და არა მხოლოდ მათ, თურქეთის საზოგადოების დემოკრატიულ ნაწილს ორი ძირითადი პრეტენზია აქვს თურქეთის დღევანდელ ხელისუფლებასთან. ერთი - ეს არის პირადი ხელისუფლებისთვის ბრძოლა და თურქეთი საპარლამენტო რესპუბლიკიდან, პრაქტიკულად, უკვე იქცა საპრეზიდენტო რესპუბლიკად.
თუ გახსოვთ, საზოგადოების და გენერალიტეტის განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია ორი წლის წინ დასრულებული ე.წ. თეთრი სასახლის მშენებლობამ - რად უნდა თურქეთის პრეზიდენტს 1100-ოთახიანი სასახლე?! მაშინ თურქული გაზეთები წერდნენ კიდეც, რა დაჯდებოდა ამდენი ოთახის ძვირფასი ავეჯით გაწყობა... ეს სასახლე კრემლსა და თეთრ სახლზე დიდი ხომ არის და არის, ვერსალსა და ლუვრზე დიდიცაა. გარდა ამისა, კორუფცია და ნეპოტიზმი, ხელისუფლებაში და ა.შ.
მეორე პრეტენზია, რაც ხელისუფლებისადმი არსებობს, ეს არის მცოცავი ისლამიზმი. შეგახსენებთ, ათათურქმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში აკრძალა ჰიჯაბის ტარება და დღეს სახელმწიფო დაწესებულებებში და უმაღლეს სასწავლებლებში, გარდა პოლიციისა და არმიისა, ქალებს უკვე ბურკები ახვევიათ.
თვითონ ერდოღანსაც არ აქვს მაინც და მაინც სეკულარული წარსული, ის ძველი ისლამისტია, სასულიერო სასწავლებელი აქვს დამთავრებული. მერე კი, მარმარისის უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტიც დაამთავრა, მაგრამ მაინც ცნობილია თავისი ისლამისტური მისწრაფებებით.
მრავალი შეფასება გაკეთდა, ერთ-ერთი ვერსიით, ამ ყველაფერში ამერიკის ხელი ურევია, სხვა ვერსიით - რუსეთის. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ეს წმინდა თურქული გადალაგება გახლდათ და პარტნიორი თუ მეზობელი ქვეყნები არაფერ შუაში არიან...
- გარედან ვინმეს ჩარევაზე არ არის საუბარი. უბრალოდ, საქმე ის არის, რომ თურქ სამხედროებს ძალზე მჭიდრო კავშირი აქვთ ნატოსთან, მათი პროგრესული იდეოლოგიაც ნატოსთან ხანგრძლივი თანამშრომლობის შედეგია. ეს გავლენაა და არა ჩარევა - თურქ სამხედროებს ისლამისტური სახელმწიფო ვერ წარმოუდგენიათ.
აქვე ჩნდება კითხვა, ერდოღანმა ამ შემთხვევით ისარგებლა და ერთიანად მოიცილა თავიდან ის ძალა, რომელიც მისი ისლამისტური იდეების ძირითად ოპოზიციად მოიაზრებოდა?
- უკვე მერამდენეა - გასული, 2013 წლის მცდელობის შემდეგ 200-მდე სამხედრო პირია დაპატიმრებული. მაშინ არ ყოფილა ასეთი სისხლისღვრა, მაგრამ სერიოზული პროტესტი იყო. გენერალიტეტიდან დაახლოებით 100 სამხედრო პირს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი - მაშინაც მოასუფთავა ერდოღანმა სივრცე, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს დროებითია.
სამხედროების უკმაყოფილება იყო, არის და იქნება. გავა ცოტა დრო და სამხედროები ისევ შეეცდებიან სიტუაციის შეცვლას. როგორც უკვე ვთქვი, თურქეთში ადგილი აქვს მცოცავ ისლამიზმს, განსაკუთრებით ანატოლიაში, სადაც ოფიციალურად, ერდოღანს უკვე სულთანს უწოდებენ.
ფილმებსაც რომ გადახედოთ, თურქებისთვის ბრწყინვალე საუკუნე ის დრო იყო, როდესაც საქართველოში ხომ ქვას ქვაზე არ ტოვებდნენ ლამის, ვენის კარებსაც ამტვრევდნენ...
გარდა ამისა, კიდევ არის ერთი მომენტი - რა მოხდა იმ ღამეს? როგორ მოხდა, რომ პრემიერის ერთ მოწოდებაზე 70-მილიონიანი ქვეყანა გამოვიდა ქუჩაში და შიშველი ხელებით განაიარაღეს ავტომატებითა და ჩაფხუტებით აღჭურვილი ჯარისკაცები?!.
წარმოგიდგებიათ, რომ სხვა ქვეყანაში რიგითი მოქალაქე გამოვიდეს და ტანკს დაუწვეეს ან ჯარისკაცს ხელიდან ავტომატი გამოგლიჯოს?!
რა იყო ეს?
- ფუნდამენტალიზმი, ფანატიზმი. ასე იქცევიან მხოლოდ ისლამისტი ფანატიკოსები, სად გინახავთ ნორმალური მოქალაქე ასე იქცეოდეს? სამხედრო გადატრიალებები რომ ხდება, მოქალაქეები კარებს და ფანჯრებს კეტავენ, სარდაფებში იმალებიან და ელოდებიან, როდის შეწყდება სროლა. თურქეთში რა მოხდა? - მილიონი კაცი გამოვიდა ქუჩაში და სწორედ ხალხმა დააპატიმრა ამბოხებულები. ისლამისტების მეტი ამას ვინ შეძლებდა? პირველი 150 დაპატიმრებული სწორედ ხელკეტებით შეიარაღებულ მოქალაქეებზე მოდის -კიდევ ვიმეორებ - ასე მხოლოდ ფუნდამენტალისტები იქცევიან.
პრინციპში, იმ ღამეს თავის მოკვეთასა და წამებაზეც იყო საუბარი...
- თანაც არ დაგავიწყდეთ, პრემიერ-მინისტრი სიკვდილით დასჯის აღდგენას ითხოვს...
გამოდის, რომ ერდოღანის გამარჯვებით და სამხედრო გადატრიალების აღკვეთით ისლამიზმმა გაიმარჯვა თურქეთში? იმის მიუხედავად, რომ სამხედრო გადატრიალება არ ჯდება არც ერთ დემოკრატიულ ჩარჩოში, შეიძლება მომხდარს ასეთი ინტერპრეტაცია მივცეთ?
- გგონიათ, რომ ეს ხალხი დემოკრატიის დასაცავად გამოვიდა ქუჩაში და დემოკრატიის დასაცავად ჩაქოლეს დაპატიმრებულები? - იყო კიდევ სხვა ველური კადრებიც... დემოკრატიის კი არა ერდოღანის დასაცავად მოხდა ეს ყველაფერი, რადგან მასში მართლა ხედავენ სულთანს, ძველი ტრადიციების დამცველს - ეს ფაქტია.
რამდენი ხანია, თურქეთი აკაკუნებს კი არა, აბრახუნებს ევროკავშირის კარს და რატომ არის, რომ ევროპა თურქეთს მაინც არ აღიქვამს ევროპულ სახელმწიფოდ?! განა იმიტომ, რომ ქურთებს არ აძლევს ავტონომიას? - სულაც არა.
კი, ერდოღანი ამბობს, რომ არავითარი ისლამისტი არ ვარო, მაგრამ ასევე აცხადებს, რომ თურქ ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება, თვითონ აირჩიოს რომელი რელიგიაც სურსო. როდესაც მთელ მსოფლიოში ისლამიზმის რენესანსია, ბუნებრივია, თურქეთს ეს პრობლემა იქნება. აგერ, გურიის სოფლიდან გაიქცნენ სირიაში საომრად ისეთები, 15 წლის წინ ყურანი რა იყო, საერთოდ რომ არ იცოდნენ - თურქეთში რომ იყოს ასეთი მისწრაფება, გასაკვირია?!
შესაძლებელია თუ არა ასეთი მასშტაბის სამხედრო გადატრიალების მცდელობა გაფრთხილებად მიიღოს ერდოღანმა და მომავალში უფრო მეტად დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, თუ შესაძლოა, სულაც პირიქით მოხდეს და მოწინააღმდეგის მოცილებით უფრო გაიმყაროს პოზიცია?
- პირიქით მოხდება. ერდოღანი სასტიკად გაუსწორდება სამხედროებს, ეგ არის რომ არმიას ვერ გააუქმებს, ეჭვმიტანილებსაც კი მოიშორებს. უკვე ათასობით ადამიანია დაპატიმრებული. ამბოხების ღამეს ერდოღანის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა სტამბულის თავზე გამართეს ბრძოლა და ერთმანეთის ვერტმფრენები ჩამოყარეს - სერიოზული ამბოხება იყო, რომელიც მარცხით დასრულდა მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ერდოღანს.
მაგრამ, ერთ მომენტში არ უნდა შევცდეთ, ხალხმა მხარი დაუჭირა არა დემოკრატიული პრინციპებით არჩეულ პრეზიდენტს, არამედ - სულთანს, იდეოლოგს.
თუ ვინმეს კიდევ აქვს ევროპაში იმის თავი, რომ სწორი დასკვნები გააკეთოს, ალბათ, მოხდება სიტუაციის ანალიზი.
განცხადებები და შეფასებები უკვე გაკეთდა, მაგრამ რაიმე განსხვავებულ რეაქციას უნდა ველოდეთ დასავლეთისგან?
- თქვეს ის, რაც უნდა ეთქვათ - ბუნებრივია, არ შეიძლება, არმია ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდეს. მაგრამ შეხედეთ, თვითონ ევროპაში რა ხდება - როგორც ირკვევა, თურმე, მაგალითად, ფრანგულმა პოლიციამ იცოდა, რომ ტერაქტების ავტორებს წლების განმავლობაში ტერორისტული განწყობები ჰქონდათ!!! ტერორისტული აქტი ჩადენილი არ ჰქონდათ და როგორ დავაპატიმრებდითო. ნაწვიმარზე სოკოებივით ამოსული უფლებადამცველებიც ამბობენ ეს ადამიანების უფლებების დარღვევა იქნებოდაო.
ამ ყველაფერს, თურქული ამბოხება იქნება ეს, თუ ევროპული ტერაქტები, უკვე ძალიან შორს მივყავართ. თუ ომი დაიწყო, ეს მართლა ცივილიზაციათა ომი იქნება.
საფრანგეთის პრეზიდენტი რომ იმეორებს - ომში ვართო, ისიც უნდა იცოდეს, რომ ომში ადამიანის უფლებები ნაწილობრივ იზღუდება და ეს ნორმალურია. რუზველტი დემოკრატი არ იყო? - ომი არ იყო ჯერ დაწყებული, როგორც კი საფრთხე იგრძნო, მაშინვე დაიწყო მოქალაქეების უფლებების შეზღუდვა და იაპონელებს კონცლაგერები მოუწყო - თუმცა ამაზე არავინ ლაპარაკობს. რუზველტზე დიდი დემოკრატია ოლანდი?
ამერიკა უფრო სენსიტიურად რეაგირებს-ხოლმე ისლამიზმის საფრთხეზე და თურქეთის, როგორც პარტნიორი ქვეყნის მიმართ რაიმე ზომებს არ მიიღებს?
- ამერიკის პოზიცია სტანდარტულია და ვიტყოდი, რომ რეალობის არაადეკვატური. თავის დროზე კონდოლიზა რაისმა ლამის თავი მოიკლა, ვიდრე პაკისტანში მუშარაფი არ გადააგდეს, რომელსაც ასე თუ ისე, კონტროლის ქვეშ ჰყავდა ისლამისტები. ამის მერე დაიწყო ყველაფერი.
ახლა ამერიკელებს მილიარდობით დოლარი უჯდებათ პაკისტანის ბირთვული იარაღის დაცვა. პაკისტანი ვერ ელევა ამ იარაღს - ინდოეთის ეშინია, ამ დროს ისლამისტების მხრიდან ყოველდღიური მცდელობებია ამ იარაღის გატაცების და სწორედ ამერიკელები იცავენ მას. მუშარაფს იმას ერჩოდნენ, რომ დიქტატორი იყო, ამერიკელებს კი ტოლერანტული ლიდერი უნდოდათ.
ახლაც იგივე პოზიცია აქვს ამერიკას, რაც წინა სამხედრო გადატრიალების მცდელობისას თურქეთში - რომ სამხედრო გადატრიალება არ შეიძლება, ადამიანის უფლებების დარღვევა არ შეიძლება. კი ასეა, მაგრამ მაინტერესებს, ნიცაში დაღუპულ 100 ადამიანს ჰქონდა თუ არა სიცოცხლის უფლება?! გამოდის, მხოლოდ არაბ ტერორისტებს ჰქონიათ უფლება, როგორც სურთ, ისე მოიქცნენ, ვიდრე ადამიანებს არ დახოცავენ?!
საქართველოსთვის რა ტიპის საფრთხეების პრევენციაზე შეიძლება იყოს საუბარი როდესაც ირგვლივ ასეთი ქაოსია?
- ერთი თვის წინ შემთხვევით გავიგე, რომ თურმე საქართველოში რელიგიური კონფესიების სააგენტოც კი ყოფილა, მათი უფროსი კი დიპლომატიიდან უწიგნურობისთვის გარიცხული სტუდენტია. მერე მიჩივლა ამ სტუდენტმა და ახლაც მაქვს სააკაშვილის რეზოლუცია პროკურატურისადმი, სადაც წერია, რომ სოსო ცინცაძის წინააღმდეგ ვფიქრობ, საქმე უნდა აღიძრასო.
როდესაც საქართველოს ჰყავს მუსულმანი მოსახლეობა, ნებისმიერ მეზობელ ქვეყანაში ისლამისტური ტენდენციების გაძლიერება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენთან ამ მიმართულებით არ მუშაობენ.