გაზსაცავის მშენებლობისთვის საქრთველოს მთავრობამ შეიძლება ახალი ვალი აიღოს. რამდენადაც საცავის მშენებლობა ათეულობით 200 მლნ დოლარზე მეტი დაჯდება, განიხილება მორიგი ევროობლიგაციების გამოშვება და მისი განთავსება საფონდო ბირჟებზე. ეს პროცესი საკმაოდ მალე უნდა დაიწყოს, რადგან სამოშაოების დაწყების ვადა 2018 წელია.
საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტი განვითარების მეორე ფაზაზე გადადის. პროექტის განმახორციელებელმა „საქართველოს ნავთობისა და გაზისკორპორაციამ“ უკვე მოიპოვა უფლება საჭირო საინჟინრო მომსახურება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეიძინოს.
ცნობილია, რომ საინჟინრო მომსახურების გასაწევად, ფასთა გამოკითხვის შედეგად, შეირჩა ფრანგული საკონსულტაციო კომპანია „ჯეოსტოკი“, რომელმაც სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 15-18 თვის ვადაში უნდა შესრულოს. გაზსაცავის განვითარების მეორე ფაზის დასრულების შემდეგ, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2018 წელს იგეგმება, ხოლო დასრულდება 2020-21 წლებისთვის.
გაზსაცავის მშენებლობის დაფინანსება განხორციელდება „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შიდა წყაროებიდან, ასევე საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული თანხებით. აღნიშნულ საკითხზე კორპორაცია აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს კომერციულ ბანკებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და კერძო კომპანიებთან, მათ შორის, კომპანია „სოკართანაც“. დაფინანსების ერთ-ერთ საშუალებად აგრეთვე განიხილება ევრობლიგაციების განთავსება საფონდო ბირჟებზე.
„ამ ეტაპზე უნდა ჩატარდეს დამატებითი გეოლოგიური ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი, რის საფუძველზეც მოხდება გაზსაცავის საბოლოო საინჟინრო პროექტის შემუშავება. სხვა საკითხებს შორის, სამუშაოები ითვალისწინებს საბადოზე ორი საკვლევი ჭაბურღილის პროექტის (მათ შორის, შესყიდვის ტექნიკური დავალების მომზადება) შემუშავებას, შესყიდვის პროცესში საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, ბურღვითი სამუშაოების სრული პროცესის ზედამხედველობას, ლაბორატორიული კვლევების წარმოებას და მის ზედამხედველობას. აგრეთვე, მიღებული შედეგების გათვალისწინებით, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ანგარიშისა და საინჟინრო პროექტის შევსებას-განახლებას“, - განუცხადეს „ჯიბისის“ კორპორაციაში.
როგორც ცნობილია, მიწისქვეშა გაზსაცავის აშენებით საქართველოს გაუჩნდება ბუნებრივი აირის სტრატეგიული რეზერვი. როგორც გაზსაცავის პროექტის კოორდინატორი და კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თემურ გოჩიტაშვილი ამბობს, რეგიონის ყველა ქვეყანას, საქართველოს გარდა, აქვს ასეთი საცავი.
„ჩვენ რეგიონში ასეთი 47 გაზსაცავია, რომლებიც განთავსებულია ირანში, აზებაიჯანში, სომხეთში, რუსეთში, უკრაინაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და თურქეთში. საცავის მშენებლობის მიზანია სტრატეგიული რეზერვის შექმნა, რომელიც გამოყენებული იქნება მოსახლეობისა და ენერგეტიკული ობიექტებისათვის გაზმომარაგების უწვეტად მიწოდებისთვის ისეთ კრიტიკულ სიტუაციებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურული ავარია, პოლიტიკური საბოტაჟი ან კონფლიქტი“, - აცხადებს თემურ გოჩიტაშვილი, რომლის თქმით, სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს სასარგებლო მოცულობა 210-280 მილიონი კუბური მეტრია, აშენების დადგემილი ვადა კი - 2020 წლის მეორე ნახევარი. რეზერვუარად შერჩეულია დაცლილი საბადოს ფორები და ნაპრალები, სადაც ამოღებამდე ნავთობი იყო. სწორედ აქ ზემოდან დაიჭირხნება ბუნებრივი აირი.
როგორც თემურ გოჩიტაშვილი ამბობს, გაზსაცავს ააშენებს კორპორაცია თავის სახსრებითა და მოზიდული ინვესტიციებით, თუმცა საკონტროლო პაკეტი ყველა შემთხვევაში დარჩება ქართულ კომპანიას - იქნება ეს თავად კორპორაცია ან მის მიერ დაარსებული შვილობილი კომპანია, რომელიც განახორციელებს სტრატეგიული რეზერვის განკარგვას.