პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელახალი მოლაპარაკების შედეგად მტკვარზე ელექტროსადგურისთვის შერჩეულ იქნება ადგილი, სადაც მშენებლობა გარემოს არ დააზიანებს.
„დაძრული იქნა ადგილიდან ისეთი მტკივნეული თემები, როგორიც იყო მაგალითად, მტკვარზე ელექტროსადგურის მშენებლობა და ახლიდან იქნება მოლაპარაკებული, კვლევებზე დაყრდნობით ისეთი ლოკაცია, რომელიც გარემოს არ დააზიანებს და მოიხსნება ის შეშფოთებები, რომელიც არის დღეს საზოგადოებაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კონკრეტულად მტკვრის რომელი მონაკვეთის ათვისებაზე შეთანხმდებიან თურქი და ქართველი სპეციალისტები, უცნობია. თუმცა For.ge ორი წლის წინ წერდა გარემოს დამცველების უკმაყოფილების შესახებ, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ თურქეთში არდაგანის პროვინციაში (საიდანაც სათავეს იღებს მტკვარი) დაუშვებელი იყო ჰიდროელექტროსადგურების კასკადის „ბეშიქ ჰაიას“ მშენებლობა.
ამ მშენებლობის წინააღმდეგ იმხანად თავად არდაგანელი თურქებიც გამოდიოდნენ, რადგან ეს ნიშნავდა მტკვრის კაპალოტის შეცვლას და ჭოროხის კალაპოტში მის გადაგდებას, რის შემდეგაც თურქეთიდან საქართველოში წამოსული მდინარის ნაცვლად მივიღებდით მშრალ ხევს.
მას შემდეგ, რაც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მტკვარზე ელექტროსადგურისთვის შეირჩეოდა ისეთი ადგილი, სადაც მშენებლობა გარემოს არ დააზიანებდა, გარემოს დამცველებში განსხვავებული მოსაზრება დაფიქსირდა.
„მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მტკვარზე დიდი ჰესის აშენება შეუძლებელია, რადგან ძველი პროექტი, რომელსაც წლების წინ ენერგეტიკის სამინისტრო განიხილავდა, ჰიდროელექტროსადგურის მხრიდან დიდი დატბორვით გამოირჩეოდა და საფრთხეს უქმნიდა ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, ვარძიის სახით. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღება ასე მარტივი არც ახლაა.
ნინო ჩხობაძის განმარტებით, მტკვრის ქვედა ნაწილში ისედაც შენდება ორი ჰესი-„მტკვარი 1“ და „მტკვარი 2“. რაც შეეხება ზედა ნაწილს, ანუ თურქეთის მხარეს, თურქებმა ააშენეს ძალიან დიდი წყალსაცავი თავის ტერიტორიაზე, რამაც უკვე შეგვიქმნა გარკვეული პრობლემები და მტკვარში წყალი აღარ შემოდიოდა.
„წყლის პერიოდული ნაკლებობიდან გამომდინარე, ასევე, კლიმატის ცვლილების ფონზე შეიძლება კვლავაც შემცირდეს წყალი და ეს ისევ იქნება პრობლემა. ამიტომ მტკვრის მდგომარეობა მუდმივი დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს. ეს გახლავთ ტრანსსასაზღვრო მდინარე და, სამწუხაროდ, ყველა ის მოლაპარაკება, რომელიც ეხება უშუალოდ მტკვრის ერთობლივ მოხმარებას თურქულ და ქართულ მხარეს შორის, ჯერჯერობით მოწესრიგებულად ვერ ჩაითვლება, რადგან ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, არ გაგვაჩნია მართვის გეგმა მტკვართან დაკავშირებით.
რაც შეეხება არდაგანის მოსახლეობას, მათ აშფოთებდათ ის ფაქტი, რომ აღარ ეყოფოდათ წყალი საკუთარ ტერიტორიაზე, რადგან წყალი ისედაც არ ყოფნიდა იმ ჰესებს, რომლებიც აშენდა მტკვრის სათავეში თურქეთის ტერიტორიაზე. ჩვენთვის ეს უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე არდაგანელებისთვის, რადგან ამაზეა დამოკიდებული შიდა ქართლის სარწყავი სისტემა. გადაკეტილი ლიახვის გამო ისედაც შემცირებულია სარწყავი სისტემა და მტკვარი ამარაგებს სარწყავი სისტემით შიდა ქართლს. როგორც კი ეს შეჩერდება, ან შემცირდება წყლის ნაკადი მტკვარში, ჩათვალეთ, რომ მთელ შიდა ქართლს გაუდაბნოება ელოდება“,-აღნიშნა ნინო ჩხობაძემ და განმარტა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკოსების ნაცვლად, სპეციალისტების მიერ დეტალურად უნდა განიხილებოდეს. მტკვართან დაკავშირებით უნდა შეიქმნას სერიოზული კომისია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თურქებისთვისაც პრობლემა გახდება, რადგან თურქები „ახერხებენ“ წყლის დირექტივის დარღვევას და ევროკავშირში შესვლას მათ ესეც ურთულებს.
For.ge-სთან საუბრისას მწვანეთა პარტიის ლიდერი, დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე მიესალმება პრემიერ კვირიკაშვილის ინიციატივას. იგი აცხადებს, რომ თავის დროზე მტკვრის სათავეებთან თურქეთი აპირებდა ჰიდროელექტროსადგურთა კასკადის „ბეშიქ ჰაიას“ აშენებას, რაც ჩვენთვის სახიფათო იყო.
იმ პერიოდში საქართველოში ჩამოვიდა არდაგანის ოლქის თურქული მოსახლეობა და „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენლებს შესჩივლა ამის თაობაზე, რადგან ისინი მისდევდნენ მეცხოველეობას, სოფლის მეურნეობას და წუხდნენ, რომ აღარ ექნებოდათ წყალი.
„პარალელურად, ჩვენთანაც საზღვარზე თურქეთიდან მტკვარში წყალი აღარ შემოვიდოდა და ჩვენ სერიოზული პრობლემები გვექნებოდა თბილისშიც. ასევე, აზერბაიჯანსაც პრობლემები ექნებოდა, რადგან მტკვარი აზერბაიჯანისთვის წყლის ძირითადი არტერიაა. ამიტომ ეს საკითხი დავსვით, მაშინ კახი კალაძე და სხვები ჩაერივნენ ამ ამბავში და საკითხი შეჩერდა. ახლა კი სასიხარულოა, პრემიერ-მინისტრი რომ ჩავიდა თურქეთში, ამ საკითხებზე იქნებოდა საუბარი და ისეთი აქცენტი გააკეთა პრემიერმა, როგორც ჩანს, არსებობს ალტერნატივა, რომ ერთობლივად დაიგეგმოს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ მტკვარზე ელექტროსადგურის მშენებლობა, ოღონდ ისე, რომ მტკვარში წყალი შენარჩუნდეს“,-აღნიშნა გიორგი გაჩეჩილაძემ.