არსებობს თუ არა საფრთხე, საქართველო აღმოჩნდეს ავტორიტარული მეზობლების რკალში მოქცეული?! ისლამის როლის გაძლიერებამ თურქეთში შესაძლოა სრულიად განსხვავებული გამოწვევები შექმნას საქართველოსთვის, რადგან თურქეთი თანდათან ემსგავსება ავტოკრატიული მმართველობისკენ მიდრეკილ სახელმწიფოს.
ამერიკის ყოფილი ელჩის კურტ ვოლკერის აზრით, რეჯეპ ერდოღანი სამხედრო გადატრიალების მცდელობამდეც უჩვენებდა მსოფლიოს ანტიდემოკრატიულ ტენდენციას. ახლა კი ერდოღანი ამ ინციდენტს სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის მოსახდენად გამოიყენებს.
პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი მაიკლ რუბინი კი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ დადგა ამერიკა-თურქეთის ურთიერთობა და აღნიშნული ურთიერთობა ამერიკასა და პაკისტანს შორის დამოკიდებულებას ემსგავსება. ეს კი ნიშნავს, რომ ვაშინგტონი აღიარებს, რომ თურქეთის სახით მას არ ჰყავს ერთგული მოკავშირე, თუმცა ყველაფერს გააკეთებს ამ ურთიერთობის შესანარჩუნებლად. რაც შეეხება თურქეთს, ამ ქვეყანაში დაიწყება ანტიამერიკანიზმის ტენდენცია, რაც ისევ და ისევ თურქეთის მთავრობიდან იქნება წამოსული.
რამდენად დამძიმდება საქართველოს მდგომარეობა ავტორიტარული მეზობლების რკალის შექმნის შემთხვევაში?!
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გამორიცხულია ქართულ-თურქულ ურთიერთობაში კრიზისი დადგეს, ვინაიდან თურქეთი ჯერ კიდევ ნატოს წევრია და რადიკალური ისლამის საფრთხე ჯერჯერობით არ დგას ამ ქვეყანაში.
პოლიტოლოგის განმარტებით, სამხედროების რეპრესიების, სხვადასხვა ავტორიტარული გამოვლინების მიუხედავად, ერდოღანი საკუთარ ქვეყანას ვერ დატოვებს ჯარის გარეშე. ხომ არ შეიძლება მთლიანად გააუქმოს გენერალური შტაბი, ან კიდევ საჰაერო ძალები? ამდენად, ახალი სამხედრო თაობა როცა მოვა, ის თაობა მაინც პროდასავლური იქნება ნატოს გამო. თანაც, საკადრო საკითხებში ბრიუსელი ძალზე აქტიურად ერევა. ასე რომ, ნატო სერიოზული გარანტია იმისა, რომ თურქეთი პროდასავლური დარჩება.
„ნატო არ არის გოლფის კლუბი ან იახტკლუბი, სადაც შედიხარ და შენს გუნებაზე ხარ, როგორც გინდა, ისე იქცევი და, როცა გინდა, მიატოვებ. სამხედრო თვალსაზრისით, ნატოს გარდა თურქეთს სხვა არჩევანი არ გააჩნია. ხოლო ნატო არის ძალზე მყარი გარანტი იმისთვის, რომ თურქეთი პოლიტიკურად პროდასავლური დარჩეს. პროდასავლური თურქეთი რელიგიურად ვერ იქნება რადიკალური ისლამის მიმდევარი, სადაც აფეთქებენ ტაძრებს, ხოცავენ ხალხს. ჟირინოვსკიმ ისიც თქვა, ადრე თუ გვიან სამხედროები ერდოღანს ბოლოს მაინც მოუღებენო. ჟირინოვსკი ჟირინოვსკია, მას პირადი ანგარიშები აქვს თურქეთთან. სტუდენტობისას ის აღმოსავლეთმცოდნეობის სპეციალისტი იყო, კომუნისტების დროს პრაქტიკას გადიოდა თურქეთში, საბჭოთა კავშირი რაღაც ობიექტს აშენებდა და ჟირინოვსკიც თარჯიმნობდა. თუმცა, პარალელურად, თურქ ბავშვებში ავრცელებდა ლენინის „ზნაჩოკებს“, რაც პროპაგანდად ჩაუთვალეს და დაიჭირეს. პუტკუნა რუსი იყო და თურქებმა ციხეში გაუერთიანეს ყველაფერი. ამბობენ, სექსუალურ ძალადობასაც ჰქონდა მის მიმართ ადგილი. ამიტომ მას პირადი ანგარიშები აქვს. თუმცა მისი ნათქვამი, რომ ერდოღანს ბოლოს მოუღებენ სამხედროები, გადაჭარბებულია“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ და შეკითხვის საპასუხოდ, მხოლოდ ჩრდილოელი მეზობელი რჩება საქართველოსთვის ავტორიტარულად, განმარტა - რასაკვირველია, თურქეთი შეიძლება გადაიქცეს ავტორიტარულად და აქეთკენ მიდის ყველაფერი. კონსტიტუციაში, ალბათ, შევა ცვლილებები, ერდოღანიც დიდ პოლიტიკურ უფლებებს მიიღებს, საპრეზიდენტო მმართველობად გადააქცევს საბოლოოდ თურქეთს, მაგრამ მეზობლებს არ ირჩევენ. როგორც წესი, საქართველოს მეზობლებში არ უმართლებდა.
ამდენად, სოსო ცინცაძის აზრით, ხატოვნად თუ ვიტყვით, სიტუაცია იქითკენ მიდის, რომ ავტორიტარიზმის რკალში მოექცევა საქართველო.
სავარაუდოდ, თურქეთის მიმართაც ამერიკას ისეთივე პოზიცია ექნება, როგორც პაკისტანთან მიმართებით. მართალია, პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადსა და ვაშინგტონს შორის პოლიტიკური კავშირი არსებობს, მაგრამ, ამავე დროს, ურთიერთუნდობლობაა.
„ყველაფერს თავი დავანებოთ, ამერიკამ იმხელა ოპერაცია ჩაატარა ბენ ლადენის ასაყვანად, რომ პაკისტანის მთავრობა არც კი გააფრთხილა. სამაგიეროდ, ამერიკელები იცავენ პაკისტანის ბირთვული იარაღის საწყობებს, რადგან როდის ჩაიგდებენ ისლამისტები პაკისტანის ბირთვულ ბომბს, არავინ იცის. სწორედ ასეთი ურთიერთობა შეიძლება ჩამოყალიბდეს თურქეთ-ამერიკას შორისაც, მაგრამ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, რადგან არავინ იცის, როგორ განვითარდება პროცესები“.
ექსპერტი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ისლამის როლის გაძლიერებამ თურქეთში შესაძლოა, განსხვავებული პროცესები წარმოშვას და ახალი გამოწვევები გააჩინოს საქართველო-თურქეთის ურთიერთობაში.
მისივე თქმით, არსებობს საფრთხე, საქართველო აღმოჩნდეს ავტორიტარული მეზობლების რკალში. ეს მაშინ, როცა თურქეთი წლების განმავლობაში განიხილებოდა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირედ, ნატოს მნიშვნელოვან წევრად და დასავლეთის მიერ თურქეთის მოკავშირის რანგში შემოყვანამ შეცვალა ისტორიული დამოკიდებულება თურქეთთან მიმართებით.