პორტალმა WikiLeaks-ის თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის 290 000 წერილი გამოაქვეყნა. საერთო ჯამში დაგეგმილია 500 000 დოკუმენტის და 300 000 ელექტრონული წერილის გასაჯაროება. უკვე გამოქვეყნებული ელექტრონული წერილები საერთაშორისო საკითხებს ეხება და ნაკლებად შეიცავს თემებს თურქეთის შიდა პოლიტიკაზე.
გასაჯაროებული დოკუმენტების თანახმად, ბოლო ელექტრონული შეტყობინება გაგზავნილი იყო მიმდინარე წლის 6 ივლისს, ყველაზე ძველი კი 2010 წლით არის დათარიღებული. WikiLeaks-მა თურქეთის მმართველი პარტიის ელექტრონული წერილების და დოკუმენტების გასაჯაროება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყანაში მასობრივი დაკავებები დაიწყო.
თუმცა, მას შემდეგ რაც მმართველი პარტიის წევრთა 300 000-მდე ელექტრონული წერილი გასაჯაროვდა, თურქეთის ხელისუფლებამ WikiLeaks-ის პორტალთან წვდომა დაბლოკა. თურქეთის კავშირგაბმულობისა და ტელეკომუნიკაციების საკითხთა საბჭომ განაცხადა, რომ ვებ-გვერდის წინააღმდეგ „ადმინისტრაციული ზომების“ შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.
პარალელურად, თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭომ ყველა მასწავლებელსა და მეცნიერს ქვეყნის დატოვება აუკრძალა. აკრძალავა ხელისუფლების მორიგ განკარგულებამდე იმოქმედებს. ამას გარდა, საბჭოს მოთხოვნით, უკვე საზღვარგარეთ მყოფი ყველა თურქი პედაგოგი და მეცნიერი უმოკლეს ვადებში თურქეთში უნდა დაბრუდნეს. 19 ივლისს თურქეთში განათლების სფეროს 15 ათასზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. თანამდებობა დაატოვებინეს უნივერსიტეტების დეკანებს.
თურქეთში არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ სამსახურიდან განთავისუფლებულთა და დაკავებულთა საერთო რაოდენობა 45 ათასს აჭარბებს. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ყველა დაკავებული და სამსახურიდან დათხოვილი ადამიანი აშშ-ში მცხოვრებ ოპოზიციონერ მუსლიმ ღვთისამსახურს, ფეთჰულა გიულენს უჭერს მხარს.
ანკარა ფეთჰულა გიულენს ამბოხის ორგანიზატორად ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. თავად გიულენი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს.
პარალელურად თურქეთის ტელევიზიისა და რადიოს უმაღლესმა საბჭომ რადიოსადგურებსა და სატელევიზიო არხებს, რომლებსაც, სავარაუდოდ, ფეთჰულაჰ გიულენთან აქვთ კავშირი, ლიცენზია ჩამოართვა. თურქეთის პარალელურად გიულენის სახელთან დაკავშირებული კერძო „კავკასიური უნივერსიტეტი“ დახურეს აზერბაიჯანში. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „ტურანის“ ინფორმაციით, მისი დამფუნძებლები გიულენთან დაკავშირებული პირები არიან, ხოლო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სპონსორი კომპანია „სოკარია“. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს აზერბაიჯანის მთავრობამ ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო სახელმწიფო უწყებებიდან იმ თანამშრომლების დათხოვნა, რომლებიც გიულენთან იყვნენ კავშირში და აღნიშნული გადაწყვეტილება სავარაუდოდ, თურქეთის თხოვნით მიიღო. ახლა უკვე საქართველოს ჯერია და ანალოგიური მოთხოვნის შემთხვევაში რა გადაწყვეტილებას მიიღეს ხელისუფლება უცნობია.
19 ივნისს, თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ აშშ-ს ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირებისთვის დამატებითი დოკუმენტები გაუგზავნა. თავად გიულენი, რომელიც ერდოღანის პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა ირწმუნება, რომ მას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან არავითარი კავშირი არ აქვს და მომხდარ ფაქტს გმობს. მან ასევე განაცხადა, რომ სამშობლოში ექსტრადაციისთვის მზად არის.
შეგახსენებთ, რომ საზოგადო მოღვაწე, ყოფილი იმამი და მქადაგებელი ფეთჰულაჰ გიულენი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია მსოფლიოში. მისი მეშვეობით უნივერსიტეტებისა და სკოლების ფართო ქსელი შეიქმნა, 160 ქვეყანაში ათასზე მეტი დაწესებულება, სადაც კურსდამთავრებულთა საერთო რაოდენობა რამდენიმე მილიონს აღწევს. 2008 წელს გიულენი ჟურნალმა Time-მა ის მსოფლიოში 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა.
მეზობელ თურქეთში აკრძალვების უზარმაზარი მანქანა მოქმედებს. მკაცრად კონტროლდებდა სახელმწიფო დაწესებულებები და მედია ორგანიზაციები. აშშ-ი და დასავლეთის ქვეყნები აკეთებენ შეფასებას, რომ თურქეთი სახიფათო გზით მიდის.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ თუ თურქეთი ამ გზაზე გააგრძელებს სიარულს, სავარაუდოა, რომ დასავლეთს გაუჭირდება თურქეთთან პარტნიორობა.
„ევროპული ღირებულებები გულისხმობს ბევრ ისეთ რამეს, რის გამოც დასავლეთი დამფრთხალია თურქეთის ნაბიჯებით სიკვდილით დასჯის წინ წამოწევის გამო. მაგრამ მეორე მხრივ, სიკვდილით დასჯა ამერიკის ზოგიერთ შტატშიც არის, არ იყენებენ, მაგრამ კანონი გაუქმებული არ არის. ამ შემთხვევაში ერდოღანს შეუძლია თქვას, რომ აგერ დასავლური დემოკრატიის ლიდერ ქვეყანას აქვს სიკვდილით დასჯა შენარჩუნებული. შეიძლება მუქარა ბევრი იყოს დასავლეთის მხრიდან და სრულიად სამართლიანი, მაგრამ მოახერხებს თუ არა დასავლეთი აიძულოს ერდოღანი, გადადგას რაღაცა ნაბიჯები, ეს ძნელი სათქმელია“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისივე თქმით, რასაც ერდოღანი აკეთებს, გამოწვეულია იმით, რომ ერდოღანმა იცის, დასავლეთისთვის თურქეთი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირიქით და ის ამ განსხვავებაზე თამაშობს.
„სამხედრო გადატრიალების ბრალდებით დაახლოებით იმდენივე მოსამართლე დაიჭირა, რამდენი სამხედროც. ახლა აფრთხილებს მეცნიერებს. იქ მედია აყვანილი აქვს კონტროლზე, პრაქტიკულად ყველა ეს ნაბიჯი ერთ წერტილში იყრის თავს. ერდოღანი ერთპიროვნულ მმართველობას ანმტკიცებს. მაგრამ რა საშუალებები მოიძებნება ამ პრობლემის გადაწყვეტისთვის, ამაზე ისედაც დაბნეულ ევროპას მგონია, რომ დღეს კიდევ უფრო გაუჭირდება პასუხი. ერდოღანმა იცის, რომ დასავლეთისთვის თურქეთი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თურქეთისთვის დასავლეთი“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.