მეჭიაურმა რკინის ქალამნები ჩაიცვა და „ტერიტორიების დასაბრუნებლად“ რუსეთს მიაშურა

მეჭიაურმა რკინის ქალამნები ჩაიცვა და „ტერიტორიების დასაბრუნებლად“ რუსეთს მიაშურა

„თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი აცხადებს, რომ ყირიმისა და სევასტოპოლის სანქციებთან საქართველოს შეერთება, საქართველოსთვის ზიანის მომტანი იქნება. დეპუტატი იმედოვნებს, რომ რუსეთი საპასუხო ნაბიჯებს არ გადადგამს ჩვენი პროდუქციის, კერძოდ ღვინის და ბორჯომის იმპორტის აკრძალვის მიმართულებით. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოზე დაწესებული სანქციები შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი.

for.ge თამაზ მეჭიაურს ესაუბრა, რომელიც ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის იგორ მოროზოვის მიწვევით მოსკოვში შეხვედრებს მართავს.

თამაზ მეჭიაური: საქართველო 6 ქვეყანასთან ერთად შეუერთდა ევროსაბჭოს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ რუსეთის დუმის ერთ-ერთმა დეპუტატმა შეიტანა წინადადება, რომ მთავრობამ მიიღოს საპასუხო ზომები და აკძალოს საქართველოდან ღვინის და „ბორჯომის“ შეტანა. ამასთან დაკავშირებით კოლეგებთან მქონდა შესაბამისი კონსულტაცია და დიდი იმედი მაქვს, ხელს არ შეუწყობენ ამ ანტირუსულ ფსიოქოზს.

მოგესენებათ, საქართველოში არიან ძალები, რომლებიც ეროვნულ ინტერესებზე არიან ორიენტირებული განსხვავებით დღევანდელი მმრათველი და ოპოზიციური პარტიებისაგან, რომლებიც ამერიკის ინტერესების გამტარებლები არიან საქართველოში და აი, ამ ანტირუსული განწყობით ხელი არ უნდა შეეშალათ ჩემი და მსგავსი პარტიებისათვის სიტუაციის დარეგულირების საქმეში.

რომელ თქვენს კოლეგასთან გქონდათ კონსულტაციები?

- ჩემი კოლეგებთან ფედერაციის საბჭოდან. მაქვს შეხვედრები და ვაცნობ ჩვენი პარტიის ამოცანებს, მიზნებს და მოთხოვნებს, რომ დარეგულირდეს ჩვენ შორის ურთიერთობები. გაერკვნენ სიტუაციაში და არ უერთდებიან იმ დეპუტატის ინიციატივას. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეს საკითხი ვერ გავა. მართალია, საქართველოს გადაწყვეტილებას არ მიიჩნევენ სწორად, თუმცა არ წამოეგებიან ამ პროვოკაციაზე და კიდევ უფრო არ დაამძიმებენ ჩვენ შორის არსებულ ურთიერთობებს.

თქვენი კოლეგები, ვისთანაც გაქვთ კონსულტაცია, როგორ აფასებენ საქართვერლოს გადაწყვეტილებას?

- ისინი თვლიან, რომ ეს სანქციები არასწორია, თუმცა ამ სანქციებთან მიერთებით არაფერი მათ არ აკლდებათ, უბრალოდ ეს გამაღიზიანებელია. გამაღიზიანებლად ვართ შეერთებული ამ სანქციებს, თორემ არანაირი დიდი იმპორტი ჩვენ არ გვაქვს, არც ყირიმიდან და არც სევასტოპოლიდან, რომელიც რაიმე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რუსეთის ეკონომიკაზე.

ვინც იღებს ამ გადაწყვეტილებებს, ის სხვა ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე უფრო იღებს გადაწყვეტილებას, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან დიდი საფრთხის შემცველია და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობას აყენებს საფრთხის ქვეშ. ღვინის გატანა თითქმის მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული და აქ ასეთი სახიფათო გადაწყვეტილებების მიღება დიდი რისკის მატარებელია და ვერანაირად ვერ კონპენსირდება ევროკავშირის მხრიდან ერთი მადლობით.

სერგი კაპანაძეს თქმით გადაწყვეტილება, აიკრძალოს ქართული ღვინო დაბორჯომი“ რუსულ ბაზარზე ნიშნავს, რომ რუსეთი ეკონომიკაზე პოლიტიკურ ბერკეტებს იყენებს და მის დამოკიდებულებაში საქართველოს მიმართ არაფერი იცვლება...

- ვიძახდი, რომ ფაქტიურად ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკა პრაქტიკულად არაფრით არ განსხვავდება წინა ხელისუფლების პოლიტიკისგან-თქო. დღევანდელი ხელისუფლება პრატიკულად მძევალია ძველი ხელისუფლების და იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც არანაირად არ არის გათვლილი ჩვენს ეროვნულ ინტერესზე და ჩვენი მოსახლეობის ინტერესზე. გათვლილი იმაზე, როგორ ასიამოვნონ ამერიკელებს და ევროპელებს.

თქვენი კოლეგები დაგპირდნენ, რომ ქართული ღვინოსა დაბორჯომის“ აკრძალვა არ მოხდება რუსულ ბაზარზე, მაგრამ რამდენად შესაძლებელია სიტყვაზე ენდოთ იმ ქვეყნის პოლიტიკას და პოლიტიკოსებს, რომლებსაც ოკუპირებული აქვთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, პოლიტიკოსებს, რომლებიც არ არიან სანდო პარტნიორები?

- რომ არ დავუჯეროთ რას მივიღებთ? მოლაპარაკებას და დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ არა მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაცვა, არამედ სხვისი ინტერესების გათვალისწინება. ამ პერიოდში ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ისე, როგორც ჩვენ, რუსეთსაც აქვს თავისი ინტერესები. ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ნატოში შესვლა შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს. ჯერ ერთი ვერ შევა, მაგრამ, თუ შევიდა, ეს შეიძლება დამთავრდეს იმითი, რომ საქართველომ, როგორც ქვეყანამ ფაქტიურად არსებობა შეწყვიტოს. ეს შედეგები მხოლოდ საქართველოსთვის არ იქნება კატასტროფილი, ეს რუსეთისთვისაც დიდად დამაზიანებელი იქნება.

ბატონო თამაზ რა სტატუსით და ვისი მიწვევით იმყოფებით მოსკოში?

- როგორც ახლადშექმნილი პარტიის ლიდერი მიწვეული ვარ ჩემი კოლეგების მიერ.

ვინ არიან თქვენი კოლეგები?

- ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი იგორ მოროზოვი. ასევე არიან სხავები, მაგრამ უბრალოდ ერთ-ერთი გითხარით. ეს არ არის ჩვენი პირველი შეხვედრა, ადრე იყო ჩამოსული თბილიში ეუთოს ასამბლეის ფარგლებში. არჩევნების შემდეგ ჩვენთანაც მოუწევთ უერთიერთობა, აქედან გამომდინარე მათ აინტერესებთ ჩვენი ხედვები.

ბატონო თამაზ, თქვენი განცხადებებიდან გამომდინარე, თქვენ გიწოდებენ პრორუსულ ძალას. ახლა, როდესაც რუსეთში იმყოფებით მზად ხართ იმ კრიტიკისთვის, რასაც ჰქვია პრორუსულობა?

- ანტიქართული ძალებისგან არანაირი კრიტიკის არ მეშინია. ადრეც არაერთხელ განვაცხადე, რომ საქართველოს ინტერესებისთვის წავალ ყველგან მოსალაპარაკებლად რუსეთშიც, ვაშინგტონშიც, შაჰის კარზეც, ისე როგორც ჩვენი წინაპრები დადიოდნენ. ასე რომ, მათ რაც უნდა ილაპარაკონ, ისინი უკვე წარსული არიან, უკვე ვეღარ მოახერხებენ ჩვენი მოსახელობის დაბოლებას. აქედან გამომდინარე, ჩემთვის საინტერესო არ არის ვინ რას განაცხადებს, მე გავაკეთებ ჩემს საქმეს, უფრო სწორად კეთილ სამეს.

ანუ, თქვენი რუსეთში ყოფნა არ ნიშნავს, რომ თქვენ პრორუსული ძალა ხართ და ასევე მისი ინტერესების გამტარებელი ქვეყენაში?

- თუ მინდოდა ჩუმად წავიდოდი, მე ამას ღიად ვაკეთებ და არ ვმალავ. ძალიან კარგად მესმის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი წყდება რუსეთში და არა ვაშინგტონში. რუსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ამ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. საქართველოში ნატოს ბაზები ვუფრიალოთ რუსეთს და მეორე მხრივ მოვითხოვოთ ტერიტორიების დაბრუნება, ეს არის ღალატი.

რატომ არის ღალატი? როდესაც ქვეყანა რუსეთისგან ითხოვს საკუთარი ტერიტორების დეოკუპაციას, ეს ღალატია ბატონო თამაზ?

- იციან მათ, რომ მხოლოდ მოთხოვნით და პარალელურად, ტანკებით დაშინებით ამ შედეგს ვერ მიაღწევენ, მაგრამ სამაგიეროდ ამას კარგად იყენებს დასავლეთი, კეძოდ აშშ საქართველოს იყენებს საფრთხობელად რუსეთის წინააღმდეგ. ასევე ძალიან კარგად იყენებს საქართველოს თავისი ჯარისკაცების მაგივრად სხვადასხვა ე.წ სამშვიდობო მისიებში დასახოცად. ყოველივე ამის სანაცვლოდ არფერს არ იძლევა, აი, ეს არის ღალატი. კონკრეტული მიზნით მოვდივარ და არ ვმალავ, რომ ჩემი საბოლოო მიზანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებთ რუსეთთან მოლაპარაკების გზით, ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარებას?

- რატომაც არა. უნდა დაამთავროს ხელისუფლებამ ილუზიებით ცხოვრება და მოლაპარაკებების გზით დაიწყოს რუსეთთან რაღაც გარკვეულ კომპრომისებზე მისვლა, თორემ მათი გაცხადებული ევროატლანტიკური კურსის უკვე ბავშვსაც აღარ სჯერა. ვერ უყურებთ, რომ ერთმანეთისთვის ვერ მოუვლიათ ნატოს წევრ ქვეყნებს, თუმცა, არც აქამდე ჰქონდათ დალაგებული ურთიერთობა. თავისი ურთიერთობები ვერ დაულაგებიათ და ჩვენ რას დაგვილაგებენ ეგენი.