მორიგი შანტაჟი თუ რეალობა - რუსეთის დუმა „ბორჯომისა“ ქართული ღვინის ექსპორტის აკრძალვას ითხოვს

მორიგი შანტაჟი თუ რეალობა - რუსეთის დუმა „ბორჯომისა“ ქართული ღვინის ექსპორტის აკრძალვას ითხოვს

რუსეთის სახელმწიფო დუმა მთავრობას საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის „ბორჯომის“ იმპორტის აკრძალვას სთხოვს და შესაბამისს მიმართვას ამზადებს, ქართული მხარე კი, რუსული ბაზრისა და ქართულ-რუსული დიალოგის შენარჩუნების მნიშვნელობაზე აპელირებს.

რუსი კანონმდებლების გაღიზიანება საქართველოს იმ გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლითაც, ქვეყანა ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს ჯერ კიდევ 2014 წელს მიუერთდა. ევროკავშირმა სანქციები 2017 წლამდე გაახანგძლივა, რაც დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის განაწყენების მიზეზი გახდა, რომელიც რუსული მედიის ინფორმაციით, განცხადებას ამზადებს, რათა დაგმობილი იქნეს საქართველოს, მონტენეგროს, ალბანეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიისა და უკრაინის გადაწყვეტილება, რომელთაც სანქციების გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.

კომიტეტის წევრის, იან ზელინსკის ცნობით, კომიტეტი ანალოგიური ზომების მიღების მიზნით, რუსეთის მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს.

„ვალდებული ვართ, რეაგირება მოვახდინოთ, რადგან ამ ქვეყნებმა სისულელე ჩაიდინეს და ისინი რუსული საპასუხო ზომებისგან გაცილებით უფრო მეტად დაზარალდებიან“, - აცხადებს ზელინსკი.

ქართული ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტის თვალსაზრისით, საგარეო ბაზრის თუ რა წილი უკავია რუსეთს, ეს პროცენტული მაჩვენებელი ქართველ კანონმდებლებს არ ახსოვთ, თუმცა, ისინი დუმის მიმართვას პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად აფასებენ.

ახალი პოლიტიკური ცენტრის - „გირჩი“-ს წევრის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ღვინისა და „ბორჯომის“ ექსპორტიდან რუსეთზე მნიშვნელოვანი წილი მოდის.

for.ge-სთან საუბარში ჯაფარიძეს იმის პროგნოზი უჭირს, რუსეთის მთავრობის მიერ დუმის მიმართვა რამდენად შესრულებადია, თუმცა, დეპუტატი არც იმას გამორიცხავს, რომ მოსკოვის მხრიდან ადგილი ჰქონდეს საქართველოს დაშანტაჟებას ან დაშინებას.

„შეიძლება, ბაზარი ისევ ისე ჩაკეტონ, როგორც ეს ადრე მოხდა. მთავარი პრობლემა ისაა, რომ რუსეთის ბაზარი არაპროგნოზირებადია. შეიძლება ითქვას, რომ კრემლის ხელში ტურისტების გასვლა-გამოსვლა და ეკონომიკური ურთიერთობა იარაღია. შესაბამისად, მათ თავში როდის რა მოუვათ, არავინ  იცის. ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ფოკუსირება იმაზე ხდებოდა, რომ რუსეთის ბაზარი გაიხსნება და გვეშველებაო, მაგრამ ეს აპრიორში მცდარი იყო, რადგან საფრთხე ყოველთვისაა იმის, რომ ეს საქართველოს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ქართულმა მხარემ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა არ უნდა გაართულოს, მაგრამ საქართველოს აქცენტი სხვა ბაზრებზე უნდა ჰქონდეს გადატანილი“, - აცხადებს ჯაფარიძე.

ბაზრების დივერსიფიცირებაზე აქცენტირებს ნაციონალი მიხეილ მაჭავარიანიც, რომელი ხელისუფლებას ამერიკისა და ჩინეთის ბაზრების ათვისებას ურჩევს.

როგორც for.ge-ს მაჭავარიანმა განუცხადა, რუსული ბაზარის ათვისება მნიშვნელოვანია, მაგრამ ორიენტაცია აღებული პოლიტიზირებულ რუსულ ბაზარზე არ უნდა იყოს.

„ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ და ბაზრები ასათვისებელია. 2012 წელს, ბარაკ ობამამ გამოაცხადა, რომ ამერიკა მზად იყო, საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობაზე საუბრები დაეწყო. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ აქცენტი პოლიტიზირებულ, 100 მილიონიან რუსულ ბაზარზე გააკეთა და არა ამერიკის 300 მილიონიან ბაზარზე. 2014 წელს, რუსეთში მინერალური წყლისა და ღვინის დიდი ნაკადი გავიდა, მაგრამ შემდეგ წლებში ეს მონაცემი შემცირდა, რადგან რუსეთში საკმაოდ რთული ეკონომიკური მდგომარეობაა და გამოჩნდა, რომ რუსეთზე აქცენტის გაკეთება არასწორი იყო“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.

დეპუტატს პროგნოზის გაკეთება უჭირს, რუსეთის მთავრობა გაითვალისწინებს თუ არა დუმის განცხადებას.

„პრობლემა ისაა, რომ ჩვენ იმაზე ვართ დამოკიდებული, მთავრობა გაითვალისწინებს თუ არა მიმართვას. სამი-ოთხი წელი ევროპის, ჩინეთისა და ამერიკის ბაზრების დასამკვიდრებლად უნდა გამოგვეყენებინა. როცა სააკაშვილი ჩინურ ბაზარზე საუბრობდა, ივანიშვილი ამბობდა, რომ ჩინეთში ღვინოს არ სვამენო. ჩინეთში ღვინის გატანა გაორმაგებულია, რუსეთი კი, ფალსიფიკაციისთვის ძალიან სახიფათოა. 2006 წლიდან დიდი სამუშაო ჩატარდა, რომ საქართველოში ფალსიფიცირებული ღვინო აღარ წარმოებულიყო. რუსულ ბაზარზე საეჭვო წარმოების ღვინოები ისევ გამოჩნდა“, - აცხადებს მაჭავარიანი.

მაჭავარიანის საპასუხოდ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ჩინეთის ბაზრის ათვისებაზე ზრუნავს და ქართული ღვინო დიდი რაოდენობით ამერიკაშიც შედის.

for.ge-სთან საუბარში ტყემალაძე ყურადღებას ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე ამახვილებს და ამბობს, რომ საქართველო საერთაშორისო საკითხებში უნდა მონაწილეობდეს, მაგრამ გათვალისწინებული ის მდგომარეობა უნდა იყოს, თუ რა უკუქმედება შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ ნაბიჯს ქვეყნის ეკონომიკისთვის.

„სანქციები გაგრძელდა, რომელზეც მიერთებული ვიყავით. ვიმედოვნებ, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ სერიოზული დაფიქსირებისა და მსჯელობის გარეშე მიიღო. გაგრძელება რამდენად საჭირო იყო, ამაზე მთავრობამ უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ უნდა მიიღოს და არა მის საზიანოდ“, - აცხადებს ტყემალაძე.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ მეღვინეობის დარგს სერიოზული მოფრთხილება სჭირდება და გადაწყვეტილება ისე უნდა იქნეს მიღებული, რომ მეღვინეობა არ დაზარალდეს.

ტყემალაძისგან განსხვავებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ფიქრობს, რომ საქართველოს შიდა პრობლემის გათვალისწინებით, ქართული მხარის მხრიდან სანქციებზე მიერთება ლოგიკური იყო.

როგორც for.ge-ს ვოლსკიმ განუცხადა, 2014 წელს, საქართველო სანქციებს მიუერთდა და ამის გამო რუსეთის სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებში გამოხატული იქნა ნეგატიური დამოკიდებულება.

„ეს თემა ადვილი არც შიგნით - ჩვენთან არ ყოფილა, როცა ნაციონალები მუდმივად იმაზე აპელირებდნენ, რომ რუსეთთან ყველანაირი მოლაპარაკება უნდა შეწყდეს. ასევე რუსეთში ის პოლიტიკური ჯგუფები ყოველთვის იყვნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები არ უნდა იმართებოდეს არც ეკონომიკური და არც პოლიტიკურ საკითხებზე. ამ შემთხვევაში, მათ შორის ნებით თუ უნებლიე კიდევ ერთი დამთხვევაა. მოლაპარაკებების თემა ყოველთვის ბეწვის ხიდზე კიდია და ჩვენთვის ბაზრის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, ხოლო რუსებისთვის მნიშვნელოვანი დიალოგის რეჟიმია ქართულ მხარესთან, რაც პრაგმატული დამოკიდებულებაა. ჩვენს პოზიციებში სიახლე არაფერია და ძალიან კარგად იციან, რომ ყირიმიდან და სევასტოპოლიდან პროდუქციას ვერ მივიღებთ“, - აცხადებს ვოლსკი.

კანონმდებელის შეფასებით, ნაციონალების დროს ქართული ღვინისთვის პრაქტიკულად არაფერი არ არსებობდა.

„ნაციონალების დროს, ღვინის 98 პროცენტი რუსეთში, უკრაინასა და მოლოდვაში გადიოდა. ამჟამად, ბაზარი დივერსიფიცირებულია, პროდუქტი 32 ევროპულ ქვეყანაში გადის და ეს თვალშისაცემია. გაორმაგებულია პროდუქციის გასვლა როგორც ევროპულ, ასევე ჩინურ ბაზარზე და საზოგადოებაში შეცდომაში შეჰყვათ. ასეთი მაშსტაბის დივერსიფიცირება საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა“, - დასძინა ვოლსკიმ.

რაც შეეხება რუსეთში გასულ ქართული ღვინისა და მინერალური წყლის პროცენტულ მაჩვენებელს, ამის თაობაზე for.ge-მ ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე მოიძია. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების სიაში ჩინეთისა და თურქეთის შემდეგ მესამე ადგილზეა და მას 8.7 პროცენტი უკავია, რაც თანხობრივ მაჩვენებელში 82 238.3 აშშ დოლარში გამოიხატება. კერძოდ, 2016 წელს, რუსეთში ყურძნის ნატურალური ღვინოებიდან შემოსულმა თანხამ - 22 231.0 აშშ დოლარი შეადგინა, ანუ, ქვეყნიდან 7 883.2 ტონა ღვინო გავიდა. მინერალური და მტკნარი წყლების შემთხვევაში კი, რუსეთში 26 585.6 ტონა პრუდუქცია გავიდა და სანაცვლოდ, ქვეყანაში - 17 999.9 აშშ დოლარი შემოვიდა.

რუსეთის მთავრობა გაითვალისწინებს თუ არა დუმის მიმართვას, ამის პროგნოზი რთულია, თუმცა, საქართველომ რუსული ემბარგოს გზა 2006 წელს უკვე გაიარა.