ყველაზე დიდი მინუსი სავაჭრო ბალანსში

ყველაზე დიდი მინუსი სავაჭრო ბალანსში

ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა კატასტროფულია. საზღვარგარეთის ბაზრებზე ქართული პროდუქტი სულ უფრო ცოტა იყიდება, სამაგიეროდ, ქვეყანა მთლიანად გადაერთო უცხოური პროდუქტის მოხმარებაზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მთლიანობაში 2016 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5,705 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 948 დოლარი იყო (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 4,757 მილიარდი დოლარი (30 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ივნისში 3,809 მილიარდი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 67 პროცენტი შეადგინა. ეს ისტორიულად ყველაზე დიდი სხვაობაა.

გამომდინარე იქიდან, რომ C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებების იმპორტი კანადიდან ხორციელდება, საქართველოს 10 უმსხვილესი ქვეყნის სათავეში სწორედ ეს ქვეყანა მოექცა (1,3 მილიარდი დოლარი), მეორე ადგილს იკავებს თურქეთი (778 მილიონი დოალრი) და რუსეთი (390 მილიონი დოლარი).

წლის პირველ ნახევარში სულ ორი პროდუქტის ექსპორტი გაიზარდა, ესენია: სპილენძის მადნები - 148 მილიონი დოლარი (28 მილიონი დოლარით მეტი) და ღვინო - 46,2 მილიონი დოლარი (7 მილიონი დოლარით მეტი).

საექსპორტო ათეულში შემავალი ყველა დანარჩენი პროდუქტი ისევ ვარდნას განიცდის: 24 მილიონი დოლარით შემცირდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი (75 მილიონი დოლარს), 36 მილიონი დოლარით ფეროშენადნობები (74 მილიონი დოლარი), 4 მილიონი დოლარით თხილი და კაკალი (69 მილიონი დოლარი), 5 მილიონი დოლარით მინერალური წყლები (40 მილიონი დოლარი).

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ უარყოფითი სავაჭრო სალდო მკვეთრი გაუარესება C ჰეპატიტის სამთავრობო პროგრამის „ბრალია“.

„საიმპორტო საქონელთა ჯგუფში ლიდერობს სამკურნალოსაშუალებები, რომელთაც მთლიანი იმპორტის 34%-ი უჭირავს (1614მლნ დოლარი). ამ ჯგუფში კი „ლომის წილი“ მოდის C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტზე (1486 მლნ დოლარი). რომელიც საქართველოს მთავრობას საჩუქრად გადაეცა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა იმპორტ-ექსპორტის ბოლო მონაცემების მნიშვნელოვანი კორექტირება.

ასევე გასათვალისწინებელია ნავთობპროდუქტების იმპორტი, რომელსაც უმსხვილეს საიმპორტო საქონელთა ჩამონათვალში მეორე ადგილი უჭირავს (243 მლნ დოლარი), რაც საერთო იმპორტის რაოდენობის 5%-ს აღწევს. ასევე აღსანიშნავია, რომ პირველი კვარტლის შემდეგ ქვეყანაში საწვავის მოხმარება საგრძნობლად იზრდება, რაც თავის მხრივ ზრდის ქვეყანაში ნავთობპროდუქტების იმპორტს. ამას ცხადყობს მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც ნავთობპროდუქტების იმპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,3%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ექსპორტის შემცირებას, ამ მიმართულებით საერთო კლების მაჩვენებელზე დიდი გავლენა იქონია ავტომობილების რეექსპორტის შემცირებამ. რაც გამოიწვია რიგი საექსპორტო ბაზრების დაკეტვამ. საქართველოში იმპორტირებული ავტომობილები, რეექსპორტზე ძირითადად გადიოდა აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრებზე. შარშან აზერბაიჯანში ევრო-4-ის სტანდარტის შემოღებამ, მნიშვნელოვანად შეამცირა ამ ქვეყანაში, საქართველოდან იმპორტირებული ავტომობილების ნაკადი. სომხეთის ბაზარი კი, პრაქტიკულად, ჩაიკეტა, ამ ქვეყნის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შემდეგ.

წლის ბოლომდე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეკონომიკა და საექსპორტო საქონელი მეტ-მაკლებად სეზონურია, სავარაუდოა, რომ შემდეგი თვეები ექსპორტის წახალისებისა და გაზრდის კუთხით უფრო აქტიური უნდა გამოდგეს“, - აცხადებს აფბა-ს ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი.

აღსანიშნავია თვალშისაცემი კლება ევროკავშირის მიმართულებით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 6 თვის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში 226 მილიონი დოლარის პროდუქტი გავიდა და ეს 22-პროცენტიან კლებას შეესაბამება. ამის საპირისპიროდ ისევ იზრდება იმპორტი, რომელიც ორი კვარტლის მონაცემებით 1,168 მილიარდი დოლარია (4 პროცენტით მეტი). აქედან გამომდინარე, ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტის 25 პროცენტის ფარგლებშია.

რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, ამ გაერთიანებასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1,153 მილიარდ დოლარს შეადგენს და მცირდება როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტიც. წლის პირველ ნახევარში დსთ-ში, შარშანდელთან შედარებით, 29 პროცენტით ნაკლები პროდუქტი გავიდა, ხოლო იქიდან 8 პროცენტით ნაკლები შემოვიდა. ამ შემთხვევაში დსთ-ის ქვეყნებზე სავაჭრო დეფიციტი 15 პროცენტია.