უპრეცედენტო გადაწყვეტილება - ქართველმა პატიმრებმა საპრობაციო ვადა შესაძლოა, საქართველოში მოიხადონ

უპრეცედენტო გადაწყვეტილება - ქართველმა პატიმრებმა საპრობაციო ვადა შესაძლოა, საქართველოში მოიხადონ

თურქეთში მყოფმა ქართველმა პატიმრებმა საპრობაციო ვადა შესაძლოა, საქართველოში მოიხადონ. გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების მინისტრისა და თურქეთის იუსტიციის მინისტრის შეხვედრაზე იქნა მიღებული. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები განიხილეს და ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. კახა კახიშვილმა ბექირ ბოზდაის საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმები და გამოწვევები გააცნო.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს პრობაციასთან დაკავშირებული საკითხები, ვინაიდან თურქული კანონმდებლობით, პირი, რომელიც ტოვებს ციხეს, ვალდებულია ბინა იქირაოს და თურქეთში იცხოვროს, რაც გარკვეულ პრობლემასთან არის დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. კახიშვილმა თურქეთის იუსტიციის მინისტრისგან მიიღო დაპირება, რომ ამ საკითხს განიხილავენ.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ასევე დეკემბერში, რომლის შედეგადაც მოხდა გარკვეული შეღავათების დაწესება საქართველოს მოქალაქე პატიმრებისთვის, რომლებიც სასჯელს იხდიან თურქეთის რესპუბლიკაში. ბუნებრივია, ვთანამშრომლობთ და არავისთვის არის დასამალი, რომ გარკვეულ შეღავათებს ვუკეთებთ თურქ მოქალაქე პატიმრებს.

განვიხილეთ საპრობაციო საკითები, ვინაიდან თურქული კანონმდებლობით, ადამიანი, რომელიც ტოვებს ციხეს, ვალდებულია ბინა იქირაოს და აქ იცხოვროს, რაც გარკვეულ პრობლემასთან არის დაკავშირებული. ამიტომ, თურქეთის მინისტრმა გვითხრა, რომ საპრობაციო ვადა საქართველოში მოიხადოს ადამიანმა“, - აღნიშნა კახი კახიშვილმა.

უპრეცედენტო გადაწყვეტილება - ასე აფასებენ ქართულ-თურქულ შეთანხმებას სამართლის ექსპერტები.

საერთაშორისო სამართლის ექსპერტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ ეს უპრეცედნტო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია თავად პრობაციონერისთვის, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში მიეცემა საშუალება ადაპტაცია და რესოციალიზაცია მოახდინოს წარსულ ცხოვრებასთან.

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვტილებაა, რადგან თურქული კანონმდებლობით ისინი ვალდებული არიან იყვნენ თურქეთის ტერიტორაზე, თქვენ წარმოიდგინეთ მათ უწევთ ბინის ქირაობა, ეს უკვე თავისთავად ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული, რადგან ასე ადვილი არ არის სამუშაოს მოძებნა, ქირის და გადასახადების გადახდა, თავის რჩენა, რაც დამატებით რისკებთან არის დაკავშირებული.

ეს სისტემა იცვლება და ახლა მათ სამშობლოში დაბრუნების საშუალება ეძლევათ, ეს მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. პრობაცია ადამიანს სჭირდება იმისთვის, რომ ადაპტაცია და რესოციალიზაცია მოახდინოს ძველ ცხოვრებასთან და ოჯახის წევრებთან.

ამაში, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებს ხელს არ შუწყობდა თურქეთში დარჩენა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა არა მარტო ქართველი პატიმრებისთვის, არამედ მათი ოჯახის წევრებისთვისაც. აბსოლუტურად სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო კახი კახიშვილმა და კარგია, რომ ამას თურქული მხარე დაეთანხმა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრია.

სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი ამბობს,რომ სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, ქვეყანას მოსთხოვოს თავისი მოქალაქის გადმოცემა და სასჯელის ადგილზე მოხდა. შესაბამისად, თუკი საუბარია პრობაციაზე, ალაფიშვილის განცხადებით, ამდაგვარი გადაწყვეტილება და მექანიზმების შექმნა პოზიტიურია.

„ჩვენი კონსტიტუციით სახელმწიფოს ვალდებულებაა მისი მოქალაქეების მფარველობა, რაც პირველ რიგში, გამოიხატება სამართლებრივ დახმარებაში. როდესაც სახელმწიფო ახალი მიდგომითა და მექანიზმების დანერგვით ასრულებს ვალდებულებებს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ ეს პრეცედენტული გადაწყვეტილება შეიძლება სამომავლოდ სხვა სახელმწიფოებზეც გავრცელდეს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.