რატომ ჩავარდა ეკონომიკური განხრის არაერთი კანონპროექტი ამ მოწვევის პარლამენტში, რატომ არ ჰქონდათ დღევანდელ პარლამენტარებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინიციატივები და ხომ არ ბლოკავდა ამ ყველაფერს აღმასრულებელი ხელისუფლების ნება?!
ამ საკითხებთან დაკავშირებით For.ge-ს ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი დავით ასლანიშვილი ესაუბრა.
ანტიდემპინგური კანონი, ონლაინსესხების კომპანიების რეგულაცია, მომხმარებელთა კანონი, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა, სავადებულო ტექდათვალიერების შემოღება, - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომლის დამტკიცებაც ამ მოწვევის პარლამენტარებმა მომავალი მოწვევის კოლეგებს გადაულოცეს. რატომ ვერ იმუშავა ჯეროვნად პარლამენტის ეკონომიკურმა გუნდმა?
- მათ საკმაოდ რთულ პირობებში მოუწიათ მუშაობა. ეს იყო ერთი პოლიტიკური წყობიდან მეორეზე, სრულიად განსხვავებულ მოდელზე გადასვლა. აქ იყო პრობლემები კოაბიტაციის, ადამიანის უფლებების, გლობალური გამოწვევების მხრივ. ამიტომ პირდაპირ დავადანაშაულოთ პარლამენტი, რომ მას არ ჰქონდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური გარღვევის ინიციატივა, არ იქნება მართებული. ამ პარლამენტმა გამოწვევებს მეტ-ნაკლებად უპასუხა. ეს პარლამენტი სულ სხვა სტრუქტურის, შემადგენლობისა და გამოწვევებისთვის იყო არჩეული 2012 წელს და იქ ნამდვილად არ იყო ეკონომიკური პრობლემატიკა წამოწეული.
რაც შეეხება ეკონომიკურ ინიციატივებს, ეს ინიციატივები მრავლად იყო ამ პარლამენტში, თუმცა შედეგის გარეშე.
- შესაძლოა, ვიმსჯელოთ, რამდენად შეეძლო ამ პარლამენტს გამოესწორებინა მძიმე დანატოვარი. საუბარია საფონდო ბაზარზე, ფინანსურ სფეროში გამოწვევებზე, ეკონომიკური ზრდის კუთხით პრობლემებზე. ეს მძიმე პრობლემები ამ პარლამენტმა სრულფასოვნად ვერ გამოასწორა და ეს არც იყო მათი პრიორიტეტული საკითხი. თუმცა შეეძლოთ შეეცვალათ კანონი საფონდო ბაზრის, ინვესტიციების რეგულირების, ონლაინსესხების შესახებ. გარდა ამისა, ახლად ამოქმედებული კონსტიტუციით, გაურკვეველი იყო, ვისი ინიციატივისთვის დაეჭირათ მხარი - პრეზიდენტისთვის, პრემიერისთვის?! ეს იყო კოალიციური პარლამენტი, სადაც ხმების უმრავლესობის შეკრება საკმაოდ რთული იყო. თუმცა დემოკრატიული ნიშნებით აშკარად წინ იყვნენ. შეუდარებელია ამ პარლამენტის შემადგენლობა წინა პარლამენტთან, სადაც ერთი ხელის მოსმით წყდებოდა ყველაფერი.
მომავალ პარალმენტში რა საკითხებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, რომ ეკონომიკურ მდგომარეობას ხელი შეუწყონ?
- მთავარია, გლობალური გამოწვევების ფონზე მშვიდობიანად ჩავატაროთ ეს არჩევნები. ვგულისხმობ თურქეთს, რუსეთს, უკრაინას, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს. თუ ეს ყველაფერი კარგად ჩატარდა, მაშინ ჩვენი პირველი გამოწვევა იქნება საქართველოს ეკონომიკა, რომელიც მძიმე ვითარებაშია. ფაქტობრივად, ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყნის ეკონომიკა არ გაგვაჩნია, ჩვენ ვართ გარკვეული დანამატი, თუმცა კარგად ვერ გავრკვეულვართ, რისი დანამატი ვართ. ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვვარდებით. მახსენდება ექსპრემიერ ღარიბაშვილის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში პროგრამა, რომელიც ახლა ჩანაცვლდა სტარტაპით და ინოვაციური გამოწვევით, ანუ თანმიმდევრობა არ ჩანს. პატარა განუვითარებელი ეკონომიკა გვაქვს. ასეთ სიტუაციაში ნოყიერი ნიადაგია და რამდენიმე მსხვილმა ბიზნესჯგუფმა დაიმკვიდრა კიდეც ადგილი მზის ქვეშ ამ ოცი წლის განმავლობაში. მათ ხელში ჩაიგდეს ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა. ამ მხრივ ეს გამოწვევა იქნება და არ ვიცი, რამდენად გაართმევს თავს ახალი პარლამენტი. ცხადია, ამ პარლამენტმა ეს გამოწვევა არ შეასულა. ჩვენ არ ვიცით, რა ფაქტორებით იყო ეს განპირობებული.
ამის მიზეზი სუსტი ეკონომიკური ჯგუფი ხომ არ იყო, რომელთაც ერთიანი ხედვა არ ჰქონდათ?
- საქართველოში სჩვევიათ უკიდურესობა რაღაც მიმართულებით. მაგალითად, ექსპრეზიდენტ სააკაშვილიდან მოყოლებული, გადატენილია ყველა სფერო იურისტებით - ეროვნული ბანკი, ენერგეტიკის სამინისტრო, სემეკი, რომელიც მეორე იურისტთა ასოციაციად არის ქცეული. არაპროფესიონალებით დაკომპლექტება შემორჩათ წინა მთავრობისგან. სავარაუდოდ, ეს იყო გარდამავალი ეტაპის პარლამენტი, ვიდრე გარღვევაზე ორიენტირებული.
ყველაზე საჩქარო რა იქნება შემდგომი პარლამენტისთვის?
- ყველაზე საჩქარო ეს არის ლართან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება. მოგეხსენებათ, თუკი მოსახლეობას უჩნდება ლარის მასა, ავტომატურად ხდება მისი დახურდავება უცხოურ ვალუტაზე. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტმა შეცვალოს მისი წინამორბედი პარლამენტარების მიერ მიღებული კანონები, მათ შორის, სახელმწიფო ვალის შესახებ, სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე უნდა იყოს წვდომა. ფული თუ მიჩნდება, უნდა მქონდეს კიდეც შესაძლებლობა, ჩავდო ეს ფული სადმე ლარში. ავტომატურად ეს ნიშნავს ნიადაგს ლარის სტაბილურობისთვის.
გარდა ამისა, ქართული კომპანიები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი საფონდო ბაზრით. ამ დროს კი ჩვენი კომპანიები გარბიან უცხოეთში, ეს კარგია, მაგრამ რა დააშავა ადგილობრივმა მოსახლეობამ და რატომ არ უნდა ჰქონდეს მათ საშუალება, დააბანდონ ფული საბანკო მონოპოლიის გვერდის ავლით ფასიან ქაღალდებში? ამას საკუთარი კანონებით ხელს უწყობს ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო.
ეს რგოლი გასარღვევია. ეროვნული ბანკისგან ჩამოსაცილებელია მისთვის არადამახასიათებელი ფუნქციები. ეროვნულმა ბანკმა საფონდო ბირჟა თავიდან ბოლომდე დაუქვემდებარა და აჩუქა კომერციულ ბანკებს, ანუ კონკურენტ სფეროს. საბროკერო კომპანიებად გვევლინებიან კომერციული ბანკები, რადგან მათ საკუთრებაშია საბროკერო კომპანიები. ამიტომ კონკურენტულ სფეროს ისინი არ განავითარებენ.
მესამე, აუცილებელია პატრიოტიზმის გრძნობის ამაღლება. არ მახსენდება, რომ ამერიკის პრეზიდენტს, სენატის წევრებს ჰქონოდეთ თავიანთი დანაზოგები უცხოურ ვალუტაში. ეს ნორმალურად არ მიმაჩნია. საქართველოს პარლამენტის წევრებს, მათ ნათესავებს, მთავრობის წევრებს რატომ აქვთ უცხოურ ვალუტაში დანაზოგი? თუ ისინი ემსახურებიან საქართველოს ეკონომიკას და არიან საქართველოს სახელმწიფო მოხელეები, მაშინ შესწირონ ეს ინტერესები თავიანთ ქვეყანას. თუ ეს ხალხი ჩვენ არ გვემსახურება, მაშინ წაბრძანდნენ ამერიკაში, ევროპაში და თავიანთი დანაზოგით ემსახურონ იმ ქვეყნებს. ამას თუ მიხედავენ, ლარის თემა საქართველოში დავიწყებული იქნება და ჩვენ გვექნება უფრო კარგი ვალუტა. პარლამენტს ამ ყველაფრის გამოსწორება ხელეწიფება.
სახელმწიფო ვალის შესახებ კანონი მათ მიერ არის მიღებული, გააფუჭეს ეს კანონი და არ ასწორებენ. მათ მიერ არის მიღებული, ასევე, კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, ეროვნულ ბანკს დაუქვემდებარეს და არც ამას ასწორებენ. მათ მიერ გაუქმებულია ფასიანი ქაღალდების კომისია და არ უნდათ შექმნან სხვა რეგულატორები. ამ დროს კი აღებული გვაქვს 15 მილიარდ დოლარამდე ვალი და მომდევნო ათი წლის მანძილზე გვიწევს 24-მილიარდიანი დოლარის გადახდა თავისი პროცენტებით. მაშინ ვანგრიოთ ყოველ წელს ეროვნული ვალუტა და ვიყოთ აწიოკებულნი.
„ოცნების“ მიერ წარმოდგენილი, იურისტებით დაკომპლექტებული ახალი გუნდი, სადაც არ ჩანდნენ ეკონომისტები, წარმატებულად იმუშავებს?
- მე მგონი, არც ერთი ეკონომისტი არ არის იმ გუნდში. იმედია, ეკონომიკის დარგის სპეციალისტებს დაამატებენ „ოცნების“ სიაში. მსახიობი იყო რონალდ რეიგანი, მაგრამ ისეთი ეკონომიკური სკოლა ააშენა, მთელი მსოფლიოს ეკონომიკური სკოლები დღემდე შენატრიან. უმჯობესი იქნებოდა, უფრო ცნობადი, გამოცდილებამიღებული და საზოგადოებაში სახელის მქონე ხალხი შეერჩიათ. ვერ გავიგე, რა დააშავა ქართულმა უნივერსიტეტმა? მეც მაქვს უცხოეთში და აქაც განათლება მიღებული, მაგრამ ასეთი აქცენტირება რატომ კეთდება უცხოურ განათლებაზე? ეს არ მიმაჩნია მთავარ მომენტად. ისინი უნდა ემსახურონ ადგილობრივ ეკონომიკას, უნდა იცოდნენ აქაური პრობლემები. მსგავსი მიდგომა ჰქონდა სააკაშვილს, ის უცხოურ განათლებაზე იყო ორიენტირებული და 40 წელს ზევით ადამიანებს ჩარეცხილებს უწოდებდა. რა შედეგიც მოიმკო, ვნახეთ.
მარტო იურისტებმა რა უნდა გააკეთონ? იურისტმა არ იცის, რა არის თავისუფალი ფულადი სახსრები, აზრზე არ არის, ალბათ, რა არის ფასიანი ქაღლდები, რა არის ფასთწარმოქმნა, ფულადი ნაკადები. მარტო ამის დასახელებაზე, ვიცი, რომ იურისტებს ნერვები ეშლებათ ან კანკალი ეწყებათ. თუ ეს იურისტები პროკურორები არიან, მაშინ შეიძლება ეკონომიკის დარგის სპეციალიტები დაგვიჭირონ კიდეც. თუ ასე გავაგრძელებთ, არ გვექნება მომავალი. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია, რაც მოდის უკვე მსოფლიოში - ხელოვნური ინტელექტი, რობოტიზაცია - ამ გამოწვევებს ვერ ვუპასუხებთ.