გენადი მარგველაშვილი, დიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, შალვა კიკნაველიძე, ელგუჯა გოცირიძე, პაატა კვიჟინაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, სულხან მახათაძე, კობა ლურსმანაშვილი, გია მიქელაძე - ეს იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებია, რომლებიც მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს მოჩვენებითი ეფექტის შესაქმნელად და ვინმესთვის თვალის ასახვევად. როგორც კვირიკაშილმა აღნიშნა, ქვეყანამ მოიპოვა თავისუფლება და ახლა მას სწრაფი განვითარება სჭირდება, რაც „ქართულ ოცნების“ მიზანია.
რაც შეეხება ყოფილ შს მინისტრს კობა ნარჩემაშვილს, რომელიც ქუთაისის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს, პრემიერის განცხადებით, პირადად მისთვის ნარჩემაშვილი ნათელი მაგალითია იმისა, როგორ უნდა აარიდო განსაცდელი საკუთარ ხალხს კრიტიკულ სიტუაციაში და გადაწყვეტილება ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ მიიღო.
თავად ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს, რომ 2016 წლიდან საქართველოს განვითარების ისტორიაში დგება ახალი ეპოქა და აქედან გამომდინარე საინტერესო იყო მისთვის საჯარო პოლიტიკაში გარკვეული მონაწილეობის მიღება.
„შემოთავაზება მივიღე პარტია „ქართული ოცნებიდან“, პრემიერისგან. მთავარი პრობლემა მაინც ქუთაისისთვის არის სოციალური საკითხი. გასულ ოთხ წელიწადში ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა. ვფიქრობ, მაინც არის დასაქმების საკითხი მოსაგვარებელი. არის ინფრასტრუქტურული პრობლემებიც და ეს პრობლემები იმ პროექტებით, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“, დაძლევადი იქნება“, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
პრემიერს არჩევანი დაუწუნეს ოპონენტებმა. „ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, მაჟორიტარობის კანდიდატები ნათლად აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა შევარდნაძისდროინდელ წარსულში მიჰყავს თავისი პერსონებით, პრობლემებით და მენტალიტეტით.
გიგა ბოკერია ამბობს, რომ ივანიშვილი საერთო სახეა იმ ხელისუფლების, რომელიც უკვე ჰყავს ქვეყანას, და მათი საქმიანობის სახეა ის ეკონომიკური კრიზისი, სამუშაო ადგილების დაკარგვა, გაღარიბება, რაც ოთხი წლის განმავლობაში ვნახეთ.
„თუკი ივანიშვილის სახისთვის დამატებითი ელფერი გვინდა, ეს არის შევარდნაძისდროინდელი კორუმპირებული პირების წარმოდგენა. საუკეთესო განსახიერება თუ რა საფრთხეს ქმნის ბიძინა ივანიშვილი როცა მისი ერთ-ერთი მარიონეტი გიორგი კვირიკაშვილი საუბრობს, რომ ნარჩემაშვილი და მიქელაძე არიან საქართველოს მომავალი, ეს გვახსენებს რამდენად აუცილებელია ოქტომბერში ივანიშვილის რეჟიმის დასრულება და ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი „მომავლისგან“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ნაციონალების მსგავსად კვირიკაშვილს არჩევანს უწუნებენ „თავისუფალი დემოკრატებიც“. ნინო გოგუაძის განცხადებით, ის გუნდი, რომელიც პრემიერმა წარადგინა, მთლიანობაში იყო წარსული და არა მომავალი.
„ჩემთვის ცოტა უცნაური იყო, როდესაც გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ კობა ნარჩემაშვილმა საქართველოს განსაცდელი აარიდა, რადგან ნარჩემაშვილი არ იყო ისეთი ფიგურა, რომ განსაცდელი ან აერიდებინა, ან მოევლინა ქვეყნისთვის. რანაირად ხდება ორი სხვადასხვა მენტალიტეტის ადამიანების ერთ გუნდში ყოფნა და თან სრული სიამტკბილობა იმის შესახებ, რომ მათ ერთნაირი ღირებულებები აქვთ - მე ეს არ ვიცი, ამის ოსტატია „ოცნება“ და ალბათ, მომავალშიც ვნახავთ, როგორ მოხდება, რომ იგივე კობა ნარჩემაშვილი და თამარ ჩუგოშვილი ერთი და იმავე ღირებულებებით იყვნენ ერთ ჯგუფში“, - აცხადებს ნინო გოგუაძე.
პოლიტიკური ოპონენტებისგან განსხვავებით, ექსპერტები თვლიან, რომ ნარჩემაშვილთან დაკავშირებით სახეზეა ორი რადიკალურად საპირისპირო პოზიცია. ერთი მხრიდან ხდება მისი იდეალიზება და მეორე მხრივ, მისი დემონიზება.
გია ხუხაშვილის შეფასებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ ტრადიციული სახეები თამაშიდან გაყავთ და ახალი სახეების შემოყვანას ცდილობენ.
„ასეთი კატეგორიული არ ვიქნებოდი, რომ ეს არის წარსულის გუნდი. ასე არ შევხედავდი ამ გუნდს. იმ სახეებიდან, რომელიც იმერეთში წარმოგვიდგინა „ქართულმა ოცნებამ“ მართლაც დავინახე ადამიანები, რომლებიც კორუფციული სისტემის განუყოფელი ნაწილი იყვნენ თავის დროზე და ვფლობ გარკვეულ ინფორმაციას ამ თვალსაზრისით. თუმცა იქ არიან ძალიან ღირსეული ადამიანები. ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც საკმაოდ პარადოქსულად და ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოიქცა.
რამდენიმე დღის წინ გამოგვიცხადა, რომ, ახალგაზრდობაზე, პროგრესზე და უცხოეთში განათლებაზე არიან ორიენტირებული და წარმოგივიდგინა მაჟორიტარები, რომლებიც აბსოლუტურად ამის საპირისპირო გზავნილს უშვებენ საზოგადოებაში. სიასთან დაკავშირებული პრიორიტეტული პარამეტრები თავდაყირა დააყენეს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
რაც შეეხება კობა ნარჩემაშვილს, ექსპერტი ამბობს, რომ ნარჩემაშვილის პერიოდში პოლიცია საკმაოდ კორუმპირებული იყო. თუმცა თავად ნარჩემაშვილი კორუფციაში ჩაფლული არ ყოფილა, მაგრამ როგორც მინისტრი ის ქმნიდა ფასადს, რაც მის სასარგებლოდ არ მეტყველებს. შესაბამისად, როგორც ხუხაშვილი ამბობს, რადიკალური შეფასებები, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური მის მიმართ საფუძველს მოკლებულია.
„იდეალური არავინ არ არის. ყველას აქვს თავისი მინიუსი და პლუსი. ნარჩემაშვილი არც განსაკუთრებული დამნაშავე იყო და არც განსაკუთრებულად კარგი ჰქონდა გაკეთებული. არც თუ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, რადგან მისი მინისტრობა ფასადური იყო. ჩემის აზრით ნარჩემაშვილი არ იყო რეალური მინისტრი. მას კორუპირებული სისტემა იყენებდა ფასადზე გამოსაფენად, ეს არ მეტყველებს მის სასარგებლოდ, მაგრამ მისი დემონიზაცია არ იქნებოდა სწორი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით ნარჩემაშვილს განმასხვავებელი ნიშანი აქვს. მისი თქმით, ნაცმოძრაობის, რეფორმატორების იმ გუნდმა პოლიტიკაში ღალატის ხარჯზე შეაბიჯა. ნარჩემაშვილმა არ იკადრა ღალატი, მიუხედავად იმისა იცოდა, რომ ეს შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო ყოფილიყო. საყვარელიძის შეფასებით, ამ ნიშნით ყოფილი შს მინისტრი ნამდვილად გამოირჩევა ბევრი მისი დღევანდელი კრიტიკოსისგან.
„რაც შეეხება შევარდნაძის გუნდს, შევარდნაძის გუნდი დიდი ხანია ქართულ პოლიტიკაშია. ნამდვილად მხოლოდ დღეს არ გამხდარა თვალშისაცემი. კარგად მახსოვს, რომ შევარდნაძის როგორი ერთგული დამცველები იყვნენ ზურაბ ჟვანია, მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე, მიხეილ მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გია ბარამიძე და ა.შ. სია ძალიან დიდია. თუ შევარდნაძის გუნდის წევრობა ასეთი მძიმე იარლიყია, მაშინ ჩამოვკიდოთ ეს იარლიყი „ნაციონალურ მოძრაობას“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისივე შეფასებით, თუ ამ ლოგიკას მოვყვებით, მაშინ არც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნა შეიძლება ხელისუფლებაში, რადგან საყვარელიძის შეფასებით, მათი ხელისუფლებაში ყოფნა კიდევ უფრო მეტად არის წარსულისკენ მიბრუნების მცდელობა.
„რაც შეეხება იმისა, წარმოდგენილი კანდიდატები არიან თუ არა მომავლის სახეები, ესეც სადაო თემაა. რადგან „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველომ ახალგაზრდა კაცი აირჩია პრეზიდენტად, მაშინ მისი არჩევის ძირითადი მოტივი იყო ის, რომ ახლაგზრდაა და მომავლის სახეაო. სამომავლო ახალგაზრდა გუნდმა ფაქტიურად კომუნისტური რეპრესიების რეჟიმში დააბრუნა ქვეყანა. მომავლისკენ წაიყვანს თუ არა ქვეყანას, ეს ადამიანზეა დამოკიდებული და არა მის ასაკზე.
მარტივი მაგალითია - ყველას გვახსოვს „დარდუბალა“ კეთილი ემოციების აღმძვრელი მოხუცი იყო, რომელმაც საქმეს ვერ მოუარა, მაგრამ ბოროტების ავტორად შევარდნაძე არ მიიჩნეოდა და ხალხსაც არ ჰქონდა ეს რეაქცია. რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულებაა ნაციონალების მიმართ. შევარდნაძის გადადგომის შემდეგ რამდენიმე ათეული ათასი გამწარებული ადამიანის საჩივრები არ შესულა პროკურატურაში, სააკაშვილის შემდეგ კი რიგი იდგა პროკურატურაში, ამით ყველაფერი ნათქვამია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.