„ნაცვლად იმისა, რომ ოპონენტები საარჩევნო კამპანიას აწარმოებდნენ, მათ სძინავთ“

„ნაცვლად იმისა, რომ ოპონენტები საარჩევნო კამპანიას აწარმოებდნენ, მათ სძინავთ“

სახელისუფლებო პარტია აქტიურ საარჩევნო კამპანიას იწყებს, დრო და დრო ახალ სახეებს და მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს ასახელებს, თუმცა, ჯერჯერობით, „ქართული ოცნების“ არც სლოგანი და არც საარჩევნო პროგრამა არ ჩანს.

წინასაარჩევნო კამპანიის კვალდაკვალ თუ რა განწყობებია მმართველ გუნდში, ამის გარკვევის მიზნით, for.ge დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს ესაუბრა:

ქართულმა ოცნებამ“ 15 ახალი სახე წარადგინა, რომელთა კვალიფიკაცია იკვეთება. როგორ ფიქრობთ, ეს ადამიანები მმართველ გუნდს რას შეჰმატებენ?

- მმართველ გუნდს თავისი ცოდნით და გამოცდილებით დაეხმარებიან. ვინაიდან, საკანონმდებლო ორგანოს ბევრი ფუნქცია აქვს, პარლამენტში ბევრი პროფესიის და ცოდნის ადამიანია საჭირო. მათ შორის, პარლამენტში ის ადამიანები უნდა იყვნენ, რომლებიც დიპლომატიურ ურთიერთობებს ააგებენ და საკანონდებლო საქმიანობაში ჩაერთვებიან.

პოლიტიკაში კვალიფიკაცია ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია, თუმცა, ახალი სახეები პოლიტიკოსობას რამდენად შეძლებენ?

- ვაპირებ, რომ მათ დავეხმარო. რამდენიმე ახალ სახესთან საუბარი მქონდა და მათ ოქროს რჩევები მივეცი, რაც ეფექტური საქმიანობის წარმართვისთვის მნიშვნელოვანია.

შეგიძლიათ, გვითხრათ, მათთვის მიცემულიოქროს რჩევებირას გულისხმობს?

- ეს არის პარლამენტის წევრად არჩევამდე სამუშაო გეგმის ჩამოყალიბება. სანამ პარლამენტში მოხვდები, უნდა იცოდე, იქ რისთვის მოხვდები. როცა პარლამენტში მოხვდები, ამაზე ფიქრს მერე რომ იწყებ, ეს შედეგს ვერ იძლევა. დეპუტატობამდე უნდა იცოდე, რა უნდა გააკეთო და რა გინდა. საარჩევნო კამპანია ორ დანაპირებს ეფუძნება - პარტიულ და ინდივიდვალურ პროგრამებს, რაც ამომრჩეველს უნდა შესთავაზო. რჩევის მეორე აუცილებელი კომპონენტია, რომ წარმატებულმა კანდიდატმა ორი-სამი სფერო უნდა აირჩიოს, სადაც მომავალი წლების მანძილზე იმუშავებს. ახალბედა პოლიტიკოსები შეცდომას მაშინ უშვებენ, როცა ყველა სფეროს ეხებიან და ამ შემთხვევაში მათ თავიანთი კომპეტენციის გამოკვეთა უჭირთ, რის გარეშეც იმიჯი არ იქმნება. საბოლოო ჯამში, ის გამოვა, რომ რაიმე თემის გაძღოლას ვერ შეძლებ. შესაბამისად, ვერც ცნობადი გახდები და არც ნდობა გექნება.

ახალი სახეები დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურები რამდენად იქნებიან? ისინი იქნებიან, საკუთარი იდეების გამხმოვანებლები თუ კვირიკაშვილ-ივანიშვილის? ამ მოწვევის პარლამენტში ჩანდა, რომ ბევრი პოლიტიკოსი დამოუკიდებელი არ იყო და ისინი ვიღაცის ინტერესებს ახმოვანებდნენ...

- ამ შემთხვევაში ოქროს ბალანსია მოსაძებნი, რათა გუნდური და პიროვნული თავისუფლება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს. ორივე შემთხვევაში პასუხისმგებლობა არსებობს, მაგრამ როცა ხალხისა და პარტიის ინტერესებს შორის კონფლიქტია, პატიოსანმა პოლიტიკოსმა ხალხის მხარე უნდა დაიჭიროს. პირადად მე, ჩემს ცხოვრებას ამ ღირებულებთა იერარქიას ვუქვემდებარებდი. ახალ გუნდშია სოფო კილაძე, რომელიც დარწმუნებული ვარ, თავის დამოუკიდებელ სახეს აჩვენებს. ასევე ძალიან საინტერესო პიროვნებაა აკაკი ზოიძე. ირაკლი კობახიძეს უკვე ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ვფიქრობ, რომ ის შეძლებს პრინციპული და დამოუკიდებელი იყოს.

შეგიძლიათ, გვითხრათ, ამომრჩეველმაქართულ ოცნებასხმა რატომ უნდა მისცეს?

- იმისთვის უნდა მისცეს, რომ 2016 წლის საქართველო სულ სხვაა, ვიდრე 2003-2012 წლებში იყო.

ანუ, სწორებას წარსულზე აკეთებთ?

- შედარება ხდება და ამომრჩეველს 2012-2016 წლების საქართველოს შორის განსხვავებას ვაჩვენებთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდებს შორის სამჯერ მცირე სხვაობაა, თუ ამომრჩეველს კონტრასტს ვაჩვენებთ, ჩვენ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ჩვენ ქვეყნის დეკლარირებული უფლებებიდან ფუნქციუნურ უფლებებზე გადაყვანა შევძელით. დღეს, შეკრების, გამოხატვის უფლება და ბიზნესის წარმოების თავისუფლება უზრუნველყოფილია.

თუკი ამომრჩეველმა გასულ წლებს შორის სხვაობა აქამდე ვერ იპოვა, თქვენ ამის ჩვენებას წინასაარჩევნოდ შეძლებთ?

- ადამიანს ბოროტი მეხსიერება არ აქვს. ჩვენმა ქვეყანამ უშუქობა, უწყლობა, ბანდფორმირებები გაიარა, მაგრამ ეს დღეს აღარავის ახსოვს, რადგან ადამიანი კეთილი არსებაა. პოლიტიკა შედარებითია და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რა იყო და დღეს რა არის. ჩვენ იმ პერიოდს უნდა შევედაროთ, ჩვენამდე რა იყო. ყველა ახალი ხელისუფლება რამდენჯერმე უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე წინა იყო. იმის თქმის ამბიცია გვაქვს, რომ ბევრად უკეთესები ვართ, ვიდრე წინა იყო. ფუნქციები ლამაზად გამოკრული იყო, მაგრამ უფუნქციო.

თქვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარი ადამიანის უფლებების დაცვაა, მაგრამ ეკონომიკაში არსებული პრობლემები თქვენი გამოწვევაა. ამ თვალსაზრისით, რას შესთავაზებთ ამომრჩეველს?

- ეკონომიკური მდგომარეობა მრავალშრიანია. თუკი მოქალაქეებისთვის შემოსავლების კუთხით არაფერი შეცვლილა, მათთვის გასავლების - ხარჯების სახით ბევრი რამ შეიცვალა. შეიძლება, ვინმეს 500-600 ლარიანი ხელფასი ჰქონდა და იგივე დარჩა, მაგრამ მას ყოველთვიურად, 50 ლარის მობილურ ოპერატორში გადახდა აღარ უწევს. ასევე, ეს ადამიანი საწვავში 2 ლარს იხდიდა, დღეს კი, უფრო ნაკლების გადახდა უწევს.

საწვავის გაიაფება მსოფლიო ფასებმა განაპირობა და მთლად თქვენი დამსახურება არ არის, მაგრამ თქვენი ხელისუფლების პირობებში, პროდუქტებზე ფასები გაიზარდა...

- თქვენ საბავშვო ბაღში 25 ლარს იხდიდით, დღეს - აღარაფერს იხდით. ასევე სწავლის დაფინანსებისთვის 2500 ლარს იხდიდნენ, დღეს კი, ათასობით სტუდენტი 26 სპეციალობაზე უფასოდ სწავლობს. ბევრ სტუდენტს ბინის ქირაში ათასობით ლარის გადახდა უწევდა, დღეს კი, საერთო საცხოვებელში ცხოვრობს. ამას გარდა, მშობლებს ერთი ბავშვის სახელმძღვანელოების შეძენისთვის 250 ლარი უნდა გადაედოთ, დღეს კი, არაფერს აღარ იხდიან. ვინმეს რაიმე რომ დამართნოდა, ბინა უნდა გაეყიდა, რომ მისთვის სამედიცინო დახმარება აღმოეჩინათ, დღეს კი, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა მოქმედებს.

თუმცა, თქვენი ოპონენტები ამ სოციალურ ხაზს თქვენს მინუსად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ სახელმწიფოს ჩამოაქცევთ...

- ამას ამბობენ, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი 25 პროცენტით გაიზარდა. შემოსულობების ნაწილში 25 პროცენტიანი ზრდა რომ გაგრძელდეს, 2019 წელს, ქვეყნის ბიუჯეტი 12 მილიარდი იქნება, რაც არა მხოლოდ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ზრდის, არამედ ინოვაციურ ხედვების. ჩვენ ამომრჩევლისთვის სათქმელი გვაქვს და უმადურ პოლიტიკოსებს ვეკითხები, ეს ყველაფერი რომ გავაჩეროთ და 2012 წელს დავუბრუნდეთ, რას მივიღებთ? ჩვენი პრობლემა კონკურენტი პარტიები არ არიან, ისინი სუსტები არიან და მათი დამარცხება ადვილია. მათ ფორის სახით ერთ თვეზე მეტი მივეცით და ვერ გამოიყენეს. ნაცვლად იმისა, რომ საარჩევნო კამპანიას აწარმოებდნენ, სძინავთ.

თუმცა, ვხედავთ, რომ ნაციონალები დათავისუფალი დემოკრატებითქვენზე მეტად აქტიურობენ. მათ მაჟორიტარი დეპუტატების დასახელებაც კი დააიწყეს...

- დიახ, მათ ფორა მივეცით.

ოპონენტებს ფორა მიეცით, თუ პრობლემები თავად მმართველ პარტიაშია, სადაც სიის ფორმირებაზე ჯერ კიდევ მსჯელობა მიმდინარეობს?

- ეს სრულიად განსხვავებული არჩევნებია. თუკი 25 წლის მანძილზე, მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიას რამდენიმე თვით ადრე იწყებდა, ჩვენ პირიქით ვაკეთებთ. სიის, სლოგანის და პროგრამის წარმოდგენას ჩვენ ერთ-ერთი ბოლო დავამთავრებთ. ნახავთ, ეს ახალი მიდგომა რა შედეგს მოიტანს. თუკი აქამდე ყველა არჩევნებს პირველი მმართველი პარტია იწყებდა, ახლა პირიქით ხდება. ჩვენ ეს უპირატესობა ოპონენტებს მივეცით და ვიცოდით, რომ ამას ვერ გამოიყენებდნენ. თქვენ გჯერათ, რომ მძინარა პარტიები დროის თვალსაზრისით უდიდესს ფორას აგვისტო-სექტემბერში გამოიყენებენ, რომელიც აქამდე ვერ გამოიყენეს?

როგორც ყოფილმა და ამჟამინდელმა პრემიერებმა დააანონსესქართული ოცნებაამ ტაქტიკით 95-100 მანდატის აღებას შეძლებს?

- შედეგებს 8-9 ოქტომბერს დავითვლით. ფაქტია, რომ ამ ტაქნიკის წინაშე ოპოზიცია მოუმზადებელი აღმოჩნდა. რატომ? - ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ ოპოზიციის უმრავლესობა არაკომპოტენტურია და მათ არ შეუძლიათ, საზოგადოებას პოზიტივი შესთავაზონ. იმას ელოდებიან, ხელისუფლება რას იტყვის, რომ ის გააკრიტიკონ და თავიანთი კამპანია ნეგატივზე ააწყონ. არაფერს რომ არ ვეუბნებით, სხედან და ჩვენ გველოდებიან.

ხელისუფლებას საკრიტიკებელი აკლია?

- თქვენ ამბობთ, რომ ეს ტაქტიკა შედეგს ვერ გამოიღებს, მაგრამ ამ დესტრუქციულ ძალებს სათქმელი მანამდე არაფერი არ აქვთ, სანამ ჩვენ რაიმეს არ ვიტყვით.

ამ ტაქტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი განსაზღვრულია?

- ეს ტაქნიკა ბუნებრივად იძერწება. ოპოზიციის უპირატესობა დრო და თავისუფალი ველი იყო, რადგან საინფორმაციო ველზე შიმშილია, არადა, შეგიძლია, რაღაც შექმნა და დადო.

ქართული ოცნებისსაარჩევნო სიაში მოქმედი დეპუტატები იქნებიან წარმოდგენილნი?

ე.წ. საგურამოს შეთანხმება არსებობს, სადაც ყოფილი და მოქმედი პრემიერების მონაწილეობით შეხვედრა შედგა და ითქვა, რომ დასაკარგი ადამიანი არავინ არ არის. შესაბამისად, ყველას შესაბამისი ადგილი და ფუნქცია მოეძებნება. ბუნებრივია, რომ ყველა მინისტრს და დეპუტატს თანამდებობის შენარჩუნება სურს, მაგრამ ცვლილებების გარეშე ყოფნა შეუძლებელია.

თქვენი ხედვით, მოქმედი დეპუტატებიდან სიაში რამდენ პროცენტს დატოვებდით?

- ამაზე არ მიფიქრია, რადგან ეს სერიოზული საკითხია. ის სისტემა ვიცი, დეპუტატები როგორ უნდა შეარჩიონ.

სისტემა რაში მდგომარეობს?

- ცხრა მახასიათებელია, რითაც დეპუტატობის კანდიდატი უნდა იზომებოდეს. ყველა დიმიტრი გელოვანი ვერ იქნება, მაგრამ თვისებები სჭირდებათ კანდიდატებს, რის მიხედვითაც, ამომრჩეველი მათზე არჩევანს აკეთებს.