თავდაცვის მინისტრის თანამდებობას რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი ამერიკაში ვიზიტის შემდეგ დატოვებს, რომლის შემცვლელად პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მოიაზრება.
როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი სესიაშვილის კანდიდატურა განიხილება, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი მას ამ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს, შესაძლოა, მას პრობლემები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა შეუქმნას.
წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც მმართველ გუნდში თავდაცვის მინისტრად ირაკლი სესიაშვილის კანდიდატურა დასახელდა, პრეზიდენტმა უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერთან ამის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ის როგორც მთავარსარდალი თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას მხარს არ უჭერს.
პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ პოსტზე სესიაშვილის წარდგენის შემთხვევაში, შესაძლოა, პრეზიდენტი მის წინააღმდეგ ღიად წავიდეს.
წყარო აღნიშნავს, რომ ირაკლი სესიაშვილის წინააღმდეგ პრეზიდენტის გარდა, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილიც წავიდა.
„ძალიან გამიკვირდა, რომ სესიაშვილის წინააღმდეგ იმერლიშვილიც წავიდა. პრეზიდენტმა თქვა, ვინაიდან, ის მთავარსარდალია, თავდაცვის მინისტრის კანდიდატურა მასთან უნდა იქნეს შეთანხმებული“, - დასძინა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.
მოსალოდნელია თუ არა, ირაკლი სესიაშვილის გამინისტრება და მის წინააღმდეგ შესაძლოა, თუ არა წავიდეს ქვეყნის მთავარსარდალი, ამის გარკვევის მიზნით, for.ge თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს დაუკავშირდა.
for.ge-სთან საუბარში სესიაშვილი არ აკონკრეტებს, თავდაცვის მინისტრად მისი კანდიდატურა განიხილება თუ არა და ამბობს, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებების პრეროგატივა პრემიერ-მინისტრს აქვს.
ჩვენი ინფორმაციის თაობაზე დეპუტატი აცხადებს, რომ ის საარჩევნო საკითხებშია ჩართული და სხვა პოლიტიკური თემებით არ ინტერესდება.
„პოლიტსაბჭოს წევრი ვარ და არჩევნებზე ვარ გადართული. რაც შეეხება მინისტრის საკითხს, მისი დასახელება პრემიერის პრეროგატივაა და მას დაველოდოთ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, არჩევნებზე ვარ მთლიანად გადართული“, - დასძინა სესიაშვილმა.
რაც შეეხება მინისტრების წარდგენის პროცედურას, ვინაიდან მთავრობაში ამ დროისთვის სამი მინისტრია შეცვლილი, პრემიერ-მინისტრს პოსტებზე მომავალი მინისტრების დანიშვნა თავად შეუძლია, თუმცა, თუკი გიორგი კვირიკაშვილი აღმარულებელ ხელისუფლებაში მეშვიდე მინისტრს შეცვლის, მაშინ მას პრეზიდენტისთვის მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა მოუწევს, რომელიც თავის მხრივ, სამთავრობო კაბინეტს დასამტკიცებლად პარლამენტში წარუდგენს.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობა თინა ხიდაშელმა საკუთარი ნებით - „რესპუბლიკური პარტიის“ გადაწყვეტილებით დატოვა.