რუსეთი სამხრეთ კავკასიაში მოსალოდნელი არეულობისათვის ემზადება

რუსეთი სამხრეთ კავკასიაში მოსალოდნელი არეულობისათვის ემზადება

"რეგიონში დაძაბული სიტუაციის ფონზე არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ სამხრეთ კავკასიაში სირიის მსგავსი კრიზისი დაიწყოს. მოსკოვში ფიქრობენ, რომ ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია და დაუფარავად აცხადებენ, რომ ემზადებიან კიდეც ამისთვის. შესაბამისი განცხადება გასულ კვირას რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გააკეთა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში რუსეთი იძულებული იქნება, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს. რას შეიძლება გულისხმობდეს ის ადეკვატურ რეაგირებაში და არის თუ არა მოსალოდნელი, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება ან არეულობა დაიწყოს, რომელსაც რუსეთი საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენებს? ქართველი ექსპერტები ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ, თუმცა ამბობენ, რომ რუსეთს არჩევნების შემდეგ რაიმე მსგავსი სცენარის განხორციელება გაუჭირდება, რადგანაც მას ჩვენს ქვეყანაში ძლიერი დასაყრდენი არ აქვს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რუსეთი სამხრეთ კავკასიაში მოსალოდნელი არეულობისათვის ემზადება / "ისეთი კრიზისული სიტუაცია, როგორიც სირიაშია, შესაძლოა, სამხრეთ კავკასიაში გამეორდეს", - აცხადებენ მოსკოვში.

"კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე ამბობს, რომ რუსეთი რეგიონში მართვადი ქაოსის გამოწვევითაა დაინტერესებული, რათა შემდეგ მასზე კონტროლი დაამყაროს. შესაბამისად, მისი აზრით, რუსული სპეცსამსახურები საქართველოშიც დაძაბულობის კერის ინსპირირებას შეეცდებიან, რათა შემდგომ თავისი დოქტრინა სისრულეში მოიყვანონ და რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვის საბაბით ქვეყანაში ჯარები შემოიყვანონ. ამიტომაც კვახაძე ფიქრობს, რომ თუ საქართველოში წინასაარჩევნოდ რომელიმე პოლიტიკური ძალა ქვეყანაში სიტუაციის არევას შეეცდება და სამოქალაქო დაპირისპირება შეიქმნება, რუსეთი ამას, რა თქმა უნდა, თავისი ინტერესებისთვის გამოიყენებს. კავკასიოლოგის თქმით, სერგეი შოიგუს განცხადება იმას ნიშნავს, რომ რუსეთს რაღაც მსგავსი სცენარის განხორციელების გეგმა აქვს", - აღნიშნავს გამოცემა.

"რუსეთი იქ შედის, სადაც მას მხარდაჭერა აქვს. როგორც უნდა შევაფასოთ, ფაქტია, რომ ყირიმის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პრორუსული იყო, ისევე როგორც დონბასში. საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ პრორუსული პოლიტიკური ძალების რეიტინგი გაზრდილია, ისინი რამე ანგარიშგასაწევ ძალას არ წარმოადგენენ. თუმცა, ძალიან მომრავლებულია ე.წ. რუსული რბილი ძალის გამტარებელი ადამიანები, რომლებიც მედიის საშუალებით რუსული იდეოლოგიის რეკრუიტირებას ცდილობენ. ამიტომაც არჩევნების შემდეგ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ რუსეთმა რაიმე სახის არეულობა მოაწყოს და შემდეგ თავისი მოქალაქეების დაცვის მიზნით ჯარით შემოვიდეს. თუმცა, რას და როგორ მოიმოქმედებს, ამის პროგნოზირება ძალიან რთული", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალეკო კვახაძე. 

"რა თქმა უნდა, მისი მოქმედება თავად ქართულ საზოგადოებაზეა დამოკიდებული. არჩევნების შემდეგ თუკი რომლიმე პოლიტიკური პარტიის მხრიდან ხალხის ქუჩაში გამოყვანის სურვილი იქნება, კარგად გააანალიზონ, ამას რა და როგორი შედეგები მოჰყვება. საქართველოში არჩევნების შემდეგ თუ რაიმე სახის არეულობა იქნება, რუსეთი მასში ჩარევას, რასაკვირველია, ყველა ხერხით შეეცდება, რათა სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს. ამიტომ ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და ეს არჩევნები ძალიან დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩავატაროთ", - დაასკვნის კვახაძე.

"ანალიტიკოსი და ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადება, რა თქმა უნდა, საკმაოდ ყურადსაღებია და ის ერთგვარ მუქარასაც კი წააგავს. მისი თქმით, მინისტრმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სავარაუდოდ, საქართველო და აზერბაიჯანი იგულისხმა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მისი ნათქვამი საქართველოსთან მიმართებაში მხოლოდ არჩევნების შემდგომი შესაძლო არეულობის სავარაუდო სცენარად არ უნდა განვიხილოთ, რადგანაც მის განცხადებაში, სამწუხაროდ, კონტექსტი კიდევ უფრო სახიფათო და საშიში იყო. ხუხაშვილის თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანალოგია სირიასთან გაავლო, სადაც პრობლემა ბევრად უფრო ფუნდამენტური და ძირეულია, ვიდრე პოსტსაარჩევნო კრიზისი", - წერს სტატიის ავტორი.

"რუსეთის მხრიდან გამორიცხული არაფერი არ არის. მას თუ დასჭირდა, რისკების ხელოვნურად ინსცენირება შეუძლია. ამ განცხადებას საქართველოს სპეცსამსახურების მხრიდან სერიოზული მიდგომა სჭირდება. განსაკუთრებით კონტრდაზვერვის მხრიდან, მკაცრი მონიტორინგია საჭირო როგორც პანკისში, ასევე აჭარაში, რათა რუსეთმა ეს რეგიონები არჩევნების დროს რაიმე სახის პროვოკაციისთვის ან სიტუაციის ესკალაციისთვის არ გამოიყენოს. ყველაზე ცუდი სცენარი, რაც შეიძლება რუსეთმა განახორციელოს, პანკისის ხეობაა. სხვა რაღაც განსაკუთრებული დასაყრდენი მას, არ მგონია, ჰქონდეს. შესაძლოა, ტერორისტული საფრთხის თავიდან აცილების მოტივით მან თავისი ჯარი ქვეყანაში შემოიყვანოს. ჩვენ გვახსოვს, როდესაც ხეობაში უცნაური მოვლენები ხდებოდა. შესაბამისად, ასეთი სახის რისკები არსებობს. არ მგონია, დღეს ეს რისკები სერიოზული იყოს, თუმცა, რადგან რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადებები კეთდება, რაღაცა ტიპის ქმედებების საფრთხე არსებობს. სავსებით შესაძლებელია, რომ მათ როგორც იდეოლოგიური, ასევე სპეცსაშუალებებით საჭიროების შემთხვევაში პროცესების ესკალაცია მოახერხონ. ჩვენ ნუ წარმოგვიდგენია, რომ მხოლოდ პოლიტიკოსები წყვეტენ, ქვეყანაში იქნება თუ არა სტაბილურობა", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"ბრიგადის გენერალი და ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ეს განცხადება სამხედრო-სამეცნიერო კონფერენციაზე გააკეთა, სადაც ასეთი თემების განხილვა ახალი არ არის. ამიტომაც ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. თუმცა, მისი თქმით, თუ ყურადღებას მივაქცევთ, რუსეთის შეიარაღებულ ჯარებში 15 წლის განმავლობაში რაც ხდება, ისინი რასაც ასე ღიად საუბრობენ, რა თქმა უნდა, მათ სამომავლო გეგმებში და სტრატეგიაშიც არსებობს. ანალიტიკოსის განცხადებით, რაც შეეხება საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს და მის ირგვლივ მოსალოდნელ საშიშროებას, რომლიც რუსეთმა შესაძლოა, სათავისოდ გამოიყენოს, ეს ლოგიკას მოკლებული არ არის. მისი აზრით, არჩევნების პერიოდში ყოვლად დაუშვებელია, რომ რუსეთმა ან რომლიმე სხვა გარე ძალამ იპოვოს დასაყრდენი, რომლიც ქვეყანაში სიტუაციის არევას შეძლებს. სალუქვაძის თქმით, თუ რუსეთს ქვეყანაში დასაყრდენი ძალა არ ეყოლება, ის ვერაფერს შეძლებს", - დასძენს სტატიის ავტორი.

"თუ საქართველოში არჩევნების შემდეგ სამოქალაქო დაპირისპირება ან არეულობა დაიწყო, რაც ნაკლებად მოსალოდნელია, თუ რაიმე ხელოვნური პროცესები არ წარიმართა, რუსებს საქართველოში ჯარის შემოყვანა ერთადერთი მოტივით შეუძლით - რომ მან საკუთარი მოქალაქეების ინტერესები დაიცვას. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში იმდენი რუსი არ ცხოვრობს, რომ პუტინმა უკრაინის სცენარი გაითამაშოს. მხოლოდ დონბასში 4 მილიონი რუსი ცხოვრობს. საქართველოში კონფლიქტური ტერიტორიების მიბმაც შეუძლებელი იქნება, მას თავად რუსები აკონტროლებენ. მაშინ რუსებმა უნდა თქვან, რომ მათ ბაზებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართველების მხრიდან საფრთხე ემუქრება. ასეთი მიზეზის მოყვანა, რა თქმა უნდა, სასაცილო იქნება. მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ არსებობს - რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ რომ ჩათვალოს, რომ არჩევნებში სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და ქვეყანაში სიტუაციის არევას შეეცადოს. ამიტომ გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნებით ამის თავიდან აცილება შეიძლება", - განმარტავს გამოცემასთან საუბრისას ამირან სალუქვაძე სალუქვაძე.

interpressnews.ge