მაჟორიტარი დეპუტატობის რამდენიმე კანდიდატის ვინაობა ცნობილია

მაჟორიტარი დეპუტატობის რამდენიმე კანდიდატის ვინაობა ცნობილია

პარტია „ქართული ოცნება“ იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას 18 ივლისს გეგმავს, კანდიდატების შერჩევა კი, ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, მმართველ პარტიას იმერეთის რამდენიმე საარჩევნო ოლქში კანდიდატები უკვე შერჩეული ჰყავს, თუმცა, ჩამოყალიბება ქუთაისზე ვერ ხდება, სადაც „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ოლქების პროპორციულად სამი კანდიდატის წარდგენა მოუწევს.

წყაროს ცნობით, ქუთისის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად საკუთარი კანდიდატურის წარდგენა მოქმედ დეპუტატს ომარ ნიშნიანიძეს სურს, თუმცა, „ოცნება“ მისგან დისტანცირებას ახდენს.

ომარ ნიშნიანიძისგან განსხვავებით, იღბილიანი აღმოჩნდა მოქმედი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე, რომელიც for.ge-ს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მიერ ზესტაფონის საარჩევნო ოლქში იქნება წარდგენილი. როგორც ჩანს, შალვა კიკნაველიძემ „ეროვნული ფორუმი“ სწორედ იმიტომ დატოვა, რომ ზესტაფონში „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ყოფილიყო.

ზემოთ აღნიშნული პირების გარდა, მაჟორიტარი დეპუტატობისთვის პოლიტიკური ბრძოლა მოუწევს თბილისის მერის მოადგილეს, გიორგი ლილუაშვილს. წყაროს ცნობით, გიორგი ლილუაშვილს თანამდებობის დატოვება მოუწევს, რადგან „ქართული ოცნების“ მიერ მისი კანდიდატურა ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში იქნება წარდგენილი.

როგორც საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, სახელისუფლებო პარტიის რიგებიდან არჩევნებში ისევ ჩაერთვება „ნაციონალური მოძრაობიდან“ უმრავლესობაში გადასული, მოქმედი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, რომელიც ამბროლაური-ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის საარჩევნო ოლქში იქნება წარდგენილი. გოჩა ენუქიძის პოლიტიკური გეგმების თაობაზე for.ge ჯერ კიდევ გაზაფხულზე იუწყებოდა. როგორც ჩანს, მმართველმა პარტიამ არჩევანი გოჩა ენუქიძის სასარგებლოდ გააკეთა, რადგან ამ ოლქში მოქმედი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის კანდიდატურაც განიხილებოდა.

რაც შეეხება პროპორციულ სიას, „ქართულმა ოცნებამ“ 15 ახალი სახე საგურამოში რამდენიმე დღის წინ წარადგინა, მოქმედი დეპუტატებიდან კი არჩევანის გაკეთება ვისზე მოხდება, დაკონკრეტებული ჯერ კიდევ არ არის, თუმცა, როგორც საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, „ოცნების“ საარჩევნო სიაში პარლამენტის მოქმედი შემადგენლობიდან ის დეპუტატები მოხვდებიან, რომლებიც პოლიტსაბჭოს წევრები არიან. კერძოდ, პარტიის სიაში კვლავ იქნებიან: გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, თემურ ჭკუასელი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე.