"84 გარდაცვლილი, მათ შორის 10 ბავშვი, 202 დაშავებული, რომელთაგან 25 კომაშია - 14 ივლისის ნიცას ტერაქტის მსხვერპლთა ბოლო მონაცემები ასეთია. დაღუპულებს შორის ბევრი უცხოელია. საქართველოს საელჩოს ცნობით, გაურკვეველია ერთი ქართველი ქალის ბედი, რომლის ფრანგი ქმარი ტერაქტისას დაიღუპა. მთელ საფრანგეთში დაცვის ზომები გამკაცრებულია. ცნობილია ტერორისტის ვინაობა - ნიცაში მცხოვრები ტუნისელი, 31 წლის მუჰამედ ლაუიჯ ბულელი. "ტერორისტების ნეიტრალიზაციისთვის გზების გამონახვაზე უნდა კეთდებოდეს აქცენტი, რა დროს შეშფოთება და შენობების ფრანგული დროშის ფერებით განათებაა? ვერც ერთი განცხადება ვერ მოვისმინე, რომ დამნაშავეები დაისჯებიან", - ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე, რომელიც საფრანგეთსა და ბელგიაში ცხოვრობს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რა მოხდა ნიცაში, რა ხდება საფრანგეთში / "რა დროს შეშფოთება და შენობების ფრანგული დროშის ფერებით განათებაა?".
"ტერორისტი საფრანგეთში მცხოვრები ტუნისელი ემიგრანტია. საფრანგეთის პოლიცია ამბობს, რომ ის რადიკალურ ისლამისტურ ჯგუფებთან კავშირში ეჭვმიტანილი არ ყოფილა. თუმცა რამდენჯერმე ნასამართლევი იყო ძალადობისთვის და აგრესიულობით გამოირჩეოდა. ტერაქტი ღამის 11 საათისთვის მოხდა, საფრანგეთში ბასტილიის აღებას ზეიმობდნენ და სადღესასწაულო ზალპების სანახავად ნიცას ბულვარზე ზღვა ხალხი იყო მისული. ჩვენ მიჩვეულები ვართ ტერაქტებს, როდესაც აფეთქებით კლავენ ადამიანებს. აქ კი გამოდის, რომ დღეს ჩვენ ევროპაში ახალი სახის ტერაქტი მივიღეთ, როდესაც ასაფეთქებელს არ იყენებენ. საუბარია იმაზეც, რომ ის ქუჩა, სადაც ხალხი იყო გამოსული, გადაკეტილი არ იყო და პოლიცია არ იცავდა. ამიტომ შეძლო ამ ადამიანმა მანქანით შევარდნა. ფრანგული მედია იმაზე აპელირებს, რომ პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე არ იდგა, მიუხედავად იმისა, რომ 2-3 სამი დღის წინ დასრულდა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი და იმ პერიოდში ფრანგულმა პოლიციამ ძალიან კარგად იმუშავა. ექსპერტები ამბობენ, რომ ჩემპიონატის შემდეგ პოლიცია მოდუნდა", - აცხადებს გამოცემის კორესპოსნდენტთან საუბრისას გიორგი ფოფხაძე.
"ქართული მედიისგან განსხვავებით ევროპული მედია პირველ რიგში მთავრობისკენ არ იშვერს-ხოლმე ხელს. თუმცა გამოძიების შედეგები რომ დაიდება, შემდეგ ალბათ გაიშვერს ხელს მთავრობისკენ და იმ ადამიანებისკენ, ვისაც უსაფრთხოების დაცვა ევალებოდა და ეს არ გააკეთა. 2-3 დღეა საფრანგეთის მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია იმაზე, რომ როდესაც 13-ში ბატაკლანის ტერაქტი მოხდა, იქ სპეცდანიშნულების რაზმი ადგილზე მისული იყო, მაგრამ შს მინისტრმა უცებ არ მისცა მოქმედების უფლება და ამის გამო ახლა დაიწყეს მთავრობის დადანაშაულება. ქართული მედია და არასამთავრობო სპექტრი კი გამოძიებას არც დაელოდებოდა, ისე დაიწყებდა ხელისუფლების დადანაშაულებას და ხელის გაშვერას. ანალიტიკოსები გამოთქვამენ-ხოლმე ამგვარ აზრებს, მაგრამ მასობრივად მოწოდებები იმაზე, რომ ცეცხლი და მახვილით შეუვარდით სირიაში და გაანადგურეთ ისლამისტებიო, ასეთი რამ ფრანგულ მედიას არ ახასიათებს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"რაც შეეხება აეროპორტებში კონტროლის გამკაცრებას ან ვიზის გაცემას, არანაირი ცვლილება არ არის. არც ის მსმენია, ვინმე შეეფერხებინოთ იმის გამო, რომ ტერორიზმის დიდი საფრთხეა. პანიკა არ არის, არის წუხილი ამ საშინელი ფაქტის გამო. ხანდახან შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფრანგები ტერორისტულ აქტებს მიეჩვივნენ და ამ ყველაფერს ცივი გონებით უყურებენ. საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა ისედაც გამოცხადებული იყო და დღეს დილით ხელისუფლებამ ის კიდევ 3 თვით გააგრძელა. გულდასაწყვეტი ისაა, რომ საფრთხე მე-4 კატეგორიის ნიშნულით ისედაც იყო შეფასებული და სწორედ ამ გამკაცრებული კონტროლის ფონზე მოხდა ტერაქტი. ჩემი აზრით, არის ჩავარდნა. როგორც ჩანს, სამართალდამცველებმა დაუშვეს შეცდომა", - მიიჩნევს ქართველი ჟურნალისტი.
"საფრანგეთში მუსლიმი მოსახლეობის მიმართ არანაირი აგრესია არ არის. საფრანგეთში დაახლოებით 10 მილიონი მუსლიმანი ცხოვრობს და ის მეორე რელიგიაა. საფრანგეთში ყველა მიიჩნევს, რომ ტერორისტებს ტრადიციულ ისლამთან არაფერი აქვთ საერთო და საერთოდ, ტერორიზმს რელიგია არ გააჩნია. ევროპაში კათოლიკე ტერორისტებიც გვახსოვს, ირლანდიაშიც და ესპანეთშიც... დღეს იშვიათი გამონაკლისი იყო, როდესაც ქალბატონი ლეპენი არ გამოსულა და თავის სტილში პოპულისტური განცხადებები არ გაუკეთებია არც ტელევიზიით და არც ტვიტერში, თუმცა მთავრობის უნიათობაზე ძალიან ბევრი ფრანგი ლაპარაკობს. ლაპარაკობენ იმაზე, რომ სოციალისტებმა ფრანგი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა ვერ შეძლეს", - ამბობს გიორგი ფოფხაძე.
"მე ფეისბუქში ვწერდი კიდეც, რომ ამ უნიათობის ფონზე მართლა შესაძლებელია მარი ლეპენმა გაიმარჯვოს და ულტრა-მემარჯვენეების გამარჯვება მივიღოთ არა მარტო საფრანგეთში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც. იგივე ხდება ბელგიაში, ავსტრიაში, ბულგარეთში, იტალიაში, სადაც ყველგან ქსენოფობიური გამოსვლებია. ლეპენის მხარდაჭერა ბოლო დროს 30%-ზეა ასული, ეს კატასტროფული ციფრია. ნიკოლა სარკოზისაც კი, როდესაც ის პრეზიდენტი გახდა, 26% მხარდაჭერა ჰქონდა. თუმცა ფრანგები კაცთმოძულეები არ არიან და "სირიელია ჩვენი მტერი", ასეთი დამოკიდებულება შეიძლება 3%-ში იყოს, მეტში - არა", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "თქვენ ფეისბუქში ერთგვარი გაბრაზებით წერდით, გამოდიან პოლიტიკოსები და მწუხარებასა და შეშფოთებას გამოთქვამენ, რა დროს ესააო", - პასუხობს:
"ტერორისტების ნეიტრალიზაციისთვის გზების გამონახვაზე უნდა კეთდებოდეს აქცენტი, რა დროს შეშფოთება და შენობების ფრანგული დროშის ფერებით განათებაა? ვერც ერთი განცხადება ვერ მოვისმინე, რომ დამნაშავეები დაისჯებიან. მთელი ევროპა და ნატო საგანგებოდ უნდა იკრიბებოდეს და საპასუხო გეგმას უნდა ადგენდნენ, ჩვენ კი ლიდერებისაგან შეშფოთებას ვისმენთ".