რა კავშირი აქვს ,,კალაშოვის საქმესთან“ სანკტ-პეტერბურგელი ,,მატროსის“ მკვლელობას და რა სკანდალურ ინფორმაციას ამხელს აფხაზეთის ომის ვეტერანი
რუსმა სამართალდამცავებმა კრიმინალური სამყაროს ლიდერი, შაქრო კალაშოვი დააკავეს. ყველაზე გავლენიან ,,კანონიერ ქურდს'' ბრალად ფულის გამოძალვა ედება და დიდი ალბათობით, მას რუსული ციხის კარგად დათვალიერება კიდევ რამდენიმე წლით მოუწევს. კულუარებში ამბობენ, რომ რუსეთში დაბრუნების შემდეგ კალაშოვმა შეძლო და კრიმინალური სამყარო ასე თუ ისე დაალაგა, დაჯგუფებებს შორის ომი შეწყვიტა, ქურდებს თითი დაუქნია და იმ სავარძელში ჩაბრძანდა, რომელიც 2013 წელს ასლან უსოიანის, იგივე დედ ჰასანის მოკვლის შემდეგ გათავისუფლდა. სწორედ დალაგებული კრიმინალური სამყარო არ აწყობდათ რუს სამართალდამცავებს და კალაშოვიც ამიტომ ააცალეს ქურდებს საჭადრაკო დაფიდან, რადგან ისევ ქაოსი დაიწყოს და ქურდებმა ერთმანეთზე გაიწიონ, რითაც იქაურ მილიციას საქმე შეუმსუბუქდება.
კალაშოვის დაკავებამ რუსეთში ერთი შეხედვით, რიგითი კრიმინალური გარჩევა დაჩრდილა. ამ გარჩევას სანკტ-პეტერბურგელი კრიმინალი, მეტსახელად ,,მატროსი'' შეეწირა. მისი სხეული დაჩეხილი იყო და თავში 11 (!) ტყვია ჰქონდა ნასროლი. ,,მატროსზე'' თითქმის ათი წელი ნადირობდნენ და როგორც ჩანს, საბოლოოდ მიზანს მიაღწიეს. იმაში, რომ ,,მატროსი'' მოსაკლავი იყო, თანხმდებოდა ყველა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თავის გადასარჩენად იგი კოლოსალურ თანხებს იხდიდა. სწორედ ,,მატროსის'' ისტორიას მოგვიყვა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანი, რომელიც მის ხაფანგს შემთხვევით გადაურჩა.
,,პოლიტიკოსები კი ამბობენ, აფხაზები და ოსები ჩვენი ძმები არიან, უნდა შევრიგდეთო და უმრავლესობისთვის ალბათ ასეც არის, მაგრამ არსებობს მცირე ნაწილი, რომლისთვისაც შერიგება წარმოუდგენელი ამბავია და დღემდე შურისძიებაზე ფიქრობს. მაგალითად, ვიღაცას ძმა, მამა, დედა, და, შვილი მოუკლეს, იცის მკვლელის სახელი და მასზე ნადირობს. როგორ შეურიგდება ვინმე შვილის მკვლელს? როგორ შეურიგდება კაცს, რომელმაც მაგალითად ცოლი გაუუპატიურა? სწორედ ასეთ ხალხზე ნადირობდა ,,მატროსი'' და გვარიან გასამრჯელოსაც იღებდა.
,,რაღაც ვერ გავიგე, ,,მატროსს'' მოუკლეს ვინმე?
,,არა. ის შეკვეთებს იღებდა. მაგალითად, რომელიმე აფხაზმა იცოდა, რომ მისი შვილი ქართველმა, ჩეჩენმა, სომეხმა... რა მნიშვნელობა აქვს, ვინმემ მოკლა, იცოდა სახელით და გვარით. ,,უზაკაზებდა'' ,,მატროსს'' და იმას კიდევ ის კაცი აფხაზეთში გადაჰყავდა, შემკვეთს აბარებდა, ფულს იღებდა და უკან ბრუნდებოდა.''
,,და მერე ისინი ასე ცხვრებივით მიჰყვებოდნენ?''
,,რა ცხვრებივით? მთელი სისტემა ჰქონდა შემუშავებული. ერთი ჩეჩენი შეუკვეთეს, არადა ის ჩეჩნეთში იყო და სახლიდან ცხვირს არ ჰყოფდა. ,,მატროსმა'' გარისკა და იმ კაცს 5 ათასი დოლარი გაუგზავნა, თქვენი ტელეფონის ნომერმა მოიგო და ეს თანხის მხოლოდ ათი პროცენტია, დანარჩენი რომ მიიღოთ, ოფისში უნდა გამოცხადდეთო. მეორე დღეს ,,ოფისში'' იყო ის ჩეჩენი, ,,შეფუთეს'' და გაუშვეს აფხაზეთში, სხვათა შორის, ქართველებთან, ქართველებმა შეუკვეთეს. თავი მოაჭრა ოჯახის უფროსს თურმე და ახლა შვილებმა იძიეს შური.''
,,და რა ჯდებოდა ეს შეკვეთები?''
,,გააჩნია, ვინ საიდან იყო წასაყვანი. რუსეთიდან აფხაზეთში ჩაყვანა იაფი გახლდათ, აი, თუ ჯერ რუსეთში იყო კლიენტი ჩამოსაყვანი და მერე აფხაზეთში გადასაყვანი, სხვა თანხა იყო. რუსეთშივე თუ იყო სამოძრაო, ცოტა ღირდა. ფასი ოცი ათასიდან იწყებოდა და ერთმა სომეხმა ასი ათასიც გადაიხადა.''
,,რაში?!''
,,ადიღეელი ბოევიკის ჩამოყვანაში. როგორც იძახდნენ, ის ადიღეელი და ეს სომეხი თანამებრძოლები იყვნენ, დამთვრალან ერთხელ და იმ ადიღეელმა ეს ძალით იხმარა და ხეზე მიბმული დატოვა. ქართველებმა იპოვეს, არ დახვრიტეს, მაგრამ სხვა ტყვეში გაცვალეს. ამას ვერ ინელებდა.''
,,რით მთავრდებოდა ეს ისტორიები?''
,,უეჭველი სიკვდილით. ასი ათასს რომ გადაიხდი, იმას ხომ არ ეტყვი, ეგ რა გააკეთე, შე ცუდო კაცოო და ხომ არ გაუშვებ?''
,,შენი ისტორია როგორ იყო?''
,,ერთ-ერთმა ჩეჩნურმა დაჯგუფებამ აფხაზეთში 12 კაცი დაკარგა. აქედან სამი ძმა იყო, მეოთხე ძმა პატარა გახლდათ და გადარჩა. არ ვიცი ვინ თქვა, რომ ის 12 კაცი მე მოვკალი, მაგრამ ფაქტია, ასე თქვეს. ის ძმა ახლა რუსეთში ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელია, რეკეტი, გამოძალვა... დიდი ფული აქვს. ჰოდა, იმან შეუკვეთა ჩემი თავი ,,მატროსს''. საქართველოში ვიყავი, არ მქონდა იმის თავი, რუსეთში წავსულიყავი და მეგულავა. შემისრულეს, ინტერნეტით მაგარი გოგო გამეცნო, დამიმეგობრდა, ჯერ მიმოწერა, მერე ,,სკაიპით'' ვილაპარაკეთ, დავრწმუნდი, რომ რეალურად არსებობდა ეს გოგო. მომწერა, ვგიჟდები ქართველებზე, მთელი ცხოვრება იმას ვნატრობ, ქართველს გავყვე ცოლად, მაგრამ აქაური ქართველები არ მიზიდავს, ნამდვილი ჯიგიტი მინდაო. მითხრა, ჩამოდი, ვიცხოვროთ ცოტა ხანს ერთად და მერე გადაწყვიტე, უნდა მომიყვანო თუ არა ცოლად, შენი ფული არ მჭირდება, ჩემი საკმარისი მაქვსო. გამომიგზავნა ბილეთი, გზის ფული, ტანსაცმლის ფული, სულ დაახლოებით სამი ათასი დოლარი. მე ცოლ-შვილი არ მყავს, ომის შემდეგ შვილი ლეიკემიით დამეღუპა და ცოლმა ვერ გადაიტანა, მონასტერში წავიდა და დავრჩი ასე მარტო. თან ხომ იცი, ყველა ქართველს ჰგონია, რომ რუსის ქალები ჩვენზე გიჟდებიან. ჩავედი მოსკოვში, შევხვდი ამ ქალს და გადავირიე, ისეთი ლამაზი იყო. მაშინ გამკრა პირველად ეჭვმა, რომ რაღაც ისე ვერ იყო, იმიტომ, რომ ჩემნაირი კაცი კი არა, ის ქალი ნებისმიერს ააგდებდა. გარეუბანში მაქვს სახლიო, მითხრა და იქითკენ ავიღეთ გეზი. მოსკოვიდან დაახლოებით ას კილომეტრში იყო, რაღაც მიყრუებულ ადგილზე მივედით. სახლს რომ მიუახლოვდა, დავრწმუნდი, რომ შარში ვიყავი - არ იყო ეს ის სახლი, რომელშიც ეს ქალი იცხოვრებდა, ფიცრებით შეკრული რაღაც ,,ხიჟინა'' ჩანდა მავთულის ღობის შიგნით, ღობეც კი არ ჰქონდა ნორმალური. გააჩერა მანქანა, გადავიდა და მაგ დროს შევნიშნე, სახლში ფარდა გაინძრა. საჭესთან გადავინაცვლე, მანქანა დავატრიალე და მოსკოვში დავბრუნდი. ვიცოდი, ბავშვობის ძმაკაცი იყო იქ, მოვძებნე, იმან ქართველი კრიმინალები მოძებნა და ერთადერთი, რაც ვიცოდი, ის სახლი და ის გოგო იყო. გოგო რა თქმა უნდა ვერ ვნახეთ, სახლი კი სად წავიდოდა? მაშინ გავიგე ,,მატროსის'' არსებობის შესახებ და ისიც გავიგე, რომ მას უკვე ყველა ეძებდა მოსაკლავად.
საბედნიეროდ, ქართველებმა ისიც მოახერხეს, რომ ჩემი შემკვეთი დაადგინეს. ნახეს ჩემს გარეშე ის ჩეჩნები, უთხრეს, აბსურდია, ამ კაცს არ მოუკლავსო, მაგრამ ვერ დააჯერეს. მეც საქართველოში დავბრუნდი და ახლა, უბრალოდ ლამაზი ქალი კი არა, მონიკა ბელუჩი რომ მესაუბროს ,,სკაიპით'' და მითხრას, ქართული შენი ხათრით ვისწავლეო, აქედან წამსვლელის დედა ვატირე მე''.
,,ხომ არ იცი, დაახლოებით რამდენი კაცი გაყიდა მატროსმა?''
,,ამბობენ, 50-ზე მეტიო. სხვათა შორის, ჩეჩნებმა და ქართველებმა ერთობლივად იპოვეს და მოკლეს...''
პატიმარი #0578