ე.წ. ზონდერ ჯგუფის ხელმძღვანელი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდა. „ნაციონალური მოძრაობამ“ გორის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბადრი ბასიშვილი, ხოლო გორის მაჟორიტარად კი სოდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსი გოგლიძე წარადგინა. კანიდატების განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაშ ისინი ადგილობრივი ბიუჯეტის მიზნობრივად ხარჯვას და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მიაქცევენ ყურადღებას.
„ნაციონალური მოძრაობის“ სახე ბადრი ბასიშვილი ერთხელ უკვე იყო 2008-2012 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი, ლიახვის ყოფილი მაჟორიტარი, იყო შიდა ქართლის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე. 2012 წლამდე ბასიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. თუმცა, ოფიციალური სტატუსის გარდა, ბასიშვილს არაოფიციალური სტატუსიც აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი ე.წ. ლიახვის ხეობის ე.წ. ზონდერ ბრიგადების ხელმძღვანელი იყო.
ბასიშვილის სახელი საკანონმდებლო საქმიანობაზე მეტად ძალადობასა და უკანონობას უკავშირდება. 7 ნოემბერისა და 26 მაისის აქციების დარბევა, ხურვალეთი, კარალეთში ქვების სროლა კახა კალაძესა და „ქართული ოცნების“ აქტივისტების წინააღმდეგ, მოსახლეობის დაშინება.
სწორედ დაშინება იყო ერთ-ერთი მეთოდი, რითაც აიძულებდა დევნილთა ჩასახლებაში ჩასახლებულ დევნილებს რეზერვში გაწევრიანებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ე.წ. კოტეჯების ჩამორთმევით ემუქრებოდა - ეს იმ ფაქტების მცირე ჩამონათვალია რომელიც ბადრი ბასიშვილისა და მისი ე.წ. ზონდერ ჯგუფების ანგარიშზე ირიცხება, რომლებიც გამგეობებსა და საკრებულოებში იყვნენ გაფორმებული.
for.ge-სთან საუბრისას რეგიონალური ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი ამბობს, რომ დაჯგუფება, რომელიც 2008-2012 წელს მოქმედებდა დაკავშირებული იყო ბასიშვილთან და ეს დაჯგუფება დაკომპლექტებული იყო დიდი ლიახვის მოსახლეობისგან.
„დავით კირკიტაძის გუნდმა ჩააბარა მას ე.წ. ზონდერ დაჯგუფება და დღემდე მუშაობენ. აქტიურად იყვნენ ჩართულები მოსახლეობის დაშინებაში, პლიუსს ჩართულები იყვნენ ქონების გადანაწილებაში. ბასიშვილს ჰქონდა ჩაბარებული გორში ყველა სფერო - ზონდერები, ბიზნესი, სამართალი თუ სამართალდარღვევა.
ბასიშვილთან შეთანხმების გარეშე ვერავინ ვერ შედიოდა დევნილთა დასახლებებში. განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის ადამიანისთვის შეიძლებოდა დევნილთა ჩასახლებაში არსებული კოტეჯიც წაერთმიათ, ან საერთოდ არ მიეცათ კოტეჯი და ის დახმარება, რომელიც მაშინ დევნილებისთვის იყო განკუთვნილი“, - აცხადებს საბა წიწიკაშვილი.
მისივე თქმით, ძალადობის ერთ-ერთი მაგალითია ხურვალეთის მკვიდრი მარინა ბეჟაშვილი, რომელიც პატარა ლიახვის ხეობიდან იყო დევნილი. ბეჟაშვილმა იმ მოტივით ვერ მიიღო კუთვნილი დახმარება სახელმწიფოსგან, რომ ნინო ბურჯანაძის „გაერთიანებული დემოკრატების“ მხარდამჭერი იყო.
„2009 წელს 8 აგვისტოს მასთან მიმავალი ბურჯანაძე არ შეუშვეს ხურვალეთში და არანაკლები დარბევა იყო, ვიდრე კარეალეთში მოხდა. სასტიკად გაუსწორდნენ მაშინ ადამიანებს. ბოლოს იმ ზომამდე მიიყვანეს, რომ ბეჟაშვილმა მიატოვა ე.წ. კოტეჯი და კახეთში წავიდა. ონკოლოგიური ავადმყოფი გახდა, რის გამოც გარდაიცვალა.
ამ ზონდერებიდან არავინ არ დასჯილა. ისევ ბასიშვილის გვერდზე არიან. პოლიტიკურად აქტიურები არიან და დღეს პარტიას ეხმარებიან. ბასიშვილის წარდგენისას ეს ზონდერებიც იქ იყვნენ. რაღაცა წრე აქვთ და თავისი სიტყვა ეთქმით დევნილებში, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საზოგადოებაში აქვთ გავლენა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას საბა წიწიკაშვილმა.
„ქართული ოცნების“ წევრი ზაზა ადუაშვილი ერთ-ერთია, რომელმაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საკუთარ თავზე განიცადა ბასიშვილისა და მისი ზონდერ ჯგუფის აღვირახსნილი ქმედება.
„ყველა შეხვედრებზე ჩნდებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც ასოცირდებოდნენ ბასიშვილის ბანდასთან, თავად კი შორიდან ადევნებდა თვალ-ყურს პროცესებს. ბასიშვილი ასოცირდებოდა ადამიანების ცემასა და დასჯაში. კარალეთის დარბევა და ქვების სროლა სწორედ ბასიშვილის ორგანიზებული იყო. საკუთარ თავზე გადავიტანე ბასიშვილი და მისი უკანონო შეიარაღებული ბანდების ხელკეტები და აღვირახსნილი ქმედება“, - ამბობს ზაზა ადუაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი ამბობს, რომ საკუთარ თავზე „ბევრი ლეგენდა“ სმენია, რაზეც კომენტარის გაკეთება არ სურს. ბასიშვილის თანაპარტიელები აცხადებენ, რომ ის უაღრესად პატრიოტი ადამიანია და თუკი ბასიშვილი დამნაშავე იყო, მაშინ ამაზე პროკურატურას უნდა ეზრუნა.
„როდესაც რომელიმე კანდიდატი განსაკუთრებით გააღიზიანებს და ხედავენ, არჩევნების მოგების შანსი მაღალი აქვთ, მათ წინააღმდეგ რაღაცას იგონებენ. ასეთი ვითარებაა ბასიშვილის შემთხვევაშიც. არა მგონია, რომ ბადრი ბასიშვილი იყოს ერთადერთი, რომელიც ამ ხელისუფლებას არ მოეწონება. ასე რომ, უნდა ველოდოთ სხვადასხვა ეპითეტებს ჩემი მეგობრების მიმართ“, - ამბობს ხათუნა გოგორიშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ ბასიშივილის სახელი არაერთ ძალადობასთან ასოცირდება, ირაკლი შოთაძის უწყება ამ დრომდე დუმს. თუმცა, დაინტერესების შემთხვევაში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მზად არის მის კომიტეტში არსებული მასალები გადასცეს მთავარ პროკურატურას.
„ამ ადამიანს თავის დროზე შექმნილი ჰქონდა არაფორმალური ჯგუფები, რომლებიც მაშინ თავს ესხმოდნენ ოპოზიციურ პარტიებს. გორს და არა მარტო გორს ახსოვს ბასიშვილის ქმედებები. მის ქმედებებზე ძალიან ბევრი მასალა არსებობს და მათ შორის ჩვენთანაც ინახება. თუკი გამოძიებას არ აქვს ეს მასალები, შეგვიძლია ეს ინფორმაციები ამოვიღოთ და მივაწოდოთ“, - აცხადებს ეკა ბესელია.
ექსპერტების შეფასებით, ბასიშვილის გამოჩენით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს არ ამბობს ძალადობაზე. როგორც ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, ამ ფიგურის წამოწევით საკმაოდ ცინიკური და ემოციურად გამაღიზიანებელი ნაბიჯი გადაიდგა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ.
„სამწუხაროდ, გორში ისევ არეული სიტუაციაა. გორმა არჩევანი უნდა გააკეთოს ცუდსა და უარესს შორის. იგივე, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილია ძალიან აქტიური და უკაცრავად, მაგრამ ოქრუაშვილი არაფრით არ არის ბასიშვილიზე ნაკლები. აქედან გამომდინარე, ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთების პირობებში, რა გათვლას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“ სიმართლე გითხრათ, პასუხის გაცემა გამიჭირდება.
სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოახდინა ამ ადამიანების რეინტეგრაცია ქართულ პოლიტიკაში. ხელისუფლება ლაპარაკობს სამართლიანობაზე და ამ დროს მურუსიძე ჰყავს მთავარ მოსამართლედ. საუბრობს, რომ კარალეთში ჩასულ კახი კალაძეს ბასიშვილი ესროდა ქვებს, ამის საპირწონედ მას აქვს კორცხელის მაგალითი. ამ მარაზმს მოხერხება უნდოდა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს მოახერხა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭირს ისეთი კადრების აკრეფა, რომლებსაც ძალადობისკენ არ აქვთ მიდრეკილება.
„ნაციონალების ხასიათიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ მათი მიზანი სულაც არ იყოს პარტიის რებრენდინგი და მით უმეტეს რეგიონებში. ეს თითქოს თვალში საცემი არ არის, მაგრამ for.ge-ს თვალს რა გამოეპარება და ვნახეთ, რომ რეგიონში ასეთი ძალადობისკენ მიმართული პერსონა ჩასვა. ბასიშვილის გამოჩენა ადასტურებს, რომ ძალადობაზე, როგორც მეთოდზე, ნაციონალები პრინციპულ უარს არ ამბობენ, რადგან ფიქრობენ, რომ შეიძლება ეს ხალხი ისევ დასჭირდეთ. ფაქტია, რომ 4 წლის განმავლობაში პარტიას თავის რიტორიკაში და სახეებში არაფერი შეუცვლია“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.