„ქართულ კინოში ამაღელვებელი პერიოდია, მგონია, რენესანსს უნდა ველოდეთ“

„ქართულ კინოში ამაღელვებელი პერიოდია, მგონია, რენესანსს უნდა ველოდეთ“

ჰოლივუდში ნამუშევარი ამერიკელი ოპერატორის თბილისური ცხოვრება და სამომავლო გეგმები

ტომას ბერნსი გამოცდილი კინოოპერატორია. ჰოლივუდში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის ათწლიანი სტაჟი აქვს. ბერნსი ქართული კინოს დიდი გულშემატკივარიც გახლავთ. როგორც გაგვიმხილა, საქართველოში დარჩენას გეგმავს, მზადაა, სურვილის შემთხვევაში, გამოცდილება გაუზიაროს ქართველ კოლეგებს და წვლილი შეიტანოს ქართული კინოწარმოების განვითარებაში. „ვერსიაიმედს გამოთქვამს, რომ ამ სტატიის მერე, საქართველოში ბერნსის ყოფნის შესახებ მეტი რეჟისორი შეიტყობს. ტომას ბერნსი თავად გვიამბობს, როდის ჩამოვიდა საქართველოში და რატომ გადაწყვიტა ჩვენ ქვეყანაში დარჩენა.
- საქართველოში 1990-იანი წლების ბოლოს ჩამოვედი პირველად. რამდენიმე წელი აქ ვიცხოვრე. შემდეგ წავედი და 2014 წელს დავბრუნდი. მომწონს თქვენ ქვეყანაში ცხოვრება. 
- საინტერესო პროფესიული ბიოგრაფია გაქვთ - 10 წელი ჰოლივუდში ოპერატორად მუშაობდით. იქ როგორ აღმოჩნდით? 
- ტეხასში დავიბადე, მაგრამ ჩემი შეგნებული ცხოვრების უმეტესი ნაწილი ლოს-ანჯელესში გავატარე. საქართველოში ცხოვრების შემდეგ, შტატებში დავბრუნდი და კინოსკოლაში შევედი. მაშინვე ჰოლივუდის ოპერატორებს დავუდექი შეგირდად მხატვრულ ფილმებში, სატელევიზიო პროექტებსა თუ სარეკლამო რგოლებში. თითქმის ყველანაირ პროდუქციაზე გავიარე ტრენინგი. პატარა, დამოუკიდებელი პროექტებით დაწყებული, დიდი, სტუდიური ფილმებით დასრულებული. ჩემი კურსი ასევე მოიცავდა ზოგი ამერიკული დაჯილდოების სატელევიზიო შოუს რამდენიმე სეზონს, მსოფლიოში პოპულარულ რამდენიმე სარეკლამო რგოლს. ძალიან მადლიერი ვარ, რომ მქონდა შანსი, მიმეღო ტრენინგი მსოფლიოს საუკეთესო ოპერატორებისგან. ბევრ მათგანს დღემდე ვურეკავ რჩევისთვის. 
- როგორც ვიცი, ქართველ რეჟისორებთანაც გიმუშავიათ. კონკრეტულად ვისთან, რა პროექტებში შეიტანეთ წვლილი? 
- ქართველებთან თანამშრომლობა ჯერჯერობით მხოლოდ რეკლამით შემოიფარგლება. დიდი გამოცდილება მივიღე რეჟისორ ნინო გორდელაძესთან მუშაობისას, გერმანული ლუდის სარეკლამო სერიების გადაღების დროს. ზოგადად, ვფიქრობ, ქართველი რეჟისორების ახალგაზრდა თაობა ძალიან პერსპექტიულია. 
- საქართველოში თქვენი დონის ექსპერტი არცთუ ბევრია. შესაბამის წრეებში იციან თქვენ შესახებ და თუ ხართ მზად, ქართველი რეჟისორებისგან ახალი შემოთავაზებები მიიღოთ? 
- ზოგი მიცნობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მეტთან შეხვედრას ვისურვებდი. გამოცდილებამ მიჩვენა, რომ აქ თანამშრომლობა ხანგრძლივ მეგობრობას ეფუძნება, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რეჟისორები ახლოს გავიცნო მანამ, სანამ ერთად მუშაობას შევუდგებით. 
- კინოოპერატურის ქართულ სკოლას როგორ აფასებთ? 
- ქართველ ვიზუალურ არტისტებს საერთოდ, სტილის კარგი გრძნობა აქვთ და ზოგიერთი ძალიან კარგადაც მუშაობს. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ზოგიერთი ფილმის ავტორი საკუთარ პროდუქციას ჯერ კიდევ აფასებს როგორც არტპროექტს, რომელსაც მეგობრებთან ერთად ქმნის. ამის შედეგად კი, პროდუქცია ნაკლებად ორგანიზებულია, ვიდრე უნდა იყოს. ვცდილობ, საქართველოში საორგანიზაციო მეთოდები შემოვიტანო, რაც ჰოლივუდში შევისწავლე და გავუზიარო იმ ქართველებს, რომლებთანაც მუშაობა მიწევს. 
მსოფლიოს მთავარმა კინოინდუსტრიებმა ბოლო 100 წელი სამუშაო პრაქტიკის დიდი ჩამონათვალის შექმნას შეწირეს, რაც აღმოჩნდა, რომ ფილმების კეთების ყველაზე ეფექტური გზაა. შემოქმედებით მხარეზე არ ვსაუბრობ, მექანიზმს ვგულისხმობ, რაც ფილმის გადაღების ყოველდღიურ პროცესს მოიცავს. არის პატარა განსხვავება ამერიკულ, ევროპულ, ინდურ სისტემებს შორის, მაგრამ ძირითად ნაწილში, ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. მიმუშავია ქართველ პროფესიონალებთან, რომელთაც ეს ესმით და მაღალი დონის სპეციალისტები არიან. ისინი ქართული კინოს მომავალს წარმოადგენენ. თუმცა ისეთ კინოწარმოებასთანაც მქონია ურთიერთობა, რომლებიც არაფერს ითვალისწინებენ და იჟინებენ, რომ თავისებურად გააკეთონ ყველაფერი, რაც, როგორც წესი, ძალიან ქაოტურ და არაკომფორტულ სამუშაო გარემოს ქმნის. 
- ჰოლივუდიდან შეთავაზებები ისევ გაქვთ? თუ საიდუმლო არ არის, რატომ წამოხვედით იქიდან? 
- ჩემს ჰოლივუდელ კოლეგებთან მჭიდრო კავშირი დღემდე მაქვს და ასე იქნება მომავალშიც. საქართველოში იმიტომ ჩამოვედი, რომ აქაურობა მომწონს. მსურს, მეტ ქართველ და უცხოელ რეჟისორთან ვიმუშაო. ასევე მინდა, ქართული კინემატოგრაფის ამ ამაღელვებელი პერიოდის ნაწილი ვიყო. ჰოლივუდი მსოფლიოში ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც კინოს იღებენ; მეტიც, მე უფრო მეტი გახსნილობა მინდოდა კინოინდუსტრიის გლობალურ არენაზე. აღმოვაჩინე, რომ ასე უფრო ვიზრდები, როგორც არტისტი, როდესაც ვხვდები ხალხს ახალი იდეებით, განსხვავებული წარმომავლობით და სამყაროსადმი სხვაგვარი ვიზუალური აღქმით. 
- სხვადასხვა შეთავაზების დროს, რა კრიტერიუმებით აკეთებთ არჩევანს ამა თუ იმ პროექტის სასარგებლოდ? 
- პროექტის სცენარი და ვიზუალური პოტენციალი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის ამოსავალი წერტილი რეჟისორთან, პროდიუსერებსა და წარმოების უფროსთან ურთიერთობაა. ფილმის გადაღება არსებითად თანამშრომლობითი ძალისხმევაა და როდესაც ეს კომპონენტი ძლიერია, შედეგებსაც უკეთესს ვიღებთ, ვიდრე მთელი ცალკეული კომპონენტების ჯამი მოგვცემდა. როცა გუნდში მჭიდრო და პროფესიონალური ურთიერთობაა, მხოლოდ მაშინაა მთელი სამუშაო პროცესი ყველასთვის შთამაგონებელი. შევამჩნიე, რომ საქართველოში ზოგიერთ ადამიანს ფილმის რეჟისურაზე ფუნდამენტურად განსხვავებული წარმოდგენა აქვს. აქ ბევრს სჯერა, რომ ფილმის ნებისმიერ ასპექტში რეჟისორს მეტი მოეთხოვება, ვიდრე ყველა დანარჩენს, რომ ის არის ერთადერთი შემოქმედებითი ხედვის ადამიანი. ამ მიდგომას არ ვეთანხმები. რეჟისორის ფუნქციაა, შექმნას და შეინარჩუნოს პროექტის კრეატიული ხედვა და გუნდის ყველა წევრს (მსახიობები, ოპერატორი...) არტისტული მეგზურობა გაუწიოს. ძლიერი რეჟისორები ბუნებრივი ლიდერები არიან, რომლებიც თავიანთ გუნდს შთაგონებით ავსებენ. ისინი დრამას მხოლოდ სცენარში ათამაშებენ და არა გადასაღებ მოედანზე. ტრადიციულად, ისინი ლიდერის თვისებებით და თანამშრომლობის უნარით დაჯილდოებული, პოზიტიური ადამიანები არიან. ჭკვიანი რეჟისორები ირგვლივ ექსპერტებს შემოიკრებენ, რომელთაც მათზე მეტი გამოცდილება აქვთ და მათი დახმარება სწადიათ. ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც ძლიერ რეჟისორს სუსტისგან განასხვავებს, არის ის, რამდენად კარგად მუშაობს კოლეგებთან. 
- თქვენი პროექტებიდან ყველაზე წარმატებული რომელია? 
- ახლახან, ინდური კლიპები გადავიღე მუმბაიდან ჩამოსულ გუნდთან ერთად. მათთან მუშაობა ფანტასტიკური იყო! ასევე, ამერიკულ-პოლონურ ჯგუფთან მაქვს მოლაპარაკებები, მხატვრული ფილმი უნდა გადაიღონ, საქართველოში. მოუთმენლად ველი სხვა საერთაშორისო პროექტებსაც. 
- გაქვთ საოცნებო ფილმი? 
- სიამოვნებით გადავიღებდი სურათს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. ამისთვის საქართველო არაჩვეულებრივი ლოკაცია იქნებოდა. 
- ახლახან, საქართველოში, ჰოლივუდიდან ჩამოსულ პროდიუსერების ჯგუფს უმასპინძლეთ. ამ ვიზიტის მიზანი და შედეგი რა არის? 
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ძალიან აქტიურადაა ჩართული უცხოური კინოწარმოებების მიმართ საქართველოს პრომოციის (სამეცნიერო ხარისხის მინიჭება) საქმეში. როცა შემიძლია, ამ მიმართულებით, მხარში ვუდგავარ. მათ ამ ბოლოს, ჰოლივუდიდან სკაუტების და პროდიუსერების დელეგაცია მოიწვიეს იმ მიზნით, რომ უფრო მეტი ამერიკული პროექტი მოიზიდონ. სოფიო ბენდიაშვილმა და მისმა გუნდმა მოაწყვეს ეს ვიზიტი და მათ ვახლდი. ტური არაჩვეულებრივად ორგანიზებული იყო. ამერიკელები ძალიან დიდი შთაბეჭდილებით წავიდნენ საქართველოდან. ვფიქრობ, კარგი შესაძლებლობა გაჩნდა ახალი ამერიკული ფილმების გადაღებისთვის. დღეს, ქართულ კინოში, ძალიან ამაღელვებელი პერიოდია. ბოლო ოცწლეული რთული იყო და მგონია, რენესანსს უნდა ველოდეთ კინოხელოვნებაში. ისეთი გრძნობა მაქვს, მომავალ 20 წელიწადში, უკან მოვიხედავთ და დროის ამ მონაკვეთს შევაფასებთ, როგორც ქართული კინემატოგრაფის ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან ფურცელს.