რამდენიმე დღის წინ გავრცლედა ინფორმაცია, პარტია ,,გირჩი'' და გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“ ერთიანდებიანო. ეს ორივე პარტიის ლიდერმა გარკვეულწილად დაადასტურა. თუმცა ისიც დასძინეს, რომ საუბარი მხოლოდ ერთმანეთთან კი არა, სხვა პარტიებთანაც გვაქვსო. ,,ვერსიამ'' სწორედ ,,სხვა პარტიების'' ჩამონათვალი გაარკვია და ისიც გაიგო, რომ ამ მოლაპარაკებების დასრულებას ივლისის ბოლოს უნდა ველოდეთ. მანამდე კი ვითარება ორ, ე.წ. პრორუსულ და პროდასავლურ ფრონტებზე საინტერესოდ ლაგდება.
მოვლენების მოკლე ქრონოლოგია ასეთია: აბსოლუტურად განსხვავებული ორიენტაციისა და პლატფორმის 10-ზე მეტი პარტია 1 წლის წინ ინტერპარტიულ ჯგუფში გაერთიანდა და საარჩევნო გარემოს შეცვლა და მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება დაისახა მიზნად. 1-წლიანი წვალების შემდეგ, ოპოზიციამ გარკვეული ფულადი შეთავაზება მიიღო, საარჩევნო დაფინანსების შესახებ. ინტერპარტიულმა ჯგუფმა თავი ამოწურა და დაიშალა. ხოლო მეტ-ნაკლებად მსხვილმა პარტიებმა, ვისაც ბარიერგადალახულთა სიკეთეები (უფასო საეთერო დრო, დაფინანსებული წევრი კომისიაში და ა.შ. და) ისედაც აქვთ, წვრილ პარტიებს დაბლოკება და სიკეთეების გაყოფა შესთავაზეს, იმის შიშით ხელისუფლებას არ ,,მიეყიდონო''. ჰოდა, მოსახდენი მოხდა - ინტერპარტიული ჯგუფი ორად გაიყო და ე.წ. პრორუსულები - კახა კუკავა, აკაკი ასათიანი და გოჩა ჯოჯუა, კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად, ირმა ინაშვილის შეთავაზებით, ,,პატრიოტთა ალიანსს'' მიეკედლნენ. სახელად კი გაერთიანებული ოპოზიცია დაირქვეს. მეტიც, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თამაზ მეჭიაური, რომელმაც ,,ოცნების'' ,,არაკოჰაბიტირებული'' ნაწილი შეიერთა, მოლაპარაკებებს ირმა ინაშვილთან აწარმოებს; მეორე მხრივ, ლევან მამალაძის ,,სახალხო ხელისუფლება'' და ზვიად ჩიტიშვილის ,,ჩვენი სამშობლო'' დაბლოკებას აპირებენ. ცნობილია, რომ მეჭიაური და ჩიტიშვილი მოსკოვში უკვე იყვნენ, მამალაძესთან მოსალაპარაკებლად. ჯერჯერობით, მოლაპარაკების კონკრეტული დეტალები უცნობია, მაგრამ ფაქტია, ე.წ. პრორუსული ნაწილი იმდენად ძლიერდება, რომ ლადო ბედუკაძის, თემურ ხაჩიშვილისა და სხვების სტრატეგიული პარტნიორობით, მინიმუმ, ერთმანეთისთვის ხმების არწართმევაზე იზრუნებენ.
ამის საპირწონედ, ე.წ. პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის ,,ინაშვილობა'' თავის თავზე ,,გირჩმა'' აიღო, რომლის ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ მოლაპარაკებების დაწყება დაადასტურა.„ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს გიორგი ვაშაძესთან და რამდენიმე სხვა პარტიასთანაც, ცხადია პროდასავლურ ძალებს ვგულისხმობ. „გირჩთან“ კონსულტაციები აქვს ბევრ პოლიტიკურ ძალას და ბევრ პოლიტიკოსს, თუკი საბოლოო ჯამში ჩვენი პრინციპები და ხედვები დაემთხვევა ერთმანეთს, ეს „გირჩისთვის“ ყველაზე მთავარია''.
მასმედიას დასტურს აძლევს ,,ახალი საქართველოს'' ლიდერი გიორგი ვაშაძეც და ამბობს: ,,არ გამოვრიცხავ სხვა პოლიტიკურ პარტიასთან საარჩევნო ბლოკის შექმნას. ახლა ბევრი საკითხია განსახილველი, მთავარი თემა კი ისაა, რომ საქართველოს სჭირდება ახალი პოლიტიკური კლასი, სრულიად ახალი სტანდარტები პოლიტიკაში, დასავლური ორიენტაციის ძალების გაძლიერება და ამ კუთხით ვისაც აქვს საინტერესო ხედვა, ყველასთან გვაქვს დისკუსიები და მოლაპარაკებები''.
ჰოდა, ინფორმაციით, რომელიც ,,ვერსიამ'' პოლიტიკურ კულუარებში შეიტყო, ,,გირჩისა'' და ვაშაძის მოლაპარაკებებში ჩართულნი არიან ასევე ახალი მემარჯვენეები, ზურაბ ხარატიშვილის პარტია, ედპ და პაატა დავითაია, ანუ ინტერპარტიული ჯგუფის ის ე.წ. პროდასავლური ნაწილი, რომელიც, სხვათა შორის, არც ირმა ინაშვილის ძალამ მიიღო და არც თავად სურდათ ,,პრორუსებთან'' ასოცირება. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია პაატა ბურჭულაძესთან მოლაპარაკებაზეც, რასაც კულუარებში არ გვიდასტურებენ. თუმცა როგორც გვიამბობენ, ეს ბლოკი სულ რომ არ შედგეს და გიორგი ვაშაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალოს, ახალი მემარჯვენეები და ,,გირჩები'' ყველაზე ახლოს არიან ერთმანეთთან და მაინც ერთად დარჩებიანო. ასევე, თუკი ამ ფრონტზე ყველა პარტიის დაბლოკება არ გამოვა, ეს ძალები მინიმუმ იმაზე მაინც შეთანხმდებიან, რომ ერთსა და იმავე რაიონში ერთმანეთს საპირწონე კანდიდატები არ დაუყენონ და მაჟორიტარები გააყვანინონ. ეს ინფორმაცია ,,ახლების'' ლიდერთან, მანანა ნაჭყებიასთან გადავამოწმეთ, რომელმაც ფაქტობრივად, დაგვიდასტურა მოლაპარაკებების შესახებ და განაცხადა, რომ კონკრეტული საკითხები თვის ბოლომდე გაირკვევა: ,,ვფიქრობ, ეს არჩევნები არ უნდა იყოს დაღდასმული - ,,ქართული ოცნება'' თუ ნაციონალური მოძრაობა. დღეს ქვეყანაში საკითხი ასე არ დგას. მთავარი კითხვა ისაა, არჩევნების შედეგად, პარლამენტში პროდასავლური პარტიების სიჭარბე იქნება, თუ - პრორუსული, ამიტომ ახალი მემარჯვენეების ამოცანაა, პროდასავლურმა პარტიებმა უფრო დიდი რაოდენობით მოვიყაროთ თავი პარლამენტში. დიახ, არაფერს ვმალავ და ვადასტურებ, რომ გვაქვს მოლაპარაკება ყველასთან, ვინც დასავლური ორიენტაციის პარტიაა. რა თქმა უნდა, მოვლენები ლოგიკურად განვითარდა ინტერპარტიულ ჯგუფში. ერთია თემატური თანამშრომლობა საარჩევნო გარემოზე, რომელიც დამთავრდა და მეორე - ბლოკი. არასდროს გაგვიჩენია მოლოდინი, რომ ეს თემატური ერთობა გარდაიქმნებოდა რაღაც საარჩევნო კავშირად, ბლოკად, რადგან ამ გაერთიანებაში აბსოლუტურად ჭრელი შემადგენლობა იყო თავმოყრილი. ისინი ისე დალაგდნენ, როგორც საჭიროდ მიიჩნიეს და ვფიქრობ, ასეთივე გადალაგება აქეთაც, პროდასავლურ ფრონტზეც უნდა მოხდეს. ჩვენ კოორდინაციისა და თანამშრომლობის რეჟიმში უნდა გადავიდეთ.
შესაძლოა, ეს არ იყოს ბლოკი, მაგრამ გარკვეული თანამშრომლობის ელემენტებს უნდა შეიცავდეს - მაგალითად, შეთანხმებას ერთმანეთისთვის მაჟორიტარების არდაყენების თემაზე. მოცემულობა ასეთია: ახლები ვერ ვიქნებით ,,ოცნებასთან'', რადგან ვართ ოპოზიციაში, ვერ ვიქნებით ნაციონალებთან, რადგან ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის უდიდესი ნაწილი მასთან ბრძოლას შევწირეთ და ვერ ვიქნებით მარტო. ამიტომ, ლოგიკურად იქამდე მივედით, რომ უნდა ვიყოთ დასავლური ორიენტაციის პარტიებთან და ვფიქრობ, ამ თვის ბოლომდე ყველაფერი გარკვეული და დასრულებული უნდა იყოს''.