ვინ დაბლოკა ლევან ღვინჯილია

ვინ დაბლოკა ლევან ღვინჯილია "I არხის" სამეურვეო საბჭოში?

"გულშემატკივართა საყურადღებოდ! ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ვწუხვარ, რომ თქვენი იმედები და მოლოდინი ვერ გავამართლე. კომისიის გადაწყვეტილებით, მე ვერ მოვხვდი საპარლამენტო 15-კაციან სიაში. "თამაში" დამთავრდა ანგარიშით 2:5, რაც იმას ნიშნავს, რომ ხუთმა ასომ ("არასამთავრობო ორგანიზაციამ"), და მათ შორის ერთმა - "ასო-მთავრულმა", ხმა მისცა ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგ. დიდი მადლობა კომისიის იმ 2 წევრს, რომელთაც მხარი დამიჭირეს. 35-წლიანი "ტელემოღვაწეობა" საიუბილეო წელს ასეთი შედეგით დასრულდა. რას ვიზამთ, ნაცები შემოევლონ მთელს საქართველოს და მე უკვე 11 წელია "მშვენივრად" ვეგუები უმუშევრობას. დიდ ბოდიშს ვუხდი ჩემს ოჯახს ამდენი ფუჭი გარჯისთვის. სამომავლოდ მეტს "ვიმეცადინებ" და უკეთ "მოვემზადები". ეგება სადმე რამეში მაინც გამოვდგე?!"

ეს მიმართვა ლევან ღვინჯილიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა და საქმე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატების არჩევას ეხება. საინტერესოა, ვინ დაბლოკა ლევან ღვინჯილიას კანდიდატურა და რა მოხდა კანდიდატურების შერჩევისას?

"ალია" კომენტარისთვის ლევან ღვინჯილიას დაუკავშირდა:

- შესარჩევი კონკურსის მეორე ტური ჩატარდა 2-3 აპრილს და ამ კონკურსში მივიღე ხუთი უარყოფითი ხმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, დადებითი ხმა კი მომცეს, სავარაუდოდ, ზაზა შათირიშვილმა და თამაზ ჯოლოგუამ. წარსადგენი იყო კონცეფცია, მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, თავად კონცეფციის წარდგენა მეურვეობის მსურველის მხრიდან თავისთავად არის კანონდარღვევა, რადგანაც კანონით, მეურვეს არანაირი კონცეპტუალური გავლენის მოხდენა არ შეუძლია საზოგადოებრივი მაუწყებლობის განვითარებაზე. სამეურვეო საბჭო ძირითადად ფინანსურ საკითხებს აკონტროლებს, თავიდანვე პროგრამულ პრიორიტეტებს განუსაზღვრავს გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს, მაგრამ, რადგან პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში ეს დებულება ეწერა, ამის წინააღმდეგ, ბუნებრივია, არავინ წასულა და "ხედვები" ყველას გვქონდა ჩამოწერილი. გასაუბრების დროს კონცეფცია უნდა ჩამოგეყალიბებინა 5-7 წუთის მანძილზე და მერე მოდიოდა შეკითხვები.

და რა მოხდა, კითხვებს ვერ უპასუხეთ?

- მანდ სხვა რამე მოხდა: სოციალურ ქსელში ჩემი მოსაზრება რომ გავრცელდა, ეტყობა, ჩემი მომხრეები, ცოტა არ იყოს, შეწუხებულები იყვნენ, საკუთარ აზრს გამოთქვამდნენ და კომისიის წევრს ნათია ბექიშვილს ეკითხებოდნენ, რა მოხდა, რატომ მოიქეცით ასეო, რაზეც ბექიშვილმა უპასუხა, ლევან ღვინჯილია პირველი ტურიდანვე უნდა გაგვეგდოო.

რატომ?

- იმიტომ, რომ თურმე ისო ყოფილაო პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელიო და ეს კანონთან შეუთავსებლობააო. ანუ, ინტერესთა კონფლიქტიაო. სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა: დიახ, ლევან ღვინჯილია იყო "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, მაგრამ ეს მე მკითხეს გასაუბრების დაახლოებით მე-40 წუთზე. იქ "ვაღიარე", რომ ნამდვილად ვიყავი დამფუძნებელი, მაგრამ პარტიის წევრი არ გავმხდარვარ. რაც შეეხება დამფუძნებლობას, ეს მექანიკურად პარტიის წევრობას არ ნიშნავს. მეტსაც ვიტყვი: კანონში წერია, რომ მეურვე არ შეიძლება იყოს იმავდროულად რომელიმე პარტიის წევრი, ანუ, გამოდის, რომ, თუ შენ კანდიდატობას აპირებ და გინდა მეურვე გახდე, უნდა გადაწყვიტო, პარტიაში გინდა ყოფნა, თუ სამეურვეო საბჭოში და თუ მე საბუთების შეტანამდე ერთი დღით ადრე პარტიას გავემიჯნები და უარს ვიტყვი პარტიულობაზე, მაშინ ინტერესთა კონფლიქტი უკვე აღარ არის. მაგრამ უარის თქმა არ დამჭირდებოდა, რადგანაც, ვიმეორებ, არასოდეს ამ პარტიის წევრი ნამდვილად არ ვყოფილვარ. დაფუძნება კი სამი წლის წინათ მოხდა.

დავუშვათ, ეს ნამდვილად ინტერესთა კონფლიქტია, მაშინ თქვენთან საერთოდ გასაუბრებაც კი არ უნდა შემდგარიყო. მაშინვე უნდა ეთქვათ ამის შესახებ, არა?

- დიახ, ამ დროს 40 წუთი მალაპარაკეს და მერეღა მითხრეს, აიო, თურმე დამფუძნებელი ყოფილხართო. ბექიშვილის ქალი ახლა თავს იმართლებს, რომ ჩვენ ესო პირველი ტურიდანვე უნდა მოგვეხსნაო, მაგრამ ეს გვიან გავიგეთო. მაგრამ რაც მათ "გვიან გაიგეს", ეს არის ტყუილი და კანონდარღვევა, მაგრამ "ვის შევჩივლო? რუსთაველი მკვდარია!"

კომისიის წევრები ერთ აზრზე იყვნენ?

- კომისიას აქვს უფლება, თავისი შეხედულებისამებრ მიიღოს გადაწყვეტილება. ის გეტყვის, ასე მიმაჩნია სწორად, რომ ეს კაცი იქ არ უნდა იყოსო, დასაბუთებას კი მას არავინ სთხოვს. მე რა პრეტენზია შეიძლება, რომ მქონდეს მის მიმართ. გახსოვთ, კრილოვს იგავი რომ აქვს, სახედარმა რომ მოუსმინა ბულბულის გალობას და თქვა, ჩვენი მამალი უკეთ მღერისო, აქ რომ დასცხებს, მდინარის გაღმა ისმის მისი ხმაო. 

და ამ კომისიაში სახედრის გემოვნება ვის აქვს?

- ჩემი აზრით, იმ ხუთივე ასოს, ასო არის არა უხამსი სიტყვა, არამედ ნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაციას, "ენჯეოს" რომ უწოდებენ ესენი. მათ ჩემგან მსგავსი შეფასება არ უნდა ეწყინოთ, რადგანაც, როგორც ეგენი აფასებენ ჩემს კანდიდატურას, ისე ვაფასებ მათ მიღებულ გადაწყვეტილებას.