„ოცნების“ სამი მაჟორიტარული ნაღმი ანუ რატომ უნდა აირჩიონ ვანელებმა ხონის, თელაველებმა - ყვარლის ან დუშელებმა ყაზბეგის მაჟორიტარი
ვანი ხონის მაჟორიტარს აირჩევს ან პირიქით, ხონი - ვანისას, თელავის რაიონის სოფლებს მაჟორიტარის არჩევა ყვარელში მოუწევთ. გამგებელი კი მაინც თელაველი ეყოლებათ; დუშეთი, ყაზბეგი და თიანეთი პარლამენტში ერთი კაცით უნდა დაკმაყოფილდეს. არც რიგითი ჩხოროწყუელის გამომეტყველების წარმოდგენა იქნება ურიგო, როცა საარჩევნო უბანზე აღმოაჩენს, რომ წალენჯიხელი კანდიდატი უნდა აირჩიოს - ეს ყველაფერი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი კომიკური სიახლეა.
ისე, თავისი არსით, ეს სიახლე სწორიცაა და სამართლიანიც, მაგრამ კარგი იდეა კიდევ ერთხელ ალოგიკურ და პოლიტიკურად მოტივირებულ დაჭრა-დაჩეხვას შეეწირა. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა 2015 წლის 28 მაისს, საკონსტიტუციო სასამართლომ საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც 73 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს ადგენდა, არაკონსტიტუციურად სცნო და ხელისუფლებას ამ ოლქებში ამომრჩეველთა ხმების გათანაბრება ოლქების საზღვრების გაზრდის ან შემცირების ხარჯზე დაავალა, ოღონდ ეს მეთოდურად უნდა მომხდარიყო, თუმცა გათანაბრება, როგორც ჩანს, მხოლოდ იმის ხარჯზე მოხდა, სად მეტი შანსი აქვს მმართველ გუნდს. ერთი შეხედვით, რიცხვობრივი თანასწორობა, მეტ-ნაკლებად, 73-ვე ოლქში დაცულია ანუ ჩვენმა პარლამენტარებმა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქების რაოდენობაზე გაყვეს და ოლქზე, დაახლოებით, 45 000 ხმა მიიღეს. არადა, ცდომილება, დათქმის მიხედვით, მაქსიმუმ, 10-15% უნდა იყოს. ერთი სიტყვით, დღევანდელი დანაწილებით, ყველა ოლქს თითქმის ერთნაირი რაოდენობის ამომრჩეველი ჰყავს და უხეში არითმეტიკის გარდა, არ არსებობს ერთი წესიც კი, რომელიც ოლქების დაყოფის პრინციპს ახსნის. სამაგიეროდ, არსებობს გაბრაზებული ოპოზიცია, რომელსაც ,,ოცნებამ'' ,,ჩეხვაი საკვირველი'' ერთ ღამეში მოუწყო და ,,სანთლის დამჭერადაც'' არ დაუძახა. კანონზე, რომლითაც საარჩევნო საზღვრები შეიცვალა, ვენეციის კომისიის საკმაოდ უარყოფითი დასკვნაც არსებობს: ,,ცვლილებები არ განსაზღვრავს საზღვრების დადგენის კონკრეტულ მეთოდს იმ ზოგადი ნორმების ფარგლებში, რაც მოცემულია საარჩევნო კოდექსის 110-ე მუხლის პირველ პუნქტში, არ აზუსტებს ამომრჩეველთა რაოდენობის საშუალო მაჩვენებლიდან გადახრის კრიტერიუმებს და არ მოიცავს მომავალში საზღვრების გადახედვის საკითხებს''. ვენეციის კომისიას ოპოზიციაც ეთანხმება, რომლის უდიდეს ნაწილს თავის დროზე ხმა, სხვათა შორის, არ ამოუღია და მხოლოდ ერთი ამოიკნავლა, საქართველო დაგვიჭრესო. ჰოდა, ახლა სრულიად უდრტვინველად მონაწილეობენ ,,დაჭრილი საქართველოს'' მაჟორიტარულ არჩევნებში, თუმცა ე. წ. დაუჭრელი ოლქებიც არსებობს, რომელთაც ხელი არ ახლეს. ძველი საზღვრები ხელუხლებელი დარჩა და ოლქის საზღვარი რაიონის საზღვარს მხოლოდ შემდეგ მუნიციპალიტეტებში ემთხვევა: მცხეთა - 44 000 ამომრჩეველი, ხაშური - 49 000, საგარეჯო - 45 000, გურჯაანი - 54 000, ახმეტა - 30 000, ნინოწმინდა - 20 000, ახალქალაქი - 38 000, საჩხერე - 44 000, ჭიათურა - 44 000, წყალტუბო - 52 000, სენაკი 40 932, ფოთი - 40 000.
დაჭრილი და შეწებებული ოლქებია: წალენჯიხა და ჩხოროწყუ, აბაშა და მარტვილი, შუახევი და ხულო, ხელვაჩაური და ქედა, ხონი და ვანი, ცაგერი და ლენტეხი, ამბროლაური და ონი, დუშეთი, ყაზბეგი და თიანეთი, წალკა და დმანისი, თელავი და ყვარელი და ა.შ. დაჭრეს და სხვა ოლქებთან არ შეუერთებიათ დიდი ქალაქები, კერძოდ, რუსთავი, ერთის ნაცვლად, ორმანდატიანი გახდა და შესაბამისად, ორ მაჟორიტარს აირჩევს, სამი მაჟორიტარი ეყოლება საქართველოში უდიდეს ოლქს ქუთაისს, ასევე, ბათუმს. გორი კი ორმანდატიანი ხდება. ერთ სტრიქონში ჩატეული ეს გადანაწილება თითქოს რთული გასაგები არაა, მაგრამ აბა, როგორი წარმოსადგენია, რომ მაგალითად, გორის რაიონის სოფლებს - სკრასა და ვარიანს მაჟორიტარი ქარელში ეყოლებათ, შავშვების ამომრჩეველს კი - კასპში? ჯერ ერთი, ამ ოლქებს ერთმანეთთან ათობით კილომეტრი აშორებს და ამომრჩეველს თავი რომ დავანებოთ, მაჟორიტარმა ორ-სამ ოლქს შორის როგორ უნდა ირბინოს და ეფექტური კამპანია ჩაატაროს? მეორე, მაჟორიტარი იქით იყოს, ამ ცვლილებამ ცხოვრება გაურთულა და გაუძვირა საარჩევნო ოლქების თანამშრომლებს, კომისიის წევრებს, დამკვირვებლებს, აგიტატორებს.
დედაქალაქი ჯერ 10-მანდატიანი იყო, შემდეგ - 18, ბოლო გადანაწილების მიხედვით კი პარლამენტში თბილისს 22 წარმომადგენელი ეყოლება. სულ 73 მაჟორიტარული ოლქიდან ცესკო-ს 30 ოლქის საზღვრების დადგენა დაევალა, დანარჩენის - ხელისუფლებას. ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე და პარტია ,,სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის'' ლიდერი ზურაბ ხარატიშვილი, რომელიც ყველა საარჩევნო ტექნიკურ საკითხში არაერთ კანონმდებელზე უკეთ ერკვევა, ,,ვერსიისთვის'' სამ ძირითად პრობლემას გამოყოფს და განმარტავს, რომ ყველაფერი ეს არჩევნების დღეს ქვეყანაში ნამდვილ ქაოსს შექმნის.
გეოგრაფიული პრობლემა
სწორედ ზურაბ ხარატიშვილის ცესკო-ს თავმჯდომარეობისას, ერთადერთ ოლქს, ბათუმს საზღვრები შეეცვალა და მას რამდენიმე სოფელი დაემატა, თუმცა ამ ერთმა ცვლილებამ არაერთი გაუგებრობა გამოიწვია. მაგალითად, დამისამართება, გაურკვეველი მისამართების არსებობა, ან ზოგადად, მისამართების არარსებობა ბათუმის მომიჯნავე სოფლებში. გარდა ამისა, დაბნეულობა შექმნა ისეთმა ცენტრალურმა ქუჩებმა, რომელთა დასახელებაც, პრაქტიკულად, ყველა სოფელსა თუ ქალაქში მეორდება (რუსთაველი, აღმაშენებელი, ჭავჭავაძე და ა.შ.) გარდა ამისა, მაშინ დამაბნეველი იყო საარჩევნო უბნების მდებარეობაც, კერძოდ, თუკი ადრე ერთ სოფელს ერთი საარჩევნო უბანი ჰქონდა, ისე მოხდა, რომ სოფელი ორ ან მეტ უბნად გაიყო და სხვა სოფლის ნაწილი შეუერთდა და ა.შ. ყველაფერი ეს მაშინ მხოლოდ ერთ ოლქში მოხდა, დღეს კი ასეთი 60 ოლქია.
,,გეოგრაფიული პრობლემების საუკეთესო მაგალითი ვანისა და ხონის შემთხვევაა - ეს ორი რაიონი, რომელიც ერთმანეთს არ ესაზღვრება, აიღეს და გააერთიანეს. აქ არც ლოგიკა არსებობს და არც - გეოგრაფიული დაყოფის პრინციპი. მმართველ გუნდს ერთი მიდგომა აქვს: ასე გავყავი და მორჩაო! ასევე, მესტია გაუერთიანდა რაჭა-ლეჩხუმის ნაწილს. ზემო და ქვემო სვანეთის გაერთიანება, ერთი მხრივ, ლოგიკურია, მაგრამ მეორე მხრივ, ვისაც იმ გზაზე ერთხელ მაინც გაუვლია და მესტიიდან ლენტეხში გადასულა, იცის, რომ ამ გზის გავლა ურთულესია - 60-კილომეტრიანი მანძილის გავლას 4-5 საათი მაინც სჭირდება, ამიტომ გადაადგილება, მით უმეტეს, ყოველდღიურად, ძალიან რთულია, თანაც ამ ოლქში 5 საოლქო კომისიაა და როგორც მახსოვს, მათგან მთავარი ამბროლაური, დანარჩენები კი, ასე ვთქვათ, დამხმარე ოლქებია. მესტიამ შედეგები, პრაქტიკულად, ამბროლაურში უნდა წაიღოს, ამისთვის კი ასეთი ვარიანტები აქვს: ან ზუგდიდი-ქუთაისიდან უნდა მოუაროს, ან იმ საშინელ გზას 5 საათი მოანდომოს. სხვათა შორის, მესტია გეოგრაფიულად ბევრად ახლოს ზუგდიდთან და იქ ჩასვლა გაცილებით იოლი იქნებოდა. ამიტომ თუ ,,ოცნება'' გეოგრაფიულ მომენტს მიყვებოდა, მესტიის ოლქის ზუგდიდთან შეერთება გაცილებით ლოგიკური გამოვიდოდა'', - ამბობს ზურაბ ხარატიშვილი.
როგორც ხარატიშვილი აცხადებს, იმ ოლქების შემთხვევაშიც კი, რომლებიც უშუალოდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა დაეყო, კომისიამ დაყოფის ზოგადი წესი არ შეიმუშავა, თუმცა თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში წმინდა რელიეფური და გეოგრაფიული პრობლემები ნაკლებად ჩანს. აი, რეგიონებს კი ჯოჯოხეთური არჩევნები ელის.
ეთნიკური, კუთხური და რელიგიური მომენტები
საქართველოს მრავალეთნიკურობა არჩევნებისთვის სამ ენაზე დაბეჭდილი ბიულეტენებიდანაც ჩანს. ეთნიკური არაქართველებით დასახლებულ რაიონებსა და ოლქებში აგიტატორებიც, ცხადია, სამ ენაზე მუშაობენ. პარტიები კი ადგილობრივ მოთხოვნებს ითვალისწინებენ და ცდილობენ, უნივერსალური კანდიდატი დაასახელონ, რომელიც ყველა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფისთვის მისაღები იქნება. ეს აქამდე სულ რამდენიმე ოლქში ხდებოდა, ახლა კი წინა პლანზე ე. წ. კუთხური მენტალობაც წამოიწევს ანუ ერთმანეთთან მიერთებულ ყველა ოლქს, რა თქმა უნდა, ენდომება, მაჟორიტარი სწორედ მისი რაიონიდან დასახელდეს და არა - მეორედან ან მესამედან. ჰოდა, სად უნდა იპოვონ პარტიებმა ამდენი უნივერსალური კანდიდატი?! ამიტომ, მედიის მიერ ასჯერ დასმულ კითხვაზე პასუხი ასეთია: სწორედ ამიტომ იგვიანებს პარტიების მხრიდან მაჟორიტარი კანდიდატების სიები.,,ამ ხნის განმავლობაში, რაიონებსა და ოლქებში საკუთარი მაჟორიტარის ყოლის ტრადიცია ისე ჩამოყალიბდა და ერთი რაიონის ერთ პარლამენტართან იდენტიფიცირების ხარისხიც მაღალია. ამიტომ დაჭრილ და შეერთებულ ოლქებში საარჩევნო კამპანიის წარმოება ურთულესი იქნება. რეალურად, ერთი რაიონის წარმომადგენლები ხმას მეორე რაიონიდან დაყენებულ კანდიდატს არ მისცემენ. ეს ისეთი თემაა, რომელსაც გვერდს ვერცერთი, მათ შორის, ვერც სახელისუფლო პარტია აუვლის. თავის დროზე, როცა ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ერთ ღამეში მიიღო, ასეთ დეტალებზე არავის უფიქრია, მაგრამ დღეს ამ პრობლემას თავადაც დაეჯახა, რადგან ტექნიკურად დაჩეხილ რაიონებში მაჟორიტარებს დღემდე ვერ ასახელებს. ცვლილებები უშუალოდ საარჩევნო უბნების დონეზე მინიმალურია, რადგან უკვე ისაა მთავარი, კონკრეტული მაჟორიტარი რომელ უბანს რომელი ოლქში შეკრებს და როგორ იმუშავებს. ჯამში, ეს მაინც ხელისუფლების პრობლემაა, რომელმაც ყველა ამომრჩეველს უნდა გააგებინოს, ხმა სად და როგორ უნდა მისცეს. ამ კუთხით ყველაზე საინტერესო უშუალოდ 8 ოქტომბერი იქნება. თუ ხალხის ინფორმირებულობის დონე ძალიან მაღალი არ იქნა, უბანზე ხმის მისაცემად მისულმა ადამიანმა შესაძლოა, აღმოაჩინოს, რომ თავად კია ერთი ოლქიდან, მაგრამ ხმას მეორე ოლქის მაჟორიტარ კანდიდატს აძლევს. მაგალითად, კონკრეტულად მისი სოფელი, რომელიც ზუგდიდის რაიონს ეკუთვნის, ზუგდიდის კი არა, წალენჯიხის მაჟორიტარს ირჩევს. ხელისუფლებას არც ის გაუთვალისწინებია, რომ ზოგიერთ ოლქში, ვთქვათ, მთიან აჭარაში ან სამცხე-ჯავახეთში, ამ ტექნიკურ პრობლემებს ენობრივი ბარიერი, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებაც დაემატება. ეს პრობლემები ისედაც ყოველთვის იდგა და ახლა უფრო გაღრმავდება. გარდა ამისა, მარტო კანდიდატის დასახელება ხომ არაა? - მუშაობაც ცესკო-ს წევრებსაც ურთულდებათ. ამიტომ ვფიქრობ, ურთულესი არჩევნები იქნება'', - მიიჩნევს ხარატიშვილი.
პოლიტიკური მომენტი
ტექნიკურის გარდა, დაყოფის ამ წესზე პოლიტიკური პრეტენზიები ვენეციის კომისიასაც ობიექტურად აქვს, ოპოზიციასაც და რაც მთავარია, ამომრჩეველსაც. როგორც ზურაბ ხარატიშვილი ამბობს, ოლქების საზღვრების დადგენა აბსოლუტურად გაუმჭვირვალედ, ერთ ღამეში, ერთი პარტიის მიერ და ზოგადი პრინციპების შემუშავების გარეშე მოხდა. ხარატიშვილის თქმითვე, იმ რაიონს, სადაც ,,ოცნებას'' ხმები უჭირდა, სხვა რაიონი მიამატა და იფიქრა, აქ აღებული ხმები, საერთო ჯამში, ოლქს ჩაიბამს და მომაგებინებსო. ზურაბ ხარატიშვილი აქცენტს პოლიტიკურ პრეტენზიებსა და ოპოზიციის ორ არჩევანზეც აკეთებს:,,თუ კორცხელის მაგალითს გავიხსენებთ, საქმე ისე მიდის, რომ შესაძლოა, არჩევნების დღეს ერთი კი არა, ბევრი კორცხელი მივიღოთ, თუმცა სიმართლე გითხრათ, ოპოზიციაში ისეთი ვითარებაა, პროტესტის გამოხატვის სურვილიც დიდად არავის აქვს, რადგან ის, ვინც რაღაც შედეგის დადებაზე ფიქრობს, პირდაპირ ან ირიბად ხელისუფლების, უფრო სწორად, დაფინანსების წყაროს მიერ კონტროლდება. ამ პოლიტიკური ფულით კი ,,ოცნებას'' ოპოზიციის ნაწილი მოკლე ბაწარზე ჰყავს გამობმული. მეორე ნაწილს საპროტესტო რესურსიც არ აქვს. საერთოდ, რაც მეტი გაუგებრობაა, არჩევნებზე აქტივობა ნაკლებია. ახლა, როცა მოსახლეობის ნიჰილიზმს ამდენი ტექნიკური ხარვეზი ემატება, ეს ბევრს, რა თქმა უნდა, შინ დარჩენას აიძულებს, განსაკუთრებით, რეგიონებში, რაც წყალს მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს. ამ ვითარებაში ოპოზიციას, რომელსაც ვერ ცვლის, ორი არჩევანი აქვს: თამაშიდან ან საერთოდ გადის ანუ არ მონაწილეობს, ან ხელისუფლების მიერ დადგენილი წესით მონაწილეობს. ამ ქაოსით ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ოპოზიციამ არჩევნების მეორე დღეზე იფიქროს''.