წელს თავთავიანი კულტურების მოსავალმა სარეკორდო ნიშნულს მიაღწია. ყანებში ხორბალი და ქერი იმდენად ბევრი მოვიდა, რომ ფერმერები დაბინვებას ძლივს აუდიან.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია ნათესი ფართობები. საქართველოს მასშტაბით ხორბალი 80 000 ჰა-ზეა დათესილი, ხოლო ქერი - 40 000 ჰა-ზე.
მოსავლის შეუფერხებლად აღებისთვის პროცესში აქტიურად არის ჩართული შპს „მექანიზატორის“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. თავთავიანი კულტურების მოსავლის აღებისთვის კახეთის რეგიონში 60, საქართველოს მასშტაბით კი - 86 ერთეული შპს „მექანიზატორის“ კომბაინია მობილიზებული. სამუშაოებში ჩართულია კერძო სექტორში არსებული ტექნიკაც.
„მოსავალი წინა წლებთან შედარებით, წელს თითქმის გაორმაგებულია, როგორც ნათესი ფართობები, ისე მოსავლიანობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით ადგილობრივი წარმოების ხორბლის მაქსიმალურად მაღალი კოეფიციენტი გვქონდეს“, - აღნიშნა მინისტრმა ოთარ დანელიამ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის, ბონდო ბოღაშვილის ინფორმაციით, წელს მარცვლეულის ხარისხის პრობლემაც არ იქნება. უხვი მოსავალი ხორბლის იმპორტის შემცირების რეალურ შესაძლებლობას იძლევა.
„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უხვი მოსავლით მოსახლეობამ სარგებელი ნახოს და იმპორტზე დამოკიდებულებაც შემცირდეს. წლევანდელი მოსავალი ადგილობრივ მოხმარებას მნიშვნელოვნად დაეხმარება. შარშან მთელი ქვეყნის მასშტაბით 170 ათასი ტონა ხორბალი მივიღეთ. წელს ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ 2 რაიონის მონაცემებითაც გვაქვს. სიღნაღსა და დედოფლისწყაროში მოსავლიანობამ 180-190 ათასი ტონა შეადგინა, საუკეთესო მაჩვენებელზე გავედით“, - ამბობს ბოღაშვილი.
ბოლო წლებში ხორბლის მოსავლიანობა კი გაიზარდა, მაგრამ მუდმივად დგას მარცვლეულის ხარისხის პრობლემა. საქმე ისაა, რომ ქვეყანაში ჯიშების და სათესლე მასალის გაუმჯობესებაზე მუშაობა თითქმის არ მიმდინარეობს. ამიტომაც გლეხები ისევ ძველ თესლს იყენებენ. შესაბამისად, ხარისხის ამაღლება ვერაფრით ხერხდება.
სამწუხაროა, რომ სელექციას ამ კუთხით ყურადღება ნაკლებად ექცევა და ეს ხდება მაშინ, როდესაც გერმანელმა სელექციონერებმა უძველესი ქართული ხორბლის ჯიში „ზანდური“ იმ მარცვლოვან კულტურებს შორის დაასახელეს, რომელთა მოხმარებაც მსოფლიოში უახლოეს მომავალში აქტუალური იქნება. მასთან ერთად ამავე კონტექსტში დასახელდა სხვა ჯიშები – „პოლუპოლბა“ და „სპელტა“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ „ზანდურისა“ და „პოლუპოლბას“ პოპულარობის ზრდის მიზეზი გახდა მათი მაღალი მოსავლიანობა და პარაზიტებისადმი მდგრადობა, ასევე მომხმარებლების მისწრაფება, გაამრავალფეროვნონ კვების რაციონი. მეცნიერებმა გააანალიზეს ხორბლის ასობით სახეობა და 15 მათგანში აღმოაჩინეს პოტენციალი ბაზარზე გასასვლელად.
ზანდური ხორბლის უძველესი ქართული ენდემური ჯიშია. წარმოშობის კერაა რაჭა-ლეჩხუმი. მას სასელექციო მასალად იყენებენ ბევრ ქვეყანაში იმუნური ჯიშებისა და ჰიბრიდული ხორბლის შესაქმნელად. დაცულია კოლექციებში, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ძვირფასი სასელექციო მასალა.
მეცნიერებათა დოქტორი კახა ლაშხი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ზანდურის ჯიშის ხორბალი მსოფლიოში ძალიან პოპულარულია და გენეტიკური მასალის 70%–ს შეადგენს. თუმცა იმის შესახებ, რომ ესაა ენდემური ქართული ჯიში, ცოტამ თუ იცის. ლაშხი ამბობს, რომ საქართველოსთვის მომგებიანი იქნებოდა, მსოფლიოში ამ ხორბლის, როგორც ქართული ჯიშის პოზიციონირება მოხდეს – ზანდურის პოპულარობიდან გამომდინარე, ეს გაზრდიდა საქართველოს ცნობადობას და ქვეყნისთვის პრესტიჟული იქნებოდა.
„ეს იქნება მომგებიანი ქვეყნისთვის და ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საკუთრება. არავიზე ნაკლებნი არ ვართ“, – განაცხადა კახა ლაშხმა.