იპოთეკით დაზარალებულთა აქციები დიდ ქალაქებს მოედო. პროტესტი გამოსახატავად მოქალაქეები თბილისში მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, ქუთაისში - სამხარეო ადმინისტრაციასთან, ხოლო ბათუმში რამდენიმე დღეა შიმშილობა აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარეობს. დედაქალაქში აქციის მონაწილეები კანცელარიის შენობაში შესვლასაც ცდილობდნენ, თუმცა მათი მცდელობა დაცვის წევრებმა აღკვეთეს. მოგვიანებით, აქციის რამდენიმე მონაწილემ შენობაში შესვლა მაინც მოახერხა.
მთავრობის ადმინისტრაციაში, იპოთეკით დაზარალებულთა და უსახლკაროების აქციის ორგანიზატორი, ლადო სადღობელაშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ნათია მიქელაძეს, იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლებს და საპარლამეტო სამდვივნოს წარმომადგენლებს შეხვდა.
„მათ ავუხსენით უსახლკაროთა პრობლემა, შესაბამისად, მივიღეთ დაპირება, რომ მომდევნო ხუთშაბათამდე იქნება შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროსთან, მერიის წარმომადგენლებთან ერთად და უფრო ფართოდ შევეხებით უსახლკაროების საკითხს. დაახლოებით 3000-ზე მეტი დედაქალაქში მცხორები უკვე გამოსახლებულია. 2012-დან 2015 წლამდე 11 ათასი უკვე გამოსახლებულია და 86 ათასი მოქალაქე ელოდება გამოსახლებას. ეს არის რეესტრის მონაცემები“, - აღნიშნა სადღობელაშვილმა.
მისი აზრით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი იქნება შესაბამისი კანონი. აგრეთვე უნდა შეიქმნას დეპარტამენტი ან არსებულ რომელიმე დეპარტამენტს დაევალოს ამ პრობლამის მოგვარებაზე მუშაობა.
„ყველაფერი უნდა დაგვირგვინდეს იმითი, რომ ამ უსახლკაროებს ბინები გადაეცეთ“, - განაცხადა სადღობელაშვილმა.
თუ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ნაბიჯები არ გადაიდგმება, არ არის გამორიცხული აქციის წევრებმა შიმშილობა დაიწყონ.
სხვათა შორის, პროტესტის უმაღლეს ფორმას უკვე მიმართეს აჭარაში. იპოთეკით დაზარალებულები აჭარის მთავრობის სახლთან რამდენიმე დღეა აქციას მართავენ და შიმშილობაც გამოაცხადეს. ისინი მთავრობისგან ბანკებთან შუამდგომლობას უშედეგოდ ითხოვენ.
„არის ინფორმაცია, რომ ჩვენი სიები ბანკს გადაეცა, მაგრამ ვერ გავიგეთ რა შუამდგომლობით გადაეცა. მივიდეთ ბანკში და უარყოფითი პასუხით დავბრუნდეთ? ჩვენ გვინდა, ოჯახები გადავარჩინოთ. დიდი იმედი გვქონდა, რომ არჩილ ხაბაძე შეგვხვდებოდა, საბოლოო სიტყვას გვეტყოდა, მაგრამ არაფერი. ოთხი წელი გავიდა და ერთი იმედიანი სიტყვა არ უთქვამს ჩვენთვის“, - განაცხადა აქციის მონაწილე ირმა მიქელაძემ.
აქციის მონაწილეების მიერ შედგენილი სიის მიხედვით, იპოთეკით დაზარალებულთა რიხვი დაახლოებით 90 ოჯახს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ იპოთეკარების პროტესტი ბათუმში ოთხი წელია გრძელდება ერთი მთავარი მოთხოვნით - ბანკებისგან დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხი, რისთვისაც სჭირდებათ მთავრობის შუამდგომლობა.
თბილისისა და ბათუმის კვალდაკვალ დაზარალებულებმა ქუთაისში აღიმაღლეს ხმა. იპოთეკარები სამხარეო ადმინისტრაციის წინ შეიკრიბნენ. მათ იმერეთის გუბერნატორს წერილობით მიმართეს, რის პასუხადაც მიიღეს, რომ ის აღნიშნულ საკითხებში კომპეტენტური არ არის.
„კეთილი ინებონ და თავიანთი დანაპირები ახლა მაინც აასრულონ, თუ არადა მოვა არჩევნები და შესაბამის პასუხს მიიღებენ ჩვენგანაც. აქციებს მანამ გავმართავთ, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები. რამდენიმე დღეში სამ ოჯახს ისევ გამოასახლებენ. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოგვაქციონ ყურადღება. წინააღმდეგ შემთხვევაში მერიის წინ დავიწყებთ შიმშილობას“, - განაცხადა იპოთეკით დაზარალებულმა დარეჯან სულაქველიძემ.
იპოთეკით დაზარალებულებს პარტია „თავისუფალი საქართველო“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. იგი ადგილობრივ თვითმმართველობას მოუწოდებს შეამცირონ ბიუროკრატიული ხარჯი და ამ ადამიანებს დახმარება გაუწიონ.
„რამდენიმე დღის წინ მერიამ იმდენი კონდიციონერი შეიძინა, სიმძლავრეს ვეღარ გაუძლო და ცეცხლი გაუჩნდა. მივმართავ ადგილობრივ თვითმმართველობას, საკუთარი კომფორტისთვის მოერიდონ თანხების ფლანგვას და ამ ადამიანებს მიაქციონ ყურადღება“, - აღნიშნა წულაიამ.